ყაჩაღობა ვაკეში - კვირის პალიტრა

ყაჩაღობა ვაკეში

1996 წლის 4 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებროს სამმართველოს უფროსის მოადგილე მურთაზ ნიჟარაძე სამსახურში ჩვეულებისამებრ ადრე მივიდა. კაბინეტში არ იყო შესული, რომ მოახსენეს, - მინისტრის მოადგილე გელოდებათო.

"ეტყობა, მძიმე დღე გვექნება", - გაიფიქრა ნიჟარაძემ და მინისტრის მოადგილის კაბინეტისკენ უხალისოდ გასწია.

- მურთაზ, დიდხანს არ შეგაყოვნებთ, - მისალმების შემდეგ მოადგილე პირდაპირ საქმეზე გადავიდა.

- წუხელ ვაკეში, უნივერსიტეტთან ახლოს, ერთ-ერთ კორპუსში ყაჩაღობა მოხდა. დაზარალებული ვახტანგ დიდბარიძე ქალაქში ცნობილი პირია, თან მათი მეგობარი, - მოადგილემ თითით ზემოთ მიანიშნა, - ამიტომ შემთხვევის ადგილზე თქვენც გადით.

11 საათზე მურთაზ ნიჟარაძე ოპერატიულ ჯგუფთან ერთად უკვე შემთხვევის ადგილზე იყო.

"გვარიანად კი გაუმეტებიათ", - გაუელვა ნიჟარაძეს, როდესაც სამზარეულოში დაზარალებულს მოჰკრა თვალი. დიდბარიძე 40 წლის იქნებოდა. ეტყობოდა, ნაცემი იყო. მასთან ერთად გენერალური პროკურორის მოადგილე და  უშიშროების რამდენიმე დიდჩინოსანი იმყოფებოდნენ და დაზარალებულის მდგომარეობიდან გამოყვანას საუბრით ცდილობდნენ.

- ახლა დაზარალებულთან  არავინ მიგვიშვებს, ჯობია სადარბაზო, სარდაფი და სხვენი დავათვალიეროთ, - გადაულაპარაკა ნიჟარაძემ თანამშრომლებს, - იქნებ რამე საინტერესოს წავაწყდეთ.

- უკვე დაუთვალიერებიათ, გურამიჩ, - შენიშნა ერთ-ერთმა.

- გაუგებრად ვთქვი რამე? - წარბი ასწია ნიჟარაძემ და  ბინიდან გავიდა.

სადარბაზოსა და სარდაფში საინტერესო ვერაფერი ნახეს.

"იქნებ აქ გაგვიმართლოს, - ფიქრობდა სხვენში ასული ნიჟარაძე, - სადმე ხომ მაინც უნდა დაეტოვებინათ კვალი თავდამსხმელებს?" - ამ ფიქრებში მურთაზის მზერა თაღზე დაკიდებულმა თოკმა მიიპყრო, რომელიც ბოძზე იყო მიმაგრებული.

- შეხედეთ, რამხელა თოკია, თან ძალიან მსხვილი, - გასძახა თანამშრომლებს.

- ასეთი თოკი, გურამიჩ, სკოლაში, სპორტდარბაზში გვეკიდა, - ყურადღებით ათვალიერებდა ერთი ოპერმუშაკი თოკს, - მთელი დღე იმ თოკზე ვეკიდეთ. ერთხელ ისე დავენარცხე, რომ....

ოპერმუშაკმა ანაზდად ინსტინქტურად ძირს დაიხედა - იატაკზე პარაფინის სანთელს, ასანთს და სკოჩის რგოლს მოჰკრა თვალი და ჩაილაპარაკა:

- მგონი, კიდევ რაღაცას მივაგენით...

ნიჟარაძე ჩაფიქრებული იდგა.

- ქუჩაში გავიდეთ და სახურავი დავათვალიეროთ, - თქვა მოულოდნელად და სხვენი დატოვა, - ვფიქრობ,  ყაჩაღები, ან ერთი ყაჩაღი სახურავიდან ჩავიდა აივანზე და შიგნიდან გაუღო კარები დანარჩენებს... საინტერესოა, - ხმამაღლა ფიქრობდა მურთაზ ნიჟარაძე. როდესაც კორპუსის სახურავი მოათვალიერა, შემდეგ მანქანასთან მივიდა და მძღოლს უთხრა, - არაყიშვილის ქუჩაზე, პოლიციის სამმართველოში მიმიყვანეო....

პოლიციაში მომხდარის გამო ალიაქოთი იდგა. უგუნებობას ვერც ვაკის პოლიციის უფროსი მალავდა და მოადგილესთან განმარტოებული კაბინეტში ბოლთას სცემდა.

- ახლა დაიწყება: რადგან დანაშაული ვაკეში მოხდა, კონტროლზე უნდა  ავიყვანოთო, მერე საქმის მოსმენები... თან ეს დაზარალებული ყველას მეგობარი როგორ გამოდგა!

- ამბობენ, პრეზიდენტიც იცნობსო, - შენიშნა მოადგილემ.

- ბედი არ გინდა?.. რაღა მაინცდამაინც ეგ დააყაჩაღეს.

- ფული მასეთ ხალხს აქვს და, - ჩაიბურტყუნა მოადგილემ.

- მართალი ხარ, - შეჩერდა პოლიციის უფროსი, - მაგრამ რომ მეუბნებიან, დანაშაული მალე უნდა გაიხსნასო, როგორ? ბაგაზე მყავს ეს ყაჩაღები დაბმული, თუ რა?!

კაბინეტში სიჩუმე ჩამოვარდა. რამდენიმე წუთში მდივანმა პოლიციის უფროსს მოახსენა, - შინაგან საქმეთა სამინისტროდან გეახლნენო.

- აი, ხომ გითხარი, - ნიშნის მოგებით მიუბრუნდა მოადგილეს, - ფიქრის საშუალებას აღარ მოგცემენ. შემოვლენ და დაიწყებენ, - ვერ მუშაობთო... რა ენაღვლებათ, რა!.. ორთაჭალიდან ყველაფერი სხვანაირად ჩანს.

პოლიციის უფროსი მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში და მდივანს უთხრა, - სტუმრები შემოვიდნენო.

- გისმენთ, ბატონო მურთაზ, - პოლიციის უფროსმა ნიჟარაძეს სავარძელი შესთავაზა და თან გაღიმება სცადა.

"აშკარაა, რომ ჩემი მოსვლა არ გაუხარდა", - გაუელვა მურთაზს.

- საქმე ის გახლავთ, რომ ყაჩაღობის საქმეში ჩვენი სამსახურიც ჩაერთო.

"ესღა მაკლდა", - გაიფიქრა პოლიციის უფროსმა.

- თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს, - განაგრძო ნიჟარაძემ, - მინდა იმ თანამშრომლებს გავესაუბრო, რომლებიც პირველები გავიდნენ შემთხვევის ადგილზე და კიდევ, ვაკეში, ბოლო პერიოდში, თუნდაც ამ ორი წლის განმავლობაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტები მჭირდება.

- მხოლოდ გახსნილი საქმეები გაინტერესებთ? - ჩაერთო მოადგილე.

- გაუხსნელიც მინდა.

ამ სიტყვებზე პოლიციის უფროსმა შვებით ამოისუნთქა,  - გადავრჩიო და მოადგილეს უთხრა, - საქმეები შემოიტანეთო.

მურთაზ ნიჟარაძე ყურადღებით ათვალიერებდა საქმეებს. განსაკუთრებით ორმა ფაქტმა დააინტერესა და პოლიციის უფროსს სთხოვა, - ამ ფაქტებზე საძიებო ოპერატიულ საქმეებს სამსახურში წავიღებო და დაემშვიდობა.

საღამოს, თათბირის შემდეგ, მინისტრის მოადგილემ მურთაზ ნიჟარაძე დაიმარტოხელა და დღის ამბები გამოჰკითხა.

- კაბინეტში მაგიდაზე ორი საქმე მიდევს, ჩემთვის განსაკუთრებით ერთი აღმოჩნდა საინტერესო, - კმაყოფილი ტონი ჰქონდა ნიჟარაძეს, - ეს ორი წლის წინ ტაბიძის ქუჩაზე მომხდარ ყაჩაღობას ეხება, რომელიც ზუსტად ისეა შესრულებული, როგორც წუხანდელი. მაშინაც თოკი იყო გამოყენებული და თავდამსხმელები სახურავიდან აივანზე დაეშვნენ.

- ფიქრობთ, რომ ეს ერთი და იმავე ჯგუფის ნამოქმედარია? - ჰკითხა მინისტრის მოადგილემ.

- ჯერჯერობით, მხოლოდ ვფიქრობთ, - გაეღიმა ნიჟარაძეს, - მინდა ვაკიდან გამოთხოვილი საქმეები კარგად შევისწავლო.

- ხელს არ შეგიშლით, - მოადგილე ნიჟარაძეს დაემშვიდობა. კარებში რომ გადიოდა, მიაძახა, - არ დაგავიწყდეთ, რომ ის მათი მეგობარიაო და ჩვეული ჟესტი გაიმეორა, თან  მრავლისმეტყველად გაუღიმა...

22 საათზე მურთაზ ნიჟარაძეს დაზარალებული დიდბარიძე დაუკავშირდა - ცოტა ხანში თქვენთან ვიქნებიო. სტუმრის მომლოდინე მურთაზი კვლავ ფიქრებმა წაიღო, შემდეგ ტაბიძის ქუჩაზე მომხდარი ერთ-ერთი ყაჩაღობის საქმეში დაზარალებული დიასახლისის ჩვენება აიღო და კიდევ ერთხელ გადაიკითხა: "შუაღამე იქნებოდა, როცა აივნიდან ხმაური შემომესმა. წამოდგომა დავაპირე. მოულოდნელად შუქი აინთო. თავზე ორი ნიღბიანი ყაჩაღი დაგვადგა. ჩემს მეუღლეს უბრძანეს, - იარაღი მოგვეცი, რაიმე სისულელე არ ჩაიდინოო.

იარაღის გადაცემის შემდეგ ერთმა ნიღბიანმა მომიბოდიშა, - შევტრიალდები და ჩაიცვით, თქვენი დახმარება გვჭირდებაო.

მეორე ოთახში რომ გავედით, ის ადგილი ვანახე, სადაც ოჯახის ძვირფასეულობას და ფულს ვინახავთ. სასოწარკვეთილი დავჩერებოდი მაგიდაზე დაყრილ სამკაულებში დიდედასეულ ბეჭედს, რომელიც მხოლოდ ჩემთვის იყო ფასდაუდებელი. ეტყობა, ეს იმ ნიღბიანმა შეამჩნია და მითხრა, - ვატყობ, ეს ნივთი თქვენთვის ძვირფასი უნდა იყოს და აიღეთო. წამით დავიბენი. აიღეთ, არ გეხუმრებითო და თავად მომაწოდა ბეჭედი. შემდეგ აუღელვებლად ჩაალაგეს სამკაულები და ფული ჩანთაში.

წასვლის წინ მე და ჩემი მეუღლე გაგვკოჭეს და პირი აგვიკრეს.

სახლიდან გასვლისას ის ნიღბიანი მოტრიალდა, ჩანთიდან ფულის ნაწილი ამოიღო და მაგიდაზე დადო - დაგჭირდებათო. დაგვემშვიდობა და კარი გაიხურა."

- რა უცნაურია, - წამოსცდა უნებურად მურთაზს. ამ დროს კაბინეტში ვახტანგ დიდბარიძე შემოვიდა. ჩანდა, ნერვიულობდა. ნიჟარაძე მოთმინებით ელოდა მის დამშვიდებას.

-  დღეს იქ, ჩემთან, სამზარეულოში, ერთმა თქვენმა მეგობარმა მითხრა, - თუ გინდა სიმართლე გაიგო, როცა დამშვიდდები, ყველაფერს უნდა მოგვიყვეო და თქვენი ტელეფონის ნომერი მომცა, - დიდბარიძე გაჩუმდა. ცოტა ხნის შემდეგ  განაგრძო, - რა თქმა უნდა, ციდან ჩამოსული არ ვარ და ვიცი, რომ ასეთი საქმეების მიმცემი ყოველთვის შინაურია ხოლმე. ალბათ უკვე გეტყოდნენ, რომ თბილისში დიდი სამეგობრო მყავს.  მომხდარის გამო ვერ ჩავიკეტები და ყველას ეჭვის თვალით ვერ დავუწყებ ყურებას, - ვახტანგს ნელ-ნელა მღელვარება ემატებოდა, - მართალია, თავდამსხმელებმა დიდი ტკივილი და შეურაცხყოფა მომაყენეს, მაგრამ მე ისინი საერთოდ არ მაინტერესებს, მხოლოდ ერთი მინდა გავიგო, - ვინ იყო საქმის მიმცემი. ამიტომ მოვედი თქვენთან.

- რა თქმა უნდა, თქვენთან ბევრი კითხვა მექნება, მაგრამ იქნებ გაიხსენოთ, წუხელ ღამით რა მოხდა. ოღონდ დეტალურად. ხომ იცით,  ჩვენი საქმე დეტალების ცოდნაა, - გაუღიმა ნიჟარაძემ.

- გუშინ, ანუ 3 მაისს მეუღლე მოსკოვში გავაცილე. შინ მარტო ვიყავი. გამთენიისას აივანზე ხმაური მომესმა. მოულოდნელად შუქი აინთო და ოთახში ნიღბიანი ხალხი დავინახე, მართალია, მარტო ვიყავი და ისინი ოთხნი იყვნენ, მაგრამ დანებებას არ ვაპირებდი. ჩემი გათოკვა უნდოდათ. შევეწინააღმდეგე და შედეგიც სახეზე მაქვს, - სევდიანად გაიღიმა დიდბარიძემ, - ბოლოს შემკრეს, პირიც სკოჩით ამიკრეს, ლოგინზე დამაგდეს და სახლის დათვალიერება დაიწყეს... არ ვიცი, რამდენი დრო იყო გასული, რომ კარებზე ზარი გაისმა. მივხვდი, ჩემი მძღოლი იყო - ადრე მყავდა დაბარებული.

კარის გასაღებად ერთი ნიღბიანი წავიდა, რომელიც ალბათ ჯგუფის უფროსი იყო. შუქი არ აუნთია. სათვალთვალოში გაიხედა, კარი გააღო, მძღოლს ხელი მოჰკიდა და სახლში შემოიყვანა, მერე სავარძელში ჩასვა და უთხრა: - ვიცი, პატიოსანი ბიჭი ხარო.

თავიდან ვიფიქრე, საიდან იცნობს-მეთქი, მაგრამ მივხვდი, - ჩემი ოჯახი წინასწარ შესწავლილი ეყოლებოდათ. კარიც იმიტომ გაუღო, რომ იცნო, - ზედმეტი არაფერი გააკეთო,  თორემ პრობლემებს შეგიქმნიო. დატოვა სავარძელში და თვითონ ისევ ბინის თვალიერება განაგრძო. იცით, რა გამიკვირდა? - მძღოლი არც გაუთოკავთ.

"რა უცნაურია", - გაიფიქრა ნიჟარაძემ, თუმცა ხმამაღლა არაფერი უთქვამს, ამბის დასრულებას დაელოდა.

- იმ ღამეს კიდევ ბევრმა რამემ გამაკვირვა, - განაგრძო ვახტანგმა...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)