"კეთილშობილი" ყაჩაღები - კვირის პალიტრა

"კეთილშობილი" ყაჩაღები

(გაგრძელება. დასაწყისი #3)

1996 წლის 4 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებროს სამმართველოს უფროსის მოადგილის, მურთაზ ნიჟარაძის კაბინეტში შუქი გვიანობამდე ენთო - დაზარალებული ვახტანგ დიდბარიძე წინა ღამით მომხდარი ყაჩაღობის დეტალებს იხსენებდა.

- ყაჩაღები მშვიდად იღებდნენ ნივთებს. რაც მოეწონებოდათ, Fფაქიზად ახვევდნენ ზეწარში. ერთ-ერთმა ნიღბიანმა, რომელიც ჯგუფის უფროსი იყო, კედლიდან რამდენიმე  სურათი ჩამოხსნა. მერე რამდენჯერმე მოვიდა ჩემთან და მკითხა, - ცუდად ხომ არ გრძნობთ თავსო. ბალიშიც კი გამისწორა. გაოცებული შევცქეროდი, ასეთი დიდსულოვანი თუ იყვნენ ყაჩაღები, ვერაფრით წარმოვიდგენდი, - ნერვიულად ჩაეცინა დიდბარიძეს.

"ნეტავ ვინ უნდა იყოს ეს რობინ ჰუდი", - გაიფიქრა ნიჟარაძემ და ისევ ორი წლის წინ, ტაბიძის ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღობა გაახსენდა, შემდეგ დაზარალებულს კიდევ რამდენიმე კითხვა დაუსვა...

ვაკეში მომხდარი ყაჩაღობის საქმით  ქალაქის პროკურორიც დაინტერესდა და მურთაზ ნიჟარაძეს პროკურატურაში მისვლა სთხოვა.

- თუ გაქვთ ხელმოსაჭიდი რამე? - ჰკითხა პროკურორმა ნიჟარაძეს, როდესაც გამომძიებელმა საქმის მასალების გაცნობა დაამთავრა.

- წუხელ დაზარალებულ დიდბარიძეს რამდენიმე საათს ვესაუბრე. მისი ახლობლებიდან ჩვენთვის საინტერესო ორი ადამიანია - მძღოლი და ახალგაზრდა შინამოსამსახურე. მათზე უკვე დავიწყებთ ოპერატიულ მოკვლევას, - მიუგო ნიჟარაძემ და გაჩუმდა. შემდეგ, თითქოს რაღაც გაახსენდაო, განაგრძო, - არის კიდევ ერთი ადამიანი, დიდბარიძესთან მუშაობს ინჟინრად, იმერეთიდანაა. ადრე ძალიან უჭირდა და მისი სამსახურში მიღება დაზარალებულისთვის ახლობელს უთხოვია.

ეტყობა, კარგ ფულს აკეთებს, ავტომანქანა ჰყავს, მთაწმინდაზე სახლს იშენებს. დაზარალებულმა მითხრა, - ბოლო დროს სულ უკმაყოფილო დადის და ხშირად ჩემთან კონფლიქტსაც არ ერიდებაო, - ორაზროვნად გაეღიმა ნიჟარაძეს და დასძინა, ინჟინერზე ფარულ მეთვალყურეობას დავაწესებთო.

- ამ საქმეზე მთელი თბილისი ლაპარაკობს უკვე. გენერალურ პროკურორს პირად კონტროლზე აქვს აყვანილი. ვისაც არ ეზარება, ყველა რეკავს და კითხულობს, - უკმაყოფილოდ თქვა პროკურორმა, - ამიტომ რაც შეიძლება მალე უნდა მოვაბათ თავი, თუ რამე სიახლე იქნება, აუცილებლად გამაგებინეთ, - ამ სიტყვებით ქალაქის პროკურორი სტუმრებს დაემშვიდობა.

12 მაისს, საღამოს, მურთაზ ნიჟარაძის მაგიდაზე პირველი ოპერატიული ცნობა იდო. ნიჟარაძემ ყურადღებით გადაიკითხა და შემდეგ მდივანს დაურეკა, - ოპერატიული ჯგუფის უფროსი, ნიკა სოფრომაძე მომიძებნეთო.

- კარგად გიმუშავიათ, - შეაგება მურთაზმა კაბინეტში შემოსულ სოფრომაძეს და სკამი შესთავაზა.

- ჩვენს ინჟინერს”მარტო არსად ვტოვებთ, გურამიჩ, - ომახიანად დაიწყო შექებით წახალისებულმა სოფრომაძემ, - მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან უცნაურად იქცევა.

- როგორ? - დაინტერესდა ნიჟარაძე?

- სმას მოუხშირა, მაღაზიიდან  ყოველთვის ბოთლით ხელში გამოდის, სამსახურსაც ხშირად აცდენს.

- ეგ დაზარალებულმაც მითხრა, - შენიშნა მურთაზმა, - ვისთან აქვს ურთიერთობა?

- ძირითადად ვაკე-მთაწმინდაზე მოძრაობს, მისამართები ცნობარში გვაქვს მითითებული, მათ შორის ზუბალაშვილების ქუჩაც.

ზუბალაშვილების ქუჩის ხსენებაზე მურთაზ ნიჟარაძე ცნობარს დასწვდა და ის ადგილი ჩაიკითხა, სადაც მისამართები იყო მითითებული და სოფრომაძეს მიუბრუნდა:

- ნიკა, გინდა თქვა, რომ ჩვენი ინჟინერი ზუბალაშვილების ქუჩაზე ხშირად დადის?

- დიახ, გურამიჩ, - დაიბნა სოფრომაძე.

- ძალიან კარგი, - ხელები გაშალა მურთაზმა, - ნიკა, ზუბალაშვილების ქუჩაზე იმ სახლს თვალი არ მოაცილოთ, - მიაძახა სოფრომაძეს და მინისტრის მოადგილის კაბინეტისკენ გაეშურა.

- ხომ მშვიდობაა, ბატონო მურთაზ? - ჰკითხა ღიმილით მინისტრის მოადგილემ.

- ბევრ დროს არ წაგართმევთ, - მიუგო ნიჟარაძემ და პირდაპირ საქმეზე გადავიდა, - ჩვენმა ოპერატიულმა ჯგუფმა გვაცნობა, რომ ის ინჟინერი... დიდბარიძის საქმიდან, - დაამატა ნიჟარაძემ, როდესაც მოსაუბრეს  გაკვირვებული სახე დაინახა, - ხშირად დადის ზუბალაშვილების ქუჩაზე ერთ სახლში.

- მერე? - იკითხა მინისტრის მოადგილემ.

-  იმ მისამართზე ცნობილი აკადემიკოსი  ჯორჯაძე ცხოვრობს, მას შვილიშვილები ჰყავს, ტყუპი ძმა - ირაკლი და გიორგი.

- აჰ, ჯორჯაძეები. როგორ არა, მახსოვს, - წამოიძახა მინისტრის მოადგილემ, - ცნობილი მძარცველები იყვნენ. გაქვთ რაიმე ინფორმაცია მათზე?

- ჯერ კიდევ არასრულწლოვნები 80-იან წლებში იყვნენ ეჭვმიტანილი ბინების ძარცვაში.

- გამიგია, რომ ისინი მხოლოდ ორნი მოქმედებდნენ, - გაიხსენა მინისტრის მოადგილემ.

- დიახ, თან როდესაც ერთი ბინაში შედიოდა, მეორე ძმა რაციით ატყობინებდა, გარეთ რაც ხდებოდა.

- რაციები ჩვენ გვიჭირს, - ჩაიბუტბუტა მინისტრის მოადგილემ, - ახლა სად არიან, ვიცით რამე?

- ერთ-ერთი ქურდობისას პოლიციასთან შეტაკება მოუხდათ - ერთი თანამშრომელი დაჭრეს კიდეც, თუმცა მაშინ ძმები დაიჭირეს და გაასამართლეს, ამ დროისთვის მეტი ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ გვჭირდება ნებართვა, რომ ჯორჯაძეების სახლზე ფარული მეთვალყურეობა დავაწესოთ.

- ეგ პრობლემა არ არის, - თქვა მინისტრის მოადგილემ, - მთავარია, გავიგოთ ის ძმები ახლა სად არიან, ხომ შეიძლება...

- მეც ასე ვფიქრობ, - დაასწრო პასუხი ნიჟარაძემ. მიხვდა, რის თქმასაც აპირებდა მოსაუბრე...

18 მაისის საღამოს ვერაზე, კაფე "გირჩა" ხალხით იყო სავსე.

- გურამიჩ, აქ თავისუფალ ადგილსაც ვერ ვნახავთ, - უკმაყოფილოდ გადაულაპარაკა თანამშრომელმა მურთაზ ნიჟარაძეს. მოულოდნელად  ნიკა სოფრომაძეს მოჰკრა თვალი - ზურგით მჯდარ ახალგაზრდა მამაკაცს ესაუბრებოდა.

- როგორც ვხედავთ, მარტონი არ ვართ, - ჩაეღიმა ნიჟარაძეს, - აგერ მაგიდაც გათავისუფლდა და ჩაი შევუკვეთოთ.

დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ სოფრომაძეც შეუერთდა თანამშრომლებს.

- გურამიჩ, ჯორჯაძეებთან ასეთი სიტუაციაა, - დაიწყო სოფრომაძემ, - ძმები გაასამართლეს. ციხიდან გამოსვლის მერე ერთი ძმა, გიორგი ჯორჯაძე, შიდა ქართლში ყაჩაღობის დროს მოუკლავთ, პოლიციასთაAნ შეტაკებისას, მეორე ძმა, ანუ ირაკლი ჯორჯაძე სად არის, არავინ იცის.

- ეს ყველაფერი მან გითხრა?- ეშმაკურად გაეღიმა თანამშრომელს.

- რა მნიშვნელობა აქვს, - შენიშნა ნიჟარაძემ.

- მაგრამ თქვენ მთავარი არ იცით, - კმაყოფილი ტონით განაგრძო სოფრომაძემ და მაგიდაზე სურათები დააწყო, - ჩემმა ბიჭებმა  გადაღება მოახერხეს და აი, ის ტიპი, ჩვენი ინჟინერი რომ ელაპარაკება, - მიანიშნა ერთ ფოტოზე, - იცით, ვინ არის?

მურთაზმა ფოტოს ყურადღებით დახედა:

- წარმოდგენა არ მაქვს.

- ირაკლი ჯორჯაძე, - თვალები მოწკურა სოფრომაძემ.

- კარგად იწყებ, ნიკოლოზ, - მხარზე ხელი მოუთათუნა ნიჟარაძემ, - მთავარია, დაზარალებულმაც ამოიცნოს და მაშინ...

"მაშინ საქმე გაიხსნება და მერე იქნებ რაციები და ბენზინის ტალონები გვაღირსონ", -  გაიფიქრა თანმხლებმა ოპერმუშაკმა და საკუთარ ფიქრზე გაეცინა....

ირაკლი ჯორჯაძე დაზარალებულმა დიდბარიძემაც შეიცნო სურათზე აღნაგობით. მურთაზ ნიჟარაძე კმაყოფილებას ვერ მალავდა. მთავარი ახლა დამნაშავეების დაკავება იყო.

20 მაისს, შუადღისას, ნიჟარაძეს ნიკა სოფრომაძე დაუკავშირდა.

- გურამიჩ, ზუბალაშვილების ქუჩაზე ჯორჯაძეებთან ვიღაცებმა იწყეს თავშეყრა. ჩვენი ინჟIინერიც მოვიდა. სახლში დაახლოებით 20 წუთი დაყო. გამოსულს ხელში ორი პატარა ყუთი ეკავა. მანქანაში ჩაჯდა და თავისუფლების მოედნისკენ მიდის. გაყოლას ვაპირებთ...

- ძალიან კარგი, - თვალები აუციმციმდა ნიჟარაძეს, - თვალიდან არ დაკარგოთ. ცოტა ხანში შემოგეხმიანებით.

მინისტრის მოადგილესთან სახელდახელო თათბირზე გადაწყდა ეჭვმიტანილების აყვანა.

როდესაც საბურთალოზე გასულმა ინჟინერმა სატრანსპორტო პოლიციის ორ თანამშრომელს მოჰკრა თვალი, გაიფიქრა, - ესენიღა მაკლდაო, თუმცა ნიშანზე მანქანა მაინც მორჩილად გააჩერა.

- მანქანა შემოწმების მიზნით განყოფილებაში უნდა გადავიყვანოთ, -  განუმარტა ერთმა პოლიციელმა.

- რომელ განყოფილებაში? - ჰკითხა უკმაყოფილოდ ინჟინერმა, - მაგდენი დრო არ მაქვს, საქმიანი კაცი ვარ.

- არც ჩვენ ვართ უსაქმურები, თან დიდ  დროს არ წაგართმევთ, აგერ, საბურთალოზე,  განყოფილებაში მივალთ. მინისტრის ახალი ბრძანებაა, გეგმური შემოწმების შესახებ, თორემ არც ჩვენ გვეხალისება წინ და უკან სირბილი, - ბურტყუნებდა პოლიციელი.

ინჟინერს პოლიციის განყოფილებაში მურთაზ ნიჟარაძე დახვდა... მანქანაში, ყუთებში სპორტულ კოსტიუმში გახვეული ორი ძვირფასი ნივთი აღმოაჩინეს. მალე პროკურორისგან ზუბალაშვილების ქუჩაზე, ჯორჯაძეების ბინის გაჩხრეკის ნებართვაც მოვიდა.

- როგორ მიდის საქმეები? - დაუკავშირდა ნიჟარაძეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

- ინჟინერი დაკავებულია, ამჟამად ზუბალაშვილების ქუჩაზე გაძლიერებულია მეთვალყურეობა, ერთმა ოპერატიულმა ჯგუფმა ქუჩაში ჯორჯაძეების სახლიდან გამოსული ორი პირი დააკავა. ერთ მათგანს ჯიბეში ძვირფასი ბეჭედი და გერმანული მარკები აღმოაჩნდა. მეორე ოპერატიული ჯგუფი სახლში შესასვლელად ემზადება. სავარაუდოდ, შიგნით კიდევ ერთი ადამიანი იმყოფება.

- ძალიან კარგი. ოპერაციის დამთავრების შემდეგ დამიკავშირდით, მინისტრს უნდა მოვახსენო, - მინისტრის მოადგილემ ყურმილი დადო.

ჯორჯაძეების სახლში ჩხრეკისას ძვირფასეულობა ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებები  გვიანობამდე გაგრძელდა, როდესაც გადაღლილმა გამომძიებელმა ოთახში შემოსული მურთაზ ნიჟარაძე დაინახა, გაუღიმა და უთხრა:

- ბეჭედი, რომელიც ერთ-ერთ დაკავებულს ფულთან ერთად ჰქონდა, დაზარალებულის მეუღლემ ამოიცნო, ერთი დაკავებული არასრულწლოვანია, ამიტომ მშობლის თანდასწრებით დავკითხეთ და გავუშვით.

- მეორე სად არის? - იკითხა ნიჟარაძემ.

- გვერდზე ოთახში, - ანიშნა გამომძიებელმა.

- გამარჯობა ირაკლი, აი, თურმე როგორი ყოფილხარ, - მოესმა ჯორჯაძეს ხმა. თავი ასწია. კარებში მურთაზ ნიჟარაძე იდგა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში