გაქცევა ციხიდან - კვირის პალიტრა

გაქცევა ციხიდან

გაგრძელება. დასაწყისი #3-4

- გამარჯობა, ირაკლი!

დაკავებულმა ირაკლი ჯორჯაძემ თავი ასწია და კარის ზღურბლზე მურთაზ ნიჟარაძე დაინახა.

- მომიყვები რამეს? - ნიჟარაძე მაგიდას მიუჯდა.

- თუ იმის დადასტურებას ელოდებით, რაც უკვე იცით, გეტყვით, რომ დანაშაულს ვაღიარებ, - ირონიულად გაეღიმა ჯორჯაძეს.

- მერედა, რატომ ჩაიდინეთ? - უნებურად წამოსცდა მურთაზს, - ასეთ ოჯახში გაზრდილ ადამიანს...

- მაპატიეთ, მაგრამ, - სიტყვა გააწყვეტინა ჯორჯაძემ, - დარწმუნებული ვარ, ჩემთან ბევრი უფრო საინტერესო კითხვა გექნებათ და იქიდან ხომ არ დაგვეწყო?

მურთაზ ნიჟარაძე წამით ჩაფიქრდა და მერე ჯიქურ ჰკითხა:

- საქმის მომცემი ის ინჟინერია, არა?

- ის არის. ერთი გარეწარი ვინმეა. მის მოცემულ საქმეზე არც უნდა წავსულიყავი, მაგრამ მაშინ მთვრალი ვიყავი, - მიუგო ჯორჯაძემ და ცოტა ხნის შემდეგ განაგრძო: - აპრილის შუა რიცხვები იქნებოდა. ქალაქში  შემთხვევით ერთ ნაცნობს გადავეყარე - ციხეში ერთად ვისხედით. ბიჭები საჩხერელს ვეძახდით.

- გამიხარდა მისი ნახვა და სადილად დავპატიჟე. მეორე დღეს თავად დამპატიჟა თავის  ახლობელთან. ღვინო რომ მოგვერია, საჩხერელმა ჩემი ქება დაიწყო, - ირაკლი ძალიან მაგარია, ჩემზე მაგარიო - ალბათ  ჩემს კრიმინალურ "მოღვაწეობას" გულისხმობდა, - ირონია გაერია ჯორჯაძის ხმას, - ჩვენმა უკვე შეზარხოშებულმა მასპინძელმა დაიჩივლა, - ჩემი უფროსი  დიდი ფულის პატრონია, მაგრამ  საშინელი ქვაწვიაა,  მილიონებს ჩვენს ხარჯზე აკეთებს და ჩვენთვის გროში არ ემეტებაო, სახლი აქვს ვაკეში, "გაზ-31"-ით დასრიალებს, მე კი ჯაბახანა "24"-ით დავდივარო. ბოლოს გვითხრა, - მისი გამწარება მინდა, უკანონოდ ნაშოვნი ფული არ უნდა შერჩესო. მთვრალი ვიყავი და ყურადღება არ მიმიქცევია, მართალს ამბობდა თუ არა. დავთანხმდით. მეორე დღეს ვაკეში თავისი უფროსის სახლი გვაჩვენა და ჩვენც მზადება დავიწყეთ.

ათი დღე ვსწავლობდით დიდბარიძისა და მისი ოჯახის წევრების მოძრაობის გრაფიკს, მისი სახლის თვალთვალისას დავადგინეთ, რომ დიდბარიძეს საღამოობით აივანზე ჯდომა უყვარდა და კარს ღიას ტოვებდა. შესაფერის დროს ველოდით. სახლში მაშინ შევედით, როდესაც დიდბარიძემ მეუღლე მოსკოვში გააცილა და ვიცოდით, რომ იმ ღამეს შინ მარტო იქნებოდა. ვაჟკაცი  ყოფილა - ისე შეგვეწინააღმდეგა, ძლივს მოვერიეთ, - ღიმილით დაამატა დაკავებულმა.

- ვინ იყო თქვენთან ერთად მესამე? - ჰკითხა ნიჟარაძემ.

- მე მას არ ვიცნობ, საქმეზე საჩხერელმა წამოიყვანა, - მოჭრა ჯორჯაძემ. მურთაზი მიხვდა, რომ დაკავებული ტყუოდა. "დაძალებას აზრი არა აქვს, არ იტყვის", - გაიფიქრა და წამოდგა...

- ნივთებს ალბათ ჩამომართმევენ, მაგრამ ერთი მცირე ზომის სახარება მაქვს და იქნებ ის მაინც დამიტოვონ, - უთხრა მოულოდნელად ჯორჯაძემ.

- ყაჩაღი და სახარება? - ჩაიქირქილა ნიჟარაძემ.

- ამ ცხოვრებაში ყველას ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი, ბატონო მურთაზ. ასე არ არის?

ნიჟარაძემ უსიტყვოდ დატოვა ოთახი.

***

16 მაისს, შუადღისას, თათბირის დამთავრების შემდეგ, მურთაზ ნიჟარაძეს მოახსენეს, - მისაღებში მონაზონი, დედა ეკატერინე გიცდითო.

- ვინ? - დაიბნა ნიჟარაძე და მერე დაამატა, - სასწრაფოდ შემოიყვანეთო.

- პატიმრისთვის ამანათის გადაცემა მინდოდა, თქვენი ნებართვა არის საჭირო, -  მონაზონი მოკრძალებით ჩამოჯდა სკამზე.

- რა თქმა უნდა... ახლავე, - სიტყვებს ძლივს მოუყარა თავი მურთაზმა, აღარ იცოდა, დამჯდარიყო თუ ფეხზე მდგარიყო, - პატიმრის გვარი? - ჰკითხა და ნებართვის გამოწერა დაიწყო.

- ირაკლი ჯორჯაძე, - მშვიდად მიუგო დედა ეკატერინემ.

- ჯორჯაძე? - შეცბა ნიჟარაძე, - ირაკლი გამომძიებელთან ჰყავთ დაკითხვაზე, საკანში მოგვიანებით ჩაიყვანენ. თუ გნებავთ, ჩემს კაბინეტში მოიცადეთ.

ოთახში მძიმე სიჩუმე ჩამოწვა.

- ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ნიჭიერი და კარგი თვისებების ადამიანი, როგორიც ირაკლია, ასეთ გზას დაადგა, - დუმილი დაარღვია დედა ეკატერინემ, - ჩვენს მონასტერს ყოველთვის შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა...

- მაგრამ ამას სხვა ადამიანების დაწიოკების, შეურაცხყოფისა და ძარცვის ხარჯზე აკეთებდა, - გაღიზიანდა ნიჟარაძე. მის სიტყვებზე მონაზონმა ცრემლი ვერ შეიკავა:

- ჩემი ვაჟი და ირაკლის ტყუპისცალი, განსვენებული გიორგი ჯორჯაძე მეგობრები იყვნენ. ჩემი შვილის სიკვდილის შემდეგ ირაკლი ხშირად მაკითხავს და ყურადღებას მაქცევს. პურის მოედანზე პატარა, კერძო სახლი მაქვს. იქ ჩემი მოხუცი დედა ცხოვრობს. ერთი სომხის ოჯახთან საერთო ღობე გვაქვს. ფულიანი ხალხია.

სახლის რემონტი წამოიწყეს. ღობე მოშალეს - სახლის გადიდება გვინდაო. ერთ დილას ვნახე, რომ ბეტონის გალავანს აშენებდნენ მუშები. თან მეზობელს ჩემი ეზოს ნაწილიც მიესაკუთრებინა. იმ ოჯახთან კამათიც მომივიდა, მაგრამ უშედეგოდ, - მონაზონს ხმა აუკანკალდა, - იმ საღამოს ჩემთან ირაკლი მოვიდა. რომ შემატყო, დარდიანი ვიყავი, მიზეზი მკითხა. მეც გული ამომიჯდა და ყველაფერი ვუამბე. წასვლის წინ დამამშვიდა, - არ იდარდო, მეზობელი ალბათ შენს თხოვნას გაითვალისწინებსო. მეორე დღეს ჩემმა მეზობელმა მუშები მოიყვანა, გალავანი დაანგრია და ისევ ძველ ადგილას დაიწყო მშენებლობა. შეწუხებისთვის მომიბოდიშა კიდეც, - დედა ეკატერინეს ტონს სიამაყე შეეპარა.

ამასობაში  ნიჟარაძის კაბინეტში  ირაკლი ჯორჯაძეც შემოიყვანეს.

- რამდენიმე წუთით დაგტოვებთ, - მურთაზ ნიჟარაძე წამოდგა და კარისკენ გაემართა.

- დიდი მადლობა, ბატონო მურთაზ,  უფალმა დაგლოცოთ, - ნაღვლიანად გაუღიმა დედა ეკატერინემ.

მონაზვნის წასვლის შემდეგ მურთაზს კაბინეტში ბადრაგის თანამშრომელი შეჰყვა, თან გააფრთხილა, - პატიმარი ხელბორკილის გარეშეაო.

- არ არის საჭირო, - პირქუშად უპასუხა მურთაზმა და ანიშნა, მარტო დაგვტოვეთო.

ჯორჯაძესთან საუბარი გვიანობამდე გაგრძელდა.

- ირაკლი, საშუალება რომ მოგეცეს,  ჩემი ოთახიდან გაიქცევი? - მოულოდნელად ჰკითხა მურთაზმა.

- ბატონო მურთაზ, მე თქვენ, როგორც პიროვნებას, პატივს გცემთ, მაგრამ თუ საშუალება მომეცემა, აუცილებლად გავიქცევი. ეს ყაჩაღობა ჩემთვის პირველი არ იყო, ამიტომ ალბათ მაქსიმუმს მომისჯიან. ციხეში ყოფნას კი არ ვაპირებ, - დაამატა და ორაზროვნად გაიღიმა.

- არ მეტყვი, მესამე თქვენთან ვინ იყო? - საუბრის თემა შეცვალა ნიჟარაძემ.

- ხომ გითხარით, არ ვიცნობ-მეთქი, - მშვიდად მიუგო ჯორჯაძემ.

- ადრე თუ გვიან, ამას მაინც დავადგენთ, მოკვლევა მიმდინარეობს...

ირაკლი ჯორჯაძეს იჭვნეულად გაეღიმა...

***

ვახტანგ დიდბარიძემ მეგობრებს თავი რესტორანში "ცისფერი დუნაი" მოუყარა და   განუცხადა, რომ დანაშაული გახსნილი იყო და საქმის მიმცემის ვინაობაც ცნობილი. მოგვიანებით კი შინაგან საქმეთაA მინისტრის მოადგილესთან გაემართა საგამოძიებო ჯგუფისთვის მადლობის სათქმელად.

მინისტრის მოადგილის კაბინეტში მას უკვე ელოდებოდნენ მურთაზ ნიჟაAრაძე და საქმის გამომძიებელი.

- მადლობა მინდა გადაგიხადოთ გაწეული სამსახურისთვის, მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს, - დიდბარიძე ცდილობდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა, - არ მაინტერესებს, ყაჩაღებს რამდენს მიუსჯიან. გნებავთ, ახლავე გაუშვით შინ, მაგრამ თუ ვინმე შეეცდება რაიმე მიზეზით ინჟინერს წაეხმაროს, გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ მაგ არამზადის დასასჯელად.

- ჩვენ იმიტომ ვართ, რომ დამნაშავეები დაისაჯონ, - გაღიმებას შეეცადა მინისტრის მოადგილე.

"ნეტარ არიან მორწმუნენი", - გაიფიქრა გამომძიებელმა და მინისტრის მოადგილის სიტყვებზე ღიმილი ვერ დაფარა...

- ჯორჯაძე მესამეს არ ასახელებს? - გადაულაპარაკა გამომძიებელმა ნიჟარაძეს.

- არა, ალბათ არც იტყვის, - უხალისოდ მიუგო მურთაზმა.

- მაშინ იქნებ დანარჩენ ორს გაესაუბროთ?

- ხვალიდან ისინი მეხუთე საგამოძიებო იზოლატორში გადაჰყავთ.

- იქ ვნახავ, -  დაჰპირდა ნიჟარაძე გამომძიებელს.

***

19 მაისს მეხუთე იზოლატორში მისულ მურთაზ ნიჟარაძეს იზოლატორის უფროსმა უთხრა, - პატიმარ ჯორჯაძეს თქვენი ნახვა უნდაო.

"ნეტა რა უნდა?" - გაიფიქრა ნიჟარაძემ და როდესაც ჯორჯაძე კაბინეტში შემოიყვანეს, ჰკითხა, - საკანში პრობლემები ხომ არ გაქვსო. ირაკლი ჯორჯაძეს გულიანად გაეცინა.

- ერთი დელიკატური თხოვნა მაქვს თქვენთან და მინდა, თუ შესაძლებელი იქნება, გაითვალისწინოთ. ვიცი, რომ იმ მესამის ვინაობას დღეს თუ ხვალ მაინც დაადგენთ. ის არასრულწლოვანი ბიჭია, სოლოლაკში დედასთან ერთად ცხოვრობს. უბანში ყველას  უყვარს და პატივს სცემენ. ხომ იცით, ამ ასაკში ყველა ქუჩისკენ იყურება. ჩემთან ურთიერთობა ყოველთვის მოსწონდა. შევცდი და საქმეზე წავიყვანე. არაფერი გაუკეთებია, სხვენში იყო და თოკი, რომლითაც დავეშვით, მან ზემოთ ასწია. მერე, თუ ჩემი სიტყვები დადასტურდება და ამ ბიჭზე ცუდს არავინ გეტყვით, ნუ დაღუპავთ ტყუილად...

"ისეთი გულწრფელი ჩანს, არა მგონია, მატყუებდეს, - გაიფიქრა ნიჟარაძემ, - თუმცა, რა თქმა უნდა, გადავამოწმებთ".

- ვეცდები, თუმცა ვერაფერს შეგპირდებით.

ჯორჯაძის სიტყვები დადასტურდა.

***

გავიდა ორი თვე და ვაკეში მომხდარი ყაჩაღობის ამბავი დავიწყებას მიეცა...

ერთ დილას მურთაზ ნიჟარაძე ტელეფონის ზარმა გააღვიძა - ირაკლი ჯორჯაძე რამდენიმე კრიმინალურ ავტორიტეტთან ერთად მეხუთე იზოლატორიდან გაიქცაო, - შეატყობინეს.

ნიჟარაძეს თავი სიზმარში ეგონა, - სავარაუდოდ, ის დაჭრილი უნდა ყოფილიყო. იზოლატორის გალავანთან სისხლის კვალიც არისო, - დაამატა მოსაუბრემ.

- დაუჯერებელია, მეხუთე იზოლატორიდან პატიმარი გაიქცეს, - გაოგნებული ნიჟარაძე სიტყვებს ვერ პოულობდა. რამდენიმე დღის შემდეგ ვახტანგ დიდბარიძემ ნიჟარაძეს დაურეკა და სთხოვა, - ჩემთან მობრძანდითო.

- წაიკითხეთ ეს, - მიაწოდა წერილი მისალმების შემდეგ, - ჯორჯაძემ გამომიგზავნა სანდო კაცის ხელით.

- რა? - გაუკვირდა ნიჟარაძეს. სასწრაფოდ წერილის კითხვა დაიწყო. ჯორჯაძე ბოდიშს უხდიდა ვახტანგს ჩადენილის გამო და სთხოვდა,"' თქვენს მეუღლეს  ალბათ გამომძიებელი  სამკაულების ამოსაცნობად დაიბარებს, იმ სამკაულებში ერთი ბეჭედია, თვალი აქვს ამოვარდნილი, თვალიც იქვეა. ის ნივთი თქვენი მეუღლისა არ არის, მაგრამ გთხოვთ, თქვას,  რომ მისია, რადგან მას არავინ დამიბრუნებს.

გაიგებდით, რომ გაქცეული ვარ და ქალაქიდან წასასვლელად ფული მჭირდება. ის ბეჭედი ძალიან ძვირფასია, გთხოვთ, იუველირს შეაფასებინოთ და მისი ღირებულების  ნახევარი თანხა გამომიგზავნოთ - მისი შეძენა თქვენც არ გაგიჭირდებათ...

- როგორ მოვიქცე? - მოუთმენლად ჰკითხა დიდბარიძემ მურთაზს, - ასე, როცა დამაყაჩაღეს, მაშინ არ მიწვალია.

- თქვენი გადასაწყვეტია, ბატონო ვახტანგ, - უპასუხა ნიჟარაძემ და თვალი თვალში გაუყარა...

***

ერთი კვირის მერე, როდესაც დიდბარიძის მეუღლემ სამკაულებში ერთ უთვლო ბეჭედზე თქვა, ჩემიაო, - ნიჟარაძეს მრავალმნიშვნელოვნად გაეღიმა.

P.S. ირაკლი ჯორჯაძის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

P.P.S. მე-5 იზოლატორიდან გახმაურებული გაქცევის შესახებ მომავალში მოგითხრობთ.