საბედისწერო გადაწყვეტილება - კვირის პალიტრა

საბედისწერო გადაწყვეტილება

2010 წლის 28 ოქტომბერს მალაიზიაში ორი ქართველი ქალბატონი დააკავეს. დარეჯან კოხტაშვილსა და ბაბუცა გორდაძეს ადგილობრივმა სამართალდამცავებმა 11 კგ-მდე ნარკოტიკული ნივთიერება - ამფეტამინის აბები აღმოუჩინეს. მალაიზიური კანონმდებლობის თანახმად, მათ სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.

(მოქმედი გმირების გვარ-სახელები ნამდვილია, ქურთი და ჩეჩენი მოქალაქეების გვარ-სახელები კი მოცემულია თურქულ წყაროებზე დაყრდნობით).

ყველაფერი კი ასე დაიწყო...

2010 წლის 1-ელი სექტემბრის დილას დარეჯან კოხტაშვილს ხალისიანად გაეღვიძა. "დღეს ხომ დედა ჩამოდის სოფლიდან", - გაახსენდა და სასწრაფოდ სადილის მზადებას შეუდგა. მოგვიანებით შვილებს - მარის და ხათუნას გასძახა, - სამსახურში მივდივარ, აბა, თქვენ იცითო და კარი გაიხურა.

- დღეს მარტო ხარ? B ბაბუცა არ იქნება? - ჰკითხა  დარეჯანს მემაწვნე ქალმა და მაღაზიაში ფეხდაფეხ შეჰყვა.

- ბუკას (ბაბუცა) ქმარი ხვალ თურქეთში ბრუნდება და დღეს გვიან მოვა, - ორაზროვნად გაეღიმა დარეჯანს და მაწვნის ქილების თვლას შეუდგა.

- რა ქენი, გადაწყვიტე თურქეთში წასვლა? - კვლავ ჰკითხა ქალმა.

- არ ვიცი... ბუკას ქმარი მირჩევს, - წამოდი, ცოტას ამოისუნთქებო, მაგრამ თავს ვიკავებ, გოგონები უკვე დიდები არიან და დიდი ყურადღება სჭირდებათ, - მიუგო დარეჯანმა. ქალს რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ დარეჯანმა დაასწრო, - ვიცი, რომ ყურადღების გარდა ბევრი სხვა რამეც უნდათ, ხათუნას სწავლის ფულია გადასახდელი, გაისად მარიამიც აბარებს, მიჯობს, უკეთესი სამსახური აქ ვიშოვო, შვილებთან ახლოს ვიქნები, მაგრამ ხომ იცი, როგორ ჭირს.

- სადღაა სამსახურები, - ამოიოხრა მემაწვნე ქალმა, - ასაკი ხელს რომ მიწყობდეს, წუთითაც არ დავფიქრდებოდი, ისე წავიდოდი. ვინც საზღვარგარეთ წავიდა, ყველა სიკეთეს ეწია, სადამდე უნდა ვათრიო  მაწვნის ქილები.

- რა ვიცი, თურქეთში მაინც მეშინია, იმდენ რამეს ჰყვებიან, - შენიშნა უხალისოდ დარეჯანმა და ქალს ფული გადაუხადა.

შუადღისას მაღაზიაში ბაბუცა გორდაძე და მისი მეუღლე გიორგი დავითიანიც გამოჩნდნენ. დარეჯანს მოეჩვენა, რომ ბუკა მოუსვენრად იყო. "ეტყობა, რაღაცის თქმა უნდა", - გაუელვა.

- დარეჯან, მეც გადავწყვიტე თურქეთში წასვლა, - მიმართა ბაბუცამ, - გიორგი სამსახურს გვიშოვის და მერე ჩვენც წავალთ, - ბაბუცამ ქმარს გადახედა, თითქოს დასტურს ელოდებაო.

- საშიში არაფერია, თორემ ცოლის წაყვანას ხომ არ მოვინდომებდი, - თქვა გიორგიმ ღიმილით და შემდეგ ქალებს გამოემშვიდობა, - მოგვიანებით შემოგივლითო.

- წამოდი რა, დარეჯან, - მიუბრუნდა ბუკა მეგობარს, - იქაც ერთად ვიქნებით, გიორგი ყურადღებას მოგვაქცევს, უპატრონოდ არ ვიქნებით, მეც ქმართან მინდა ყოფნა, - გაწითლდა ბუკა, - რა ვიცი, იქ ვის გადაეყრება... როგორმე ბინის ფულსაც მოვუყრით თავს. სადამდე უნდა ვიყო ქირით. ბავშვიც იზრდება და ათასი რამე სჭირდება.

- დღეს დედა ჩამოდის და დაველაპარაკები. არ ვიცი, ბავშვები რას იტყვიან, - ყოყმანობდა დარეჯანი, თუმცა გულში გიორგის წინადადებაზე უკვე სერიოზულად ფიქრობდა.

დარეჯანს დედა შინ დახვდა, გოგონები სასეირნოდ წასულიყვნენ. სალაპარაკოდ შესაფერისი დროაო, - გაიფიქრა და დედას უთხრა, თურქეთში წასვლას ვაპირებო.

- ერთხელ უკვე იყავი თურქეთში, - შენიშნა დედამ, - თუმცა ამის გახსენებაც არ გინდა.

- რა არის გასახსენებელი, - ხმა აუკანკალდა დარეჯანს, - სტამბოლში, ვითომ დასაქმების ბიუროში, ყოველდღე დაგვაყენებდნენ გასაყიდი საქონელივით, შემდეგ მოდიოდნენ თურქები და გვარჩევდნენ. ვინც მოეწონებოდათ, მიჰყავდათ მომვლელად... რამდენიმე დღე ასე ვიდექი, მერე ერთი თურქის ოჯახმა მოხუცი ავადმყოფის მოსავლელად დამიქირავა. მაშინ ვიფიქრე, არა უშავს, ახლა ოჯახში ვიქნები და ამდენი შეურაცხყოფის ატანა აღარ მომიწევს-მეთქი. ავადმყოფი არც ისე მოხუცი და დავრდომილი აღმოჩნდა, როგორც თავიდან მითხრეს და ჩემი წამებაც იმ დღიდან დაიწყო. გარდა იმისა, რომ სახლში ყველაფერს მე ვაკეთებდი, ამ კაცის ჭირვეულობის ატანაც მიწევდა. შემდეგ ისეთი რაღAაცები შემომთავაზა, ვიფიქრე, თავს მოვიკლავ-მეთქი, მაგრამ გამოქცევა მოვახერხე. როცა იმ დასაქმების ბიუროს მივაკითხე, უარესი ამბავი გადამხდა და აქამდე ძლივს ჩამოვაღწიე.

დედა თავზარდაცემული უსმენდა შვილს. არ იცოდა, რა ეთქვა, ან როგორ მოქცეულიყო, ბოლოს, გადაწყვიტა, საუბრის თემა შეეცვალა.

- რა სამსახურს გთავაზობთ იქ გიორგი?

- თვითონ ჯინსების ფაბრიკაში მუშაობს, ასეთი ფაბრიკები იქ ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. გვითხრა, - შენც და ბუკაც იქ ჩემ გვერდით იმუშავებთო, თუმცა ერთი ადგილიც ყოფილა - მისი თურქი ახლობლის ოჯახი მომვლელს ეძებს თურმე. კარგი, პატიოსანი ოჯახიაო, მარწმუნებს გიორგი, - თქვა დარეჯანმა და გაჩუმდა. დDუმდა დედაც.

- რა გითხრა, შვილო. დალხენილი ცხოვრების გამო იქ არ მიდიან... მეც სოფელში ძლივს გამაქვს თავი. საშიში ალბათ არ იქნება, ბოლოს და ბოლოს, კაცს თავისი ცოლი მიჰყავს სამუშაოდ... თუ წასვლას გადაწყვეტ, ბავშვებს შენი დები მიხედავენ, მეც აქ არ ვარ? - დაამშვიდა დედამ.

2 სექტემბერს გიორგი დავითიანი თურქეთში  წავიდა, მისი მეუღლე, ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი კი 25 სექტემბერს გაემგზავრებოდნენ სტამბოლში...

სტამბოლში, აქსარაის ავტოსადგურში, სადაც საქართველოში მომავალი ავტობუსები დგანან, ათეულობით თაღლითობის მსხვერპლ ჩვენს თანამემამულეს შეხვდებით. უფულოდ და უსაბუთოდ დარჩენილები, იმედით, რომ ვინმე ერთ ჭიქა ჩაის მაინც მოგვაწვდისო,  ღამეებს ღია ცის ქვეშ ათენებენ. ავტოსადგურის პირდაპირ მდებარე სასტუმროები ყოველდღე ივსება საბერძნეთში არალეგალურად გადასაყვანი ქართველთა ჯგუფებით, ნარკომანებით (რომლებიც ერთი დოზა "წამლის" საფასურად ნებისმიერ დანაშაულს სჩადიან) თუ ბედის მაძიებელი ჩვენებურებით. ვისაც გაუმართლა და სტამბოლში სამუშაო იშოვა, ძირითადად, აქსარაის რაიონში, ასეულობით პატარა  ფაბრიკებსა და მაღაზიებში არიან დასაქმებულნი.

სტამბოლში მყოფი ქართველები სწორედ ამ ავტოსადგურში იყრიან თავს, ხოლო აქაური საჩაიე ის ადგილია, სადაც ქართულ-თურქული და ჩეჩნური კრიმინალური დაჯგუფებები თავიანთი ბნელი საქმეებისთვის შესაფერის შემსრულებლებს ეძებენ.

11 სექტემბერს, შაბათს, საღამოს აქსარაის ავტოსადგურში საქართველოდან მომავალ ავტობუსების მოლოდინში უამრავი ხალხი ირეოდა. ავტობუსის გამცილებელმა ეკამ მგზავრებთან საუბრისას გიორგი დავითიანს მოჰკრა თვალი, რომელიც მასთან მოემართებოდა.

-  აცილებ ვინმეს, თუ ელოდები? - ჰკითხა ეკამ მისალმების შემდეგ.

- არა, ჯერ არ ველოდები. ჩემი მეუღლე და მისი მეგობარი სექტემბრის ბოლოს ჩამოვლენ. ჩემს მეგობარს, ბესო მარუაშვილს ვეძებ, - მოულოდნელად გიორგიმ შენიშნა, რომ საჩაიედან ვიღაც ხელს უქნევდა, - აი ისიც, - გამცილებელს დაემშვიდობა და საჩაიესკენ გასწია.

-  დიდი ხანია იცნობ ამ ბიჭს? - ჰკითხა ეკას მეორე ავტობუსის გამცილებელმა.

- არა, ამას წინათ ჩემი ავტობუსით იმგზავრა და ხანდახან რაღაცებს მატანს ხოლმე თბილისში ცოლ-შვილისთვის.

- მე ხშირად ვხედავ, - დასძინა მოსაუბრემ, - აქაურები ამბობენ, ძალიან ყურადღებიანი და კეთილი ბიჭიაო...

ბესო მარუაშვილი საჩაიეში ორ უცხო კაცთან ერთად იჯდა. "ფულიანი ხალხი ჩანს, აქ რა უნდათ?" - გაიფიქრა გიორგიმ.

- ჩემი მეგობარი გიორგი დავითიანი, - წარუდგინა ბესომ თანმხლებთ, - ესენი კი არსლანი და მიხეილი გახლავან.

- სად მუშაობს შენი მეგობარი? - დამტვრეული რუსულით იკითხა არსლანმა.

- ერთი პატიოსანი ბიჭია, ერთად ვცხოვრობთ, ჯინსების ფაბრიკაში ღვრის ოფლს, - დაასწრო ბესომ გიორგის.

- კარგად გიხდიან? - დაინტერესდა  არსლანი.

- თურქებს ფულის გადახდა არ გიყვართ, - უხალისოდ მიუგო დავითიანმა.

- მე თურქი არ ვარ, ქურთი ვარ, - შენიშნა არსლანმა. გიორგიმ თითქოს ვერ გაიგონაო, მიხეილს მიუტრიალდა და ინგლისურად ჰკითხა, - როგორ მოგეწონათ სტამბოლიო.

საუბარი დიდხანს გაგრძელდა.

- გონიერი ბიჭი ჩანს, - შენიშნა არსლანმა გიორგის წასვლის შემდეგ.

ბესომ თანხმობის ნიშნად თაAვი დაუკრა.

- წამალს ხომ არ იკეთებს?.. ისე, ერთი შეხედვით ჯანმრთელი ჩანს.

- არა, არა, - ხელები გაასავსავა მარუაშვილმა.

- ინგლისურიც იცის, - ჩაილაპარაკა მიხეილმა და არსლანს ანიშნა, ჩვენი წასვლის დროაო.

- ვინ იყო ის ხალხი, - შინ შესვლისთანავე ჰკითხა გიორგიმ ბესოს.

- ის ამერიკელი მიხეილი დღეს პირველად ვნახე, არსლანი ხშირად დადის ხოლმე. ამბობენ, მაფიოზიაო, - სასხვათაშორისოდ თქვა ბესომ...

სტამბოლიდან ევროპაში ე.წ. ბალყარეთის მარშრუტის სამი ნარკოტრასა გადის. 1.  სტამბოლის პორტებიდან დასავლეთ ევროპაში  (ბულგარეთი-ხორვატია-ავსტრია-შვეიცარია); 2. სამხრეთის მიმართულება (სტამბოლი-იტალია); 3. ჩრდილოეთ მიმართულება (სტამბოლი-გერმანია).

თურქეთიდან გამავალ ნარკოტრასებს  უკვე წლებია, ქურთების მუშათა პარტია აკონტროლებს და ევროპის  ჰეროინის ნარკობაზრის 80%  მისია. რამდენიმე წელია სტამბოლის ნარკობაზარზე ჩეჩნური დიასპორის ინტერესებიც გამოჩნდა, რომელიც გავლენის შესანარჩუნებლად არასასურველი კონკურენტების ლიკვიდაციასაც არ ერიდება.

13 სექტემბერს ტაქსიმზე (სტამბოლის ელიტარული უბანი), სასტუმრო "მარმარაში" რუსლან საიდულაევი სტუმრებს ელოდა.

- ჩეჩნებთან ფრთხილად უნდა იყოთ. ესენი კოლუმბიელები არ გეგონოთ, ყველაფერზე წამსვლელები არიან, შეიძლება სასტუმროდან ვეღარც გამოვიდეთ, - შეახსენა ლიფტში მიხეილს არსლანმა.

სტუმრებს რუსლანის ნომერში გულღიად დახვდნენ.

- ჩვენ საქმიანი ხალხი ვართ და ალბათ თქვენც. გეცოდინებათ, რომ ჩვენში ყველაზე  ძვირად დრო  ფასობს. იმედია, მე ახლა დროს არ ვკარგავ, - ხისტად თქვა რუსლან საიდულაევმა და სტუმრებს სასმელი შესთავაზა.

- საქმე გვინდა დავიწყოთ, - წამოიწყო  მიხეილმა.

რუსლანმა ხელები გაშალა:

- ვხედავ, საქმეს ქურთებთან ერთად იწყებთ, - და არსლანს ჯიქურ შეხედა.

- ამ საქმეზე დროს არ დაგაკარგვინებთ, ის ხომ ასეთი ძვირფასია, - ირონიულად მიუგო მიხეილმა. არსლანმა შეამჩნია, როგორ დაიძაბა რუსლან საიდულაევი.

- ალბათ, გეცოდინებათ, რომ ფხვნილი (ჰეროინი. - ნ.ბ.) ჩვენია, - გამოცრა ჩეჩენმა.

- მე არც ფხვნილი მაინტერესებს და არც სტამბოლი.

- აბა, რა გაინტერესებთ? - წარბი აუთამაშდა რუსლანს.

- აბები და ეგზოტიკური ქვეყნები, ზღვა, პლაჟი... გამართლების შემთხვევაში შეგვიძლია დავილაპარაკოთ.

- ჩავარდნის შემთხვევაში? - ეშმაკურად ჰკითხა რუსლანმა.

- მაგრამ თქვენ ხომ არასდროს ჩავარდნილხართ? - მშვიდად შენიშნა მიხეილმა.

- ამით რისი თქმა გინდათ? - რუსლანი თვალებში დაჟინებით მიაჩერდა მოსაუბრეს.

- თქვენი კავშირები აეროპორტსა და  საბაჟოებზე მყარია, - მრავლისმეტყველად გაეღიმა მიხეილს.

- რომელ ქვეყანაშია ეს ზღვა და პლაჟი? - მოულოდნელად იკითხა საიდულაევმა.

- თუნდაც მალაიზიაში, - მიუგო მიხეილმა.

საიდულაევს მალაიზიის ხსენებაზე ნერვიული სიცილი აუვარდა და ძლივს ამოთქვა:

- დროს ტყუილად დაკარგავთ.

- შეიძლება, მაგრამ ეს ჩემი დრო იქნება, - თქვა მიხეილმა და წამოდგა, საიდულაევმა ხმის ამოუღებლად გააცილა სტუმრები.

- ვინ წავა მალაიზიაში?.. მე ჩემს ხალხს ვერ გავუშვებ, სარისკოა, - უთხრა გზაში არსლანმა მიხეილს.

- გარისკვას არც მე ვაპირებ, - ჩაილაპარაკა მიხეილმა, მერე, თითქოს რაღაც გაახსენდაო, არსლანს მიუბრუნდა, - ხვალ იქნებ აქსარაიში იმ ქართველებს შემახვედრო.

- რად გვჭირდება? - უცებ ვერ მიუხვდა არსლანი.

- ჩვენ არა, საქმეს სჭირდება!

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)