თუ ბოკოვი კილერი არ არის, ხომ არ გვაქვს საქმე ორ სხვადასხვა დანაშაულთან, რომელთაგან­ ერთ საქმეში სამიზნეა ცნობილი, მეორეში კი - შემსრულებელი? - კვირის პალიტრა

თუ ბოკოვი კილერი არ არის, ხომ არ გვაქვს საქმე ორ სხვადასხვა დანაშაულთან, რომელთაგან­ ერთ საქმეში სამიზნეა ცნობილი, მეორეში კი - შემსრულებელი?

"გავარკვიეთ, რომ ჩეჩნეთში ბოკოვის გარემოცვა უკვე ეძებს ავტორიტეტულ ადვოკატებს და მზად არის, დაკავებულის გათავისუფლებისთვის სოლიდური ჰონორარიც გადაიხადოს..."

მედიაში გამოქვეყნებულმა და შემდეგ ოფიციალურად დადასტურებულმა ინფორმაციამ, რომ საქართველოში იგეგმებოდა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობა, რომლის დამკვეთი, სავარაუდოდ, რამზან კადიროვი უნდა ყოფილიყო, შემსრულებელი კი - 12 ივნისს ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაკავებული პირი, საქართველოში და ქვეყნის გარეთ დიდი რეზონანსი გამოიწვია. შეკვეთის სისრულეში მოყვანის შემთხვევაში ეს იქნებოდა არა მარტო ჟურნალისტის, არამედ მთელი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რაც შეიძლებოდა დიდი დაპირისპირებისა და უმართავი პროცესების მიზეზიც გამხდარიყო. სანამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დეტალების დაზუსტებისგან თავს იკავებს, ფაქტის შეფასება ისევ ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს უწევთ, რაც საქმის არსს უფრო ბუნდოვანს ხდის.

"კვირის პალიტრა" შეეცადა, გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის დაგეგმვის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ოფიციალური კომენტარი ჩაეწერა, მაგრამ უარი მივიღეთ, რის გამოც თავად ვცადეთ დაგვედგინა ამ რეზონანსული საქმის დეტალები, რომელსაც ჩვენს მკითხველსაც გავაცნობთ.

"თბილისამდე სულ 200 კილომეტრია..."

2019 წლის 7 ივლისს ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირი ეთერით მონოლოგის დროს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აგინა. ჟურნალისტის მონოლოგს გამოეხმაურნენ სახელისუფლებო წრეებშიც და რუსეთშიც. მეტიც - რუსეთის დუმამ მათი პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის საქართველოს წინააღმდეგ სპეციალური სანქციების მიღებაც კი გადაწყვიტა, რასაც პუტინი არ დაეთანხმა. "ვიღაც გამოჩნდა, რაღაც წამოროშა საკუთარი თავის როგორღაც წარმოსაჩენად. მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, ახლა კი ყველა მასზე ლაპარაკობს", - პუტინის ამ კომენტარის შემდეგ გაბუნიას გინებამ, ერთი შეხედვით, თითქოს აქტუალურობა დაკარგა, თუმცა "საკუთარი პრეზიდენტის""გინებით უკმაყოფილო დარჩა ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, რომელმაც თავის ცნობილ მუქარას: "გროზნოდან თბილისამდე სულ 200 კილომეტრია", ახალი მოაყოლა და ქართველ ჟურნალისტს ურჩია, სადმე გადამალულიყო, რადგან დედამიწაზე "მილიონობით ახალგაზრდა არსებობს, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემენ და შეიძლება პირველივე შემხვედრმა დამართოს ის, რასაც იმსახურებს".

ექსპერტთა წრეებში ფიქრობდნენ, რომ ჩეჩნეთის ლიდერი მუქარას არ დასჯერდებოდა და პრეზიდენტის მაგინებელი ჟურნალისტი შეიძლებოდა "პუტინის ხელქვეითის" ახალი სამიზნე გამხდარიყო...

კილერი "ოცნებების ქალაქიდან"

2020 წლის 12 ივნისს ქავთარაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კომპლექს "დრიმს თაუნში" ("ოცნებების ქალაქი") სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (კონტრტერორისტული დეპარტამენტი) სპეცოპერაცია ჩაატარა და ეროვნებით ჩეჩენი ერთი პირი დააკავა. ამოიღეს დოკუმენტაციაც.

მედია სპეცოპერაციის მიზეზად ნარკოტიკებს ასახელებდა, თუმცა, როცა სპეცოპერაცია პანკისში ხეობის უხუცესის, ხასო ხანგოშვილის სახლში ჩხრეკით გაგრძელდა, ჩვენთვის ცხადი გახდა, რომ საქმე არა ნარკოტიკებთან, არამედ სხვა დანაშაულთან გვქონდა... პანკისში არავინ დაუკავებიათ. როგორც ოჯახის უფროსმა თქვა: "ძალოვანები იყვნენ, უბრალოდ, მოვიდნენ, დაათვალიერეს, თავიანთი საქმე გააკეთეს და წავიდნენ... თქვენი ნაცნობი ჩეჩენი დაკავებულია და ამასთან დაკავშირებით გვინდა, რომ ვნახოთო. კი ბატონო, მობრძანდით, ნახეთ-მეთქი. ვერაფერი ნახეს, აქტი შეადგინეს და წავიდნენ" (IPN 12.06).

ხანგოშვილი არ მალავდა, რომ დაკავებულს მისი შვილი გებიშ ხანგოშვილი იცნობდა და წინადღეს ის მათთან სტუმრადაც იყო. "ახმედის სახელით გაგვეცნო, ცოტა ხანს ვისაუბრეთ. საქართველოში მუთოშვილებისა და ქავთარაშვილების გვარების შერიგებაში მონაწილეობისთვის ჩამოსულა".

გებიშ ხანგოშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს და გამოკითხვის შემდეგ სახლში გაუშვეს. "ოცნებების ქალაქში" დაკავებულის ვინაობა საზოგადოებამ ჯერ კიდევ არ იცოდა, ისევე, როგორც დაკავების მიზეზი...

15 ივნისს ტელეკომპანია "ფორმულამ" გაავრცელა გამაოგნებელი ინფორმაცია, რომ ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაკავებული პირი ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას, შეკვეთილ მკვლელობას გეგმავდა. ეს სპეციალურ ბრიფინგზე "მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ დაადასტურა და დააზუსტა სავარაუდო კილერის ვინაობაც - ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი, ეროვნებით ინგუში: "ჩვენი ინფორმაციით, იყო რამდენიმე ჯგუფი, რომელიც აკონტროლებდა მარშრუტს პირველ საფეხურზე. მოძრაობის დადგენის შემდეგ მეორე საფეხურზე შემოსული იყო კილერი, რომელსაც უნდა განეხორციელებინა, ასე რომ ვთქვათ, ის, რასაც კილერები ახორციელებენ ზოგადად და ის, რაც იყო დაგეგმილი".

"მთავარი არხის" დამფუძნებელმა ბრიფინგზე ისიც განაცხადა, რომ გაბუნიას მკვლელობა კადიროვის დაკვეთით დაიგეგმა და ის, სავარაუდოდ, პუტინის გინებას უკავშირდება. ასევე ითქვა, რომ ქართველ სპეცსამსახურებს მკვლელობის დაგეგმვის შესახებ ინფორმაცია უკრაინელმა სამართალდამცავებმა მიაწოდეს. ეს ნიკა გვარამიამაც იცოდა და ამიტომ მან გაბუნიას დაცვა გააძლიერა. საეჭვო პირების თვალთვალის შესახებ იცოდა თავად ჟურნალისტმაც.

"უფრო მძიმე დანაშაული"

ჟურნალისტის შესაძლო მკვლელობასთან დაკავშირებით საზოგადოების ვნებათაღელვა გააძლიერა გვიან ღამით სუს-ის განცხადებამ: "კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. ბრალდებული ვ.ბ-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც კონტრტერორისტული ცენტრი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა".

სუს-ი დასძენდა, რომ ვ.ბ-ს დაკავებით, ერთი მხრივ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა დანაშაულში მხილებული პირი და, იმავდროულად, თავიდან აიცილეს სხვა, უფრო მძიმე დანაშაული.

მას შემდეგ, რაც სუს-მა ფაქტობრივად დაადასტურა მედიით გავრცელებული ინფორმაცია ჟურნალისტის შესაძლო მკვლელობაზე, გაბუნიას საქმე პოლიტიკურ წრეებში ახალ საჯილდაო ქვად იქცა.

16 ივნისს გაჩნდა ვერსია, რომ გაბუნიას მკვლელობის დაგეგმვის შესახებ უკრაინის სპეცსამსახურებმა მას შემდეგ შეიტყვეს, რაც 14 აპრილს რუსეთის ФСБ-სთან დაკავშირებული გენერალ-მაიორი ვალერი შაითანოვი დააკავეს სამშობლოს ღალატის ბრალდებით (ФСБ შაითანოვს კიევში ტერაქტის მოწყობის სანაცვლოდ 200.000 დოლარსა და რუსულ პასპორტს ჰპირდებოდა). სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძულებული გახდა, კვლავ გაეკეთებინა განცხადება და კიდევ ერთხელ მოეწოდებინა საზოგადოებისთვის, გამოძიების ინტერესების გამო თავი შეეკავებინა საქმის საჯარო განხილვისგან.

სანამ ერი და ბერი ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვის საქმის მასალების გამოქვეყნებას ითხოვს, ბრალდებებს გამოეხმაურა ჩეჩნეთის ლიდერიც და კვლავ დაემუქრა გაბუნიას: "ამჯერად თქვეს, რომ კილერი დააკავეს, რომელიც კადიროვის დაკვეთით ქართველ ჟურნალისტზე თავდასხმას გეგმავდა. ბატონებო, დამიჯერეთ, თუ ვინმე ჩემი დაკვეთით მოქმედებს, ის ამ დავალებას ასრულებს და თუ დავალების ჩუმად შესრულებაა საჭირო, ამის შესახებ ვერავინ გაიგებს... გიორგი გაბუნიას ურჩევნია, მუხლებზე დადგეს და ბოდიში მოიხადოს. მან შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის ყველა მოქალაქეს... სწორი დასკვნა გამოიტანოს და თავისი გონება მწყობრში მოიყვანოს... წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიმეორებ, ჩემს მტრად დარჩება!"

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა, რაც უფრო ძაბავს პროცესს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განმარტებას არ ჩქარობს, არადა, საზოგადოებას კარგად ახსოვს სუს-ის ბოლოდროინდელი - ძმებ ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის მცდელობის გახმაურებული საქმე, რომელიც კონტრტერორისტულმა ცენტრმა უკრაინული სპეცსამსახურების მიერ მოწოდებულ ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აღკვეთა. 2020 წლის იანვარში სუს-მა შვიდი პირი დააკავა თბილისსა და ბათუმში. ასევე დაკავებული იყო უკრაინის მოქალაქე, რომელიც, სავარაუდოდ, ქურდული სამყაროს შეკვეთით გიორგი და დავით ფეიქრიშვილების აფეთქებას გეგმავდა. ამ რეზონანსული დანაშაულის გახსნა სუს-მა თავადვე ამცნო ქვეყანას და მერეც, საჭიროების შემთხვევაში, განმარტებებს თავს არ არიდებდა. მაშ, ახლა რატომ დუმს?

ვინ არის ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი

ჩვენ ვცადეთ, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაგვედგინა, რა მოხდა სინამდვილეში და ვინ არის ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი. ჩვენი ინფორმაციით, 4-5 თვის წინ (გენერალ შაითანოვის დაკავებამდე დიდი ხნით ადრე) უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა მიიღეს ინფორმაცია, თითქოს ერთი პირი პირად საუბარში ამბობდა, რომ იგეგმებოდა ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მკვლელობა და ამ მიზნით დაგეგმილ დროს საქართველოში კილერი უნდა ჩასულიყო. ინფორმატორი ასევე აღნიშნავდა, რომ კილერი კავკასიელი იყო. უკრაინელებმა, რომლებიც ბოლო დროს აქტიურად თანამშრომლობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ყველაფერი ქართველ კოლეგებს შეატყობინეს.

ჩვენი ინფორმაციით, ჩეჩენი (და არა ინგუში) ვასამბეკ ბოკოვი (ეს მისი ნამდვილი სახელი და გვარია) ოთხ თვეზე მეტია, საქართველოში ცხოვრობს და ქვეყანაში პირველად არის. მნიშვნელოვანია, რომ დღემდე არავინ იცის საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზანი. მას პანკისის ხეობაში გვარების შერიგებაში მონაწილეობა არ მიუღია (ამ ფაქტს დაპირისპირებული მხარეებიც ადასტურებენ). სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია, რატომ მოექცა ბოკოვი სუს-ის ყურადღების არეალში, თუმცა, ვფიქრობთ, რომ საქართველოში სწორედ "იმ დაგეგმილ დროს" ჩამოვიდა, რომელიც ოპერატიულ ინფორმაციაში იყო ნახსენები.

ბოკოვს ბინა "დრიმს თაუნში" ჰქონდა დაქირავებული. ქართული სპეცსამსახურები რამდენიმე თვე თვალს არ აშორებდნენ (სუს-ის განცხადებაშიც არის ნათქვამი, რომ მიმდინარეობდა თვალთვალი), თუმცა ბოკოვი მათ "ხელჩასაჭიდს არაფერს აძლევდა".

ჩვენი ინფორმაციით, დაჯარიმებულიც არის, თუმცა ისეთი სუფთა წარსული აქვს, მონაცემების შემოწმებისას საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. ის ჩადიოდა პანკისში, დროდადრო ინტერესდებოდა საქართველოში ბიზნესის პერსპექტივით. ეს იყო და ეს, მაგრამ იმის გამო, რომ შეიძლებოდა უკრაინიდან მიღებული ინფორმაცია ნამდვილი ყოფილიყო, ქართულ სპეცსამსახურებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ ბოკოვის "გასანეიტრალებლად". ბოლოს და ბოლოს, ის ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით დააკავეს. ჩვენი ინფორმაციით, ეს სხვა გვარზე გაცემული ყალბი პასპორტი უნდა იყოს.

ჩვენ არ ვიცით, ვინ ეხმარებოდა ბოკოვს თბილისში ცხოვრებისას ამა თუ იმ საკითხის მოგვარებაში, მაგალითად, ბინის დაქირავებაში, თბილისში მიმოსვლაში და ა.შ., თუმცა გავარკვიეთ, რომ ჩეჩნეთში ბოკოვის გარემოცვა უკვე ეძებს ავტორიტეტულ ადვოკატებს და მზად არის, დაკავებულის გათავისუფლებისთვის სოლიდური ჰონორარიც გადაიხადოს... გეგმავდა თუ არა ვასამბეკ ბოკოვი გიორგი გაბუნიას მკვლელობას და უკავშირდება თუ არა ეს შესაძლო დანაშაული რამზან კადიროვს, ჩვენი ინფორმაციით, გამოძიებას ჯერჯერობით ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს. შესაძლოა, სუს-ის დუმილის მიზეზიც სწორედ ეს იყოს.

თუ უკრაინიდან მიღებული ინფორმაცია ნამდვილია და კადიროვის მოტივაციასაც გავითვალისწინებთ, ამასთან აღმოჩნდება, რომ ბოკოვი კილერი არ არის (თუმცა, მისი საქართველოში ყოფნის მიზანი გაურკვეველია), მაშინ ჩნდება კითხვა: ხომ არ გვაქვს საქმე ორ სხვადასხვა დანაშაულთან, რომელთაგან ერთ საქმეში სამიზნეა ცნობილი, მეორეში კი - შემსრულებელი?

"კვირის პალიტრა" ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს.

იხილეთ ასევე: "ამბობდა, ბიზნესის ამბავში ვარ ჩამოსულიო" - რას ჰყვება ხასო ხანგოშვილი, რომელსაც ვასამბეკ ბოკოვი აჰმედის სახელით გაეცნო?