გზა სტამბოლისკენ - კვირის პალიტრა

გზა სტამბოლისკენ

(გაგრძელება. დასაწყისი იხ. #6)

"კვირის პალიტრის" წინა ნომერში დავიწყეთ თხრობა ე.წ. მალაიზიური საქმის შესახებ.

დარეჯან კოხტაშვილს და ბაბუცა გორდაძეს თურქეთში სამუშაოდ წასვლა ბაბუცას მეუღლემ გიორგი დავითიანმა შესთავაზა, რომელიც სტამბოლში ჯინსების ფაბრიკაში მუშაობდა. დარეჯანი და ბაბუცა სტამბოლში 25 სექტემბერს უნდა გამგზავრებულიყვნენ. 12 სექტემბერს გიორგი დავითიანს მისმა მეგობარმა ბესო მარუაშვილმა ვინმე ქურთი არსლანი და ამერიკელი მიხეილი გააცნო.

14 სექტემბერს, სამშაბათს, გიორგი დავითიანი ფაბრიკიდან გვიან დაბრუნდა. შინ შესულს ლაპარაკი შემოესმა.“ეტყობა, ბესოს სტუმრები” ჰყავსო, - გაიფიქრა და საძინებლისკენ გასწია. უცებ სამზარეულოში არსლანს მოჰკრა თვალი. გაუკვირდა და სტუმარს მიესალმა.

-  რამე რომ დაგვემართოს, მომკითხავი არავინ გვყავს. ასეთია ჩვენი ცხოვრება სტამბოლში, - გააგრძელა საუბარი ბესომ და გიორგის ანიშნა, შემოდიო.

"ეს ქურთი ალბათ დიდი ხანია აქ არის,  ერთი ბოთლი კონიაკის დალევაც მოუსწრიათ",  გაუელვა გიორგის.

- აგერ გიორგი, დილიდან გვიან ღამემდე იმ ჯინსის ფაბრიკაში 400 დოლარის გულისთვის ნახევრად მშიერი თავაუღებლად მუშაობს, ფულს  კი ხან უხდიან, ხან არა... ახალგაზრდა ცოლი და პატარა ბავშვი ჰყავს დატოვებული სხვის სახლში, - თქვა ბესომ და  კონიაკის ჭიქას მიაშტერდა, დაბოღმილს სტუმარი თითქოს აღარც ახსოვდა.

- მე მუშაობა არ მეზარება, მეტს გავაკეთებ, ფულს თუ გადამიხდიან, - თქვა მოულოდნელად გიორგიმ და სასმელი დაისხა.

- ჩემი პარტნიორი მიხეილი საქმეს იწყებს და ხალხი სჭირდება, -  სასხვათაშორისოდ თქვა არსლანმა და  ქართველები კიდევ ერთხელ  ყურადღებით შეათვალიერა.

- აქ, სტამბოლში? - არსლანის სიტყვებმა ბესო მარუაშვილი უცებ გამოაფხიზლა.

- გვინდა ტანსაცმლის პარტიები გავიტანოთ საზღვარგარეთ, - არსლანს ბესოსთვის ყურადღება არ მიუქცევია, - ჯერ მალაიზიაში...

- მალაიზიაში? - გაუკვირდა ბესოს, - ეგ ხომ ქვეყნის დასალიერშია!

- ამჯერად ინგლისურის მცოდნე კაცი გვჭირდება, თან სუფთა  ბიოგრაფიის მქონე, - ისევ წაუყრუა არსლანმა ბესოს ნათქვამს.

- ინგლისური მე ვიცი, - წამოსცდა გიორგის.

- თან ცხოვრებაში არაფერი დაუშავებია, - დაამატა სიცილით ბესომ.

- ვიფიქრებ, - ცოტა ხნის დუმილის შემდეგ თქვა არსლანმა და თვალები ეშმაკურად მოწკურა.

- მისამართი შენ მიეცი? - ჰკითხა ბესოს დავითიანმა, - როდესაც სტუმარი გააცილეს.

- არა, - თავი გააქნია ბესომ.

- აბა, როგორ მოგვაგნო? - ჩაილაპარაკა გიორგიმ.

KvirisPalitra.Ge* * *

17 სექტემბერს მიხეილი სულთან აჰმედის მეჩეთის წინ ყავახანაში იჯდა და გიორგი დავითიანის მოლოდინში არსლანთან საუბრით იქცევდა თავს.

- როგორ ფიქრობ, ჩეჩნები საქონლის მოყიდვაზე დაგვთანხმდებიან? - ჰკითხა მიხეილმა არსლანს.

- როგორ გითხრა, - საიდულაევი ხისტი კაცია, თუმცა კარგი ყნოსვა აქვს და  ყოველთვის ხვდება, დიდი ფულის სუნი საიდან მოდის, - ჩაიქირქილა არსლანმა.

- მაგას მეც მივხვდი, - გააგრძელა მიხეილმა, - მაგრამ სტამბოლის აეროპორტში მისი კავშირების გარეშე ვერაფერს გავხდებით. ჩავარდნის შემთხვევაში...

- ხალხი დაგენანებათ? - გამჭოლი მზერა ესროლა არსლანმა ამერიკელს.

- საქონელი დამენანება, - გამოცრა მიხეილმა, - ის მიჯდება დიდი ფული, თორემ ისეთი უპატრონოები, როგორსაც ახლა ველოდებით, გროშები ღირს, - მიხეილს სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ყავახანაში გიორგი დავითიანი გამოჩნდა.

- არსლანი თქვენზე მესაუბრა და გადავწყვიტეთ, რაღაც გაგიკეთოთ, - მიხეილი მისალმების შემდეგ პირდაპირ საქმეზე გადავიდა.

არსლანმა შეამჩნია, როგორ აუწყლიანდა თვალები დავითიანს.

- მალაიზიაში ტანსაცმლის პარტიების გაგზავნას ვფიქრობთ, თუმცა ჯერ იქაური ბაზრის შესწავლა გვინდა. თუ გინდა ამ საქმეზე შენ გაგიშვებთ, - ეშმაკურად შეაპარა მიხეილმა.

- რა თქმა უნდა, წავალ, - მიუგო გიორგიმ.

- მე სუფთა ბიოგრაფიის კაცი მჭირდება. სერიოზულ საქმეს ვიწყებთ და არ მინდა  პრობლემები შემექმნას... პასპორტს მოგვცემ და ვიზას და თვითმფრინავის ბილეთებს გაგიკეთებთ, - დასძინა მიხეილმა.

- მაშინ სამსახურიდან რამდენიმე დღით დავეთხოვები, -  თქვა გიორგიმ.

- ისევ აპირებ იმ აქოთებულ ფაბრიკაში დაბრუნებას? - გაეცინა არსლანს.

გახარებულმა გიორგიმ აღარ იცოდა, რა ექნა.

- რა გულუბრყვილო ყოფილა ეს ქართველი, - ჩაეცინა  მიხეილს და მიმავალ გიორგის თვალი გააყოლა.

- მშიერი კაცის დაბოლებას რა უნდა! - გამოცრა არსლანმა, - თორემ მე სხვანაირ ქართველებსაც შევხვედრივარ.

- გზაში მომიყევი, - მიხეილი წამოდგა.

* * *

24 სექტემბრის ღამეს თბილისში, კოხტაშვილების სახლში ტელეფონის ზარი გაისმა.

- ბაბუცა, ქმარი გირეკავს, - დარეჯანმა მეგობარს ტელეფონის ყურმილი მიაწოდა და ოთახიდან გასვლისას სთხოვა, - გიორგის ჰკითხე, სამსახური ხომ არ უშოვია ჩვენთვისო. რამდენიმე წუთში ბაბუცამ ტელეფონზე საუბარი დაამთავრა.

- თურქეთში ჯერ ვერ მივდივართ.

- რატომ? - წამოჯდა დარეჯანი.

- გიორგი ახლა მალაიზიაშია, იქიდან რეკავდა.

- მალაიზიაში რა უნდა? - გაუკვირდა დარეჯანს. ბუკამ მხრები აიჩეჩა.

- გოგო, ვერ  ჰკითხე? - ბრაზი გაერია დარეჯანს ხმაში.

- ძალიან ცოტა ხანი ველაპარაკე, ბავშვი მოიკითხა... მაგდენი ვეღარ მოვიფიქრე, - დაიბნა ბაბუცა.

- საერთოდ აღარ წავალთ? - დაეჭვდა დარეჯანი.

- როგორ არა, წავალთ. მითხრა, ჩემი მეგობარი ბესო დაგირეკავთ და წამოდითო.  ბესოს ტელეფონით ვიცნობ, - თქვა ბაბუცამ და გაჩუმდა.

* * *

გიორგი დავითიანი, რომელიც უკვე კვირაზე მეტი იყო, რაც მალაიზიის დედაქალაქში იმყოფებოდა, მთელ დღეებს თითქმის უქმად ატარებდა. მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა. უხაროდა, თავი ყველაფერს კარგად გავართვი, სტამბოლში კმაყოფილები დამრჩებიანო. როცა არსლანმა დაურეკა, - თურქეთში გელოდებითო, სასტუმროს ნომერში დაზოგილი ფული გადათვალა, - ბავშვს და ბუკას რამეს ვუყიდიო.

- ჩემს სიცოცხლეში არაფრის კეთებაში პირველად მომცეს ფული, - წამოსცდა.

* * *

9 ოქტომბერს, დილით, დარეჯანი ტელეფონის ზარმა გააღვიძა.

- ბესო ვარ, გიორგის მეგობარი. მისი დავალებით ვრეკავ. ხვალ უნდა წამოხვიდეთ, სტამბოლში გიორგი დაგხვდებათ.

- გიორგი რომ თურქეთში არ არის? - დაეჭვდა დარეჯანი.

- ხვალ ღამით მოფრინავს მალაიზიიდან, - მიუგო უცნობმა და ყურმილი დაკიდა.

"ეტყობა, სამსახური უკვე გვიშოვა", - გაუხარდა დარეჯანს და ბაბუცასთვის ახალი ამბის სათქმელად გაიქცა.

10 ოქტომბერს ორთაჭალის ავტოსადგურში დარეჯანს და ბუკას დარეჯანის ქალიშვილები - მარიამი და ხათუნა აცილებდნენ.

- იქნებ არ წავიდე?.. თქვენი დარდი მომკლავს,  - დარეჯანი ძლივს იკავებდა ცრემლებს და გოგონებს ეხვეოდა, - ყოველდღე დაგირეკავთ, უჩემობას არ გაგრძნობინებთ...

- თქვენ ეკა გქვიათ?- მიუბრუნდა ბაბუცა ავტობუსის გამცილებელს.

- დიახ, - დაიბნა გამცილებელი.

- მე გიორგის  მეუღლე ვარ, - გაუღიმა ბაბუცამ.

- სასიამოვნოა... ადრე მითხრა გიორგიმ, რომ სტამბოლში აპირებდით ჩამოსვლას. დასასვენებლად, თუ?..

- სამუშაოდ მოვდივართ მე და ჩემი მეგობარი, - დარეჯანს გადახედა ბუკამ.

რამდენიმე წუთში ავტობუსი დაიძრა...

- უცნაური წინათგრძნობა მაქვს, -  უთხრა დარეჯანმა ბუკას და თვალცრემლიანმა შვილებს ფანჯრიდან ხელი დაუქნია.

* * *

სტამბოლის აეროპორტში გიორგი დავითიანს არსლანი დახვდა.

- როგორ არის საქმე? - ჰკითხა გიორგის მანქანაში.

- კარგად. ეგ იყო - წვიმამ ცოტა თავი მომაბეზრა, - გაიცინა გიორგიმ.

- დღეს დაისვენე, შენი შეფი ხვალ ვნახოთ, - უთხრა არსლანმა, - ახლა შინ მიგიყვან.

- იქნებ დღეს იყოს, ხვალ ჩემი მეუღლე და მისი მეგობარი ჩამოდიან და მათ უნდა დავხვდე ავტოსადგურში, - სთხოვა დავითიანმა.

- მოგენატრა მეუღლე? - ეშმაკურად გაეღიმა არსლანს.

- ეგეც არის, - გაწითლდა გიორგი, - თუმცა აქ ის და მისი მეგობარი სამუშაოდ ჩამოდიან, იქნებ სადმე ადგილი ვუშოვო,  ჩემი ოჯახის მდგომარეობა იცით, მის მეგობარსაც ძალიან  უჭირს, ორი მოზრდილი შვილი ჰყავს.

- გასაგებია, - შეაწყვეტინა არსლანმა, - მიხეილს ახლა სერიოზული შეხვედრა აქვს. თავად დაგიკავშირდება, - ისე თქვა არსლანმა, გიორგისკენ არც მიუხედავს.

* * *

სასტუმრო "ოქგიუნ-სტამბულში" მისული არსლანი დიდხანს ათვალიერებდა ინტერიერს.

- აქ ყველაფერი იშვიათი მარმარილოსია, - განუმარტა რუსლან საიდულაევმა, - თვითონ სახელიც განსაკუთრებულად ჟღერს - "სტამბოლის წითელი ვარდი". სხვათა შორის, სასტუმროს მეპატრონე ორი წლის წინ მოკლეს.

- რატომ?

- გავლენიანი კაცი იყო, მაგრამ კიდევ მეტი მოინდომა...

- მაინც რა მოინდომა? - ჩაეძია მიხეილი.

- იმ სუფრასთან მოინდომა დაჯდომა, სადაც ყველა ადგილი უკვე დაკავებული იყო, - როდესაც საიდულაევმა მიხეილის გაკვირვებული სახე დაინახა, დაამატა, - ჩვენს ბაზარს ვგულისხმობ...

მიხეილს გაეღიმა. გაიფიქრა, - ჩემი შეშინება თუ უნდა, არ გამოუვაო და მშვიდად თქვა:

- საქმეზე ხომ არ გადავსულიყავით?

- ერთ კაცს კიდევ ველოდებით, - მოჭრა რუსლანმა.

- იმედია, დროს ტყუილად არ ვკარგავ, - თქვა ამერიკელმა და ჩაი მოსვა.

- სტამბოლის აეროპორტის უსაფრთხოების ყოფილ უფროსს, - სხვათა შორის თქვა რუსლანმა.

- ეს უკვე საინტერესოა, - გახალისდა მიხეილი.

- თქვენი კარგი განწყობა ამდენი ღირს, - და საიდულაევმა ხელსახოცზე ხუთნიშნა რიცხვი დაწერა.

- ჩანს, ჩემი გუნებაზე მოყვანა  თქვენთვის ძალიან ძვირფასია, - ირონიულად ჩაიხითხითა მიხეილმა და  ხელსახოცი ჯიბეში ჩაიდო...

* * *

აქსარაის ავტოსადგურში ხალხმრავლობა იყო. "Aრას ვიფიქრებდი, თუ ამ დაწყევლილ ადგილას ისევ მოვხვდებოდი", - გადაულაპარაკა დარეჯანმა ბუკას და ჩანთები ჩამოიღო...

- გამარჯობა, გოგოებო, - გიორგი ჯერ ბუკას გადაეხვია, მერე ჩანთები აიღო და  ქალებს ტაქსისკენ გაუძღვა, - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სტამბოლში, თქვა სიცილით და მანქანის კარები გააღო...

გაგრძელება შემდეგ ნომერში