" ცოცხალი კონტეინერები" - კვირის პალიტრა

" ცოცხალი კონტეინერები"

(დასასრული, დასაწყისი #6,7)

უკვე ათეული წელია, თურქეთის ხელისუფლება ნარკობიზნესთან ბრძოლაში აქტიურად არის ჩართული, მაგრამ სტამბოლი დღემდე აზიიდან ევროპაში არალეგალური ნარკოგადაზიდვების ერთ-ერთ მსხვილ ცენტრად გვევლინება. თურქული ჰეროინი  დიდი ხანია ევროპის ბევრი ქვეყნისთვის სადავიდარაბოდ იქცა.  შექმნილი სიტუაციის გამო ევროკავშირი იძულებული გახდა, თურქეთის ხელისუფლებისთვის   სტამბოლის პორტებისა და აეროპორტების ამ კუთხით უსაფრთხოების გაძლიერება მოეთხოვა.

სტამბოლის აეროპორტი ყველაზე დაცულია მსოფლიოში ლოს-ანჯელესის აეროპორტის შემდეგ. მგზავრთა ბარგი უახლესი ტექნიკური აღჭურვილობით მოწმდება აეროპორტის სპეციალურ სართულზე; ამიტომ ნაკლები შანსია, რომ ნარკოტიკებმა უსაფრთხოდ გაიაროს საბაჟო კონტროლი. ყოველწლიურად სტამბოლის აეროპორტში სამართალდამცავები 2 ტონამდე ჰეროინის და ასეულობით კგ ამფეტამინის ამოღებას ახერხებენ, ამიტომ სტამბოლის ნარკობაზრის მსხვილ მოთამაშეებს  აეროპორტის საბაჟოს მოხელეების კეთილგანწყობა, ზოგ შემთხვევაში ნახევარი მილიონი დოლარიც უჯდებათ.

10 ოქტომბერს სასტუმრო "ოქგიუნ სტამბულში" მიხეილს და რუსლან საიდულაევს აეროპორტის უსაფრთხოების ყოფილი უფროსიც შეუერთდა.

- როგორ მოგმართოთ? - დაინტერესდა მიხეილი.

- მუსტაფა დამიძახეთ, - გაეღიმა სტუმარს.

"მატყუებს", - გაუელვა მიხეილს.

- ტვირთი რამდენია? - საქმეზე გადავიდა სტუმარი.

- ამ ეტაპზე 10-11 კილოგრამი, -  მიუგო მიხეილმა და დაუმატა, - აბებია.

- სად მიგაქვთ? - იკითხა ისევ მუსტაფამ.

- მალაიზიაში, - დაასწრო მიხეილს რუსლანმა.

- ვატყობ, ძალიან აზარტული ხართ და რისკისა არ გეშინიათ, - მიმართა მუსტაფამ და დასძინა, - გახსოვდეთ, რომ კურიერები ეჭვს არ უნდა იწვევდნენ, ასეთები კი შეიძლება ქალები ან ბავშვები იყვნენ.

- ცოცხალ კონტეინერებს გულისხმობთ? - ვერ მიუხვდა მიხეილი.

- არა, ტვირთი დიდია და თანაც აბები. ტვირთი სხვა რამეში უნდა მოთავსდეს, ეს კი თქვენი პრობლემაა, - ორაზროვნად  ჩაიქირქილა მუსტაფამ.

- თარიღს გაგაგებინებთ, - წამოდგა მიხეილი.

- მალაიზიაში ამისთვის სიკვდილით სჯიან, - მიაძახა მიმავალს  რუსლანმა.

მიხეილი წამით შედგა, მაგრამ არ მობრუნებულა, ისე გაემართა გასასვლელისკენ.

- რას ფიქრობ? - ჰკითხა მუსტაფამ რუსლანს.

- ჩავარდება.

- მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ რატომ რისკავს? - ჩაილაპარაკა მუსტაფამ.

- თუ გამოუვიდა, ძალიან დიდ ფულს იშოვის, თუ არადა, წაგებული მაინც არ დარჩება, არ ჰგავს არიფს, -  ბოლო სიტყვები ჩეჩნურად  დაამატა საიდულაევმა.

KvirisPalitra.Ge***

პირველად ნარკოკურიერი ქალები გასული საუკუნის 90-იან წლებში შუა აზიაში გამოჩნდნენ, ავღანეთის საზღვრის ახლოს მდებარე ქალაქების - ოშას და ხოროგას კრიმინალური ბანდები იქაურ ქალებს ოჯახის ამოწყვეტის მუქარით აიძულებდნენ, ნარკოტიკები დანიშნულების ადგილამდე მიეტანათ - ქალები პოლიციის ყურადღებას არ იქცევდნენ და ტვირთიც უსაფრთხოდ  მიდიოდა ადრესატამდე. მალე ნარკოკურიერ ქალებზე მოთხოვნა გაიზარდა და ერთგვარ კომერციულ საქმიანობადაც იქცა.

ვინაიდან მათ ნარკოტიკები საკუთარი სხეულით გადააქვთ, "ცოცხალი კონტეინერები" შეარქვეს. სტამბოლში ნარკოკურიერი ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ხდება, აქსარაიში თვეობით უპატრონოდ, უფულოდ და  უსაბუთოდ დარჩენილ ქალებს ქართულ-თურქული კრიმინალური ჯგუფები სამშობლოში დაბრუნებას სთავაზობენ იმ პირობით, თუ თან "რაღაცას" გაიყოლებენ. ხშირად ბევრმა არც იცის, რომ საკუთარი სხეულით ნარკოტიკი გადააქვს,  საქართველოში ჰეროინი სარფიდან სწორედ ნარკოკურიერი ქალების მეშვეობით შემოდის (ამ  თემაზე "კვირის პალიტრა" ადრეც წერდა).

12 ოქტომბერს გიორგი დავითიანი სულთან მაჰმედის მეჩეთთან ყავახანაში დათქმულ დროზე მივიდა.

- გავიგე, კარგად მოგივლია მალაიზია, - ეშმაკური ღიმილით უთხრა მიხეილმა გიორგის.

- დიახ, მგზავრობა არ გამჭირვებია, თქვენი პარტნიორები გულღიად დამხვდნენ. მეგონა, სტუმარზე გადაყოლა მარტო ქართველებმა ვიცოდით, - დავითიანი მალაიზიურ ამბებს მოკლედ მოუყვა მიხეილს.

- აქ ჩამოსულს კი მეუღლე და მისი მეგობარი დახვდა, - დაამატა არსლანმა.

- სამუშაოდ ჩამოვიყვანე... თუმცა რაღაც ისე არ აეწყო, როგორც ვფიქრობდი. ჩვენთან, ფაბრიკაში, უარი მითხრეს, მომვლელიც არავის სჭირდება ჯერჯერობით, მაგრამ გამოჩნდება რამე, - იმედიანად თქვა გიორგიმ.

- რამდენი წლისანი არიან შენი მეუღლე და მისი მეგობარი?

- ბუკა 26-ისა და დარეჯანი 37-ის, დიდი ხნის მეგობრები არიან, თბილისშიც ერთად მუშაობდნენ.

- თუ მოვახერხებ, ერთხელ გესტუმრებით, - მიხეილმა მოულოდნელად უცნაურად გაიღიმა.

"რაღაც მოიფიქრა", - გაუელვა არსლანს.

- გელოდებით, - გაუხარდა გიორგის.

სიჩუმე ჩამოვარდა. გიორგიმ იფიქრა, ჩემი წასვლის დროაო და მოსაუბრეებს დაემშვიდობა. დავითიანის წასვლის შემდეგ მიხეილი ცოტა ხანს ჩუმად იყო.

- არსლან, მგონი, ქალების ძებნა აღარ დაგვჭირდება, -  დაარღვია სიჩუმე მიხეილმა.

- მერე დაითანხმებ? - კუშტად ჰკითხა არსლანმა.

- რაიმე ისეთ მიზეზს მოვძებნი... ხომ გაიგე, რა თქვა, - სამუშაოს ვერ ვშოულობო. თან  ფულზე უარს არ იტყვიან. შეიძლება ამაში თავად გიორგიმ დაარწმუნოს, თუ კიდევ ერთხელ მოჰყვება იმ ზღაპრებს, აქ რომ მოჰყვა, - გაეცინა მიხეილს.

- იმ კაცს ნარკოტიკები არ წაუღია.

- არც ესენი წაიღებენ. ყოველ შემთხვევაში, არ ეცოდინებათ, რომ "რაღაც" მიაქვთ... წარმოიდგინე, ორი ახალგაზრდა ტურისტი ქალბატონი, უფროსი არის მხატვარი, რომელსაც თავისი ორი ტილო მიაქვს კუალალუმპურში რომელიმე კერძო გალერიისთვის შესათავაზებლად... როგორი ლეგენდაა? - გაშალა ხელები მიხეილმა.

არსლანს ხმა არ ამოუღია.

- მეტი დამაჯერებლობისთვის მოგზაურობის მოყვარულ ქალბატონებს ავიაბილეთებიც შესაბამისი ექნებათ, მარშრუტით სტამბოლი-მაროკო-კამერუნი-მალაიზია.

- აბები სად იქნება? - თვალი მოჭუტა არსლანმა.

- სურათების ჩარჩოში. მართალია, საგრძნობლად მძიმე იქნება, მაგრამ არა მგონია, ამას ყურადღება მიაქციონ.

- რომ ვერ გადაიტანონ, Aან ჩავარდნენ? სიკვდილით დასჯის შიშით შეიძლება ბევრი რამ თქვან.

- რა უნდა თქვან? ალბათ ცრემლებს დაღვრიან, - არ ვიცოდითო, მაგრამ ვინ დაიჯერებს? კუალალუმპურის პოლიციის მუშაობისა მეც გამეგება რაღაც. ისინი სიღრმეებში არ მიდიან, თუ გავლენ - ქმარზე, რომელიც არც ისეთი არიფი ჩანს, არ იცოდეს, რაზე მიდის. კარგად მოვიფიქროთ, ჯერ მთავარია, საქონელი კარგ ფასში ვიყიდოთ.

***

21 ოქტომბერს დარეჯანი დილიდანვე უგუნებოდ იყო.

-  მეორე კვირაა, აქ ვართ და ჯერ სამსახურს პირი არ უჩანს, - შესჩივლა ბუკას, - ნეტავ არც წამოვსულიყავით.

- გამოჩნდება რამე, - დააიმედა ბუკამ, - ხომ ხედავ, გიორგი ყველგან ეძებს.

- რა ვიცი, - უიმედოდ გააქნია თავი დარეჯანმა, - ცოტა ხანსაც დავიცდი, თუ არადა, შინ დავბრუნდები. ჩემების დარდი მკლავს.

***

საღამოს აქსარაის ავტოსადგურის საჩაიეში გიორგი დავითიანი  იქ მყოფებს სამსახურის თაობაზე ესაუბრებოდა. მოულოდნელად თავზე მიხეილი წამოადგა.

- გაუშვებ შენს  მეუღლეს მალაიზიაში? - ჰკითხა ჯიქურ.

- სად? - დაიბნა დავითიანი.

- მალაიზიაში... კარგად გადავიხდი, - დაამატა მიხეილმა და დავითიანს დაჟინებით მიაჩერდა.

- რა ვიცი, ამ სიშორეზე, როგორ იქნება, - წაილუღლუღა გიორგიმ, თან ცდილობდა, გაეგო, რაში იყო საქმე.

- საშიში არაფერია. უბრალოდ, ერთმა ჩემმა იქაურმა პარტნიორმა მთხოვა, გავუგზავნო ორი სურათი, რომელიც აქ მისთვის შევიძინე. ფოსტით გავგზავნიდი, მაგრამ ტილოები ძვირფასია და მეშინია, გზაში არ დაიკარგოს ან არ დაზიანდეს.

- მე წავიღებ, - შესთავაზა გიორგიმ.

- ახლახან იყავი მალაიზიაში და ასე მალე შენმა ისევ ჩასვლამ შეიძლება ვინმე დააეჭვოს. პრობლემები კი არც შენ გინდა და არც მე.

- მართალი ხართ, - დაეთანხმა გიორგი, - ბუკას მარტო ასე შორს, სრულიად უცხო ქვეყანაში ვერ გავუშვებ, არსად არ არის ნამყოფი, ენაც კი არ იცის, - ძლივს უყრიდა სიტყვებს თავს დავითიანი.

- გასაგებია, - დაეთანხმა მოულოდნელად მიხეილი, - ისე, მეგობარი თუ გაჰყვება, შემიძლია ორი ბილეთი ავიღო, -  სასხვათაშორისოდ დაუმატა, - თან, როგორც ვიცი, იქ მეგობრები შეგიძენია და უყურადღებოდ არც დატოვებენ, შენ ხომ კარგად მოგიარეს?

- რა თქმა უნდა... რა ვიცი, თუ მეგობარიც გაჰყვება, მაშინ, - ყოყმანობდა დავითიანი.

- გიორგი, მე საქმიანი კაცი ვარ, ვიცი, ფული გჭირდებათ, ქალები ჩამოიყვანე სამუშაოდ და ვერაფერი უშოვე, ამიტომ ის თანხა, რასაც მე შემოგთავაზებთ, სამივეს ძალიან წაგადგებათ.

- მოვიფიქრებ, გოგოებს დაველაპარაკები, -  ჩაილაპარაკა გიორგიმ.

22 ოქტომბერს დავითიანმა მიხეილს შეატყობინა, - გოგოები თანახმანი არიანო.

- ძალიან კარგი, - ხელები მოიფშვნიტა მიხეილმა.

"რატომღაც მეგონა, არ დათანხმდებოდნენ... ეს გიორგი ან ძალიან გულუბრყვილოა, ან დიდი გარეწარი", - გაიფიქრა არსლანმა.

- გოგონებისთვის დამღლელი რომ არ იყოს მოგზაურობა, - განაგრძო მიხეილმა, - ტრანზიტული მარშრუტი ავირჩიეთ. მალაიზიამდე თვითმფრინავი რამდენიმე ქვეყნის აეროპორტში დაჯდება, - კუალალუმპურის აეროპორტში თუU შეეკითხებიან, საიდან აქვთ ეს სურათები, თავი რომ დავიზღვიოთ, უფროსმა თქვას, რომ მხატვარია.

- ჰო, მართლა, - თითქოს გაახსენდაო არსლანს, - ბარგს მხოლოდ სტამბოლის აეროპორტსა და კუალალუმპურში შეამოწმებენ. მალაიზიაში კი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, ზღვა და პლაჟი ელოდებათ.

***

27  ოქტომბერს სტამბოლის აეროპორტში ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი გაოცებით ათვალიერებდნენ  იქაურობას.

- თავი სიზმარში მგონია, - გადაულაპარაკა  თვითმფრინავში ჩაჯდომის დროს ბუკამ დარეჯანს.

- მეც, - მოკლედ მიუგო მეგობარმა.

იმავე საღამოს სტამბოლის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მიხეილისგან მადლობა და ჰონორარი გადასცეს.

- მთავარია, კუალალუმპურში გაგვიმართლოს, - წამოსცდა მიხეილს და კმაყოფილებით გაეღიმა.

P.S. 28 ოქტომბერს მალაიზიელმა სამართალდამცავებმა დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე დააკავეს. განაჩენს ისინი კუალალუმპურის ციხეში ელოდებიან... მალაიზიური კანონით მათ სასჯელის უმაღლესი ზომა ემუქრებათ(!).