" ეკლიანი ცხოვრების ანარეკლი" - კვირის პალიტრა

" ეკლიანი ცხოვრების ანარეკლი"

რას იხსენებს ციხე-კოლონიების ყოფილი უფროსი ვლადიმერ ტაბაღუა

ვლადიმერ ტაბაღუამ პენიტენციარულ სისტემაში 40 წელზე მეტი გაატარა. 1963 წელს რიგით კონტროლიორად დაიწყო მუშაობა და წლების განმავლობაში სხვადასხვა კოლონიის უფროსი იყო, მათ შორის - იმ ციხისაც, სადაც სიკვდილმისჯილებს ხვრეტდნენ.

დღეს ბატონი ვლადიმერი ადვოკატია და ადამიანთა უფლებების დასაცავად იბრძვის.

- ახალგაზრდობაში მოჭიდავე ვიყავი, სამბოში წარმატებებიც მქონდა. სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემდეგ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე. მაშინ ციხეებში კადრები ჭირდა და იქ სრულიად ახალგაზრდა მივედი. დღემდე მახსოვს ის ემოცია, რომელიც დამეუფლა, როცა პირველად იზოლატორში აღმოვჩნდი. იქ საოცარი სისასტიკე სუფევდა. ვხედავდი, როგორ ექცეოდნენ პატიმრებს, როგორ სცემდნენ. არ მინდოდა, ჯალათი ვყოფილიყავი... სამჯერ ვცადე იმ სისტემიდან წამოსვლა, გამომძიებლობა მინდოდა, მაგრამ არ გამომიშვეს. სამმართველოს უფროსმა მითხრა, ჩვენი კადრი ხარო. ასე შევრჩი ციხეს; იქიდან "გამოსვლა" ვეღარ შევძელი.

მაშინ უმკაცრესი პირობები იყო. პატიმრებს ერთმანეთთან დალაპარაკების უფლებაც არ ჰქონდათ. თუ დააშავებდა რამეს, სცემდნენ. ვაღიარებ, თავიდან წესრიგის დარღვევისთვის პატიმარი მეც მიცემია. იყო შემთხვევები, როცა 5-10 ადამიანი ერთ პატიმარს სცემდა... იქ ჯუნგლის კანონი მოქმედებდა. ქურდები, მათი მიმდევრები, საშუალო ფენა, პატიოსანი, განაწყენებული და დაჩაგრული ხალხი - ვის აღარ ნახავდით იქ, სრული ორომტრიალი იყო. წლებმა და დაგროვილმა გამოცდილებამ სწორი გზა მაჩვენა. პატიმრებთან ნორმალური ურთიერთობა დავამყარე. სხვაგვარად კოლონიის უფროსს ციხეში არაფერი გამოგივიდოდა, ვერ დაიმორჩილებდი... საშინელება იყო მეხუთე საპყრობილე. 20 კაცის ადგილას საკანში 80 პატიმარი იჯდა; სუნთქვის საშუალებაც არ ჰქონდათ, მონაცვლეობით ეძინათ...

KvirisPalitra.Geჩემ თვალწინ ბევრი საშინელება დატრიალებულა. ვინ მოთვლის, ციხის კედლებში რამდენი შავბნელი საიდუმლო გახსნილა... იქიდან თვალნათლივ ვხედავდი, როგორ იყვნენ ჩაფლული სიბინძურის ჭაობში რიგითი მოქალაქეებიც და მაღალი რანგის ჩინოსნებიც. მუშაობის დაწყების პირველი დღიდან უბის წიგნაკში ჩანაწერებს  ვაკეთებდი. ეს ჩემი ეკლიანი ცხოვრების ანარეკლია, აღწერილია თითქმის ყველაფერი, რასაც იმ უსამართლობის წყვდიადში განვიცდიდი...  აი, რა ჩამიწერია 1966 წელს: "პატიმარს რომ შიოდეს, საჭმელს ვერ მიაწვდი; შენ თვალწინ რომ კვდებოდეს, ვერ შეეშველები, ამის უფლება არ გაქვს. ის ზიზღით შემოგყურებს და შენც ასეთივე ზიზღის თვალით უყურებ. რაღაც საშინელი ურთიერთობა სუფევს, ამის აღწერა სიტყვებით შეუძლებელია..."

"პროფესიული ნათლობა"

დილის 10 საათია. ჯგუფის ხელმძღვანელმა დამიბარა და მითხრა:

- ეს 10 მანეთი გამომართვი, წადი ცნობათა ბიუროში, იქ შვიდი მანეთის "პრიმა" იყიდე და მოიტანე.

უფროსის ბრძანება სამხრეებიანი ადამიანისთვის კანონია, მეც  შევასრულე დავალება. ჯგუფის უფროსმა ჩემი მოტანილი "პრიმა" სასეირნოდ ეზოში გაყვანილ პატიმარს გადასცა, სამი მანეთი კი თვითონ ჩაიდო ჯიბეში. ერთ საათში მისგან იგივე დავალება მივიღე, ისიც უყოყმანოდ შევასრულე. სამი მანეთი ისევ მის ჯიბეში წავიდა. იმ დღეს ხუთჯერ მომიხდა სიგარეტის მოტანა... მერე კოლეგები გამომიტყდნენ, თავიდან "ნასედკა" გვეგონე, ერთი კვირაა თვალს გადევნებთ, დღეს დავრწმუნდით, კარგი ბიჭი ყოფილხარ. ის, რასაც დღეს აკეთებდი, კანონით აკრძალულია, მაგრამ ბრწყინვალედ გაართვი თავი დაკისრებულ საქმესო. ასე მივიღე ე.წ. "პროფესიული ნათლობა". თან დაამატეს, მუდამ გახსოვდეს, სადაც მიხვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო...

ინგა ფერაძე ციხის კანონს არ ემორჩილებოდა

მორიგედ ვმუშაობდი. იმ პერიოდში ციხის საავადმყოფოში მომღერალი ინგა ფერაძე იხდიდა სასჯელს. ძალიან ლამაზი გოგო იყო. პატიმარი მამაკაცები მის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ. ფერაძემ მამაკაცი დაჭრა და სხეულის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. პატიმრებმა მასთან რომანის გაბმა დააპირეს, წერილებს აწვდიდნენ, სიყვარულს ეფიცებოდნენ. მისი საკნის სარკმელთან პატიმარი ბიჭები ზედა სართულებიდან ძაფით სასიყვარულო წერილებს უშვებდნენ. ისიც ძალიან აქტიურობდა, ყველას პასუხობდა, ფანჯარასთან დადგებოდა და ემასლაათებოდა. მის გამო რამდენიმე პატიმარი სხვა საკანშიც გადავიყვანე.

წარმოიდგინეთ, მთელ ციხეს ვაწყნარებდი, კაცებს ვიმორჩილებდი, მაგრამ ამ ერთი ქალის დამორჩილება ვერა და ვერ მოვახერხე. რამდენჯერმე გავაფრთხილე, მაგრამ მაინც არ გაჩუმდა. რაღაც შეტყობინება მის ფანჯარასთან ისევ ჩამოუშვეს, მივედი და ძაფი გადავუჭერი.

ინგამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. მეც ცუდად ველაპარაკე და სერიოზულად წავკამათდით. ვერ გავაჩუმე და ბოლოს კარცერში მოვათავსე. შემდეგ პატიმრები მეხვეწებოდნენ, გოგოა და დაინდეო. კარცერიდან ორი დღის შემდეგ ამოვიყვანე და გავაფრთხილე, - ისევ ისე თუ მოიქცევი, დიდი ხნით გამოგკეტავ კარცერში-მეთქი. მერე შევრიგდით. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ინგა ცნობილი მომღერალი გახდა. მახსოვს, ის ჩადენილ დანაშაულს არ ნანობდა. ამბობდა - ის კაცი ღირსი იყო და იმიტომ დავჭერიო.  ვაჟკაცური ბუნების ქალი იყო...

ქურდები და მათი ქალები

კანონიერ ქურდებთან სერიოზული პრობლემა ქსნის კოლონიის უფროსად დანიშვნისთანავე შემექმნა. კოლონიაში სიტუაცია ძალიან გართულდა და უფროსად ამიტომ გადამიყვანეს. მეორე დღეს ეზოში დიდი გვირაბი აღმოვაჩინეთ - ციხიდან გაქცევა იგეგმებოდა;  გასათხრელი სულ რაღაც 10 მეტრიღა ჰქონდათ. ისიც გავიგე,

ქურდებს ზონაში მსუბუქი ყოფაქცევის ქალები 10 დღის შეყვანილი ჰყავდათ და უკან აღარ უშვებდნენ. მაშინ 4 ე.წ. კანონიერი ქურდი იხდიდა სასჯელს. თავიანთ ბარაკებთან დარაჯად ნაგაზები ჰყავდათ და ახლოს ვერავინ მიდიოდა.

ამასთან შეგუება არ შეიძლებოდა და გადავწყვიტე, წესრიგი  ჩემი მეთოდით დამემყარებინა... კაბინეტში ვიჯექი, უცებ კარი გაიღო და ოთახი პატიმრებით გაივსო. მათ წინ მოუძღოდა ე.წ. კანონიერი ქურდი  ფუტკარაძე. თანამშრომლები ოთახიდან გაყარეს და ფუტკარაძემ  მითხრა: - აქ შენებური რეჟიმი არ გაგივა, ან ჩვენ დაგვემორჩილები, ან აქედან წახვალ. დაიმახსოვრე, ჩვენ "პრისტუპნიკები" ვართო. წარმოიდგინეთ, ოთახში 50-მდე პატიმარი იყო. ფუტკარაძემ ბრძანება გასცა და მათ დანები გახსნეს.

ფუტკარაძე დამემუქრა - იცოდე, ერთს ვიტყვი და ნაკუწებად გაქცევენო. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა განცდაა, როცა ამდენი შეიარაღებული ადამიანი გაშლილი დანით მოკვლით გემუქრება. თანამშრომლებმა, იმის ნაცვლად, რომ ვინმესთან დაერეკათ და ეთქვათ, რაც ხდებოდა, ცხვრებივით დამალვა ამჯობინეს და ელოდებოდნენ, რა მოხდებოდა. ვაღიარებ, შემეშინდა - სიკვდილს ვუყურებდი თვალებში, მაგრამ მაინც შევეპასუხე, გაგიგონიათ, ქურდი ასეთი მეთოდით კოლონიის უფროსს ელაპარაკებოდეს? თუ რამე გინდათ, 5 კაციც მომკლავთ, ამდენი ადამიანი რა საჭიროა, მიდი, ყველა გაუშვი, რამდენიმე დარჩით და ვილაპარაკოთ-მეთქი.  თვითონაც დანით გამოიწია ჩემკენ: - ხვალიდან აქ არ შემოხვალ; ეს გამაფრთხილებელი აქცია იყო, თუ კიდევ დაგინახავთ, ნამდვილად ნაკუწებად გაქცევთო...

მაშინ ქურდების დიდი ნაწილი საქართველოდან უკვე გადახვეწილი იყო. მათთან დავრეკე და ვცადე გამერკვია, ფუტკარაძე კანონიერ ქურდად ვინ აღიარა. ის, რაც გააკეთა, ქურდული წესებით, დაუშვებელი იყო. ქურდებს ვუთხარი, - ჩემი ხასიათი იცით, მის ჭკუაზე ვერ ვივლი და იძულებული ვიქნები, დავხვრიტო-მეთქი... მეორე დღეს კოლონიაში ჩვეულებრივ მივედი. არ მინდოდა ეფიქრათ, რომ შევშინდი და გავიქეცი. დღემ მშვიდად ჩაიარა... მესამე დღეს ფუტკარაძე კაბინეტში მარტო ამოვიდა და მითხრა, - ქურდულში შემეშალაო... მართლაც იმის შემდეგ ხუთი წელი ჭკვიანად იყო. მაშინ იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი იყო. მან და დეპარტამენტის უფროსმა მომხდარი მოგვიანებით შეიტყვეს. ძველი თაობის ქურდები ადმინისტრაციის წინააღმდეგ არასოდეს გამოდიოდნენ. პირიქით, ისინი ურჩ პატიმრებს არწმუნებდნენ, ადმინისტრაციასთან ნორმალური ურთიერობა გვჭირდებაო.

ბარიგამ 6 ადამიანი მოკლა

ბოლო წლებში თითქმის ყველა ციხე-კოლონიაში დისციპლინა იმდენად მოირყა, რომ კანონიერი ქურდები ადმინისტრაციას საერთოდ აღარ ემორჩილებოდნენ, სრული ქაოსი სუფევდა. კანონიერი ქურდი ფუტკარაძე ნარკომანი იყო. ქსნის კოლონია გააუქმეს და პატიმრები სხვადასხვა დაწესებულებაში, ძირითადად, რუსთავში გადაიყვანეს, რამდენიმე კი იქვე მდებარე ქსნის ტუბზონაში შეასახლეს. ტუბერკულოზიანებთან გადაიყვანეს ფუტკარაძეც. იმ პერიოდში დაწესებულებაში ცნობილი ბარიგა იხდიდა სასჯელს და წარმოიდგინეთ, თავის  საქმეს პატიმრობის დროსაც აგრძელებდა, იქიდანაც ახერხებდა წამლის გაყიდვას. ამ ბარიგასთან ქურდ ფუტკარაძეს უთანხმოება ადრეც ჰქონია. ფუტკარაძე ურეკავდა მას და სისტემატურად წამლის გამოგზავნას სთხოვდა.

ბარიგა ხანდახან უგზავნიდა, მაგრამ ქსნის ტუბზონაში გადასვლის შემდეგ ფუტკარაძემ მთლიანად მის კისერზე გადასვლა მოინდომა. ფაქტია, ეს ბარიგა ვიღაცების დახმარებით ციხიდან დიდ ფულს შოულობდა, წამლის გარდა, ხელყუმბარისა და მაკაროვის სისტემის პისტოლეტის შეძენაც მოახერხა. ასეთი შეიარაღებული იჯდა ქსნის ზონაში.

ერთ დღეს პატიმრებმა ადმინისტრაციის თანამშრომლები ზონიდან გამოყარეს, შიგნით კი საშინელი სროლა ატყდა. ყველაფერს ანგრევდნენ...

ინფორმაცია გავრცელდა დახოცილთა შესახებაც. შეიძლებოდა, ყველა პატიმარი გაქცეულიყო. სიტუაციის გარკვევა მე დამავალეს. ძალიან საშიში იყო, მაგრამ რა მექნა!.. ზონაში შესვლა შევძელი. გავარკვიე, რომ ბარიგას კონფლიქტი მოუხდა ქურდ ფუტკარაძესა და მის მეგობართან.

ჯერ ხელყუმბარა აუფეთქებია, შემდეგ კი მაკაროვით ფუტკარაძე და მისი მეგობარი მოუკლავს. 6 კაცი მოკლული იყო,  რამდენიმე - დაჭრილი. პატიმრებს ვთხოვე, დაჭრილების საავადმყოფოში გადაყვანის უფლება მოეცათ. თუ არ დამემორჩილებით, ჯარი მოსულია და დაგხოცავენ-მეთქი. დამიჯერეს. დაჭრილები გამოვიყვანეთ. მართალია, ფუტკარაძე მკვდარი იყო, მაგრამ საავადმყოფოში მაინც გადავგზავნე, ის ბარიგა კი პატიმრებს იქვე ჩაუქოლავთ. როგორც ჩანს, ბარიგა ისე გაამწარეს  ფუტკარაძემ და მისმა მეგობრებმა, რომ ყველა დახოცა...

სიტუაცია რომ ჩაწყნარდა, მინისტრი სააკაშვილიც მოვიდა შემთხვევის ადგილზე. ამ ტრაგედიის გამო დეპარტამენტის თავმჯდომარე  მსხვილიძე გადააყენა.

ნამგალაური ციხიდან გაქცევის მცდელობას შეეწირა

მოჭიდავე ნამგალაური სიკვდილმისჯილთა საკანში იხდიდა სასჯელს. კარგი სპორტსმენი იყო, მაგრამ უმძიმესი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი - გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის გაასამართლეს. დიდხანს ელოდა დახვრეტას... სწორედ ამ დროს დაინგრა საბჭოთა კავშირი. 1991 წელს მეხუთე საპყრობილეში სერიოზული შემთხვევა მოხდა: დასახვრეტ საკანში მყოფმა პატიმრებმა ციხიდან გაქცევა დააპირეს. გამთენიისას, 4-5 საათზე, თანამშრომელს კარი გააღებინეს. პირველად ნამგალაურის საკანი გაიღო, მან კი ყველა სიკვდილმისჯილს გაუღო საკნის კარი.

პატიმრებმა ოფიცერი მძევლად აიყვანეს და იმუქრებოდნენ, - თუ არ გაგვიშვებთ, მოვკლავთო.  ციხის ეზო პატიმრებით იყო სავსე... ყველა ერთად მიადგა ჭიშკარს... თავისუფლებამდე მხოლოდ ერთი კარიღა რჩებოდა... მაშინ, რატომღაც, მხოლოდ ქურდების საკნები არ გაღებულა. ყველაფრის ორგანიზატორად ნამგალაური დასახელდა. მინისტრი რომან გვენცაძე მივიდა ციხეში. ყველა უწყება ფეხზე დადგა, მობილიზებული იყო ჯარი და სპეცსამსახურები. საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე შეძლეს ვითარების განმუხტვა. ციხის უფროსის მოადგილე მოხსნეს, რადგან შიდა პერიმეტრში იარაღი გამოიყენა - კიბეზე პატიმრების შესაშინებლად ისროლა. ამ დროს ოფიცერი გაბუნია და კიდევ რამდენიმე პატიმარი დაიჭრნენ. ბოლოს ყველა საკნებში შეაბრუნეს, მაგრამ იქაურობა სულ დალეწილი იყო.

ამ პროცესმა ნამგალაურის დახვრეტა დააჩქარა. ეს რომ არ ჩაედინა, შეიძლებოდა მისი განაჩენი შეცვლილიყო, რადგან მალე საქართველოში სიკვდილით დასჯა გაუქმდა.

თეა ხურცილავა

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)