საკნებში სიკვდილის რიგი იდგა - რას იხსენებს ციხე-კოლონიების ყოფილი უფროსი ვლადიმერ ტაბაღუა - კვირის პალიტრა

საკნებში სიკვდილის რიგი იდგა - რას იხსენებს ციხე-კოლონიების ყოფილი უფროსი ვლადიმერ ტაბაღუა

სიკვდილმისჯილები იმედგადაწურული ელოდნენ საბედისწერო წუთებს. ბევრს ეგონა, რომ მათ მალევე ხვრეტდნენ, მაგრამ ასე არ იყო. განაჩენს მოსკოვში,  უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში ასაჩივრებდნენ და საბოლოო პასუხი იქიდან მოდიოდა. ამას თვეები სჭირდებოდა. თავიდან სიკვდილმისჯილები ცალ-ცალკე საკნებში იყვნენ, შემდეგ კი 3-4 პატიმარი ერთად იჯდა. საკნებს ყოველდღე ვათვალიერებდით; როცა კარს ვაღებდით, შიშით თვალებდაჭყეტილი ადამიანები შემოგვცქეროდნენ. საკნებში თითქოს სიკვდილის რიგი იდგა.

1964 წელი იყო. იმ დღეს პატიმარი, 34 წლის ფრიდონ ქარცხია დასახვრეტად უნდა გაეყვანათ. იგი მოსკოვიდან პასუხს 11 თვე ელოდა. მოხულიგნო ტიპი იყო, ფიზიკურად ძლიერი. ყველაფერი ახალგაზრდა სპორტსმენთან დაპირისპირებით დაიწყო. სპორტსმენი ზაურ ვახანია ჯარიდან მშობლიურ სენაკში დაბრუნდა. მას ყველა პატივს სცემდა და ამას ქარცხია ვერ შეეგუა. ვახანია რესტორანში ქეიფობდა, იქ მიაკითხა და პირდაპირ განუცხადა, - შენთან სალაპარაკო მაქვს, ძალები უნდა მოვსინჯოთო, ერთი სიტყვით, დუელში გამოიწვია. ვახანიამ საპასუხოდ სუფრასთან მიიწვია,U - ახლა მეგობრებთან ერთად ვარ, შემოგვიერთდი, შეხვედრა სხვა დროისთვის გადავდოთო.

ქარცხია არ მოეშვა. K- კარგი, ბატონო, მაშინ დამარტყი და წადიო, - უთხრა ვახანიამ. არც დაფიქრებულა, ისე დაარტყა. საპასუხოდ ზაურ ვახანიამ სამბოს ილეთი გამოიყენა და ერთი დარტყმით მარჯვენა მკლავი ამოუგდო. ვახანიას მეგობრებმა ქარცხია საავადმყოფოში წაიყვანეს და მკლავი ჩაუსვეს. ამის შემდეგ გაშმაგებული ეძებდა ზაურს, შურისძიება სურდა.

ერთხელ სადგურთან თავისი სატვირთო მანქანით მყოფ ვინმე ხოჭოლავას მანქანა მოსთხოვა, მაგრამ უარი მიიღო - სადაც გინდა წაგიყვან, მანქანას კი ვერ მოგცემო, - უთხრა.. ამის გამო  დანით, ე.წ. ბებუთით 35 ჭრილობა მიაყენა, მოკლული გადმოაგდო და ვახანიას სახლის ჭიშკარი მანქანით შეანგრია. ზაური სახლში არ იყო, ქალაქშიც ვერსად იპოვა, მერე მანქანა მიაგდო და მიიმალა. ხოჭოლავას მკვლელობისთვის დახვრეტა მიუსაჯეს. მოკლულის მამა მოსკოვშიც ჩიოდა, უმკაცრეს სასჯელს ითხოვდა.

დახვრეტის მომლოდინე  ქარცხია აკვირდებოდა, როგორ გაჰყავდათ საკნიდან დასახვრეტები. დახვრეტის ფორმა მაშინ ასეთი იყო: ყალბ დოკუმენტს ადგენდნენ, სადაც ეწერა, თითქოს   პატიმარი მოსკოვმა შეიწყალა. ამ საბუთს სიკვდილმისჯილს აძლევდნენ  და ეტყოდნენ, - შენი ნივთები ჩაალაგე, საკნიდან გამოდი, ჩვეულებრივ საკანში უნდა გადაგიყვანოთო. ქარცხიას საკნიდანაც გაიყვანეს ასე პატიმარი. მან ისიც გაიგო, რომ გაყვანილი პატიმრების კვალი იკარგებოდა. ვიცე-პოლკოვნიკი ლევან შავიშვილი ჯგუფთან ერთად ასეთი დოკუმენტით მივიდა ქარცხიას საკანთან.

ამას მე არ ვჭამო, - უპასუხა პატიმარმა. ზედამხედველმა მისი დარწმუნება სცადა.  - კარგი, მაშინ ავიღებ ჩემს ნივთებს და მოვემზადებიო. საცვლის ამარა იყო. ცოტა ხანში შიგნიდან დაიძახა, მზად ვარო. საკნის კარი შავიშვილმა გააღო და უცებ შტირი პირდაპირ ცხვირში გაუყარა; 15 წუთში გარდაიცვალა. ნათურასთან მავთულბადე იყო; იქიდან მოხსნილი მსხვილი მავთულით თურმე ამ დღისთვის შტირი წინასწარ გააკეთა. მკლავში დაჭრა ოფიცერი როგავაც. საკნიდან  ქარცხიას გამოყვანა ძალიან გაჭირდა; მასთან ერთად სიკვდილმისჯილი სუკიასიანი იჯდა. დაიმუქრა, - იცოდეთ, ამასაც მოვკლავო. სახანძრო მოიყვანეს და წყლის ჭავლი მიუშვირეს.

ვერც ამ გზით გამოიყვანეს, ლეიბები აიფარა, ერთ კუთხეში მიიმალა. მორიგი მეთოდი სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლის გამოყენება იყო, მაგრამ არც ეს გამოდგა. ბოლოს ფიზიკურად ძლიერი ოთხი ბიჭი შეიარაღდა; ერთს პისტოლეტი ჰქონდა, სხვებს - ხელჯოხები და შტირები. ბრძანება იყო - არ უნდა მოეკლათ, უნდა გამოეყვანათ. პირველად შესულს  ხელში გრძელი შტირი ეჭირა, რომელიც ქარცხიას პირდაპირ მუცელზე მიადო. პატიმარმა დარტყმა დააპირა, მაგრამ შტირი ძლიერ მიაჭირა და მოკვლით დაემუქრა.

ამასობაში სხვებიც შეცვივდნენ, მკლავში ჩაქუჩი ჩაარტყეს, გათიშეს და ისე გამოიყვანეს საკნიდან. შავიშვილის მკვლელობაზე დაკითხვისას თქვა: - იმ მომენტში ნებისმიერს მოვკლავდი. ვიცოდი, ამ ხერხით პატიმრები დასახვრეტად გაჰყავდათ და ვფიქრობდი, წასვლის წინ ვინმე გამეყოლებინაო. ამ მკვლელობისთვის არ გაუსამართლებიათ, რადგან უმაღლესი ზომა ისედაც ჰქონდა მისჯილი...

მსხვერპლი

ამ ფაქტმა ზაურ ვახანიასაც აურია ცხოვრება. ქარცხიას სასამართლო სხდომაზე იგი მოწმედ დაჰკითხეს. ჩვენებაში დაადასტურა, რაც მოხდა. განსასჯელის ადვოკატმა იმდენი კითხვა დაუსვა, ძალიან გაბრაზდა. პროცესიდან გამოსულ ადვოკატს დაარტყა. მან იჩივლა და ვახანია ხულიგნობის ბრალდებით გაასამართლეს. სამი წელი მიესაჯა. პერსპექტიული სპორტსმენის ცხოვრება ციხემ მთლიანად შეცვალა. გალის რაიონში, სოფელ სიდაში იხდიდა სასჯელს. ფიზიკურად ძლიერი, თავმოყვარე ბიჭი იყო, თავს არავის აჩაგვრინებდა. კანონიერ ქურდებთან შეჯახება მოუხდა. მისგან მომსახურებას ითხოვდნენ, ის არ ემსახურებოდა. ქურდული დაუწერელი კანონით ქურდისთვის ხელის დარტყმა მხოლოდ საქმის გარჩევის დროს და ისიც მხოლოდ ქურდს შეეძლო.

ვახანიამ რამდენიმე ქურდს სცემა და ამის გამო დაწესებულებაში ბუნტი მოხდა. ის ცალკე საკანში გადაიყვანეს, მაგრამ ზონას ვერ იმორჩილებდნენ. მთელი დაწესებულება ფეხზე დადგა. სპეცოპერაცია ჩატარდა. ვახანიამ ადმინისტრაციას სთხოვა, მიეცათ მისთვისაც ავტომატი და სპეცრაზმს და ჯარს წინ თვითონ გაუძღვებოდა. ვიღაცამ მართლა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ეტყობა, ენდობოდნენ. ბუნტის ორგანიზატორები აიყვანეს. ვახანია ციხიდან ვადაზე ადრე გამოვიდა, მაგრამ გარეთაც სიმშვიდე ვერ დაიბრუნა - ყველა ქურდი ებრძოდა.

ბოლოს ქურდებს ასეთი წინადადება მისცა: - თუ რესტორანში შემოხვალთ და ნახავთ, რომ მე ვქეიფობ, უკან გაბრუნდით, მეც ანალოგიურად მოვიქცევი და ერთმანეთისგან შორს ვიყოთო. ეს სიტყვიერი შეთანხმება ქურდებმა დაარღვიეს. რესტორანში ქეიფობდა, როცა შამპანურით სავსე ბოთლი თავში ჩაარტყეს. ამ საქმის ჩამდენი ქურდი ტყეში წაიყვანა და ფეხები ტყვიით დაუცხრილა. ყველამ იცოდა ეს დანაშაული ზაურის ჩადენილი რომ იყო, მაგრამ პოლიციას ამისთვის არ დაუკავებია. ამის შემდეგ შეიარაღებული დადიოდა, მაგრამ არ იჭერდნენ.

მას კარგად ვიცნობდი. სენაკში სპორტსკოლის გახსნა სურდა, დიდი მიზნები ჰქონდა... ციხეშიც მოვინახულე, ქურდებსაც ვესაუბრე, ხელი არ ახლოთ, თორემ შეიძლება ვიღაცამ დახვრეტა აიკიდოთ-მეთქი. ძალიან უნდოდათ მოეკლათ. ქურდობაზე მეოცნებე ნებისმიერი ე.წ მომავალი ამას უპრობლემოდ შეასრულებდა. ასე ასცდა გზას სპორტის ოსტატი. მერე სმა დაიწყო და ბოლოს დაიღუპა. ასე განადგურდა სამი ოჯახი - ქარცხიების, ვახანიების და ხოჭოლავების. ხოჭოლავებს ერთადერთი შვილი ჰყავდათ და მშობლები დარდს გადაჰყვნენ.

დახვრეტილთა ძვლები წყალმა გამორიყა

30-იან წლებში სიკვდილმისჯილები დასახვრეტად ციხის გარეთ გაჰყავდათ. საპყრობილის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშინ უღრანი ტყე იყო, კორპუსები არ იდგა. სპეციალურ ჯგუფს რამდენიმე დასახვრეტი ადამიანი შენობის გარეთ, წინასწარ შერჩეულ ადგილზე მიჰყავდა. ორმოს ღამით თავიანთი ხელით ათხრევინებდნენ. განაჩენს შს სამინისტროს თანამშრომელი, ვინმე შაშულკინი აღასრულებდა. ყველა პატიმარს სიბნელეში ხვრეტდნენ, მერე მიწას მიაყრიდნენ. მახსოვს, 10 წლის წინ იმ ტერიტორიაზე წყალმა გამოხეთქა და ადამიანების თავის ქალები და ძვლები გზაზე მიმოფანტული იპოვეს. ეს, ალბათ, დახვრეტილთა ძვლები იყო.

ერთხელ დასახვრეტად ტყეში გაყვანილმა პატიმრებმა გაქცევა სცადეს. მაშინ ციხის უფროსი მიჰყვებოდა ჯგუფს. ორმა პატიმარმა ხელბორკილის ახსნა შეძლო და გაიქცნენ. ციხის უფროსი კარგი მსროლელი იყო. ორივე დაჭრა, მერე კი განაჩენიც აღასრულეს, მაგრამ ამის შემდეგ მეთოდი შეიცვალა და სიკვდილმისჯილებს უკვე ციხის შენობაში ხვრეტდნენ - იქ სპეციალური სასაკლაო გაკეთდა.

სასაკლაო

#5 იზოლატორის პირველ სართულზე განაჩენის აღსასრულებლად ერთი დიდი ოთახი გამოყვეს. 1964 წლიდან სიკვდილმისჯილებს იქ ხვრეტდნენ. იქ მოსახვედრად ადამიანს დიდი ლაბირინთის გავლა უწევდა. გვირაბის მსგავსი შესასვლელი ჰქონდა. ოთახის ერთ კუთხეში ღრმა ორმო იყო ამოთხრილი, რომელიც რკინის სახურავით იხურებოდა. ორმოში ნახერხი ეყარა.  დასახვრეტი პატიმრები სათითაოდ გამოჰყავდათ. განაჩენის აღსრულებას პროკურორი, ციხის უფროსი და ექიმი ესწრებოდნენ.

ექიმი ამოწმებდა, სროლის შემდეგ რეალურად დადგა თუ არა სიკვდილი, მერე კი ინფორმაციას პრეზიდიუმს აწვდიდნენ. ოთახში შეყვანილ პატიმარს უბრძანებდნენ, ორმოში თავი ჩაეყო, თუ არ ჩაყოფდა, გათიშავდნენ, ისე ჩააყოფინებდნენ თავს და ჯალათი გაისროდა. განაჩენის აღმსრულებლად ყოველთვის გამოყოფილი იყო ორი კაცი. საბედნიეროდ, ქართველები არასოდეს ყოფილან. მათი ვინაობა ოფიციალურად გასაიდუმლოებული იყო.  ძირითადად, რუსები, აზერბაიჯანელები და სომხები იყვნენ. დახვრეტის წინ შემსრულებელი არაყს აუცილებლად სვამდა, ისაუზმებდა და სასაკლაოზე მერე მიდიოდა. სისხლი წყლის ჭავლით ირეცხებოდა. რუსთავის გზაზე სპეციალური სამარხი შეირჩა. ცხედრები მოგვიანებით იქ გადაჰქონდათ. ოჯახისთვის მიცვალებულის გადაცემა იკრძალებოდა.

ცხედრების გადამტანი თანამშრომლები ყოველთვის იცვლებოდნენ, ესეც უსაფრთხოებისთვის კეთდებოდა. პატიმრების პატრონებს რომ არ გაეგოთ, სად იყვნენ ისინი დამარხული. ტრიალ მინდორში თანამშრომლები ჯერ მწვანე ბალახს ამოჭრიდნენ, მერე ორმოს ამოთხრიდნენ. ცხედრებს ტომრებით ქლორს აყრიდნენ, რადგან ქლორი ძვლებს ადვილად შლიდა. ამოჭრილი მწვანე მინდორი ისევ ისე უნდა დაეფინათ, რომ იქ მოხვედრილს ვერ შეემჩნია, სად იყო ადამიანი დამარხული. ჯგუფის წევრს ეს საიდუმლო რომ გაეთქვა, დააპატიმრებდნენ ან დახვრეტდნენ. სპეციალური საიდუმლო ჯგუფის თითოეულ წევრს წლის ბოლოს პრემიის სახით 1.000 მანეთს აძლევდნენ.

სიკვდილმისჯილმა თითზე მიკბინა

სიკვდილმისჯილ პატიმრებს ყოველდღე  ვამოწმებდით. საშინელი სანახავი იყო დასახვრეტად გაყვანილთა მდგომარეობა. ზოგი ამას ვაჟკაცურად ხვდებოდა, მივიდოდა იმ ადგილას და იმასაც ამბობდა, - დამხვრიტეთ, ოღონდ თავში ურო არ ჩამარტყათო, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა შიშით პატიმრებს ჩაუსვრიათ კიდეც. ზოგს ფეხი ჩაეკეცებოდა და მერე სასაკლაომდე  ჯგუფის წევრები მიათრევდნენ. ზოგი არაადამიანურად ყვიროდა, ზოგი, უბრალოდ, "ვაიმე დედას" იძახდა. მერწმუნეთ, ეს საშინელი განცდა იყო იმ ხალხისთვისაც, ვინც იმ ჯგუფში იყო. პატიმრის საკნიდან გაყვანაში მონაწილეობა მეც მიმიღია. ერთხელ კანონიერი ქურდი იყო გასაყვანი - ავტობუსში ორი ადამიანი მოკლა.

კანონიერ ქურდს სხვა პატიმრები გულშემატკივრობდნენ და გადაწყდა, ისე ჩუმად გაეყვანათ, რომ სხვა საკნებში არ გაეგოთ. სპეცნაწილის უფროსი ვიყავი, არ მევალებოდა, მაგრამ დახმარება მთხოვეს. ამბობდა, როცა მინდა, მაშინ გამოვალო. წინა დღეებში ვერ გამოიყვანეს. მე გამოვიყვანე; საკნებთან რომ ჩაიარა, ბიჭებს დაუძახა, - როგორ ხართო. სასაკლაოსკენ გასაყვანი კარი ღია იყო. კარებთან რომ მივიდა, მოულოდნელად ხელი ვკარი და ღია კარში ისე გავაგდე, დაძახებაც ვერ მოასწრო. მერე სხვებმა წაიყვანეს და დახვრიტეს.

ახალგაზრდა ვიყავი, ერთი პატიმრის გაყვანა რომ დამევალა. გამოვიყვანე. ყვირილი რომ დაიწყო, უცებ თავისი ქუდი მოვხადე და პირში ჩავჩარე. ამ დროს თითზე მიკბინა. ერთი კვირა სიზმრები მტანჯავდა. მერე უარი ვთქვი ამ საქმეში მონაწილეობაზე. უფროსს ვუთხარი, ამას თუ ისევ დამავალებთ, საერთოდ წავალ სამსახურიდან-მეთქი. წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნებოდა ის ხალხი, ვინც ამაზე მუშაობდა! პატიმარს, რომლის გაყვანას შეიძლებოდა ციხის ბუნტი მოჰყოლოდა, არასამუშაო დღეს, შაბათს ხვრეტდნენ ისე, რომ არავის გაეგო.

დახვრეტა გაუპატიურებისთვის

ახალციხელი პატიმარი მყავდა, მაღაზიის გამგე იყო. გასვენებაში ახლობელ ქალებთან ერთად წავიდა. ქელეხში ღვინო დალია. ერთი ქალი სახლთან ჩამოსვა; მეორის  სახლთან რომ ჩაიარა, მანქანა შეანელა, მაგრამ არ ჩამოსვა, გზა განაგრძო.  შეშინებულმა ქალმა მანქანის კარი გააღო და გადმოვარდა, მაგრამ სასწრაფოდ ისევ ჩასვა თავის მანქანაში; ქალს გული აერია. იფიქრა, ალბათ დალია და სიმთვრალის ბრალიაო. წაიყვანა და გააუპატიურა, მერე ისევ სახლთან მიიყვანა და ჭიშკართან ჩამოსვა. ქალი იქვე გარდაიცვალა. ღამით წივილ-კივილი ატყდა; რომ გაიგო, რაც მოხდა, მილიციაში მივიდა და დანაშაული აღიარა. სამი შვილის მამა იყო. როცა დასახვრეტად გაჰყავდათ, იხვეწებოდა, - ოღონდ ურო თავში არ ჩამარტყათ, ისე დამხვრიტეთო. თავისი ფეხით გაჰყვა ჯგუფს სასაკლაომდე.

სადისტური მკვლელობა

სახლიდან ცოლ-ქმრის გაუთავებელი ჩხუბისა და აყალმაყალის ხმა გამოდიოდა. მათ პატარა ჰყავდათ. მოულოდნელად მეზობლებმა შენიშნეს, რომ ახალგაზრდა ქალი დაიკარგა, არსად ჩანდა. ბოლოს მილიციას მიმართეს. გაირკვა, რომ ქმარმა ცოლი ეჭვიანობის  ნიადაგზე მოკლა. ცხედარი ნაკუწ-ნაკუწ დაჭრა - ჯერ მკერდი მოაჭრა, მერე ხელი, ყელი... ბოლოს ტომარაში ჩაყარა და გადაყარა. მკვლელმა დანაშაული აღიარა; დასახიჩრებული ცხედრის ადგილსამყოფელსაც მიაგნეს. თქვა - მღალატობდა და ასე ამიტომ მოვექეციო. დახვრეტის დროს საშინელი ისტერიკა ჰქონდა, გამწარებული ყვიროდა.

თეა ხურცილავა

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)