რას იხსენებს ციხე-კოლონიების ყოფილი უფროსი ვლადიმერ ტაბაღუა - კვირის პალიტრა

რას იხსენებს ციხე-კოლონიების ყოფილი უფროსი ვლადიმერ ტაბაღუა

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #9,10)

ვლადიმერ ტაბაღუა ცნობილი დამნაშავის, დურუ ხურცილავას ცხოვრების გაუხმაურებელ ამბებს იხსენებს:

- გასული საუკუნის 60-იან წლებში დურუ ხურცილავას საბჭოთა კავშირში ნომერ პირველი ბოროტმოქმედის სახელი ჰქონდა. გასაოცარი ფიზიკური მონაცემების პატრონს ხელშემწყობი რომ ჰყოლოდა, მსოფლიოში ცნობილი ფალავანი გახდებოდა. არადა, ძალიან სუსტი დაბადებულა. დედა მშობიარობას გადაჰყოლია. მას და ძმებს მძიმე ბავშვობა გამოუვლიათ. დურუ პირველად ყველის ქურდობისთვის გაასამართლეს. მეზობელმა ეზო გაათოხნინა და გასამრჯელოდ ყველს დაჰპირდა. პატარა ბიჭმა დავალება შეასრულა, ყველი კი არ მისცეს. იმ ღამეს დურუმ მეზობლის სახლიდან სამი წველა ყველი მოიპარა...

ერთ დანაშაულს მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე, ბოლოს საშიშ ბოროტმოქმედად იქცა... მოსკოვიდან გამოგზავნილ დასკვნაში ეწერა, რომ ფსიქიკური გადახრები ჰქონდა. რამდენჯერმე მოსკოვის ფსიქიატრიულშიც იწვა. იქიდან ახალი ჩამოყვანილი იყო, 1965 წელს, ერთმანეთს საგამოძიებო იზოლატორში რომ შევხვდით. მაშინ მესამედ ასამართლებდნენ. სასამართლომ იძულებითი მკურნალობა მიუსაჯა და სოხუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ჩავაბარეთ. შემდეგ ძმებმა შინ წაიყვანეს.

დურუს ძმებიც გზას აცდენილები იყვნენ. ამბობდნენ, ეს მამის ბრალი იყოო. დურუს მამას, იასონს, ეჭვი გასჩენია, რომ მისი უფროსი ვაჟი, ალიოშა, მილიციასთან თანამშრომლობდა და შუათანა შვილისთვის ძმის მოკვლა უბრძანებია. ძმას ალიოშასთვის ავტომატი უსვრია. საბედნიეროდ, არც ერთი ტყვია სასიკვდილო არ აღმოჩნდა, დაჭრილი ბიჭი გაქცეულა, მამა კი დანით გაჰკიდებია, მაგრამ მეზობლები ჩარეულან და გაუშველებიათ. ამის გამო დურუს ძმას გულრიფშის სასამართლომ 10 წელი მიუსაჯა. მამა რატომღაც არავის დაუსჯია. იასონი მალე გარდაიცვალა.

ოჯახის პატრონობა ალიოშამ იკისრა. პატიმარ ძმასაც შეურიგდა და მისი ვადაზე ადრე გათავისუფლებაც მოახერხა. ალიოშა დურუზეც თავგამოდებით ზრუნავდა. ჯერ ისევ ციხეში მყოფს თავის მეზობლად სახლი აუშენა, გათავისუფლებულს მუშაობაც კი დააწყებინა...

დურუმ თურმე ტრაქტორი მიაყენა მამამისის სახლს და ეზოში მამის დარგული ხეები ძირფესვიანად ამოძირკვა. ყურებაც კი აღიზიანებდა თურმე, ოჯახის უბედურების მთავარ მიზეზად მას მიიჩნევდა.

ალიოშას და დურუს ციხეში მყოფი მესამე ძმისთვის სახლის მშენებლობის დაწყებაც სურდათ, მაგრამ ოჯახში ახალი ტრაგედია დატრიალდა. ალიოშა და მისი 6 თვის ფეხმძიმე ცოლი მათივე სახლის ეზოსთან ჩაცხრილეს. ამბობდნენ, ძმებმა საქმის გარჩევაში მიიღეს მონაწილეობა და ამიტომ გაუსწორდნენო. დურუც ხულიგნობაში დაადანაშაულეს და 2 წელი მიუსაჯეს. სასჯელის ნახევარი მოიხადა. ამასობაში შუათანა ძმაც გამოვიდა ციხიდან. ორივე მილიციის ზედამხედველობის ქვეშ იყო, თუმცა შურისძიებაზე ფიქრი არ ასვენებდათ. ძმის და რძლის დახოცვის მოწმე არ ჩანდა, მაგრამ ძმებს ეჭვი რამდენიმე კაცზე ჰქონდათ.

შურისძიება

ძმების ვარაუდით, მკვლელები გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდაში, ოჰანეს მინასიანის ბინაში იმალებოდნენ. ფიქრობდნენ, რომ ხორენ ჩემპნიანმა და ვლადიმერ ნერსენიანმა მოკლეს მათი ძმა და რძალი... 1970 წლის 24 ივლისს, დღისით, დურუს საკუთარ ეზოში ესროლეს. მსუბუქად დაიჭრა. იმავე ღამეს ძმები მინასიანს შინ მიადგნენ, 37 ტყვია დაახალეს და მიიმალნენ... მინასიანის მკვლელობა მალე გაიხსნა - ძმებმა მანქანით ხბო გაიტანეს. ამის გამო მოსახლეობასთან შელაპარაკება მოუხდათ და ისევ მილიციაში აღმოჩნდნენ. სამართალდამცველებმა მათი ავტომანქანის ჩხრეკისას ავტომატის ერთი ტყვია იპოვეს. ეს ტყვია მინასიანის სხეულიდან ამოღებულ ტყვიას დაემთხვა და ძმების დაკავებაც გადაწყდა... ბრალდებულები ფოთის იზოლატორში გადაიყვანეს. დურუმ მაშინ ციხიდან გაქცევა მოახერხა... ტყეს შეაფარა თავი და იქ კარგა ხანს ცხოვრობდა...

დურუ მილიციას ჩაჰბარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიტყო, რომ ავტომატითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ძებნილი დურუ რესტორნებს ხშირად სტუმრობდა, მაგრამ მის დაკავებას მაინც ვერ ახერხებდნენ. გამწარებული სამართალდამცველები ყველგან დაეძებდნენ. დურუმ შემოთვალა, - თუ არ დამხვრეტთ, ჩაგბარდებითო. შეხვედრაზე კი შს მინისტრის პირველი მოადგილე, გენერალი შადური დაიბარა. ის თანახმა იყო, მაგრამ არ გაუშვეს, - დურუმ არ მოკლასო. თბილისის სამძებროს უფროსმა, ბესო ბალავაძემ მოინდომა მასთან წასვლა. დურუ დათანხმდა:

- რამდენი კაციც გინდათ, იმდენი მოდით, ოღონდ უიარაღოდ და არც მე დაგხვდებით შეიარაღებულიო. მართლაც, გულრიფშის ტყეში მარტო დახვდა სტუმრებს. გაშლილი სუფრით, ირმის მწვადიდან დაწყებული, სუფრას არაფერი აკლდა. მოილხინეს. ბოლოს, ხელკავი გაუყარა სტუმარს და ჩაჰბარდა.

სწრაფად გავრცელდა სოხუმის მილიციაში დურუს ჩამოყვანის ამბავი. კაბინეტი მის სანახავად მისული თანამშრომლებით გაივსო. მან კატეგორიულად მოითხოვა, - ზედმეტი ხალხი ოთახიდან გავიდეს, თორემ მესამე სართულიდან გადავხტებიო. თურმე, ეს ამბავი მაშინდელ აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრ პეტრე კოვალჩუკს აცნობეს. გენერლის ფორმაში გამოწყობილი კოვალჩუკი მასთან შესახვედრად მოვიდა. დურუმ მას ძვირფასი დაშნა უსახსოვრა...

დურუ თბილისში წამოიყვანეს. გზაში მილიციელებს უთხრა, - აფხაზეთის მინისტრს ადრე ორჯერ შევხვდი. საათი მაჩუქა და დაშნის ჩუქება საპასუხო ჟესტი იყოო... დურუმ თბილისში წასვლამდე ძალოვნებს ცოლის ოჯახში, სოფელ იაშტუხში ასვლა სთხოვა. მიიყვანეს. სუფრა გაიშალა. ამასობაში სოხუმის მილიციის განყოფილების უფროსიც მიადგათ კარს. დურუმ -„შემოვიდეს, ეგ კარგი კაციაო. მილიციის უფროსმა თურმე შენიშნა, რომ დურუს შელახული ფეხსაცმელი ეცვა, ყველას თვალწინ ფეხზე გაიხადა და თავისი ფეხსაცმელი აჩუქა, მან კი დურუსი ჩაიცვა...

დურუს კიდევ ერთი თხოვნა შეუსრულეს - სენაკში დას ასტუმრეს.…

ქუთაისი-თერჯოლის გზაზე რესტორანში სასადილოდ შეიარეს... მოულოდნელად დურუ სუფრიდან ამდგარა და ეზოსკენ გასულა, შეშინდნენ ძალოვნები, მაგრამ დურუ მალევე დაბრუნებულა და მათთვის უთხოვია, - თბილისში გაუპარსავი არ ჩამიყვანოთო. ეს სურვილიც აუსრულეს. მერე ძალოვნებისთვის თავისი "მაკაროვი" მოუთხოვია. თურმე ისიც მისცეს. დიღმის მასივში რომ შემოსულან, იარაღი ბალავაძისთვის დაუბრუნებია და უთქვამს: "არ მეგონა, თუ თბილისში ცოცხალს ჩამომიყვანდითო"...

სწამდა, რომ მის კაცურ ნაბიჯს დააფასებდნენ და პირობას ისინიც შეასრულებდნენ. გასამართლებამდე ჩემთან ბევრჯერ უთქვამს, - იმედი მაქვს, არ დამხვრეტენ. კაცური სიტყვის გატეხა კაცებისგან როგორ იქნებაო. სამწუხაროდ, მოატყუეს. თუ პირის გატეხას აპირებდნენ, სპეცოპერაციით უნდა დაეკავებინათ. როცა დახვრეტა მიუსაჯეს, ძალიან ნანობდა, - არ მეგონა, თუ მომატყუებდნენო...

ციხე

დურუ ხურცილავას, მართალია, შეურაცხადის საბუთი ჰქონდა, მაგრამ ციხეში ადამიანებთან კონტაქტი არ უჭირდა. თუ ავადმყოფობა მოეძალებოდა, განმარტოვდებოდა ხოლმე, თავისთვის ჩუმად იჯდა. საკანში სხვებთან ერთად იყო, მაგრამ არავის ერჩოდა. ქურდებში ავტორიტეტით სარგებლობდა. "ობშიაკიდან" ფულს ყოველთვის უგზავნიდნენ და ციხეში ყველაფრით უზრუნველყოფილი იყო. საკანში ღვინო არ აკლდა და კონიაკი. ელექტროგამათბობელიც ჰქონდა, ორი კაცი მზარეულად აიყვანა და რასაც მოისურვებდა, გაუჩენელი გაჩნდებოდა. საკნის კარის გაღება მისთვის პრობლემა არ იყო. რკინის კარს ფეხს წაჰკრავდა და თავისუფლად აღებდა, მერე დერეფანში სეირნობდა - საკანში ჰაერი არ მყოფნისო. გულს რომ იჯერებდა, ისევ საკანში შებრუნდებოდა. ე.წ "ატმიჩკაც" ჰქონდა. სხვადასხვა სართულსაც ესტუმრებოდა ხოლმე.

სხვების საკნებსაც იოლად აღებდა. დერეფანში სუფრას აშლევინებდა, ადმინისტრაციას ზედა სართულიდან კანონიერ ქურდებს ჩამოაყვანინებდა და მათაც აქეიფებდა. ახალ წელს საკანში დიდი ნაძვის ხე შეატანინა და მოართვევინა. სუფრაც გაშალა. შემწვარი გოჭიდან დაწყებული, ყველაფერი ჰქონდა.

ფაქტი იყო, პატიმარმა ციხის თანამშრომლების თავის ჭკუაზე გადაყვანა შეძლო. შეწინააღმდეგებას ვერავინ  უბედავდა. მაშინ ორთაჭალაში, ე.წ. "კრიტში", სპეცნაწილის უფროსი ვიყავი. ერთ დღეს დურუმ დამიბარა. მივედი. საკანი დამათვალიერებინა. გამაოცა მისმა "მარანმა". დავლიოთო. უარი ვუთხარი, - თუ ჩემთან, კრიტში მოხვდები, მაშინ დავლიოთ. ამას სალაპარაკოდ არ გავხდი-მეთქი. მაშინ "კრიტი" და ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო ერთად იყო. მთხოვა, - იქნებ საავადმყოფოში გადამიყვანო. აქ ყველაფერი მაქვს, მხოლოდ ქალი მენატრება.

საავადმყოფოში ან პატიმარი ქალი იქნება, ან თანამშრომელიო... უარი ვუთხარი... ამ საუბრიდან ცოტა ხანში თავი დაიჭრა. ყელის არეში ჭრილობა იმდენად ღრმა იყო, რომ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ოპერაცია დასჭირდა. მაშინ იქ ქურდები - ბონდო ვაჭარაძე და სხვები იხდიდნენ სასჯელს. ბადრაგს მათთან შეყვანა მოსთხოვა და ქურდებს კონიაკი მოუკითხა. ჭრილობა კი გაუკერეს, მაგრამ საავადმყოფოში დარჩენა ვეღარ მოახერხა - მისი ყველას ეშინოდა და იქ ვინ გააჩერებდა! თავის საკანში მიყვანამდე ჩემთან შემოვლა მოითხოვა. ოფიცრებს უარი არ უთქვამთ, რადგან რამდენიმე კაცს მართლა იოლად ერეოდა. კაბინეტში შემოვიდა. ერთი ბოთლი კონიაკი პიჯაკის ჯიბიდან ამოიღო: - ხომ მითხარი, ჩემთან თუ მოხვდები, მაშინ დავლიოთო. კარადაში ხილი მქონდა, გამოვიტანე, ჭიქები გავავსეთ, დავლიეთ, თავისუფლება ვუსურვე...

მერე ისევ მეხუთე საპყრობილეში დააბრუნეს და სპეციალური საკანი გამოუყვეს სარდაფში. მასთან ძველ საკანში შესვლა ვერავინ გაბედა. "კნოპკიანი" დანა ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა უთხრა, - თუ არ გამოხვალ, იძულებული ვიქნებით, იარაღი გამოვიყენოთ, დანა ჩააბარე და გამოდიო. მერე როგორღაც გამოიყვანეს და იმ საკანში ჩაიყვანეს. საკანი მთლიანად ბეტონში ჩასვეს. 500-კილოიანი კარები რკინით უფრო გაამაგრეს. მაშინ დახვრეტის განაჩენი გამოტანილი არ იყო. მერე გაასამართლეს.

სასამართლო

უზენაესმა სასამართლომ ძმები ხურცილავები მინასიანის მკვლელობისთვის ერთად გაასამართლა. არც ერთი თავს დამნაშავედ არ ცნობდა. ისიც გაირკვა, რომ მათი ძმის და რძლის მკვლელი სხვა იყო. ძალიან წუხდნენ, მკვლელები დაუსჯელები რომ დადიოდნენ. სასამართლო პროცესზე ორივე ძმამ საბჭოთა მოქალაქეობაზე უარი თქვა.

- ციხიდან რომ გამოვედი, ცოლი მოვიყვანე, მაგრამ მასთან 5 თვე არ მიცხოვრია, მილიციამ არ მომცა ამის საშუალება. ციხის გარდა არაფერი მინახავს. შინ ჭიქა არ დამხვედრია და შარვალი არ მქონდა. ჩემი სახლი ტყეს ჰგავდა. 300 ძირი მანდარინი დავრგე. ხალხმა იცის, როგორ ვშრომობდი, მაგრამ აფხაზ ბანდიტებს არ მოვწონდი, საჩხუბრად მიწვევდნენ...

ტყეში ვიმალებოდი ქარსა და თოვლში, მაგრამ ჩემი სურვილით ჩავბარდი, იმიტომ, რომ სიტყვა მომცეს, სიმართლეს არ დამიკარგავდნენ. ნათქვამია, - ანაბარი მგელმაც იცისო. დღეს ციხეში ჩემს საკანს 5 რკინის კარი აქვს და 6-კილოიანი ბოქლომი ადევს, მაგრამ ახლოს არ ვეკარები. წესიერად ვიქცევი. უშიშროების ციხიდან მოვახერხე გაქცევა და აქედან ვერ წავიდოდი?! - განაცხადა დურუმ პროცესზე.

იმ დროისთვის დურუ 11-ჯერ ნასამართლევი იყო. ციხიდან გაქცევის შემდეგ დანაშაულის ჩადენას კატეგორიულად უარყოფდა, ირწმუნებოდა, რომ პატიოსნად ცხოვრობდა, მაგრამ გამოძიებამ დამატებით ორი კაცის მკვლელობასა და გაუპატიურებაშიც დასდო ბრალი. 33 წლის დურუს დახვრეტა მიესაჯა. როგორც ვიცი, მისი შუათანა ძმაც, წლების შემდეგ, 1984 წელს, 46 წლის ასაკში დახვრიტეს.

დახვრეტა

არ უნდოდა სიკვდილი. მითხრა, მთავრობას ახალი წინადადებით მივმართეო. ყველაზე ურჩი 1000 პატიმარი, რომლებსაც მუშაობა არ უნდათ, შეაგროვონ, მე მიმიშვან და გპირდებით, ყველას ვამუშავებ, ოღონდ არ დამხვრიტოთო. მისი ეს თხოვნა უპასუხოდ დარჩა.

დურუ სამარტოო საკანში იჯდა. სასეირნოდ გაყვანამდე ხელები ზურგს უკან უნდა დაეწყო. ორ ბორკილს ერთად ადებდნენ, რადგან ერთს თავისუფლად წყვეტდა.

საკნიდან საგანგებოდ გაწვრთნილ ბიჭებს გამოჰყავდათ. ქურდებს არც ამჯერად მიუტოვებიათ. ფულს უგზავნიდნენ. ბადრაგებიც უსრულებდნენ სურვილს. ხინკალი, მწვადი, ყველი, ყველაფერი მიჰქონდათ. მის დახვრეტას არ შევსწრებივარ, მაგრამ დეტალები ვიცი. მოსკოვიდან პასუხი მოვიდა - დახვრეტა! სიკვდილმისჯილებს სამუშაო დღეს ხვრეტდნენ ხოლმე. დურუ რომ არ მიმხვდარიყო, ჩეკისტური გადაწყვეტილება მიიღეს - შაბათ დღეს დახვრიტეს.

იმ დღეს ზედამხედველი ციხის უფროსმა გააფრთხილა, - დურუ ხურცილავა თუ საჭმლის მოტანას გთხოვს, მიუტანეო. სხვა დროს ზედამხედველები ამას ჩუმად აკეთებდნენ. ესეც შესანიღბად გაკეთდა, რომ ეჭვი არაფერზე აეღო და არ მიმხვდარიყო. იმ დღეს ფული მართლაც მიაწოდა ბადრაგს. ძეხვის, პურისა და ყველის მოტანა სთხოვა.

ერთ საათში ვითომ ამალა შემოწმებაზე წამოვიდა. როგორც წესი, ყოველდღე ხდებოდა ექიმთან პატიმრის გამოყვანა და წამლების გაცემა. ადრე თუ ყალბი ცნობის ჩვენებით გამოჰყავდათ დასახვრეტი პატიმრები საკნიდან, ახლა ამ ფორმით შეცვალეს. აჩვენებდნენ, მერე ვითომ ექიმთან მიჰყავდათ და იქიდან სასაკლაოზე გაჰყავდათ. კონტროლიორს დურუს გასაგონად ყვირილი დაუწყეს, სამსახურიდან დათხოვნით დაემუქრნენ, - შენ დღეს მისთვის საჭმელი ხომ არ შეგიგზავნიაო.

შიგნიდან დურუმ ბადრაგის დაცვა სცადა, - ნუ ეჩხუბებით, არაფერი მოუტანია, მოდით, გააღეთ კარი და ნახეთო. ამათაც ეს უნდოდათ. შევიდნენ. დურუს ხელბორკილები დაადეს. გამოყვანამდე თავში ურო ჩაარტყეს და იქიდან გათიშული გაიყვანეს. ამით მოსალოდნელი ხიფათი აიცილეს, რადგან ის იმდენად ღონიერი იყო, ვერავინ მოერეოდა.

ასე მოტყუებით დახვრიტეს დურუ.

გაგრძელება იქნება

თეა ხურცილავა