ციხის თანამშრომლის "მოწყობილი" ბუნტი და ქალად გადაცმული პატიმარი - კვირის პალიტრა

ციხის თანამშრომლის "მოწყობილი" ბუნტი და ქალად გადაცმული პატიმარი

რას იხსენებს ციხე-კოლონიების ყოფილი უფროსი ვლადიმერ ტაბაღუა

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #9,10,11)

სიკვდილით დასჯა ქრთამისთვის

შევარდნაძემ, ცეკას მდივნობის დროს, ყველა რაიკომის მდივანი შეცვალა, მაგრამ მექრთამეობას ვერაფერი მოუხერხა. თითქმის ყველა მოხელე ქრთამს იღებდა, თუმცა მხოლოდ ერთეულები ისჯებოდნენ. იუზა კობახიძეც ასე დაისაჯა. ჯერ სამსახურიდან გაათავისუფლეს, მერე დაიჭირეს და სიკვდილითაც დასაჯეს. მისი საქმე ძალიან გახმაურდა.

26 კომისრის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე იუზა კობახიძე, ქრთამის აღების ბრალდებით, 1979 წლის ოქტომბერში დააკავეს. საქმის მასალებში ეწერა, რომ კობახიძე ისეთ ადამიანებს ეძებდა, რომლებსაც კომუნალური ბინის მიღება ურიგოდ სურდათ და ქრთამს იხდიდნენ. ნიხრიც დაწესებული ჰქონია: ოროთახიანი ბინის მსურველს 6 ათასი უნდა გადაეხადა, სამოთახიანის - 8, ოთხოთახიანისთვის კი 10.000 მანეთი იყო საჭირო.

კობახიძესთან ერთად, რამდენიმე კაცი გაასამართლეს, მათ შორის ქალებიც. სასამართლომ კობახიძეს სასჯელის ზომად - სიკვდილი შეუფარდა ქონების კონფისკაციით. სამსახურიდან გათავისუფლებამდე მისი საკითხი ბიუროს სხდომაზე გაიტანეს და სასტიკად გალანძღეს. სხდომის თავმჯდომარისთვის კობახიძეს მიუხლია, - ქრთამს რომ მთხოვდით, საიდან უნდა მომეტანა, თუ სხვისგან არ ავიღებდიო. მიიჩნევდა, რომ ამ სიტყვების გამო დასაჯეს. ითხოვდა, არ დაეხვრიტათ, მაგრამ...

მხილებისთვის დასჯილი

ფარმაცევტული საწარმოების დირექტორი მიშა თოდუა მექრთამეობის ბრალდებით იჯდა ციხეში. ის მთელ საბჭოთა კავშირში ცნობილი კაცი იყო. ბინის ჩხრეკის დროს დიდი ოქროს ჯაჭვი აღმოუჩინეს და ამიტომ ოქროსჰალხტუხიანი შეარქვეს. დახვრეტას ძლივს გადაურჩა, 15 წელი მიუსაჯეს. მოსკოვში იმხელა გავლენა ჰქონდა, რომ თბილისში მინისტრებს იქიდან ანიშვნინებდა. ცხადია, ქრთამსაც იღებდა. სასჯელს #1 საპყრობილეში იხდიდა. განაჩენით, პირველი 5 წელი, ე.წ. "კრიტში", ანუ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა მოეხადა. დაკითხვისას შევარდნაძის ძმაც ამხილა,  - ქრთამს მასაც ვაძლევდიო.

აბა, შევარდნაძის ძმას ვინ დაიჭერდა? ამ მხილების გამო თოდუა განსაკუთრებული წნეხის და მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდათ. მოსკოვში საჩივრებს საჩივრებზე გზავნიდა და დახმარებას ითხოვდა. ყველა გაფრთხილებული იყო - თოდუას წერილს ჯერ სამინისტროში უნდა გასცნობოდნენ და ამის შემდეგ გადაეწყვიტათ, წერილი მისულიყო თუ არა ადრესატთან. ამიტომ ხმა ვერავის მიაწვდინა, მაგრამ ოჯახის დახმარებით, მოსკოვში მაინც შეიტყვეს, რომ გაუსაძლის პირობებში ჰყავდათ. მართლაც, ციხეში შავ დღეში აღმოჩნდა.

პატიმრებმა ცნობილ ფარმაცევტს ფულის და წამლის შეწერა დაუწყეს. სურვილს რომ ვერ უსრულებდა, საშინლად სცემდნენ. იგი მთავრობას დევნაში ადანაშაულებდა. ამბობდა, - თუ ჩემს დევნას არ შეწყვეტთ და არ დამიცავთ, იძულებული ვიქნები, 2000 პატიმარი მოვწამლოო. თან მიანიშნებდა, რომ მისი შევიწროებით შევარდნაძე იყო დაინტერესებული. მოსკოვმა თოდუას მოსკოვის ციხეში გადაყვანა მოითხოვა, მაგრამ ბრძანება გააუქმეს. იმავე შინაარსის შეტყობინება მეორედაც მოვიდა, მიზეზად მისი საჩივრები სახელდებოდა. გუმბარიძემ ესეც გააუქმა. ოჯახმა მოახერხა და მოსკოვში პატიმრის ნაწამები ფოტოებიც კი გაგზავნა. სამწუხაროდ, მიხეილ თოდუამ მაინც ციხეში დაასრულა სიცოცხლე...

ციხის უფროსმა ბუნტი მოაწყო

"კრიტის" უფროსად ყოფილი პოლიციელი დანიშნეს. მე მისი მოადგილე ვიყავი. ჩემი ყოფილი უფროსი კი ჩემი მოადგილე იყო და ჩემს უფროსობას ვერაფრით შეეგუა... იმდენად გაბოროტდა, რომ ციხეში ბუნტის მოწყობა გადაწყვიტა. საპყრობილეში მასობრივ ჩხრეკას ვატარებდით - საკნებიდან აკრძალული ნივთები უნდა ამოგვეღო. ერთ საკანში რეჟიმის დარღვევით სხვადასხვა დაწესებულებიდან გადმოყვანილი ურჩი პატიმრები ისხდნენ. მათთან შევედით. შეგვეწინააღმდეგნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მოგვაყენეს.

აშკარა იყო, საკანში რაღაცას ინახავდნენ. მათთან მარტო დავრჩი და დავპირდი, კარცერში არ ჩაგსვამთ, თუ ნივთებს გამოაჩენთ-მეთქი. მოსაფიქრებლად დროც მივეცი და სხვა საკნების ჩხრეკა გავაგრძელეთ. თურმე ჩემი მოადგილე ციხის უფროსთან გაიქცა და მეც და პატიმრებიც დაგვაბეზღა: - შეურაცხყოფა მოგვაყენეს, ნარჩენი ბორშჩი შეგვასხეს და ტაბაღუამ ხმა არ ამოიღოო. ციხის უფროსს ავუხსენი, რომ ამ კონტინგენტს სხვანაირად უნდა  მივდგომოდით და სიტუაციის გამწვავება საჭირო არ იყო. არ დამიჯერა, ემოციებს აჰყვა და მორიგესთან დარეკა, მოითხოვა ე.წ. "ჩერიომუხა", ანუ ცრემლსადენი გაზი, რომელსაც მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში იყენებენ. საკნის კარი გააღო და პატიმრებს დაუყვირა, - რატომ არ ემორჩილებით ბრძანებას, ახლავე გამოდით საკნიდანო.

კარი მიხურე და წადი, ჩვენ არსად გავდივართო, - მიახალეს პატიმრებმა. მან კი უცებ მორიგეს "ჩერიომუხა" გამოართვა, თვითონვე გახსნა და საკანში შეაგდო. არადა, ამ გაზის გამოყენებას თავისი წესი აქვს. აუცილებლად აირწინაღი უნდა გაიკეთო, რადგან მახრჩობელა კვამლი ყველაზე მოქმედებს. თვითონაც იხრჩობოდა და დანარჩენებსაც ხოცავდა! საკანში ბუღი რომ დადგა, პანიკა ატყდა. შეშინებული პატიმრები საკნიდან გამოცვივდნენ, რამდენიმემ კორპუსის სახურავზე ასვლა მოახერხა და იქიდან სხვა პატიმრებს შეატყობინა, - ადმინისტრაცია გვხოცავს, საკანში რაღაც შემოგვიგდეს და გვახრჩობენო. ციხე აგუგუნდა. ფაქტს ციხის ბუნტი მოჰყვა, პატიმრებმა საკნების კარი გაანგრიეს და პირველ სართულზე ჩაცვივდნენ. ყველა თანამშრომელი და ციხის უფროსიც, ოთახებში ჩაიკეტნენ.

პატიმრებთან პირისპირ მარტო აღმოვჩნდი. 200-მდე პატიმარი თავს დამესხა და უმოწყალოდ მცემა. კუთხეში შეყუჟვა მოვახერხე, რომ არ წავქცეულიყავი. ციხეში მუშაობდა ჩემი დისწული, მიხეილ კოდუა. მხოლოდ ის მოვიდა ჩემს დასახმარებლად. ისიც შავ დღეში ჩააგდეს. ბოლოს, უკან დავიყენე, რომ არ ჩაექოლათ. ე.წ. "მაყურებელი" გამოვიდა საკნიდან. დაინახა, როგორ მირტყამდნენ და იყვირა, - ტაბაღუას ხელი არ ახლოთო. გაშმაგებული ბრბო შედგა. ისევ პატიმრებმა გადამარჩინეს. საკანში შემიყვანეს, წამალი და წყალი დამალევინეს, ცოტათი მოვსულიერდი. ამ დროს ე.წ. "კარგ ბიჭებს" შეატყობინეს, - შენობაში შინაგანი ჯარი შემოვიდა და შეიძლება დაგვხოცონო. ვთხოვე, ყველა თავის საკანში შებრუნებულიყო. ბრძანებას დაემორჩილნენ...

შს მინისტრის მოადგილე შადური, შინაგანი ჯარების მეთაური და დეპარტამენტის ხელმძღვანელები რომ შემოვიდნენ, სიწყნარე იყო. ციხის უფროსმა თავი იმართლა, მე კი სიმართლე ვთქვი. მე და ჩემი დისწული საავადმყოფოში გადაგვიყვანეს. სამი თვე ტვინის შერყევით ვიწექი. ბუნტის მოწყობისთვის რამდენიმე პატიმარი გაასამართლეს და 15-15 წელი მიუსაჯეს, ზოგს - 8, ზოგს კი - 3 წელი. რეალური დამნაშავეები - ციხის უფროსი და ჩემი მოადგილე არ დასჯილან. ამ უკანასკნელმა, თავის დასაძვრენად, ახალი ჭორი გამივრცელა, თითქოს "ობშიაკის" ფულს ვითვისებდი და ამის გამო დამესხნენ თავს პატიმრები. ამ საშინელი ბრალდების შესახებ თვეების შემდეგ მინისტრისგან შევიტყვე. დამიძახა და მითხრა, - ასეთი ინფორმაცია გვქონდა, ამდენ ხანს დეტალებს ვიკვლევდით და მართალი კაცი ყოფილხარო.

მამათმავლობა

მეხუთე საპყრობილეში არასრულწლოვანი ბიჭი 9 თვე ქურდობის ბრალდებით იჯდა. მანქანიდან მაგნიტოფონის 6 კასეტა მოიპარა, ერთ მეზობელს სარდაფიდან 22-ლიტრიანი ბოცით ღვინო მოჰპარა. იმავე დღეს მეორე მეზობლის სარდაფში შეიპარა, მაგრამ დიასახლისმა გაიგო, კარის ჩაკეტვა მოახერხა და პოლიცია გამოიძახა. ბიჭი დანაშაულს გულწრფელად აღიარებდა. მდგომარეობას ის ართულებდა, რომ ადრე ამგვარი დანაშაულისთვის ნასამართლევი იყო და პირობითი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მძიმე ბავშვობა გამოიარა. ინტერნატში იზრდებოდა. ადვოკატს გამოუტყდა, ძალიან ცუდად ვარო.

სასამართლოზე გაცხადდა - საკანში თანატოლს გაეუპატიურებინა. ამის შემდეგ თურმე ძალადობას სისტემატური სახე ჰქონდა. წინააღმდეგობას რომ ვუწევდი, თავში რკინის ნაჭერს მირტყამდნენ და მაუპატიურებდნენო. მოსამართლემ ამ ბიჭის უმძიმეს მდგომარეობასთან ერთად მისი გულწრფელი აღიარებაც რომ მოისმინა, დარბაზიდან გაათავისუფლა, ის 9 თვე აკმარეს. ციხეში გატარებული დღეები ალბათ მთელი სიცოცხლე მძიმე დაღად გაჰყვება. საკანში რომ შებრუნებულიყო, საშინლად მოექცეოდნენ.

გაქცევის მცდელობა

ქსნის კოლონიაში პატიმარ ნებიერიძესთან ცოლი და 5 წლის ქალიშვილი მოკლევადიან პაემანზე მივიდნენ. პაემნების ოთახში მათი რაიონელი პატიმარი, ციკოლიაც შევიდა. ციკოლიას  მალე გათავისუფლება უწევდა, მაგრამ ციხიდან გაქცევა მაინც ორიგინალური მეთოდით სცადა. საამისოდ ნებიერიძის მცირეწლოვანი შვილი გამოიყენა. მონატრებულმა ცოლ-ქმარმა ბავშვი ციკოლიას დაუტოვეს და სააბაზანოში შევიდნენ. ნებიერიძის მეუღლემ ქურთუკი, სვიტერი და ქვედაკაბა შესასვლელში დატოვა. ციკოლიამ ამით ისარგებლა, მეგობრის ცოლის ტანსაცმელი ჩაიცვა, პარიკი დაიხურა, მაკიაჟიც გაიკეთა, მხარზე ქალის ჩანთა გადაიკიდა, ქუსლებზე შედგა და საკონტროლო გამშვებ პუნქტს ბავშვთან ერთად მიადგა.

მორიგის შეკითხვა, - ვისთან იყავითო, უპასუხოდ დატოვა, სამაგიეროდ, ბავშვმა მიუგო, - მამასთან, ნებიერიძესთან ვიყავიო. ოპერატიულ მუშაკს მისთვის საბუთები უნდა დაებრუნებინა, მაგრამ მისი გაწვდილი ხელი საეჭვოდ მოეჩვენა, რადგან ხელზე თმა შენიშნა. უთხრა, მოწმობა გამშვებ პუნქტშია და იქ მიბრძანდითო. ციკოლიას ეგონა, სამშვიდობოს გავიდოდა, მაგრამ გამშვებ პუნქტთან დააკავეს...

ციკოლიამ აღიარა, გაქცევა მსურდა, პარიკი დიდი ხნის წინ ერთმა პატიმარმა მაჩუქაო. თეთრი პერანგის ქვეშ ტუალეტის ქაღალდით გამოტენილი ბიუსტჰალტერი ეცვა, პომადიან ტუჩზე კონტურიც კი გაეკეთებინა... რცხვენოდა, ქალის კაბაში რომ გამოეწყო, მაგრამ ამბობდა, - თავისუფლება ძალიან მინდოდაო. არადა, შავი სამყაროს წარმომადგენელი იყო...

თეა ხურცილავა

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)