როგორ იკერებოდა ხაბეიშვილის საქმე - კვირის პალიტრა

როგორ იკერებოდა ხაბეიშვილის საქმე

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #9,10,11,12)

რას იხსენებს ციხე-კოლონიების ყოფილი უფროსი ვლადიმერ ტაბაღუა

საზარელი მკვლელობა

# 1 საპყრობილეში თამაზმა 15-წლიანი პატიმრობიდან 5 წელი გაატარა, მერე კოლონიაში გადაიყვანეს. მან შემზარავი მკვლელობა მეგობართან ერთად ჩაიდინა და 11 წელი ჰქონდა მისჯილი... მოკლული დედა-შვილი სახლში იპოვეს. დედა მისაღებ ოთახში ეგდო, შვილი საძინებელში უმოწყალოდ დაჩეხილი - 18 ჭრილობით. საქმის მასალებიდან ჩანდა, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი მსუბუქი ყოფაქცევისა იყო. კლიენტებს შინ იღებდა და ბრალდებული დათოც მისი ხშირი სტუმარი გახლდათ. იმ დღეს მთვრალი ძმაკაცთან, თამაზთან ერთად მივიდა. ქალს დაქალის მოყვანაც სთხოვა. დალიეს.

უცებ თამაზმა  დათოს მეძავის გაქურდვა შესთავაზა: - ამდენ კაცს იღებს, ბლომად ფული და ოქროული ექნება, წავართვათო. სამზარეულოში წყლის დასალევად გავიდა, იქიდან პურის საჭრელი დანით დაბრუნდა, ქალს ყელზე მიაბჯინა და ფული და ოქრო მოსთხოვა. ქალმა უთხრა, - არაფერი მაქვსო, რაღაცნაირად ხელიდან დაუსხლტა და კივილით კარისკენ გაიქცა. მთვრალი თამაზი გაეკიდა და  მხარში დაჭრა. დაჭრილი საძინებლისკენ გაიქცა, მაგრამ კარის ჩაკეტვა ვერ მოასწრო. რამდენიმე ჭრილობა დანით თამაზმა სწორედ იქ მიაყენა.

გვერდით ოთახში თურმე დედამისს ეძინა. შვილის ყვირილზე საშველად გამოვიდა და ყაჩაღს თავში ჩაარტყა. ამჯერად დათომ სცადა ქალის შეჩერება, ყელში სწვდა და მოხრჩობა დაუპირა. ქალმა გონება დაკარგა. ორივემ წიხლებით უმოწყალოდ სცემა. შემდეგ თამაზმა რამდენიმე ჭრილობა მიაყენა... სახლში 500 დოლარი და რამდენიმე ოქროს ბეჭედი იპოვეს და მიიმალნენ. დამნაშავეებს ბინაში ქუდი დარჩათ, სწორედ ამით გაიხსნა დანაშაული. თამაზი ამბობდა, - დანა შესაშინებლად ჩავარტყი ხელში. მინდოდა ეთქვა, ფული სად ჰქონდა. ამ დროს სახეში შემაფურთხა, გავმწარდი და მერე რა გავაკეთე, არაფერი მახსოვსო.

მკვლელობა 5 შვილის თვალწინ

21 წლის ბიჭი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. კარის მეზობელი, ფაქტობრივად, უმიზეზოდ მოკლა. აფხაზეთის ომში ნაბრძოლი იყო. იქიდან ჩამოტანილ ავტომატს არ იცილებდა, სულ მანქანით დაჰქონდა. დალევა უყვარდა. იმ დღესაც შინ მთვრალი დაბრუნდა, მანქანიდან ავტომატი გადმოიღო და ეზოში სრულიად უმიზეზოდ ისროდა. სროლის ხმაზე მეზობლები გამოცვივდნენ. მთვრალთან მიახლოება და დამშვიდება მხოლოდ კარის მეზობელმა სცადა: - ეზოში ბავშვები თამაშობენ, რამე  უბედურება არ დაატრიალო, მათ შორის ჩემი ხუთი შვილიაო. მეზობლის რჩევა ბიჭმა ყურად არ იღო. ისიც მიხვდა, მთვრალთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა და შვილებისკენ წავიდა.

უნდოდა, ბავშვები შინ შეეყვანა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა თუ არა, დათომ ზურგში ესროლა. დაჭრილი ჩაიკეცა. დაჭრილ მამას შვილები მისცვივდნენ, მკვლელის დედაც მივარდა დაჭრილ მეზობელს, რომელმაც მის ხელში დალია სული. დამნაშავე დიდხანს იმალებოდა და წლების შემდეგ დააკავეს. ამ ფაქტზე დარდს მკვლელის დედაც გადაჰყვა. შემზარავ მკვლელობას ბევრი თვითმხილველი ჰყავდა. ბავშვებიც ამხელდნენ დამნაშავეს. სასამართლომ მკვლელს 15 წელი მიუსაჯა, აქედან 3 წელი საპყრობილეში გაატარა, მერე მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს.

დახვრეტას 7 კაცი გადაურჩა

ციხის უფროსი ვიყავი, როცა 1994 წელს საბჭოთა კანონი გაუქმდა და ქვეყანაში 1921 წლის კონსტიტუცია ამოქმედდა. ამ დროს 7 ბრალდებულის დახვრეტის განაჩენი მაგიდაზე მედო. მთავრობა მის აღსრულებას ითხოვდა. დასახვრეტთა სიაში ერთი რეზონანსული ბრალდებით გასამართლებულიც იყო, 40 წლის პატიმარი ჩუთლაშვილი, რომელმაც ერთ დღეს, თბილისში ერთმანეთის მიყოლებით მოკლა პროკურორი, მოსამართლე და აღმასკომის თავმჯდომარე. ის საბჭოთა პერიოდში დააპატიმრეს. ამტკიცებდა, - უკანონოდ დამსაჯესო. პატიმრობიდან გათავისუფლებულმა კი სამი კაცი მოკლა...

ამ ხალხის დახვრეტაზე უარი ვთქვი, რასაც დიდი ხმაური მოჰყვა. შევარდნაძემ გენერალურ პროკურორს, სამხედრო პროკურორს, შს მინისტრს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მოსთხოვა, ამ საკითხზე ემსჯელათ. მხოლოდ სამხედრო პროკურორმა შუშანაშვილმა დამიჭირა მხარი. მინდია უგრეხელიძე, შოთა კვირაია და ჯამლეთ ბაბილაშვილი არ დაეთანხმნენ.

მე ჯიუტად ვითხოვდი, - მიეთითებინათ მუხლი, რითაც შემეძლო სარგებლობა. მოიტანეს პარლამენტის სხდომის ამონაწერი, სადაც დახვრეტაზე იყო საუბარი, მაგრამ ეს არ იყო კანონი. ალბათ დაინახეს, რომ სამართლებრივად მართალი ვიყავი და თანამდებობიდან ჩემი გათავისუფლება არ მოუთხოვიათ, თორემ ეს არ გაუჭირდებოდათ. ჩემს ადგილზე ნებისმიერი დახვრეტდა ამ ხალხს, მაგრამ მე გადავარჩინე. სულ კანონში ვიჩხრიკებოდი, ძიებაში ვიყავი და მივხვდი, რომ ეს უკანონობა იქნებოდა.

პატრიარქი ხშირად აკითხავდა სიკვდილმისჯილებს და ამხნევებდა. მეც მეუბნებოდა, - სასტიკი ნუ იქნებით პატიმრების მიმართო. მახსოვს, იერუსალიმიდან ჩამოტანილი სანთლები როგორ დაურიგა მათ და დალოცა.

ცოლი სანაგვეზე გადააგდო

პატიმარს ცოლის მკვლელობისთვის 13 წელი ჰქონდა მისჯილი. ცოლ-ქმრის უთანხმოების მიზეზი ქმრის ლოთობა იყო. ამის გამო ხშირად კამათობდნენ. ცოლი სასმელს უმალავდა. ზაფხულის პაპანაქებაში მეზობლები საშინელმა სუნმა შეაწუხა. სუნი მეზობლის სახლიდან მოდიოდა. მამაკაცს მიზეზი ჰკითხეს. ვერაფერი შეიტყვეს, აღარც ოჯახის დიასახლისი ჩანდა. ბოლოს, ქალის გაუჩინარება საეჭვოდ მიიჩნიეს და პოლიციას შეატყობინეს.

სახლში პოლიციამ საეჭვო ვერაფერი იპოვა. ქმარი დაჰკითხეს... მოგვიანებით აღიარა, რომ ცოლი მოეკლა და სანაგვეზე გადაეგდო. ბრალდებული ამბობდა, - ცოლთან უთანხმოება მქონდაო. იმ დღეს ვიჩხუბეთ, ძალიან გამამწარა და ცარიელი ბოთლი ჩავარტყი. დაეცა. გონს რომ მოვიდა, სახეში შემაფურთხა. დამღალა მისმა საქციელმა, გავბრაზდი და იქვე მიყუდებული ნაჯახით მოვკალი. მკვდარი პლედში გავახვიე, პოლიეთილენის პარკში ჩავდე, თასმები გადავუჭირე და აივანზე გავიტანე.

მეზობლებმა მისი მოკითხვა რომ დაიწყეს, მივხვდი, ყველა გაიგებდა. გამთენიისას გვამი შაქრის ტომარაში ჩავდე, ქვევით ჩამოვათრიე და სახლის კუთხეში მდგარ რკინის ნაგვის ყუთში ჩავაგდე, რომ მოვბრუნდი, ოთახიც და აივანიც გავწმინდე. შორიდან ვუყურებდი, როგორ მოვიდა ნაგვის მანქანა და ურნა ჩაცალა... ახლა ძალიან ვნანობ ჩემს საქციელსო, - ამბობდა პატიმარი. პოლიციამ მართლაც ნაგავსაყრელზე იპოვა ნახევრად გახრწნილი ცხედარი.

KvirisPalitra.Geხაბეიშვილი პატიაშვილმა გაწირა

ყველა სისტემაში არის შუღლი და მტრობა. სოლიკო ხაბეიშვილის ტრაგედიაც ამის  თვალსაჩინო მაგალითია. ხაბეიშვილი ჯუმბერ პატიაშვილს ჯერ კიდევ შევარდნაძის საქართველოში ყოფნის პერიოდში დაუპირისპირდა. მოსკოვში შევარდნაძის გადაყვანის შემდეგ, კულუარებში საუბრობდნენ, რომ ხაბეიშვილს პატიაშვილი თანამდებობიდან გადააყენებდა და მერე დაიჭერდა. ასეც მოხდა. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, სოლიკო ხაბეიშვილი 1985 წლის ივლისში სამსახურიდან მოულოდნელად გაათავისუფლეს. თურმე მაშინ ისე ინერვიულა, რომ გულის შეტევა დაემართა.

მალე მექრთამეობის ბრალდებით 15 წელი მიუსაჯეს. უშიშროების იზოლატორში იჯდა. მისი ბრალდება რომ გაემყარებინათ, მსგავსი ბრალდებით, მახარაძის რაიკომის მდივანი თენეიშვილი და ახმეტის რაიკომის მდივანი ბათიაშვილიც გაწირეს - დააწერინეს, რომ ხაბეიშვილი აიძულებდათ ქრთამის მიცემას. ბათიაშვილმა ფულის მიცემა არ დაადასტურა, მაგრამ დაწერა, - მოსკოვში რომ მიდიოდა, საჩუქარი მივუტანეო. თენეიშვილი კი ამბობდა, დიდი თანხები მიმქონდა მასთანო. ასე შეიკერა სოლიკო ხაბეიშვილის საქმე. მოსამართლე თემურ გერსამიამ გამოუტანა განაჩენი, სახელმწიფო ბრალმდებელი კი როლანდ გილიგაშვილი იყო.

როგორც წესი, ასეთი მაღალი რანგის პირებს როცა აკავებდნენ, ისინი რუსეთში, სპეციალურ კოლონიაში გადაჰყავდათ, რომ ჩვეულებრივ კრიმინალებთან არ მოხვედრილიყვნენ. ხაბეიშვილიც ასეთ სპეცკოლონიაში უნდა გადაეყვანათ, მაგრამ იმდენად დიდი იყო პირველი პირის დაინტერესება, რომ ხაბეიშვილი საკანში ჩვეულებრივ კრიმინალებთან შეაგდეს. უშიშროების ციხიდან #1 საპყრობილეში გადმოიყვანეს. 5 წელი საპყრობილის რეჟიმი ჰქონდა შეფარდებული. "კრიტში" მყოფი პატიმარი თუ იმუშავებდა, ციხის წესებს არ დაარღვევდა და კანონმორჩილი იქნებოდა, სასჯელის ნახევრის მოხდის შემდეგ ჩვეულებრივ კოლონიაში გადაჰყავდათ.

ხაბეიშვილისთვის ე.წ. "კრიტის" რეჟიმი რომ არ მოეხსნათ, სპეციალურ შემოწმებას ატარებდნენ. ხან პროკურორი შემოვიდოდა ან ვინმე ზემდგომი. გააფორმებდნენ, რომ თითქოს აკრძალული ნივთი უპოვეს. ეს დარღვევად ითვლებოდა და ასე უხანგრძლივებდნენ მკაცრ რეჟიმში ყოფნას. ხაბეიშვილი ძალიან ნიჭიერი კაცი იყო. პოეზია ძალიან უყვარდა, ლექსებს წერდა, ჩანაწერებს აკეთებდა.

ერთხელ ვკითხე, - თუ მფარველობდით და აწინაურებდით იმ ხალხს, ვისაც პატრონი ჰყავდა, მე, უბინაო ადამიანი, რომ მოვსულიყავი და ბინა მეთხოვა, მომცემდით-მეთქი? გულწრფელად მითხრა: - მიგიღებდით, მაგრამ ბინას ვერ მოგცემდითო. ისიც ვკითხე, - მექრთამეობა ასე რომ არის მოდებული, პატიაშვილი ქრთამს არ იღებს-მეთქი? ირონიულად გაიღიმა, - ყველას დასანახად ქრთამს არავინ იღებსო... მიანიშნა, რომ ქრთამს ყველა იღებდა. ამბობდა, - შესაძლოა დარღვევა ყოფილიყო, მაგრამ უშუალოდ ის ბრალდება, რაც წამიყენეს, აშკარად შეთითხნილიაო.

უმკაცრეს პირობებში იყო, სანამ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ პატიაშვილი არ გადადგა. მერე რუსთავის კოლონიაში გადაიყვანეს. იქ ტაძრის მშენებლობას ჩაუდგა სათავეში. 1995 წლის სექტემბერში უზენაესი სასამართლოს მაშინდელმა თავმჯდომარემ, მინდია უგრეხელიძემ ხაბეიშვილის განაჩენი გააუქმა:

"გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1987 წლის 9 თებერვლის განაჩენი და ყოფილი სსრ კავშირის უზენაესი სასამართლოს 1990 წლის 21 აგვისტოს განჩინება სოლიკო ხაბეიშვილის მიმართ და საქმე წარმოებით შეწყდეს დანაშაულის შემთხვევის არარსებობის გამო"." საბოლოოდ, ის რეაბილიტირებული იქნა. შემდეგ ედუარდ შევარდნაძის ფონდის ("დემოკრატია და აღორძინება") თავმჯდომარე იყო.

როცა ძალიან ჭირდა ციხეებში, ფონდს დახმარებისთვის მივაკითხე. საწვავიც კი არ გვქონდა, ავადმყოფი პატიმრები საავადმყოფოში რომ გადაგვეყვანა. მან "კრიტი" მოინახულა, პატიმრების პირობები შეისწავლა, შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მამია დარჩია ახლდა. 1 ტონა საწვავი და 3 ტონა კარტოფილი მოუტანა ფონდის სახელით პატიმრებს... სოლიკო ხაბეიშვილი საკუთარ სახლთან მოკლეს. 6 ტყვია დაახალეს. იქვე მოკლეს მისი მძღოლიც.

მკვლელობისთვის "მხედრიონელები" გაასამართლეს. მათ შორის ჯაბა იოსელიანი და თემურ ხაჩიშვილი, ამბობდნენ, ეს დაკვეთილი მკვლელობა იყოო. შევარდნაძეს ის დღე-დღეზე უნდა დაეწინაურებინა.

თეა ხურცილავა

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)