განაჩენი აღსრულდა! - კვირის პალიტრა

განაჩენი აღსრულდა!

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #9,10,11,12,13)

რას იხსენებს ციხე-კოლონიების ყოფილი უფროსი ვლადიმერ ტაბაღუა

მკითხველის თხოვნით, სიკვდილმისჯილ იუზა კობახიძის საქმის დეტალებს ისევ დავუბრუნდებით. შეგახსენებთ: 1979 წლის 11 ოქტომბერს, თბილისის 26 კომისრის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე იუზა კობახიძე ქრთამის აღების ბრალდებით დააპატიმრეს. მისი ბრალდების საქმე რამდენიმეეპიზოდიანი იყო. ერთი მუხლით ხომ ვერ გამოუტანდნენ დახვრეტის განაჩენს, ამიტომ მასთან ერთად ბევრი ადამიანი დააკავეს. განაჩენში ეწერა, რომ 1976 წელს იუზა კობახიძემ მინისტრთა საბჭოსთან არსებული საზოგადოებრივი კვების კომბინატის უფროსს, ნაზიკო ერისთავს თანამშრომლობა შესთავაზა.

ერისთავის დახმარებით, ისეთ ხალხს ეძებდა, რომლებსაც ქრთამის გაღებით საბინაო-სამშენებლო კოოპერატივებში წევრად შესვლა, ან ურიგოდ კომუნალური ბინის მიღება სურდათ. კობახიძეს ნიხრებიც ჰქონდა დაწესებული: ოროთახიანი კოოპერატიული ბინის აშენების მსურველისგან 6.000-ს, სამოთახიანისთვის -  8.000-ს, ხოლო ოთხოთახიანისთვის - 10.000 მანეთს იღებდა. განაჩენის მიხედვით, კობახიძეს დანაშაულებრივი ჯგუფი ჰყავდა, რომლის წევრებიც მსურველებისთვის ყველა საჭირო დოკუმენტს ამზადებდნენ. გამოძიების მსვლელობისას სამართალდამცველებმა მექრთამეობაში შუამავლობისთვის ვიქტორ დოლიძე და მიხეილ გოლდინი დააკავეს. ალბერტ ასრიხანიანს, სარქის დალაქიშვილს და ედუარდ გალუმაშვილს კი ბრალი სამშენებლო კოოპერატივებში უკანონოდ გაწევრებისთვის წაუყენეს.

ქრთამის მიცემისთვის რამდენიმე კაცი გაასამართლეს, მათ შორის ქალებიც. იუზა კობახიძეს სასჯელის ზომად სიკვდილი შეეფარდა, ქონების კონფისკაციით. როგორც ადრე ვთქვი, სამსახურიდან გათავისუფლებამდე კობახიძის საკითხი ბიუროს სხდომაზე გაიტანეს და სასტიკად გალანძღეს: - მექრთამე ხარ, შენი ადგილი აქ არ არის. დღესვე დატოვებ თანამდებობასო, - უთხრა საჯაროდ სხდომის თავმჯდომარემ. მაშინ იუზა კობახიძემ უკან არ დაიხია და მიახალა, - ქრთამს რომ მთხოვდით, საიდან უნდა მომეტანა, თუ სხვისგან არ ავიღებდიო(?!).

შეკამათება ძვირად დაუჯდა. მიიჩნევდა, რომ ამ სიტყვების გამო დასაჯეს. ითხოვდა, არ დაეხვრიტათ...

როდესაც ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირს აპატიმრებდნენ, ის პირდაპირ უშიშროების იზოლატორში მიჰყავდათ და იქ ამუშავებდნენ. სხვებისგან განსხვავებით, უმძიმეს პირობებში, ფსიქიკური ზეწოლის და შანტაჟის ქვეშ ჰყავდათ. ხშირად ოჯახის წევრების განადგურებით ან მათი დაჭერით ემუქრებოდნენ.

ცოლის ან შვილის საუბრის ჩანაწერს ასმენინებდნენ. იყო შემთხვევები, როცა უშიშროების იზოლატორში დაკავებულის ოჯახის წევრები მიჰყავდათ, დასაკითხ ოთახში დასვამდნენ, მეორე ოთახიდან კი დაკავებულს საყვარელ ადამიანს დაანახვებდნენ და ეტყოდნენ: - ხომ ხედავ, ისიც აგერ არის, დავიჭირეთ, თუ არ დათანხმდები და ინფორმაციას არ მოგვაწვდი, ისიც ციხეში ჩაჯდებაო! ამის მხილველი პატიმარი ხშირად მორალურად ტყდებოდა, თუ რამე იცოდა, ყველაფერს აღიარებდა. კონკრეტულ ადამიანებს ამ გზით ამხელდნენ და ისინიც ციხეში ხვდებოდნენ.

იუზა კობახიძესთან ერთად გასამართლებულნი მას ადებდნენ ხელს - ქრთამი აიღოო. ძალიან ბევრი დაუპირისპირდა. ვთვლი, რომ სახელმწიფო კობახიძეს არასწორად მოექცა, არ უნდა დაეხვრიტათ. თითქმის ყველა მოხელე ქრთამს იღებდა, სამაგალითოდ კი მხოლოდ ერთეულებს სჯიდნენ. ფაქტია, ბიუროზე წარმოთქმულ მის სიტყვებს, უფროსთან შეწინააღმდეგებას, მისი კარიერა და, რაც ყველაზე სამწუხაროა, მისი სიცოცხლე შეეწირა.

- თქვენ მთხოვდით ფულს და აბა, საიდან უნდა მომეტანა?! - თქვა სხდომაზე, მაგრამ უშიშროების იზოლატორში მისგან ითხოვდნენ დაესახელებინა კონკრეტული მოხელეები, ვისთანაც ფული მიჰქონდა. ძალიან მაგრად დაამუშავეს. დაკითხვებზე გვიან ღამით გაჰყავდათ. დამუშავების მეთოდებიც დროდადრო იცვლებოდა. მასთან საკანში წინასწარ მომზადებული აგენტი შეუშვეს, რომ ინფორმაცია გამოეძალათ. როგორც წესი, ასეთ მოხელეებთან საკანში განათლებულ ადამიანს სვამდნენ.

აგენტი ინსტრუქტაჟს წინასწარ იღებდა. იცოდა, საუბარი როგორ უნდა წარემართა. ეს ინფორმაციის მოპოვების ჩვეული ხერხი იყო. იუზა კობახიძე უშიშროების იზოლატორში განაჩენის გამოტანამდე იჯდა. მეხუთე საპყრობილეში რომ გადმოიყვანეს, ფაქტობრივად, განადგურებული, მორალურად გატეხილი, გამოწურული იყო. ციხის თანამშრომლები ასეთ ხალხს არასოდეს სცემდნენ. შეიძლებოდა ის საკანში აგენტს ეცემა. კობახიძემ ყველაზე დიდი წნეხი უშიშროების იზოლატორში გამოიარა.

მეხუთე საპყრობილის სარდაფში ჩამწკრივებულ სპეციალურ საკნებში სიკვდილმისჯილები განაჩენის აღსრულებას ელოდნენ. მათ განაჩენის გამოტანის შემდეგ ოჯახის წევრებთან ყოველგვარი კონტაქტი ეკრძალებოდათ. სიკვდილმისჯილები ჩვეულებრივი პატიმრებივით - ბალანდას და შავ პურს ჭამდნენ.M ამ სარდაფში მორიგეობა არავის უნდოდა. მერწმუნეთ, ციხის თანამშრომლებისთვის ძალიან მძიმე იყო ამ ხალხის ყურება. იყო პერიოდი, როცა  ერთდროულად 25-35 კაცი ელოდა სიკვდილს.

Aუმძიმეს მდგომარეობაში მყოფებს თავის ტკივილიც აწუხებდათ. ციხის თანამშრომლები წამალს აძლევდნენ. ზამთარ-ზაფხულ სარდაფში საშინელი სიცივე იყო. თავიდან საკნებში გათბობაც არ ჰქონდათ და კუსტარული წესით თბებოდნენ, ელექტროქურები იდგა. შემდეგ ცენტრალური გათბობა გაკეთდა. როგორც მახსოვს, სულ 22 პატარა საკანი იყო. ბევრს განმარტოება სურდა და საკანში მარტო იჯდა. იუზა კობახიძესაც ალბათ არ უნდოდა ხულიგნებსა და მკვლელებთან ყოფნა და მარტო ყოფნა არჩია. ამ კატეგორიის ხალხს, ცხადია, არაფრის ხალისი არ ჰქონდა. დილის 6 საათზე რადიო ირთვებოდა და პატიმრებს საბჭოთა კავშირის ჰიმნს ასმენინებდნენ, მერე რაღაც გადაცემებს და 10 საათზე რადიო უკვე ითიშებოდა.

იყო შემთხვევები, როცა მოსკოვიდან პასუხი აგვიანებდა. 2-3 თვე ისე გავიდოდა, რომ არც ერთი სიკვდილმისჯილი არ იხვრიტებოდა. მაგრამ ყოფილა პერიოდი, როცა ერთმანეთის მიყოლებით, რამდენიმე ადამიანი დაუსჯიათ.

სასეირნოდ გაყვანა პატიმარს კანონით ეკუთვნოდა. ისინი საკნების მიხედვით გაჰყავდათ, თითო საკნის ბინადარნი 4 კვადრატული მეტრის, მავთულით გადაფარულ ოთხ კედელს შორის ხელბორკილდადებულნი სეირნობდნენ. რადგან კობახიძე მარტო იჯდა, სასეირნოდაც მარტო გაჰყავდათ. წესით, პატიმარს ჰაერზე ერთი საათით ყოფნა ეკუთვნოდა, მაგრამ ამდენ დროს მათ ვინ დაუთმობდა, უკან მალე აბრუნებდნენ. ისე, ეს დამოკიდებული იყო ციხის თანამშრომლის გულისხმიერებაზე. ზოგიერთი პატიმარი თავად ამბობდა გარეთ გასვლაზე უარს, - არ მჭირდება თქვენი ჰაერიო.

პატარა საკანში მარტოდმარტო გამოკეტილი იუზა კობახიძე საჩივარს საჩივარზე წერდა ცეკას პირველი მდივნის, ედუარდ შევარდნაძის სახელზე: - დახვრეტა უკანონოდ მომისაჯეს და მომეცით საშუალება, რომ ვიცოცხლოო!

მისი საჩივრები მიდიოდა თუ არა ადრესატთან, ნამდვილად არ ვიცი. ასეთი საჩივრები, როგორც წესი, პირდაპირ შინაგან საქმეთა სამინისტროში იგზავნებოდა და იქ წყვეტდნენ, გაეგზავნათ თუ არა ადრესატისთვის. მიხვდა, სასიკვდილოდ განწირული იყო და ამ განაჩენს არაფერი შეცვლიდა. დახვრეტის მომლოდინე იუზა კობახიძე სანთელივით ჩამოდნა. ისე გახდა, რომ ახლობელიც ვერ იცნობდა. რეალურად აღიქვამდა ყველაფერს. ხვდებოდა, როგორ უსპობდნენ სიცოცხლეს. ბოლო პერიოდში არავის ეკონტაქტებოდა. კაცი თითქოს დამუნჯდა, ამ სამყაროსგან გათიშული იყო. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა განცდაა ეს. სიკვდილმისჯილისთვის საკნის კარის ყოველი გაღება სიკვდილს ნიშნავდა.

კობახიძე დახვრეტას 6 თვეზე მეტხანს ელოდა და ამ ჯოჯოხეთში უმძიმესი დღეები გაატარა. მოსკოვიდან პასუხი მოვიდა - არ შეიწყალეს. მისი განაჩენის აღსრულებას არ შევსწრებივარ, მაგრამ თვითმხილველებისგან დეტალურად ვიცი, ეს როგორ მოხდა.

სასაკლაო სარდაფში იყო. იქამდე მსხვერპლს ლაბირინთების გავლა უწევდა. სასაკლაოსთან პატიმარს რამდენიმეკაციანი სპეციალური კომისია ხვდებოდა. მათ რიცხვში ექიმი იყო, რომელიც აღსრულების შემდეგ პატიმარს სინჯავდა და აცხადებდა, დადგა თუ არა სიკვდილი.

იუზა კობახიძე საკნიდან თავისი ფეხით გამოვიდა. ხელბორკილდადებულს ციხის თანამშრომლები აცილებდნენ. მიხვეულ-მოხვეულ გზას რომ დაადგა, თურმე მორალურად გატყდა. ეს გასასვლელი ლაბირინთი, ალბათ, 100 მეტრი იქნებოდა. იქვე იყო ე.წ. საკარანტინო საკნები, სადაც რეჟიმის დარღვევისთვის დასჯილი პატიმრები ისხდნენ. ამ საკნებამდე მიაღწია, მერე მუხლი მოეკვეთა და წაბარბაცდა... შესვენება ითხოვა, ამის საშუალება მისცეს.

ძალა მოიკრიბა, მაგრამ ვერ წამოდგა, წამოაყენეს. ამის შემდეგ კიდევ ხუთი ნაბიჯი გადადგა, მუხლი ისევ მოეკვეთა, ისევ წაიქცა... მერე უკვე გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო და სასაკლაომდე სხვებმა მიიყვანეს. კომისიის წინაშე სანთელივით დამდნარი კაცი წარდგა. სახელისა და გვარის წარმოთქმაც ვეღარ მოახერხა. როცა მისი ვინაობა კომისიის თავმჯდომარემ ამოიკითხა, იუზა კობახიძემ მხოლოდ თავი დაუქნია და ასე დაემოწმა. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ გააცნეს ბრალდება და უთხრეს, რომ შეწყალებაზე მოსკოვიდან უარი მოვიდა. ფაქტობრივად, მათ წინაშე ცოცხალ-მკვდარი კაცი იდგა. არაფერი უთქვამს... ჯალათმა თავისი საქმე შეასრულა, განაჩენი აღსრულდა.

თეა ხურცილავა