კატინის წყევლა - კვირის პალიტრა

კატინის წყევლა

"იოსებ სტალინის მითითებით, ბანაკში მყოფი ტყვეების - 14000  ყოფილი პოლონელი ოფიცრის, მემამულის, პოლიტიკოსის, მზვერავის, ჟანდარმის,  აგრეთვე იმ 10000 დაპატიმრებულთა საქმეები, რომლებიც დასავლეთ უკრაინისა და ბელორუსიის ბანაკებში არიან, განხილულ იქნას განსაკუთრებულ რეჟიმში, სასჯელის უმაღლესი ზომის - დახვრეტის გამოყენებით.

1940 წლის 5 მარტი ლავრენტი ბერია საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი"

1939 წლის 17 სექტემბერს, როდესაც გერმანია-პოლონეთის ომი დასასრულს უახლოვდებოდა, წითელი არმია აღმოსავლეთ პოლონეთში შევიდა, მცირე ბრძოლების შემდეგ რუსებმა 250000 პოლონელი სამხედრო ტყვედ აიყვანეს, საბოლოო ჯამში, 130000 კაცი (პოლონური მონაცემებით - 180000) YღDL-ს (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) ბანაკებში აღმოჩნდა, მათი უმრავლესობა მოთავსებული იყო სტარობელსკის, კოზელსკის და ოსტაშკოვსკის  ბანაკებში, რომლებიც მონასტრების ტერიტორიაზე იყო გახსნილი.

"კომენდანტი გვარწმუნებს, რომ იგეგმება ბანაკების ლიკვიდაცია და ყველას სამშობლოში გვაბრუნებენ, ზოგს გერმანიის, ზოგს საბჭოთა ტერიტორიაზე.  დაიწყეს ბანაკებიდან ტყვეების გაყვანა. ყველა კარგ გუნებაზეა, როცა ეტაპის დღე არ არის, მოწყენილები ვართ. ვფიქრობთ, რომ დარჩენილებს საშინელება გველოდება.

ბანაკში ახალი დევიზიც გამოვაკარით - "დავდგეთ მედგრად პოლონეთის ოფიცრის ღირსების დასაცავად და დიადი პოლონეთის მომავლისათვის."ყველა სულმოუთქმელად ველოდებით ახალ სიებს. იმედი გვაქვს, რომ ამჯერად გაგვიმართლებს და იქ ჩვენი გვარებიც აღმოჩნდება. ამ დროს "თუთიყუშის საათს" ვეძახით, რადგან სიები ძალიან ჰგავს იმ ბარათებს, ჩვენთან, ვარშავაში, მეარღნეების თუთიყუშები თუნუქის ქილიდან რომ იღებენ. ყოველი წამსვლელისა გვშურს...

როგორც იქნა!.. მეც მივდივარ...

ვაგონებში რომ აგვიყვანეს, უცნაური წინათგრძნობა დამეუფლა... ვაგონების კედლებზე პოლონური წარწერები შევნიშნე - "სმოლენსკი, 1940". გამოდის, რომ სადღაც სხვაგან მივყავართ. გამთენიისას სადგურ გნეზდოვოში გავჩერდით, ორი დღეა, ]პირში ხემსი არ ჩაგვსვლია, ტუალეტშიც, როცა მოესურვებათ, მაშინ გვიშვებენ. შემდეგ ვაგონებიდან სამხედრო მანქანებში გადაგვსხეს და წამოგვიყვანეს. ეს რაღაც ტყის მასივია, კატინს ეძახიან (რა უცნაურია, ჩვენებურად ჯალათს ნიშნავს!). აქ კიდევ ერთხელ შეგვამოწმეს. ყველას ჩამოგვართვეს Fფული, ქამრები და დანები, მე საათიც წამართვეს, რომელიც 6.30 საათს აჩვენებდა. მწკრივში დადგომას გვთხოვენ..."

აქ წყდება მაიორ სოლსკის ჩანაწერები... – ის კატინში იმ დღეს 200 ოფიცერთან ერთად დახვრიტეს...

კატინში მასობრივი დახვრეტის ამბავი  პოლონეთმა მაშინ გაიგო, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა სმოლენსკი დაიკავეს და კატინში, სანგრების გათხრისას, შემთხვევით წააწყდნენ ორმოებში ჩაყრილ ნეშტებს. ამან ევროპა შოკში ჩააგდო. შეიქმნა კომისია, რომელშიც პოლონეთის წითელი ჯვრის გარდა, ევროპის ცნობილი მეცნიერები შედიოდნენ.

1943 წელს, როდესაც რუსებმა სმოლენსკი დაიბრუნეს, სტალინის მითითებით კატინის საქმეზე ახალი კომისია შეიქმნა. რომელმაც "დაადგინა, რომ პოლონელი ოფიცრები რუსების კი არა, ნაცისტების დახვრეტილები იყვნენ" და ეს ნიურნბერგის პროცესზე მათ ერთ-ერთ ბრალდებად წაუყენეს.

2004 წელს რუსეთის სამხედრო პროკურატურამ დაამთავრა კატინის საქმის გამოძიება და აღიარა, რომ სამხედრო ტყვეების დახვრეტა ე.წ. "ტროიკის" განაჩენის საფუძველზე ხდებოდა. 71 წლის წინ მომხდარი ტრაგედია ყოველთვის შავ ლაქად აჩნდა რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობას...

2010 წლის აპრილში  კატინმა კვლავ შეახსენა თავი ევროპას. 10 აპრილს, დილით, ვარშავიდან პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავი Ту-154-101 აფრინდა ავიამარშრუტით ვარშავა-სმოლენსკი-სევერნი. პოლონეთის დელეგაცია კატინის ტრაგედიის 70 წლისთავთან დაკავშირებულ სამგლოვიარო ცერემონიაზე დასასწრებად მიდიოდა. მათ კატინში რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ელოდათ. პრეზიდენტის ლაინერმა აეროდრომ სევერნიზე დაჯდომისას კატასტროფა განიცადა. დაიღუპა  97 კაცი. თვითმფრინავში პრეზიდენტთან ერთად მისი მეუღლე, პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსი, საჰაერო ძალების ხელმძღვანელი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, პარტიის ლიდერები, დეპუტატები, სენატორები, გენერლები და სასულიერო პირები იმყოფებოდნენ.

10 აპრილის ტრაგედიას პოლონეთში "კატინის წყევლა" უწოდეს. ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ კვასნევსკი კატინზე წერდა, - "ეს დაწყევლილი ადგილია, ამ სახელის გაგონებაზე  ტანში ჟრუანტელი მივლის. ჯერ იყო და  პოლონეთის მეორე რესპუბლიკის მთელი სამხედრო ელიტა დახოცეს სმოლენსკის ტყეებში, ახლა პოლონეთის მესამე რესპუბლიკის მთელი  ინტელექტუალური ელიტა".”

სმოლენსკის ტრაგედიამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ჩიკაგოს კონვენციის თანახმად, ავიაკატასტროფის მიზეზების გამოძიების ორგანიზებასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელი ის ქვეყანაა, სადაც ეს ფაქტი მოხდა, ამიტომ რუსეთში შეიქმნა საგამოძიებო კომისია პრემიერ პუტინის ხელმძღვანელობით. ავიაკატასტროფის მიზეზების გამოძიება სახელმწიფოთაშორისმა საავიაციო კომიტეტმაც დაიწყო. კატასტროფის პირველსავე წუთებში გაჩნდა უამრავი კითხვა, - რატომ იყო ამდენი მაღალი რანგის სამხედრო პირი თვითმფრინავში მაშინ, როცა პოლონეთში ბოლო დროს მომხდარი საეჭვო ავიაკატასტროფების გამო პოლონეთიIს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, სამხედრო ნაწილების მეთაურებს ერთად არ ეფრინათ, მით უმეტეს, ჯარების ხელმძღვანელებს; რატომ არ იყო ლეხ კაჩინსკი 7 აპრილს პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან ერთად კატინში, იქნებ კონფლიქტის გამო?

2011 წლის 12 იანვარს სახელმწიფოთაშორისმა საავიაციო კომიტეტმა გამოაქვეყნა გამოძიების ანგარიში, რომლის თანახმად, ავიაკატასტროფის მიზეზი გახდა ეკიპაჟის გადაწყვეტილება, დამჯდარიყო მეორე აეროდრომზე. ტექნიკური გამოძიების დოკუმენტაციიდან  ირკვევა, რომ  თვითმფრინავის დაჯდომის დროს მფრინავთა კაბინაში პოლონეთის საჰაერო ძალების მეთაური ანჯეი ბალასიკი იმყოფებოდა (მოგვიანებით ექიმებმა მის სისხლში ალკოჰოლი აღმოაჩინეს). როგორც პოლონელი ექსპერტები აღნიშნავენ, ასეთი მაღალი რანგის პირის ყოფნა მფრინავთა კაბინაში აუცილებლად მოახდენდა ზეგავლენას ეკიპაჟზე, ამიტომაც გადაწყვიტეს სმოლენსკში დაჯდომა, თუმცა დისპეტჩერი დაჯდომის რეკომენდაციას არ აძლევდათ.

საინტერესოა, რომ როდესაც თვითმფრინავი 100 მ სიმაღლეზე იყო, ლაინერის კაპიტანმა არკადიუშ პროტასიუკმა მიიღო გადაწყვეტილება, არ დამჯდარიყო, რასაც მოწმობს მითითება - "წავედით". ეს თვითმფრინავის თვითმწერის გაშიფვრამაც დაადასტურა. რატომ ვერ შეძლო ეკიპაჟმა სამაშველო მანევრის განხორციელება, უპასუხოდ რჩება. ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ მითითება მიწაზე დანარცხებამდე 14 წამით ადრე, 80 მ სიმაღლეზეა გაცემული, რაც უკვე ვერაფერს შეცვლიდა.

ავიაკატასტროფების გამოძიების ცნობილი ამერიკელი ექსპერტი დუგლას მოსი წერს, რომ "ყველაფერი მფრინავის ბრალია. დისპეტჩერები არ აძლევდნენ ლაინერს დაშვების უფლებას, თუმცა, საერთAაშორისო საავიაციო წესების თანახმად, ამას ვერ აუკრძალავდნენ - როდესაც თვითმფრინავი ჰაერშია, გადაწყვეტილებებს, როგორიც უნდა იყოს ის, ეკიპაჟი იღებს. თვითმფრინავი აღჭურვილი იყო გაფრთხილების სიგნალით, რომელიც ალტიმეტრის დახმარებით მფრინავებს აფრთხილებს მიწასთან მოსალოდნელი კონტაქტის შესახებ. თვითმფრინავში განგაშის სიგნალი კი ნიშნავს, რომ მფრინავებმა სწრაფად უნდა აიღონ სიმაღლე, კონკრეტულ შემთხვევაში კი, მიუხედავად იმისა, რომ განგაშის სიგნალი ჩართული იყო, მფრინავები იმავე სიმაღლეზე განაგრძობდნენ ფრენას, რაც ძალიან უცნაურია.”

შავი  ყუთების გაშიფვრისას გაირკვა, რომ ეკიპაჟს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია, პროცესში ჩართული იყო საჰაერო ძალების მეთაური ანჯეი ბალასიკიც. დამაფიქრებელია ისიც, რომ თვითმფრინავის კაპიტანს, პროტასიუკს, თავიდანვე უთქვამს უარი სმოლენსკში გაფრენაზე. ვარშავის სამხედრო აეროდრომზე ვიდეოკამერამ საჰაერო ძალების მეთაურისა და კაპიტნის კამათიც დააფიქსირა - ის მოსალოდნელ ფრენას ეხებოდა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, პროტასიუკი სმოლენსკში გაფრენის წინააღმდეგი იყო, რადგან მფრინავს არ გააჩნდა ობიექტური მონაცემები აეროდრომ "სევერნიზე" და ამ რაიონში მოსალოდნელი ამინდის შესახებ, თუმცა ბალასიკს მისი მოსმენა არც უნდოდა. კამათი თვითმფრინავშიც გაგრძელდა. კაპიტანი გაგულისებული შევარდა კაბინაში, ხოლო ტრაპთან პრეზიდენტ კაჩინსკის, ტრადიციის დარღვევით, საჰაერო ძალების მეთაური დახვდა.

სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტის დასკვნა იმდენად შოკის მომგვრელი იყო, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა შეწყვიტა შვებულება და ვარშავაში დაბრუნდა. მან განაცხადა, რომ კომიტეტის დასკვნა არ აეჭვებს, თუმცა ფიქრობს, რომ ის არასრულია და გათვალისწინებული არ არის რიგი ფაქტებისა, მაგალითად, დისპეტჩერების საუბრები და სხვ. გამოკითხული მოსახლეობის 46% დასკვნას ფალსიფიცირებულად მიიჩნევს, გარდაცვლილი პრეზიდენტის სიძე აცხადებს, რომ კაჩინსკის დაღუპვის მიზეზი შეიძლება 5-დღიან ომში (აგვისტოს ომი) საქართველოს გვერდში დგომა იყოს.

კაჩინსკის ოჯახის წევრები მომხდარში რუსულ კვალს ხედავენ. ოპოზიციის მთავარი სამიზნე ამჟაAმად პრემიერ-მინისტრია, რომელსაც პოლონური ინტერესების გამყიდველად მიიჩნევენ. მას იმასაც არ პატიობენ, რომ ტრაგედიამდე სამი დღით ადრე კატინში ვლადიმირ პუტინს გადაეხვია. მოგვიანებით დონალდ ტუსკმა აღიარა, რომ რუსები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ კორტეჟი ტრაგედიის ადგილას იაროსლავ კაჩინსკიზე ადრე მისულიყო. "ჩემს მანქანაში მინისტრმა მძღოლს - რუს ოფიცერს სთხოვა, ცოტა ნელა იარე, კაჩინსკის დაველოდოთო, თუმცა მათ ყურად არ იღეს, რადგან ბრძანება ჰქონდათ მიღებული. როდესაც ადგილზე მივედი, პუტინს ვუთხარი, კაჩინსკის მოსვლამდე გადაწყვეტილებას არ მივიღებ-მეთქი".

რუსეთმა გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა, ხოლო პოლონეთი - წლის ბოლოს გეგმავს. პოლონურ მხარეს ეჭვი აქვს, რომ აეროდრომზე ნისლი ხელოვნურად იყო გამოწვეული, პოლონეთმა აშშ-ს სთხოვა, დაადგინოს, არსებობს თუ არა შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობები. გარდა ამისა, პოლონეთი შტატებს ძმები კაჩინსკების ბოლო სატელეფონო საუბრების გაშიფვრასაც სთხოვს, რომლებიც თანამგზავრის საშუალებით ხორციელდებოდა.

პოლიტიკოსები უფრო ხშირად ხდებიან ავიაკატასტროფების მსხვერპლნი, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქეები, ამასთან, არც ერთი  გამოძიება პირველი პირების ავიაკატასტროფებთაAნ დაკავშირებით არ ყოფილა წარმატებული. ავიაციის ისტორიაში დაიღუUპა 15 პოლიტიკოსი, იმ დროისთვის სახელმწიფოს პირველი პირები.

პირველი სახელმწიფო ლიდერი, რომელიც ავიაკატასტროფის დროს დაიღუპა, იყო პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დევნილობაში ვლადისლავ სიკორსკი.

მისი სიკვდილის მიზეზს კვლავ კატინთან მივყავართ. 1943 წელს მან კატინის საქმის გამო საბჭოთა კავშირი გააკრიტიკა. რამდენიმე კვირაში კი გენერალ სიკორსკის თვითმფრინავი მოულოდნელად ზღვაში ჩავარდა. ინგლისელმა მფრინავმა, რომელიც მანამდე დამცავ ჟილეტს არ ატარებდა, სწორედ იმ დღეს ჩაიცვა და გადარჩა.

უცნაური დამთხვევაა ისიც, რომ უინსტონ ჩერჩილმა იმ დღეს სიკორსკის ქალიშვილს რამდენჯერმე სთხოვა მამასთან ერთად არ გაფრენილიყო, მაგრამ უარი მიიღო.

"კატინი იქცა სისხლიან იარად პოლონეთის ისტორიაში და მრავალი წლის განმავლობაში წამლავდა პოლონელების და რუსების ურთიერთობას. ამჯერად სწორ გზაზე ვდგავართ. პოლონელები ვაფასებთ იმას, რაც რუსებმა ბოლო წლებში გააკეთეს. სწორედ ამ გზით უნდა ვიაროთ. ვიაროთ შეუჩერებლად და, რაც მთავარია, უკან არ დავიხიოთ", - ეს სიტყვები ლეხ კაჩინსკის კატინში უნდა წარმოეთქვა...