ლიტვინენკოს მკვლელობის ვერსიები - კვირის პალიტრა

ლიტვინენკოს მკვლელობის ვერსიები

რატომ ამოტივტივდა ამ საქმეში ქართველების კვალი

"თქვენ შეგიძლიათ მაიძულოთ გაჩუმება, მაგრამ ეს დუმილი ძალიან ძვირი დაგიჯდებათ, თქვენ გამოიჩინეთ ბარბაროსობა და სისასტიკე, რაშიც ყოველთვის გადანაშაულებდნენ კრიტიკოსები, თქვენ ყველას დაანახეთ, რომ პატივს არ სცემთ სიცოცხლეს, თავისუფლებას და ცივილიზებული საზოგადოების სხვა ღირებულებებს, თქვენ შეგიძლიათ აიძულოთ, გაჩუმდეს ერთი ადამიანი, მაგრამ მსოფლიოს პროტესტის ხმა, ბატონო პუტინ, მთელი ცხოვრების მანძილზე ჩაგესმებათ ყურში. დაე, უფალმა მოგიტევოთ, რაც გამიკეთეთ მე, ჩემს რუსეთს და ხალხს."

ალექსანდრ ლიტვინენკო (უკანასკნელი სიტყვები)

2006 წელს 23 ნოემბერს 21.21 საათზე, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის საავადმყოფოში გარდაიცვალა ФСБ-ს ყოფილი ოფიცერი ალექსანდრ ლიტვინენკო.

საზოგადოებისთვის ლიტვინენკო ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც 1999 წელს, პირდაპირი ეთერით, თავის ოთხ თანამშრომელთან ერთად  სკანდალური განცხადება გააკეთა, მან აღიარა რომ ФСБ ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის მკვლელობას გეგმავდა. მოგვიანებით მისმა განცხადებამ - მოსკოვისა და რიაზანის საცხოვრებელი კორპუსების აფეთქების უკან ФСБ დგასო, რუსეთი შოკში ჩააგდო. 2001 წელს გამოვიდა მისი წიგნი, "ФСБ აფეთქებს რუსეთს".  ლიტვინენკო წერდა, რომ ტერაქტები მოსკოვსა და რიაზანში პუტინს ჩეჩნეთში მეორე საომარი კამპანიის დასაწყებად სჭირდებოდა, წიგნი ბესტსელერად იქცა. ლიტვინენკო იძულებული გახდა, დიდი ბრიტანეთისთვის ეთხოვა პოლიტიკური თავშესაფარი. ის ოჯახთან ერთად ლონდონში ცხოვრობდა და ბერეზოვსკის ფონდის დაფინანსებით დამოუკიდებელ გამოძიებას ეწეოდა.

ალექსანდრ ლიტვინენკო სიკვდილამდე ერთი დღით ადრე მისმა მეგობარმა, კინორეჟისორმა ანდრეი ნეკრასოვმა (ავტორი ფილმისა "რუსულის გაკვეთილები") ინახულა. "პალატაში რომ შევედი, თავზარი დამეცა: ჯერ კიდევ ორი-სამი კვირის წინ ჯანმრთელი და ენერგიული ადამიანი საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეს ჰგავდა. თმა გასცვენოდა, ძვალტყავად ქცეული მხოლოდ ტუჩებს ამოძრავებდა - ლაპარაკი აღარ შეეძლო. რამდენი უბედურება არ მინახავს რუსეთსა და ჩეჩნეთში, მაგრამ  ეს ყველაზე საშინელი დანაშაული გახლდათ. ეს იყო ადამიანის ნელი და სადისტური მკვლელობა. საშა რამდენიმე საათი ცდილობდა, რამდენიმე სიტყვა ეთქვა.”მერე გაჭირვებით ამოთქვა: "მე მომიხელთეს, მაგრამ ყველას ვერ მოგიხელთებენ", - იხსენებს ნეკრასოვი.

2006 წლის 7 ოქტომბერს მოსკოვში მოკლეს ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც წლების განმავლობაში ჩეჩნეთში რუსულ სისასტიკეს აკრიტიკებდა. ჟურნალისტის მკვლელობამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია რუსეთსა და ევროპაში. საზოგადოება ამაში ხელისუფლების კვალს ხედავდა, ობიექტურ გამოძიებას და  დამკვეთების დასჯას ითხოვდა. ბოლო გამოძიება, რომელსაც ალექსანდრ ლიტვინენკო აწარმოებდა, სწორედ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა იყო.

2006 წლის ოქტომბრის ბოლოს ლიტვინენკოს ლონდონში ტერორიზმისა და საიდუმლო ოპერაციების ექსპერტი, იტალიელი მარიო კარამელა დაუკავშირდა (ისინი ადრე ერთად მუშაობდნენ იტალიაში) - ხელთ ჩამივარდა მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომელშიც პოლიტკოვსკაიას მკვლელების გვარებიცაა მითითებულიო. შეხვედრა 1-ელ ნოემბერს, ლონდონში, სუში-ბარში შედგა. რამდენიმე საათის შემდეგ ლიტვინენკომ თავი ცუდად იგრძნო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

11 ნოემბერს საავადმყოფოში მან განაცხადა, - მომწამლესო. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს და შეიარაღებული პოლიციელები დაუყენეს მცველებად. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ  პაციენტი, სავარაუდოდ, ძლიერმოქმედი შხამიანი ნივთიერებით (ტალიუმი) იყო მოწამლული.

20 ნოემბერს ლიტვინენკო რეანიმაციაში გადაიყვანეს. ექიმები საგონებელში ჩაცვივდნენ - პაციენტის მდგომარეობა სწრაფად მძიმდებოდა. არადა, ჩვეულებრივ ტალიუმით მოწამვლა მკურნალობას ექვემდებარება. 23 ნოემბერს პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული გახდა,  ღამით ექიმებმა განაცხადეს, რომ ლიტვინენკო გარდაიცვალა, მაგრამ სიკვდილის მიზეზი ვერ დაასახელეს. გაჩნდა ეჭვი, რომ მოწამვლა რადიაციული ხასიათისა იყო. გვამის გაკვეთას ბრიტანეთის ცნობილი სპეციალისტები ესწრებოდნენ. მათ სპეციალური, სკაფანდრის მსგავსი რადიაციისაგან დამცავი კოსტიუმები ეცვათ. გვამის გაკვეთამ სენსაციური შედეგი აჩვენა - გარდაცვლილის ორგანიზმში ძალზე ძლიერმოქმედი რადიაციული ნივთიერების, "პოლონიუმ-210"-ის ის რაოდენობა აღმოჩნდა, რომლის ღირებულება 30 მლნ ევროა. სპეციალისტებმა ლიტვინენკოს მკვლელობა ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებულად აღიარეს.

ლიტვინენკოს გარდაცვალების შემდეგ, ინგლისის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კომიტეტი ჩობრა შეიკრიბა საგანგებო თათბირზე, რომელშიც შედიან დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებისა და პოლიციის უმაღლესი ხელმძღვანელები, რამდენიმე მინისტრი (კომიტეტი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იკრიბება). ლიტვინენკოს საქმის გამოძიება დიდი ბრიტანეთის ღირსების საკითხად იქცა.

ალექსანდრ ლიტვინენკოს გარდაცვალებისთანავე მკვლელობის შემკვეთებად პუტინი და რუსეთის ხელისუფლება დასახელდა. ამ ვერსიის სისწორეში ეჭვი არც ლიტვინენკოს მეგობრებს, მათ შორის ბორის ბერეზოვსკის, ეპარებოდათ. რუსეთის ხელისუფლება ბრალდებების უარყოფას ცდილობდა და ამტკიცებდა, რომ ლიტვინენკოს მკვლელობაში ჩეჩნურ კვალს ხედავდა. ლიტვინენკოს ყოფილი კოლეგები რუსეთში აცხადებდნენ, რომ 1996 წელს ჩეჩნეთში მეამბოხეთა ჯგუფის ლიკვიდაციისას ლიტვინენკოს დაევალა ერთ-ერთი ცნობილი "ბოევიკის" ბადრაგირება. როგორც აღმოჩნდა, მან იგი გზაში წამებით მოკლა. ამის გამო ჩეჩნები მას შურისძიებით ემუქრებოდნენ. რუსული ვერსია იმდენად უსუსური იყო, რომ მას სკოტლენდ-იარდი არ დაეთანხმა.

გამოძიებისას ცნობილი გახდა, რომ ლიტვინენკოს 1-ელ ნოემბერს კიდევ ერთი შეხვედრა ჰქონდა სასტუმრო "მილენიუმში" ყოფილ კოლეგებთან - ბიზნესმენ ანდრეი ლუგოვოისთან (ტელეარხ JHN-ს ყოფილი დაცვის უფროსი) და სერგეი კოფტუნთან. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე თავად ლიტვინენკომ გაიხსენა, ის სასტუმროს მეოთხე სართულზე ავიდა, სადაც მის კოლეგებთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი უცხო მამაკაცი, რომელმაც მას ჩაი მოუტანა. ლიტვინენკოს უცნაურად მოეჩვენა, რომ ჩაიდანი, რომელსაც ის უნებლიეთ შეეხო, ოდნავ თბილი იყო, მაგრამ როდესაც ჩაი ფინჯანში დაისხა, თითქმის დუღდა (წყალი "პოლონიუმმა" აადუღა). მოგვიანებით, ბრიტანეთის პოლიციამ უცნობის (სავარაუდო მკვლელის) პორტრეტიც მიიღო - ის ჰამბურგიდან ჩამოფრენისას ლონდონის აეროპორტის კამერებმა დააფიქსირეს. ბრიტანეთის პოლიცია რუსეთს ამაოდ სთხოვდა ანდრეი ლუგოვოის გადმოცემას, ორიოდ თვეში ვნებათაღელვა ლიტვინენკოს საქმის გარშემო ჩაცხრა.

2007 წლის თებერვალში ამერიკულმა ტელეარხმა, ნბს-მა, გადაცემაში, რომელიც ლიტვინენკოს საქმეს ეძღვნებოდა, მოიწვია ამერიკის სენატის უშიშროებისა და დაზვერვის კომიტეტის ექსდირექტორი პოლ  ჯოიალი (ის  ერთხანს "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მრჩეველიც იყო), მასთან ერთად ინგლისელი ჟურნალისტი დანიელ მაკრორი. სტუმრებმა ლიტვინენკოს მკვლელობაში კრემლს დასდეს ბრალი, გადაცემიდან ერთ კვირაში პოლ ჯოიალი საკუთარი სახლის წინ ჩაცხრილეს, ხოლო ინგლისელი ჟუUრნალისტი "მოულოდნელად" გულის შეტევით გარდაიცვალა.

2008 წელს ესპანეთის სამართალდამცავებმა გააკეთეს განცხადება, რომ ლიტვინენკოს საქმეში აღმოჩენილია ახალი დეტალები, რომლებიც ქართულ კვალზე მიუთითებს.(?!)

90-იანი წლების ბოლოს ესპანეთში ფეხი მოიკიდეს რუსეთიდან წასულმა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა, რომლებმაც ესპანეთში ლეგალური სამშენებლო ბიზნესი წამოიწყეს. გახსნეს იტალიური რესტორნების ქსელი და არალეგალების დასაქმება დაიწყეს. ესპანეთის  პოლიციამ, რომელსაც არ უნდოდა ქვეყანაში კრიმინალური ფულის ინვესტირება მომხდარიყო, დაიწყო სატელეფონო მოსმენები. მიღებული ინფორმაცია მრავალფეროვანი  გამოდგა.

ესპანეთის სამართალდამცავებს სჭირდებოდათ კონსულტანტი, რომელიც კარგად იცნობდა რუსეთის და ზოგადად პოსტსაბჭოური სივრცის ორგანიზებულ დანაშაულს, ინგლისურმა სპეცსამსახურებმა რეკომენდაცია  ალექსანდრ ლიტვინენკოს გაუწიეს. სწორედ ლიტვინენკოს დახმარებით მოხდა 2006 წლის აგვისტო-სექტემბერში შაქრო კალაშოვის ფულის გათეთრების სქემის გაშიფვრა და სპეცოპერაცია OCCA-ს დაგეგმვა-ჩატარება, OCCA-მ თითქმის გაკოტრების პირამდე მიიყვანა ტარიელ ონიანის დეველოპერული ბიზნესი, რომელიც ასეულობით მლნ დოლარი ღირდა.

რამდენიმე ცნობილმა სამშენებლო ბრენდმა საქმიანობა საერთოდ შეწყვიტა, ზარალი 800 მლნ დოლარს შეადგენდა, გარდა ამისა, სპეცოპერაციის დროს დააკავეს 100 ქართველი არალეგალი მშენებელი,  აგრეთვე ონიანის 12 წლის ქალიშვილი, რომელსაც კარგა ხნით ბავშვთა ე.წ. სახლში მოუწია ყოფნამ. ლიტვინენკოს და ონიანის ინტერესები მანამდე იტალიაში გადაიკვეთა, როდესაც იტალიის პოლიციამ, ლიტვინენკოს დახმარებით დააკავა ტარიელის ბიზნესპარტნიორები, რის გამოც ონიანის ბიზნესი იტალიაშიც ჩავარდა, ხოლო მისი მეგობარი, ვინმე ალექსანდრ ტალიკი დაჭერას ძლივს გადაურჩა. იტალიის პოლიციას ხელთ ჩაუვარდა ტალიკისა და უცნობი პირის სატელეფონო საუბარი: "იმ გარეწარმა ლიტვინენკომ ბრალი დამდო, რომ უკრაინიდან იარაღს მე ვყიდი. ჩვენებს ვთხოვე, გაიგონ მისი მისამართი ლონდონში და საქმეს მიხედონ."

თუU ევროპაში ლიტვინენკოს მკვლელობა დემოკრატიის საწინააღმდეგო აქციად მიიჩნიეს, იტალიაში ეს არავის გაჰკვირვებია. "მაფიის ხელი ყველას მისწვდება", - ამბობდნენ მასზე რომში. ესპანეთის პოლიცია დღემდე ლიტვინენკოს საქმეში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად ონიანს მიიჩნევს, ორიოდე კვირის წინ ესპანელმა სამართAლდამცავებმა ტარიელ ონიანი ამ საკითხთან დაკავშირებით დაჰკითხეს.

2011 წლის 10 აპრილს ლიტვინენკოს ქვრივმა, მარინა ლიტვინენკომ განაცხადა, რომ მას ხელთ ჩაუვარდა დოკუმენტები, სადაც დასტურდება, რომ მისი მეუღლის სიკვდილამდე ერთი თვით ადრე ФСБ-მ "პოლონიუმი" "როსატომისაგან"  შეიძინა, რომელიც 2006 წლის 21 აგვისტოს, დილით, ბალაკოვსკის ბირთვული ელექტროსდგურის ტერიტორიაზე, სპეციალურად მივლინებულ  ФСБ-ს თანამშრომლებს კონტეინერით გადასცეს. რუსეთი კვლავ უარყოფს ბრალდებებს და ესპანურ ვერსიას, ქართული კვალის შესახებ, სარწმუნოდ მიიჩნევს. რუსეთის პროკურატურის თანამშრომლებმა ტარიელ ონიანს კოლონიაში რამდენჯერმე მიაკითხეს. როგორც ამბობენ, საუბარი ლიტვინენკოს მკვლელობას ეხებოდა.

"პოლონიუმი" კიურებმა აღმოაჩინეს

"პოლონიუმი" იშვიათი რადიაციული ნივთიერებაა, რომელიც 1898 წელს ცოლ-ქმარმა კიურებმა აღმოაჩინეს. მარია კიური სწორედ მისი დასხივებით გარდაიცვალა. იგი განსაკუთრებით შხამიან ნივთიერებას წარმოადგენს. ორგანიზმში მოხვედრისას  მკვეთრად იცვლება სისხლის შემადგენლობა, ირღვევა ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციები, მოწამვლა მტანჯველი სიკვდილით მთავრდება.