შვილის შურისძიება - კვირის პალიტრა

შვილის შურისძიება

- ასე უცნაურად მოკლული კაცი არც მანამდე მინახავს და არც მის შემდეგ! - იხსენებს ბატონი ბიძინა მორიგ შემთხვევას თავისი საგამომძიებლო პრაქტიკიდან, - ვიღაცას ქუჩაში, ონკანზე მიება ხელ-ფეხშეკრული და ბოლომდე მიეშვა წყლის ნაკადი იმ უბედურის ხახაში. ონკანის მილი ლამის ყელამდე ჩაეჩარათ...

ამას ერთი კაცი ვერ გააკეთებდა. სულ მცირე სამი მაინც იყო საჭირო, რომ ორს გაეკავებინა და მესამეს ისე მიება, ონკანისთვის თავი ვერ აერიდებინა...

ის უკვე მკვდარი იპოვეს დილაადრიან გამვლელებმა. ექსპერტიზის ექიმებმა ზუსტად ვერ დაადგინეს, გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია იყო თუ გახეთქილი გული. ფაქტია, რომ ტანჯვით გარდაიცვალა.

მოკლული გაძარცული არ იყო. ტანსაცმელიც ეცვა და საფულეც ჯიბეში ედო. ღამით საკმაოდ ძლიერი წვიმა წამოსულა და თითის ანაბეჭდებსა და რაიმე კვალზე ფიქრიც ზედმეტი იყო. თუმცა ჩემმა თანაშემწემ მაინც იპოვა გარდაცვლილთან ახლოს დაგდებული ვერცხლის სამაჯური, რომელიც გაწყვეტილი იყო და ჩანდა, მფლობელს ჩამოჰგლიჯეს. შესაძლებელი იყო, მოკლულისა ყოფილიყო და ფრთხილად მოვათავსეთ პაკეტში.

საბუთების მიხედვით გარდაცვლილი 42 წლის ბადრი სანოძე აღმოჩნდა. გვამი პროზექტურაში გადავიტანეთ და აღნიშნულ მისამართზე მივედით. კარი ახალგაზრდა ქალმა გაგვიღო, რომელიც ნაირა ბზიშვილად გაგვეცნო. ის მოკლულის მეუღლე აღმოჩნდა. ოფიციალურად ისევ ცოლ-ქმრად ითვლებოდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბადრი ორი წლის წინ წავიდა სახლიდან და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ნაირამ იმ ბინის მისამართი არ იცოდა, ამიტომ შვილს დაუძახა: მამასთან ბავშვები ხშირად დადიოდნენ, 15 წლის თორნიკე კი თითქმის ყოველდღე. გაგვიჭირდა გვეთქვა, რა ვითარებაში ვიპოვეთ დაღუპული, მაგრამ სხვა რა გზა გვქონდა. ბავშვებმა ძალიან განიცადეს, ყოფილ ცოლსაც კი დაენანა:

- მე კი მიმატოვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი სიკვდილი გამხარებოდა. თანაც ვერაფრით წარმომიდგენია, ვინმესთვის ისეთი რამის დაშავება თუ შეეძლო, ასე სასტიკად გასწორებოდნენ...

აღმოჩნდა, რომ ბადრი და ნაირა სხვა ქალის გამო გაშორდნენ ერთმანეთს. თავის დროზე მათ უსიყვარულოდ შექმნეს ოჯახი. ახლობლებმა მოინდომეს მათი დაახლოება. დაქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე ბადრის შეყვარებულმა უღალატა და სხვას მისთხოვდა. გულნატკენმა ბიჭმაც მის ჯიბრზე ნაჩქარევად მოიყვანა ცოლი. ნაირა კარგი მეუღლე გამოდგა, თითქოს სიყვარულიც გაჩნდა, მით უფრო, როცა ორი შვილი გაუჩნდათ ერთმანეთის მიყოლებით, მაგრამ... მათი ოჯახური იდილია იმ ძველმა სიყვარულმა დაარღვია. ბადრი მაია კაპანაძეს შეხვდა, რომელიც იმ დროისთვის ქმარს გაშორებოდა. კაცმა ისიც დაადგინა, რომ ქმრის შემდეგ ორი საყვარელიც გამოეცვალა და კარგა ხანს მათ ხარჯზე ცხოვრობდა, რადგან თვითონ არ მუშაობდა, თანაც შვილიც ჰყავდა.

სიყვარულმა ახალი ძალით იფეთქა და ბადრი ისე დააბრმავა მინავლებულმა გრძნობამ, მზად იყო მაიასთვის ყველაფერი ეპატიებინა, ოღონდ აწი მაინც ყოფილიყო მისი ერთგული. მაიამ მისი ცოლობა არ ინდომა. ამის მიზეზად შვილიც დაასახელა - 15 წლის ნიკა გარდატეხის ასაკში იყო და უკვე ხვდებოდა რა ცხოვრების წესითაც ცხოვრობდა დედამისი. დაემუქრა კიდევაც:

- თუ გავიგებ, რომ ისევ გყავს ვინმე, სახლიდან გავიქცევი. იმ შემთხვევაში კი, თუ უბანში ბიჭებმა შენზე რაიმე ცუდი წამომაძახეს, იცოდე თავს მოვიკლავო!..

ბადრიმ პატიოსნად აღიარა ცოლთან, რომ ძველ სიყვარულზე უარს ვერ იტყოდა და თუ მაია ინდომებდა, ცოლადაც შეირთავდა. შეკრა ბარგი და ნაქირავებ ბინაში გადავიდა. შესანიშნავი ხელოსანი იყო, ავტოპროფილაქტორიუმის მფლობელი და ჰქონდა იმისი საშუალება - ოჯახისთვისაც მიეხედა, ბინაც ექირავებინა და საყვარელიც შეენახა... ჰო, სწორედაც საყვარელი: რადგან შვილი მაიას გათხოვების წინააღმდეგი იყო და დედაც მის სურვილს დაემორჩილა...

მაია და ბადრი ნაქირავებ ბინაში ხვდებოდნენ ერთმანეთს და ცდილობდნენ თავიანთი ურთიერთობა სხვებისთვის შეუმჩნეველი ყოფილიყო, მაგრამ ნიკამ მაინც იეჭვა რაღაც და მეგობრებთან ერთად დაუხვდა ქუჩაში. ისე სცემა, კაცი მაშინ საავადმყოფოში მოხვდა და ისევ პირველი ცოლი აკითხავდა:

- მაინც ჩემი შვილების მამაა და შემეცოდაო! - აღიარა ნაირამ, თუმცა, იქვე თვალებგაფართოებულმა შემოგვხედა, - ნუთუ იმ ლაწირაკს შეეძლო ჩემს უბედურ ქმარს ასე გასწორებოდა?!

ასე იყო თუ ისე, სიმართლე უნდა გაგვერკვია. მაია კაპანაძის მისამართი დავადგინეთ და შინ ვეწვიეთ. ქალი სახლში იყო და როცა ვუთხარით, რომ პოლიციიდან ვიყავით, გაფითრდა:

- ნუთუ ისევ ჩემმა შვილმა დააშავა რამე?

- შეეძლო რამის დაშავება? - შევხედე ეჭვით. მისი რეაქციის მიხედვით კი დავრწმუნდი, რომ ბადრი სანოძის მკვლელობის შესახებ არაფერი იცოდა.

- რა ვიცი, 15 წლისაა, რთული ბავშვია. ოჯახი დამენგრა და უმამობას განიცდის!

- ახლა სად არის?

- წესით სკოლაში უნდა იყოს. თუმცა, ხშირად აცდენს, ჩემდა სამარცხვინოდ... მითხარით, რამე დააშავა? - მოგვაცქერდა მუდარით.

სანამ რამეს ვიტყოდი, მურთაზმა - ჩემმა თანაშემწემ ჩანთა გახსნა და იქიდან დანაშაულის ადგილზე ნაპოვნი ვერცხლის სამაჯური ამოიღო. მაიას დაუდო წინ:

- თქვენს კართან ვიპოვეთ, შეიძლება თქვენია...

ქალმა სამაჯური ხელში აიღო:

- კი, ჩემი შვილისაა. ნიკა მას არასოდეს იშორებს, მამამ აჩუქა და თილისმასავით ატარებს.

ერთმანეთს გადავხედეთ. მივხვდით, სწორ კვალს ვადექით და უკვე შეიძლებოდა ბრალის წაყენება:

- წუხელ ბადრი სანოძე, თქვენი საყვარელი, წამებით მოკლეს და ეს სამაჯური სწორედ მკვლელობის ადგილზე ვიპოვეთ. თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ მკვლელობა თქვენმა შვილმა ჩაიდინა. თუმცა, ამას მარტო ვერ შეძლებდა და სხვებიც, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები ჩაითრია საქმეში...

მაიას გული წაუვიდა.

ნიკა გოგაძე ადვილად დავაკავეთ და დიდხანსაც არ გაუწევია წინააღმდეგობა. თუმცა, ის არ აღიარა, რომ კაცი დედასთან სიახლოვის გამო მოკლა: გაძარცვა გვინდოდა, წინააღმდეგობა გაგვიწია. მერე მიცნო და დამემუქრა, რომ პოლიციაში დამასმენდა. მოკლედ, შემოგვაკვდა. რადგან მანამდე დედა გვაგინა, ასეთი სასჯელი მოვიგონეთ მისთვის და ვერც წარმოვიდგენდით, ისე უცებ მოკვდაო!

ნიკამ უარყო, რომ ბადრი სანოძის მკვლელობაში ბევრი თანამოაზრე ჰყავდა. ასახელებდა მხოლოდ ვინმე ზაზას, რომელსაც ვითომ, შემთხვევით შეხვდა და მის შესახებ სახელის გარდა არაფერი იცოდა. საკმაოდ კერკეტი კაკალი აღმოჩნდა - გაჩუმდა და არც ადვოკატს დაელაპარაკა: სათქმელი არაფერი მაქვსო...

მთავარი კი მაინც ისაა, რაც სასამართლო პროცესზე მოხდა: მიუხედავად იმისა, რომ ნიკამ არ დაასახელა ისინი, ვინაც დაეხმარა ბადრი სანოძის წამებისას, ჩვენ რა თქმა უნდა, მკვლელობის თანამონაწილენი მაინც ვიპოვეთ. არც ბევრი გვიწვალია. ერთ-ერთ 14 წლის ბიჭს ისე შეეშინდა, როცა გაიგო, რომ მკვლელობის თანამონაწილე გახდა, მამას გამოუტყდა. მამამ კი ჩვენთან მოიყვანა და სწორედ მან გვიამბო ყველაფერი: როგორ დახვდნენ სამსახურიდან მომავალ ბადრის და "საქმის გასარჩევად" გვერდზე გაყოლა მოსთხოვეს. კაცი მაშინვე გაჰყვა და ცდილობდა შვილისტოლა ბიჭებისთვის აეხსნა, რომ მას გულწრფელად უყვარდა ნიკას დედა, სურდა მისი ცოლად შერთვა, მაგრამ ნიკამ არ მისცა ლაპარაკის გაგრძელების უფლება, ცემა დაუწყო. სხვებიც სცემდნენ. მერე კი, ფაქტობრივად უგონოდ მყოფი გაბაწრეს და მიაბეს ონკანს - ირონიულად მიაძახეს: ცივი წყალი გონზე მოგიყვანსო...

ბიჭმა ისიც გვითხრა, რომ უბანში ყველამ იცოდა ნიკას დედის ამბავი და რომ მას სხვა კაცებიც ჰყავდა, რასაც ნიკა ძლიერ განიცდიდა, თუმცა თანატოლებთან მაინც ცდილობდა დედის გამართლებას - ამბობდა, რომ ბადრი სანოძე დედამისს ავიწროებდა, აშანტაჟებდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მისი დასჯა, - არ მინდოდა, დედაჩემი უპატრონო ჰგონებოდაო!..

სასამართლოზე, ბუნებრივია, ითქვა, რომ მაია კაპანაძე ბადრი სანოძის გარდა სხვა მამაკაცებსაც ხვდებოდა...

ამ დროს დარბაზში ბევრი ხალხი იყო, მათ შორის ნიკას გულშემატკივრებიც. ისინი, ვისგანაც ცდილობდა დედის ცხოვრების წესის დამალვას. წამოხტა და აყვირდა:

- ტყუილია... იტყუებით! - დედაჩემი ასეთ რამეს არ გამიკეთებდა, არა-ა!..

მერე კი, სანამ პოლიციელები აზრზე მოვიდოდნენ და გააკავებდნენ, ჯერ იმ ცხაურს დაუშინა სახე, რომელშიც იჯდა - მერე კი კედელს. ერთიანად დასისხლიანდა. დარბაზიდან რომ გაჰყავდათ, ისტერიკულად ყვიროდა, - იცოდეთ, მაინც არ ვიცოცხლებ თავს, დახვრეტა მომისაჯეთო!

მისთვის ბევრი არ მიუსჯიათ - გარდა იმისა, რომ არასრულწლოვანი იყო, მისი სტრესული მდგომარეობაც გაითვალისწინეს, მაგრამ გისოსებს მიღმა მაინც არ დარჩენილა ორიოდე თვის მეტი. იმდენად დაირცხვინა, რომ დედამისის ამბავი ყველამ გაიგო, თავი ჩამოიხრჩო არასრულწლოვანთა კოლონიაში...