"გუბერნსკის" ბუნტი - 2003, 2006... - კვირის პალიტრა

"გუბერნსკის" ბუნტი - 2003, 2006...

"ვფიქრობ, სასჯელაღსრულების მთავარი სამმართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის დაქვემდებარება ქვეყანაში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელს შეამცირებს, რადგან ასეთ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ვეღარ შეძლებს ოპერატიული ინფორმაციის მოსაპოვებლად ციხე-კოლონიებში შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას; გარდა ამისა, ჩნდება კითხვა, - შეძლებს თუ არა იუსტიციის სამინისტრო გააკონტროლოს სასჯელაღსრულების ადგილები მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამას არაერთი ათეული წელია, წარმატებით ახორციელებს. და თუ ციხეებში ბუნტი დაიწყება?"

კახა თარგამაძე, 1999 წელი, მთავრობის სხდომა

სასჯელაღსრულების მთავარი სამმართველო 1999-2000 წლებში საქართველოში შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს შორის საჯილდაო ქვად იქცა. მომრავლებული ადამიანის უფლებების დამცველი არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე ხმამაღლა საუბრობდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა გაუსაძლის მდგომარეობაზე, იქ მათი ცემა-წამების ფაქტებზე და თითს შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ იშვერდნენ. უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების აზრით, მდგომარეობას სასჯელაღსრულების სისტემის სწრაფი რეფორმირება თუ გამოასწორებდა და მაშინდელ ხელისუფლებას სთხოვდნენ, სასჯელაღსრულების მთავარი სამმართველო იუსტიციის სამინისტროსთვის დაექვემდებარებინათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხედავდა, რომ გემრიელი”ლუკმა ხელიდან ეცლებოდა (იმ დროისთვის ოპერატიული ინფორმაციის გარდა, სამინისტროს ციხე-კოლონიებიდან გვარიანი თანხებიც შესდიოდა და სასჯელაღსრულების მთავარი სამმართველო კრიმინალური პოლიციის შემდეგ ყველაზე "შემომტან" სამსახურად ითვლებოდა).

ცხადი გახდა, რომ ციხეებში კრიმინალურ სამყაროზე გავლენის დაკარგვას პოლიცია არ შეურიგდებოდა, შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე ცდილობდა დაერწმუნებინა პრეზიდენტი შევარდნაძე, რომ მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეეძლო გაეკონტროლებინა"ათასი ჯურის დამნაშავისგან შემდგარი პატიმართა მრავალათასიანი არმია"და საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, ბუნტის დროს) ადგილზე წესრიგი დაემყარებინა.

საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლის გამო საქართველოს პრეზიდენტი იძულებული გახდა, იუსტიციის სამინისტროსთვის სასჯელაღსრულების მთავარი სამმართველო გადაეცა.

სამწუხაროდ, ვერც ახალმა პატრონმა უშველა სასჯელაღსრულების სისტემას. მდგომარეობა უცვლელი დარჩა. ციხე-კოლონიებში მოიმატა მკვლელობებმა, ხოლო კრიმინალური ავტორიტეტები გარე სამყაროს უკვე მეხუთე იზოლატორიდან (ცნობილი "გუბერნსკი") მართავდნენ.

სიტუაცია უკონტროლო გახდა.

2002 წლის ბოლოს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა უკმაყოფილება ვერ დამალა და იუსტიციის მინისტრს როლანდ გილიგაშვილს საჭირო ღონისძიებების გატარება მოსთხოვა...

"2003 წლის 25 იანვარი ჩვეულებრივად გათენდა, სიწყნარე იყო, 8 საათზე "სმენა" იცვლებოდა. როცა დააგვიანეს, საკანში მივხვდით, რომ "შმონი" იწყებოდა და ყველანი ამისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით; თუმცა გაფიქრებაც ვერ მოვასწარით, რომ რკინის გამაყრუებელი გუგუნ-გრუხუნი გაისმა: ყველა საკნის კარს ერთიმეორის მიყოლებით აღებდნენ.

ხმაური იმდენად დიდი იყო, რომ დავიბენით, არ ვიცოდით, რა ხდებოდა, ტელეფონზე დარეკვა ვცადეთ სხვა კორპუსში, მაგრამ ამაოდ... მივხვდით, რომ სიგნალი ჩახშობილი იყო, - იხსენებს ერთ-ერთი განსასჯელი კობა მაზმიშვილი, - 75-ე საკანში არის ე.წ. კაბურა (კედელი, რომელიც  "კანონიერი ქურდების" საკანშიც ჩადის. სწორედ ამ კედლის საშუალებით, სპეციალური ხვრელით იგზავნება წერილები და საჭიროების შემთხვევაში ამ კედლიდან ხდება მიღებული გადაწყვეტილებების გადაძახებით შეტყობინება. - ავტ.).

როდესაც საკანში შემოცვივდნენ, სწორედ კაბურასთან დადგნენ, რომ გადაძახება ვერ მოგვესწრო. გაგვჩხრიკეს ყველა, გვცემეს და კარი გაიკეტეს. როგორც კი გავიდნენ, კაბურასთან მივიჭერით და ვიყვირეთ. მთელმა "გუბერნსკმა" ელვის უსწრაფესად გაიგო მომხდარის შესახებ. პატიმრებმა, რომლებიც პირველად იყვნენ ციხეში, კარზე ბრახუნი დაიწყეს. ამ დროს შიგნით კი არა, გარეთ "რეშოტკაზე" უნდა აბრახუნო, რომ ყველამ გაიგოს. ასე ატყდა "შუმოკი"- ბუნტი.

KvirisPalitra.Geჩვენ არ ვიცოდით, სხვა საკნებში რა ხდებოდა.  გარედან გაგვაგონეს, - შინაგან საქმეთა  სამინისტროს სპეცრაზმი შემოვიდა დამატებითო. დავინახეთ რამდენიმე სატვირთო მანქანა, 200-მდე ნეკნებჩამტვრეულ და დასისხლიანებულ პატიმარს ეგრევე ყრიდნენ მანქანებში  და ციხის საავადმყოფოში გადაჰყავდათ. საავადმყოფოს ეზოში კი ვინც თავის ფეხით შეძლო მანქანიდან გადმოსვლა, სცემეს კიდეც.

ჩვენთან, 75-ე საკანში, ერთი ჩეჩენი ბიჭი იყო, 18-19 წლის იქნებოდა, ისლამი ერქვა, რადგან ჩეჩნები ბევრნი იყვნენ, 88-ე საკანი "იყიდეს" (იმ დროისთვის იზოლატორში საკნის ყიდვა იშვიათობა არ გახლდათ. - ავტ.), გაარემონტეს და იქ იყვნენ. როდესაც სპეცრაზმი მათ საკანში შევიდა, ისეთი წინააღმდეგობა გაუწიეს ჩეჩნებმა, რომ ხელჩართული ჩხუბი ნახევარ საათზე მეტხანს გრძელდებოდა.

რა ხდებოდა იმ დღეს სხვა კორპუსებში, მხოლოდ მეორე დღეს გავიგეთ"...

ოპერაცია დილის 5 საათზე მეორე კორპუსში დაიწყო...

პირველად 49-ე ე.წ. ქურდების საკანში შევიდნენ, სადაც მხოლოდ ერთი - დათო ქურასბედიანი ("წრიპა") იმყოფებოდა ("წრიპა" მოგვიანებით ციხიდან გოგირდის აბანოში მიმავალი დაიჭირეს. - ავტ.). ქურასბედიანს საერთო ("ობშიაკი") და ე.წ. სია მოსთხოვეს (ქურდული კოდექსის თანახმად, სიის გაცემა, რომელშიც "ობშიაკში" ფულის შემტანები არიან დაფიქსირებული, სიცოცხლის ფასადაც არ შეიძლება. - ავტ.) და როდესაც უარი მიიღეს, "წრიპა" ისე სცემეს, რომ დაინვალიდდა. ქურდების საკნიდან საერთო 47.000 ლარი წაიღეს (მოგვიანებით პოლიცია ქურდებს სთავაზობდა, სია მოგვეცით და ფულს დავაბრუნებთო). როდესაც  დანარჩენ კორპუსებში გაიგეს, რაც მოხდა, "შუმოკი" ატყდა, რასაც შემდეგში სხვა კორპუსების "შმონიც" (ჩხრეკა) მოჰყვა.

პატიმრები კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაჰყავდათ საცემრად.

იმ საღამოსვე გაჩნდა კითხვა, - რა ესაქმებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმს იზოლატორის ეზოში. ამბობდნენ, რომ ბუნტი ციხეში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსპირირებული იყო, რათა პრეზიდენტისთვის ეჩვენებინათ, რომ იუსტიციის სამინისტროს სიტუაციის გაკონტროლება არ შეეძლო. მოგვიანებით იუსტიციის მინისტრმა როლანდ გილიგაშვილმა განაცხადა, რომ სიტუაციის გამწვავების შემდეგ მან დახმარებისთვის პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ ციხეებში ბუნტს თითქოს არავინ ელოდა, მაგრამ...

2006 წლის 27 მარტს, გვიან ღამით, ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბაჩო ახალაია მივიდა. მისი ბრძანებით გამოიძახეს პატიმარი ავალიანი და უმოწყალოდ სცემეს, შემდეგ კი საავადმყოფოში მყოფი პატიმრების თვალწინ 78 წლის "კანონიერ ქურდს","ჩაის", ხელი დაარტყეს. როდესაც მას დანარჩენები გამოესარჩლნენ, ინვალიდის ეტლში მჯდომი მალხაზ ზედელაშვილი ეტლიდან გადმოაგდეს და ისე სცემეს. ამ ამბავს ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ხმაური მოჰყვა, რაც მაშინვე გაიგეს მე-5 იზოლატორშიც.

ვახტანგი (ყოფილი პატიმარი): "როდესაც დაიყვირეს "რესბალნიციდან", ქურდებს და ავადმყოფებს სცემენო, იმ წუთშივე კორპუსებში ერთი ამბავი ატყდა. საკნების კარები კი რკინისაა, მაგრამ სიძველის გამო ისეთი არაა, ვერ გატეხო ან ჩამოანგრიო. პატიმრებმა საკნებში საწოლებს რკინის თავები მოაძრეს და იმით გამოანგრიეს საკნები. კორიდორში გამოსულები ნაცნობების საკნებში შევდიოდით და  ერთმანეთს ვეკითხებოდით, რა ვქნათო. საგონებელში იყვნენ კორპუსების "მაყურებლებიც", სხვადასხვა ზონიდან კითხულობდნენ, - დავიწყოთ "შუმოკი" თუ  გავჩერდეთო. "მაყურებლები" ცდილობდნენ, გაერკვიათ, საავადმყოფოში მართლაც სცემეს ქურდები, თუ გადაძახილი იქიდან პროვოკაცია იყო. არეულობა არავის გვაწყობდა.

როდესაც "რესბალნიციდან" დაუდასტურეს, მართლაც დაიძახეს კაბურაში "შუმოკი", და პატიმრებმაც, თუკი ვინმეს რამე გააჩნდა - ჯამი, კოვზი, ტაფა, დაიწყეს "რეშოტკებზე" ბრახუნი, ზოგმა თეთრეულს ცეცხლი მოუკიდა და გარეთ გადმოფინა. როდესაც სპეცრაზმი ეზოში დავინახეთ, დავიწყეთ რეკვა. ზოგი ოჯახში რეკავდა, ზოგი - ჟურნალისტებთან, მეგობრებთან - ციხესთან მოდით, გვიშველეთ, დაგვხოცავენო.

როდესაც სპეცრაზმი კორიდორში გამოჩნდა და სროლა ატეხა, ყველა ცდილობდა, თავის საკნამდე მიეღწია, ან კარღია საკნებში მაინც შევარდნილიყო და ძირს დაწოლილიყო.

სპეცრაზმი ყველა კორპუსში ერთდროულად შევიდა.

ჩვენთან კორიდორში მძიმე სიტუაცია შეიქმნა. ყველა ცდილობდა თავის დაღწევას. ერთი სული გვქონდა, ჩვენს საკნამდე მიგვეღწია. ვისაც ფეხზე მდგომს დაინახავდნენ, ესროდნენ, უმისამართო სროლით, რიკოშეტებით ბევრი დაიჭრა.

ამ დროს სხვა ზონებიდანაც დაიწყეს პატიმრებმა რეკვა შინ, რადგან ფიქრობდნენ, რომ "გუბერნსკის" შემდეგ მათ ზონებში შევიდოდნენ და ყველას ემუდარებოდნენ, მისულიყვნენ მათთან.

ჩვენ უკვე ვერსად ვრეკავდით, რადგან სიგნალი ჩაახშვეს. საკანში რიკოშეტით ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა და ის რომ გაიყვანეს, მერე აღარ შემოსულან; თუმცა გამწარებულებმა კორიდორში, იმ საკნებში, რომლებიც პატიმრებს არც გაუღიათ, "კორმუშკიდან" გადაატარეს ავტომატის ჯერი. რამდენიმე წუთის შემდეგ მეზობელი საკნიდან კვნესა მოგვესმა. მივხვდით, რომ ვიღაც დაჭრილი იყო, თუმცა შიშით ვერ ამბობდა. გარეთ გასვლას ვერ ვახერხებდით. შემდეგ კვნესა შეწყდა.

ეს წუთები ყველაზე მძიმე იყო იქ მყოფთათვის, არ ვიცოდით, ჩვენი ნაცნობებიდან ვინ იყო დაჭრილი ან გარდაცვლილი. ზმუილის შესაკავებლად მუჭს პირში ვიდებდით, არ გვინდოდა, ისედაც გამგელებულ სპეცრაზმელებს ჩვენი ყვირილი გაეგონათ. გვეშინოდა, ჩვენც არ ამოვეხოცეთ.

შემდეგ საკნებში ისევ გამოჩნდნენ სპეცრაზმელები. ამჯერად ზოგიერთ საკანში იარაღი დააწყვეს, ზოგან "შტირები" და დანები, რომლებიც დილით ისევ ჩვენგან "ამოიღეს". მეორე დღეს გავიგეთ, რომ "მაყურებლები" მე-7 იზოლატორში ჩაიყვანეს (ბადრაგიც კი ამბობდა, - ასეთი ნაცემი ჯერ არავინ გვინახავსო), მათთან ერთად ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნაცემი ქურდებიც.

რეპრესიები მთელი კვირა გრძელდებოდა. ღამით გაჰყავდათ პატიმრები და ნაცემებს რამდენიმე საათში საკანში შემოაგდებდნენ ხოლმე, რადგან ფეხით სიარული აღარ შეეძლოთ".

27 მარტის ბუნტი იყო თუ არა წინასწარ მომზადებული?

იმ დროისთვის ყველა იქ მყოფი განსასჯელი ადასტურებს, რომ "ეს იყო სპონტანური,”რადგან როდესაც ჩვენთან (ციხეში) რამე იგეგმება, ყველამ წინასწარ ვიცით, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ. ამ შემთხვევაში კი ეს ისე უეცრად მოხდა, რომ ყველა დაიბნა და არ იცოდა, რა გაეკეთებინა."

ზოგიერთი ვერსიით, ორთაჭალის სისხლიანი ბუნტი (დაიღუპა 9 კაცი, ათეულობით დაიჭრა) ძალოვანი სტრუქტურების მიერ იყო პროვოცირებული. ის, რომ ციხეში ქურდის ცემას აუცილებლად "შუმოკი" მოჰყვება, შეუძლებელია არ სცოდნოდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას და  ამიტომ ქურდების ცემის ფაქტიც შეგნებულად მოხდა. გარდა ამისა, "გუბერნსკის" ყოფილი თანამშრომლები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მე-5 იზოლატორში სპეცრაზმის რამდენიმე ჯგუფი ბაჩო ახალაიას ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შესვლამდე შეიყვანესო.

27 მარტს მე-5 იზოლატორში ერთი   უცნაური ფაქტიც მოხდა: ერთ-ერთ კორპუსში, სადაც, როგორც ამბობენ, სპეცრაზმს ტყვიაც არ უსვრია, საკანში ეროვნებით აზერბაიჯანელი პატიმარი ნახეს გარდაცვლილი. ეს ამბავი იმ დღის მოვლენების ფონზე ალბათ შეუმჩნეველი დარჩებოდა, რომ არა ერთი გარემოება: 2006 წლის იანვარში, მარნეულში, პოლიციამ სპეცოპერაციის დროს დააკავა მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც აზერბაიჯანელი მძღოლი მართავდა.

შემოწმების დროს ავტომანქანაში აღმოჩნდა ქარხნული წესით დამზადებული ჰეროინის  ფილა (დაახლოებიით 3 კგ-მდე წონის). ნარკოტიკი შესაბამისად შეფუთული იყო და ზემოდან ხარისხის ნიშანი - "999" ეწერა, მორიელის ლოგოთი. ჰეროინი, სავარაუდოდ, ირანიდან მოდიოდა (ასეთი მაღალი ხარისხის და ამ რაოდენობის ჰეროინი საქართველოში პირველად გამოჩნდა).

მარნეულის სპეცოპერაციას რამდენიმე დღე აშუქებდნენ საინფორმაციო საშუალებები, სპეციალისტები დაეჭვდნენ, - მავანი ხომ არ ცდილობს ახალი ნარკოარხის გაჭრას, ან ხომ არ იყო ეს შეგნებულად პოლიციისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რათა ყურადღება უფრო დიდ ტვირთს არ მიეპყრო.

გამოძიებისთვის კითხვაზე პასუხი ავტომანქანის მძღოლს უნდა გაეცა. სწორედ ამ ავტომანქანის მძღოლი იპოვეს გარდაცვლილი 27 მარტს იზოლატორის ერთ-ერთ საკანში.

მას შემდეგ გამოძიებამ ვერ შეძლო დაედგინა, საიდან მოდიოდა ნარკოტიკი და ვისთვის იყო განკუთვნილი ის საქართველოში.

P.S. ორიოდე თვეში კი თბილისში ჰეროინის ზედოზირებით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ იმატა. როგორც ამბობდნენ, ეს სარეალიზაციოდ გამოსული უმაღლესი ხარისხის  ირანული წარმოშობის ჰეროინის "დამსახურება" იყო....