ტერორისტი მზესუმზირის ფერმიდან - კვირის პალიტრა

ტერორისტი მზესუმზირის ფერმიდან

"მე სიკვდილის არ მეშინია. მე მოვედი, რათა მოვკვდე. უკან გამომყვება რამდენიმე ჩემი თანამოაზრეც, რომლებიც მზად არიან, ისლამის გულისთვის დაიხოცონ."

ბენ ლადენი

"სალადინის (მეფე, რომელმაც  იერუსალიმი აიღო) შემდეგ ვერც ერთმა მუსლიმანმა ვერ შეძლო თავი დასავლური სამყაროს საპირწონედ დაეყენებინა და ვერც ერთმა მუსლიმანმა ვერ მოახერხა ისეთი განხეთქილება შეეტანა ისლამურ საზოგადოებაში, როგორიც ოსამა ბენ ლადენმა."

გაზეთი "მონდი"

11 სექტემბრის ტერაქტმა ამერიკის შეერთებულ შტატებს თავზარი დასცა. სწორედ მაშინ გაიგო მსოფლიომ ოსამა ბენ ლადენის სახელი, რომელიც მანამდე მხოლოდ დაინტერესებულმა წრეებმა იცოდნენ. ამერიკის ხელისუფლებამ  "ალ-ქაიდას" ლიდერი 11 სექტემბრის ორგანიზებაში დაადანაშაულა და მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტად აღიარა. ყველას აინტერესებდა, - ვინ იყო ის კაცი, რომელმაც ერთი ხელის მოსმით მსოფლიოს ზესახელმწიფოს უსაფრთხოება საეჭვო გახადა.

ოსამა ბენ მუჰამედ ბენ ავად ბენ ლადენი დაიბადა 1957 წლის 10 მარტს საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ რიადის ფეშენებელურ კვარტალში (მეორე ვერსიით  - ქალაქ ჯიდაში), ბენ ლადენის მამა იემენელი იყო. ქონება  საუდის არაბეთში სამშენებლო ბიზნესით იშოვა და იმ დროისთვის რამდენიმე ასეული მილიონი ჰქონდა. მშობლები მალე გაიყარნენ და ოსამა დედასთან და მამინაცვალთან იზრდებოდა.1967 წელს (სხვა ვერსიებით - 1968, 1970) ბენ ლადენის მამა ავიაკატასტროფაში დაიღუპა და მისი ერთადერთი ვაჟი, ოსამა 250-მილიონიანი ქონების მემკვიდრე გახდა.

ბავშვობაში უსამას ძალიან უყვარდა ფეხბურთის თამაში (ბოლო დრომდე იგი ინგლისის "არსენალს" გულშემატკივრობდა. - ავტ.), პიკნიკებზე სიარული და ვესტერნების ყურება.

მისი ბავშვობის მეგობარი ხალიფ ბატარფი იგონებს: "ამბობდა, მხოლოდ კოვბოურ ფილმებში აჩვენებენ ჩაცმულ ქალებსო. ეზოში ფეხბურთის თამაშისას, რადგან ყველაზე მაღალი იყო, თავურს მარჯვედ ურტყამდა. ყოველთვის ცდილობდა, კონფლიქტი თავიდან აერიდებინა. შემომწყრალ მეგობარს პირველი ურიგდებოდა. ლიდერი კი იყო, მაგრამ ძალიან მოკრძალებულად იქცეოდა. თუ მის გუნდს უბანში სხვა კაპიტანი ჰყავდა, ის ყოველთვის ემორჩილებოდა მას".

ოსამა ბენ ლადენი ისევე, როგორც სხვა მდიდარ არაბთა მემკვიდრეები, ალბათ მთელ  სიცოცხლეს სასახლეებსა და ლიმუზინებში გალევდა, რომ არა ერთი საბედისწერო შეხვედრა: უნივერსიტეტში მან შემთხვევით გაიცნო ისლამური ჯიჰადის იდეოლოგი აბდულ აზამი, რომელიც მოგვიანებით მისი სულიერი მოძღვარი გახდა.

1978 წელს, ავღანეთში, აპრილის რევოლუციის შემდეგ, მარქსისტულ-ლენინური იდეებით შეპყობილმა ახალმა ხელისუფლებამ დახმარება საბჭოთა კავშირს სთხოვა და მეორე წელიწადს საბჭოთა ჯარები ავღანეთში შევიდნენ. ომმა ქვეყანაში რელიგიური ხასიათი მიიღო. დამხობილი ხელისუფლების დასახმარებლად მუსლიმანური ქვეყნებიდან ათასობით მოხალისე დაიძრა. ახალუნივერსიტეტდამთავრებული ოსამა ავღანეთში, ქალაქ პეშევარში, 2000 მეომარს ჩაუდგა სათავეში.

ავღანეთმა მას სასტიკი მეომრის სახელი და, რა თქმა უნდა, დიდი ფული მოუტანა. "ავღანეთიდან ძალიან შეცვლილი დაბრუნდა. უფრო თავდაჯერებული მომეჩვენა. ჩანდა, კარგი მეომარი დამდგარიყო. გულანთებული გვიყვებოდა ავღანეთში ისლამის გმირებზე და მოგვიწოდებდა, ჩვენც მოხალისეებად წავსულიყავით", - იხსენებს მისი მეგობარი ხალიფ ბატარფი.

ავღანეთიდან დაბრუნებულმა ააშენა სამი სამხედრო ბანაკი, დაიწყო მოხალისეების მომზადება და შემდეგ ომში გაშვება. 1989 წელს საბჭოთა ჯარებმა დატოვეს ავღანეთი. ოსამა საუდის არაბეთში დაბრუნდა და ბიზნესს მიჰყო ხელი. 1991 წელს, როდესაც სადამ ჰუსეინი ქუვეითში შეიჭრა, საუდის არაბეთმა ამერიკელებს დახმარება შესთავაზა. როდესაც ისინი "უდაბნოს ქარიშხლისთვის" ემზადებოდნენ, ბენ ლადენმა საჯაროდ განაცხადა, რომ ვერ აიტანდა ამდენი ურჯულოს ყოფნას წმინდა მიწაზე.

ამის გამო ის სამშობლოდან გააძევეს, ისლამისტი ფუნდამენტალისტების ლიდერი სუდანში გადავიდა, ფერმა იყიდა, მზესუმზირა მოჰყავდა და მოსავალს იტალიაში გზავნიდა.  სწორედ მზესუმზირის ფერმაში იშვა გაერთიანებული ისლამური სახელმწიფოს შექმნის იდეა, რომელსაც 50 ქვეყანა უნდა გაეერთიანებინა; მათ შორის იგულისხმებოდა სომხეთი და მთელი კავკასია. შემდეგ მიიერთებდა ამერიკის კონტინენტს, ავსტრალიას და 2100 წელს დედამიწაზე მხოლოდ ერთი - ისლამური სახელმწიფო იქნებოდა, დედაქალაქი - ელ რიადი. "მე არ მაქვს ამბიცია, გავხდე ყველა  მუსლიმანის ამ დიდი ოცნების აღმასრულებელი. ჩემი დანიშნულებაა, რადიკალურ ძალთაA გაერთიანებით მოვამზადო მსოფლიო ისლამის ლიდერის მოსვლისთვის", - განაცხადა ოსამა ბენ ლადენმა.

1996 წელს მან დატოვა ფერმა და 400 მებრძოლთან ერთად ავღანეთში, პეშევარში გადავიდა; შემდეგ მოძრაობა "თალიბანს" შეუერთდა. ბენ ლადენის შტაბი, მაზდანკას ქვაბულთა კომპლექსში, აღჭურვილი იყო უახლესი საკომუნიკაციო სისტემებით. ყანდაარელთა თქმით, ის ქალაქში გვიან გამოჩნდებოდა ჯავშანმანქანით. მისი დაცვის წევრებს, მოულოდნელი საჰაერო თავდასხმის შემთხვევისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, სტინგერებიც ბლომად ჰქონდათ.

"ჩვენი მამა, ოსამა ბენ ლადენი, ამერიკისთვის მკვლელია, ჩვენთვის კი წმინდათაწმიდა. ის ჭეშმარიტი მუსლიმანია, თხრის ჭებს, ყიდულობს ბავშვებისთვის წამალს, ქალებს საჭმელს ურიგებს. ჩვენ სიცოცხლეს გავწირავთ მისთვის", - ამბობდა ხალხი.

ოსამამ დააფინანსა სომალელი მებრძოლები ამერიკისა და გაეროს ჯარებთან საბრძოლველად. 1996 წელს გამოაქვეყნა ფატვა (წერილი-მოწოდება, რომლის დაწერაც მხოლოდ დიდ ავტორიტეტებს შეუძლიათ) და მუსლიმანებს მოუწოდა, დაეხოცათ ამერიკელი სამხედროები საუდის არაბეთსა და სომალიში. 1998 წლის  7 აგვისტოს, ელ რიადში ამერიკელი სამხედროების გამოჩენიდან 8 წლის თავზე, ნაირობისა (კენია) და ტანზანიაში, ამერიკის საელჩოებთან განხორციელდა ტერორისტული აქტები.

მხოლოდ ნაირობიში დაიღუპა 213 კაცი და 5000 დაიჭრა. ამ ტერაქტებით შოკირებულმა ამერიკის ხელისუფლებამ ბენ ლადენი ნომერ პირველ ტერორისტად გამოაცხადა. 1998 წელს ბენ ლადენმა მეორე ფატვა გამოაქვეყნა, სადაც ყველა მუსლიმანს, ამერიკელი სამხედროების გარდა, სამოქალაქო პირების დასახოცად მოუწოდებდა: "ჩვენ არ განვასხვავებთ სამხედროფორმიანებს სამოქალაქო ტანსაცმლით მოსიარულე ადამიანებისგან. ორივე ჩვენთვის მოსიარულე სამიზნეა. როდესაც ამერიკამ ჰიროსიმა და ნაგასაკი დაბომბა, სამხედრო მშვიდობიანი მოსახლეობისგან არ განურჩევია."

"როდესაც  ოსამას ანტიამერიკული განწყობა შევამჩნიე, ძალიან გამიკვირდა. ვფიქრობდი, ამის მიზეზი ის ხომ არ არის, რომ სუდანიდან გამოძევებული გამოქვაბულებში ცხოვრობდა, ან როდესაც რუსებს ემალებოდა, მისი სიცოცხლე მუდამ ბეწვზე ეკიდა, ან იმიტომ ხომ არა, რომ ვერ ნახულობდა დედას, რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა. ამ შეჭირვების დროს გამოჩნდნენ ეგვიპტელები (მუსლიმანთა საძმოს იდეოლოგები) და უთხრეს, - იმაში, რაც შენ გჭირს, დამნაშავე ამერიკელები არიანო", - წერს ხალიფ ბატარფი.

1998 წელს ამერიკელმა სამხედროებმა შეიტყვეს, რომ ბენ ლადენი თავს აფარებდა ავღანეთში, თორა-ბორას მთებს და იქაურობა დაბომბეს. ოსამამ მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ პაკისტანის დაზვერვის სამსახურიდან საიდუმლო წერილით გაიგო და ამერიკელთა თავდასხმამდე ორი საათით ადრე დატოვა თავშესაფარი.

2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ბენ ლადენზე ნადირობა ათეულობით სახელმწიფომ დაიწყო.

11 სექტემბრის ტერაქტის საქმეში საქართველოს სახელმა ერთობ უცნაურად გაიჟღერა. ცბს ნეწს-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების სამსახურმა გაშიფრა სატელეფონო საუბარი, რომელიც 11 სექტემბერს პენტაგონზე თვითმფრინავის შეჯახებიდან 15 წუთში დაფიქსირდა. ბენ ლადენის უახლოესი თანამოაზრე საქართველოში ვიღაცას ესაუბრებოდა. "კარგი ამბავია, - აცნობა ქართველ აბონენტს, - რიგში მომდევნო სამიზნეა." ამ სკანდალურ ინფორმაციას მაშინდელმა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ "თითიდან გამოწოვილი" უწოდა, თუმცა ამბობდნენ, ბენ ლადენის მეგობარი ხატაბი, რამდენიმე ჩეჩენ მებრძოლთან ერთად, თავს პანკისს აფარებსო.

პირველად ბენ ლადენი 2001 წლის დეკემბერში "მოკლეს", როდესაც ამერიკელებმა თორა-ბორას მთებზე მეორედ მიიტანეს იერიში, თუმცა ინფორმაცია არ დადასტურდა.

ერთ-ერთმა გავლენიანმა სამხედრო დიდჩინოსანმა სტივ პეჩენიკმა 2002 წლის აპრილში ერთ-ერთ ტელეშოუში განაცხადა, რომ ბენ ლადენი მართლაც მკვდარი იყო და ამერიკის ხელისუფლება შესაფერის დროს ელოდებოდა, საზოგადოებისთვის ტერორისტის გვამის წარსადგენად.

2006 წლის 23 სექტემბერს საუდის არაბეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ცნობა - ბენ ლადენი პაკისტანში 23 აგვისტოს ტიფით გარდაიცვალაო. 2007 წლის 2 ნოემბერს პაკისტანის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბენაზირ ბჰუტომ განაცხადა, - ბენ ლადენი ტერორისტმა ომარ შეიხმა მოკლაო.

ყოველი ახალი გარდაცვალების შემდეგ ოსამა ბენ ლადენი ამერიკას ახალ-ახალ მუქარის წერილებს უგზავნიდა. პაკისტანელი ჟურნალისტი ჰაზიმ მირი, რომელიც ოსამა ბენ ლადენის ბიოგრაფად ითვლება, წერდა, - "ახლა  შემიძლია ვთქვა, რომ ბენ ლადენი არ იბრძვის ისლამისთვის. მისი მთავარი მიზანი ამერიკასთან ომია. მისი საფიქრალი მხოლოდ ამერიკის განადგურებაა".

ოსამა ბენ ლადენის ადგილსამყოფლის გაცემისთვის ჯილდო, ზოგიერთი მონაცემით,  მლრდ დოლარამდე გაიზარდა. "ალ-ქაიდაში" 70 ათასამდე გაწვრთნილი მეომარია, მისი ბიუჯეტი 6 მლრდ დოლარს აღწევს, გუანტანამოს ტუსაღები ჰყვებოდნენ, რომ "ალ-ქაიდა" უკვე ფლობდა ბირთვულ იარაღს, რომელსაც იმ შემთხვევაში გამოიყენებდა, თუ ოსამა ბენ ლადენს ტყვედ ჩაიგდებდნენ ან მოკლავდნენ.

მსოფლიოს ნომერი პირველი ტერორისტი "თეთრი ჯიჰადის" შემდეგ (ასე უწოდებდა ჰეროინს და ფიქრობდა, რომ ნარკოტიკი ურჯულოთა გასანადგურებლად საუცხოო იარაღია) "ქიმიური ჯიჰადისთვის" ემზადებოდა. როგორც მისი ვაჟი ომარ ბენ ლადენი ამბობს, მამამისი ხშირად ცდიდა ნერვო-პარალიტიკულ გაზს ძაღლებზე.

ორიოდე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეგვიპტის ციხიდან გაიქცა ოსამა ბენ ლადენის მკურნალი ექიმი, "ალ-ქაიდას" ქიმიური ექსპერტი და მომავალში "ქიმიური ჯიჰადის" ორგანიზატორი რამზა მუვაფი. იგი 2007 წელს დაიჭირეს ეგვიპტეში და 31 წელი მიუსაჯეს. ეგვიპტეში რევოლუციის დროს ციხე რამდენიმე ათეულმა საშიშმა პატიმარმა დატოვა, მათ შორის იყო ბენ ლადენის მკურნალი ექიმიც. ამჟამად მუვაფის ადგილსამყოფელი უცნობია.

აშშ-ში ბევრს წერდნენ ხელისუფლებისა და ოსამა ბენ ლადენის კავშირებზე, კინოდოკუმენტალისტმა მაიკლ მურმა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ფრიად უხერხული კითხვები დაუსვა: - მართალია, რომ "ნიუ-იორკ ტაიმსის" ინფორმაციით, თქვენს პირველ ნავთობკომპანიას, საუდის არაბეთში (1973 წ.), ნაწილობრივ ბენ ლადენის ოჯახი აფინანსებდა. ასევე ეს ოჯახი დებდა ფულს ბუში-უფროსის კომპანიაში, რომელიც დაკავშირებული იყო აშშ სამხედრო მრეწველობასთან?

პასუხი არავის გაუცია. უპასუხოდ დარჩა მეორე კითხვაც: - "თაიმსის" ინფორმაციით, თქვენ უფლება მიეცით საუდის არაბეთის კერძო თვითმფრინავს, გადმოელახა აშშ-ის საზღვარი და ბენ ლადენის მრავალრიცხოვანი ნათესაობა ქვეყნიდან გაეყვანა. ეს მაშინ, როდესაც 11 სექტემბრის ტრაგედია სამიოდე კვირის მომხდარი იყო, შოკირებული ამერიკელი ხალხი თანაგრძნობას ელოდა. თქვენ კი ამ დროს ტერორისტის ნათესავების ჯანმრთელობით დაინტერესდით.

ოსამა ბენ ლადენის ანდერძი, რომელიც  ერთ-ერთმა ქუვეითურმა გაზეთმა  2001 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა, ასე იწყებოდა: "მე აუცილებლად მომკლავენ. ეს ჩემი უახლოესი გარემოცვიდან გატანილი ინფორმაციით მოხდება."ბენ ლადენის წინასწარმეტყველება ახდა. ის 2011 წლის 2 მაისს გამთენიისას, პაკისტანის ქალაქ აბოთაბადში ამერიკელმა "ზღვის ლომებმა" მოკლეს სპეცოპერაციისას, თუმცა მუსლიმანურ სამყაროს მომხდარის დაჯერება არ უნდა:

"ო, ალაჰ, ისე გააკეთე, რომ ეს ამბავი ტყუილი იყოს. ალაჰმა დაგწყევლოს, ობამა! ამერიკა ბურდაბად ("სიკვდილი ამერიკას")! - გაისმის არაბულ ფორუმებზე. მსოფლიოს მილიონობით ადამიანი კი ფიქრობს, რომ ბენ ლადენის სიკვდილით სისხლიანი ტერორის ეპოქა დასრულდება, თუმცა ამბობენ, რომ აიმან აზ ზავაჰირს ("ალ-ქაიდას" ლიდერი) ჯერ თავისი სიტყვა არ უთქვამს.

2001 წელი, 11 სექტემბერი

2001 წლის 11 სექტემბერს,  დაახლოებით 12 საათზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ტერორისტ თვითმკვლელთა ოთხმა ჯგუფმა ჰაერში მძევლად აიყვანა 4 თვითმფრინავი, რომლებიც ქვეყნის შიგნით სხვადასხვა რეისს ასრულებდნენ. ორი დატყვევებული თვითმფრინავის სამიზნე ნიუ-იორკის ტყუპი ცათამბჯენი - მსოფლიო სავაჭრო ცენტრი გახდა.

შეჯახებამ ტყუპი დაანგრია, მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დაეჯახა, ხოლო მეოთხე პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა. ტერორისტული იერიშის შედეგად 19 ტერორისტის გარდა, დაიღუპა 2974 კაცი - უმრავლესობა სამოქალაქო პირი იყო. 24 - უკვალოდ დაიკარგა.