"გასროლის ხმა არავის გაუგონია. ვერც გურამი მიხვდა უცებ, რა მოუვიდა პატარძალს, რომელმაც თავი მოწყვეტით ჩამოაგდო... თვითონაც ტკივილი იგრძნო მკერდში" - მომაკვდავი მკვლელის აღსარება - კვირის პალიტრა

"გასროლის ხმა არავის გაუგონია. ვერც გურამი მიხვდა უცებ, რა მოუვიდა პატარძალს, რომელმაც თავი მოწყვეტით ჩამოაგდო... თვითონაც ტკივილი იგრძნო მკერდში" - მომაკვდავი მკვლელის აღსარება

ტრაგედია, რომელზეც მინდა გიამბოთ, ათეული წლების წინ მოხდა, მაგრამ როგორც გაირკვა, ფესვები ბევრად უფრო შორეულ წარსულში ჰქონდა და დრომ შურისძიების სურვილი მხოლოდ გაამძაფრა...

ყოფილი გამომძიებელი, ბატონი ბიძინა მეტრეველი კიდევ ერთ კრიმინალურ ამბავს იხსენებს:

- ყოველი საქმე ტკივილთან, შეცდომებთან და ბოლომდე გაუმხელელ სიმართლესთანაა დაკავშირებული. ახლობლები დამნაშავის რეაბილიტაციის მიზნით სულ სხვა ვერსიებს ავრცელებენ მომხდართან დაკავშირებით და ალბათ, ამის ახსნაც შეიძლება - ძნელია დამნაშავის (მით უფრო მკვლელის!) მშობელი, შვილი, დედმამიშვილი გერქვას...

...ვასაძეებმა ერთადერთი ვაჟი დააქორწინეს და ლამის ნახევარი ქალაქი დაპატიჟეს ქორწილში (გვარ-სახელები შეცვლილია). მრავალრიცხოვანი ნათესაობა კი თითქმის მთელი საქართველოდან შეკრიბეს.

გურამ ვასაძე ოჯახის ნებიერი იყო. მშობლები ყველა სურვილს უსრულებდნენ. მანქანა ჯერ კიდევ მოსწავლეს უყიდეს. სკოლის დამთავრების პირველივე წელს მოაწყვეს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ჯერ კიდევ მესამეკურსელი მოვიდა პრაქტიკაზე ჩვენს განყოფილებაში. ვისთანაც მუშაობდა, მისგან ვიცოდი, რომ ნიჭიერი ბიჭი იყო. ისიც ვუთხარით, რომ მომავალში სიამოვნებით ავიყვანდით ჩვენთან სამსახურში, თუ თვითონაც ისურვებდა. ბევრი მეგობარი ჰყავდა და ბევრ გოგოსაც მოსწონდა, მაგრამ დაქორწინებას არ ჩქარობდა. 25 წლისას უკვე დონ ჟუანს ეძახდნენ...

მშობლებმა, როგორც იქნა, დაითანხმეს და ქალაქში ცნობილი ოჯახის შვილი, 17 წლის ეთერი გაურიგეს, რომელიც იმ ზაფხულს სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი გახდა. ქორწილში გურამმა ჩვენი განყოფილების რამდენიმე გამომძიებელიც მიგვიწვია. მიუხედავად იმისა, რომ სხვა სისტემაში მუშაობდა, მაინც გვემეგობრებოდა...

ულამაზესი ნეფე-პატარძალი იყო. ცეკვაც მოუხდათ, ერთად დგომაც. გრძელი სეფის თავში (მაშინ საქორწინო დარბაზები ჯერ კიდევ არ იყო მოდაში!) რომ დასხდნენ, მექორწილენი თვალს ვერ სწყვეტდნენ.

საერთო მხიარულებასა და ხმაურში გასროლის ხმა არავის გაუგონია. ვერც გურამი მიხვდა უცებ, რა მოუვიდა პატარძალს, რომელმაც თავი მოწყვეტით ჩამოაგდო და გვერდზე გადავარდა. ის იყო, პატარძალს უნდა მივარდნოდა, რომ მკერდში ტკივილი იგრძნო, უკან გადაიზნიქა და მისი თეთრი პერანგის გულისპირზე სისხლმა გამოჟონა...

გამაყრუებელი წივილ-კივილი ატყდა. გამომძიებლებმა მაშინვე იარაღი დავაძვრეთ და სეფის უკან გავცვივდით, რადგან გასროლა აშკარად იქიდან მოხდა, მაგრამ საეჭვო ვერავინ შევნიშნეთ. არც რამე ნიშანი ჩანდა, რაც კვალს აგვაღებინებდა... როცა სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოვიდა, ნეფე-პატარძალს სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. ერთისთვის კეფა გაეხვრიტა დამიზნებით ნასროლ ტყვიას, მეორეს კი პირდაპირ გულში მოხვედროდა...

დიდი ლხინი დიდმა უბედურებამ შეცვალა. ყველა გაოგნებული იყო. ვინც კი დავკითხეთ, ვერავინ გაიხსენა, რომ გურამს ვინმესთან სერიოზული კონფლიქტი ჰქონოდა...

ისევ გურამის დედამ, ქალბატონმა ევამ მოგვცა თითქოს ხელჩასაჭიდი ძაფი. შვილის ცხედართან მდუმარედ მჯდომს, თითქოს ცნობიერება დაუბრუნდა და აკივლდა:

- იმან... იმ უნამუსო ქალმა დამიღუპა შვილი. იმან არ აპატია სხვაზე დაქორწინება!

იმ წუთში ამაზე მეტი ვერაფერი ვათქმევინეთ უბედურ დედას, ისევ აერია რეალობა და ილუზია ერთმანეთში. მხოლოდ დაკრძალვის შემდეგ მოახერხა ჩვენების მიცემა.

- შეუძლებელია ჩემს შვილს სხვა მტერი ჰყოლოდა, მხოლოდ იზა ჯაჭვაძე დაემუქრა, რომ არ შეარჩენდა მის მიტოვებას. ჩემს შვილამდე უამრავი მამაკაცი ყოფილა მის ლოგინში, მაგრამ რომ დაფეხმძიმდა, მაინცდამაინც გურამს მოსთხოვა თავისი შვილის მამობა ეღიარებინა. დაახლოებით ერთი წლის წინ ჩემთანაც მოვიდა. 5-6 თვის ფეხმძიმე იქნებოდა, სცადა დავერწმუნებინე, რომ ჩემს შვილიშვილს ატარებდა მუცლით, მაგრამ არც მოვუსმინე:

- თუ გურამი ამბობს, რომ მისი შვილი არ არის, არც მე შემიძლია დაჯერება. თუ ჩემი შვილი იტყვის, რომ ბავშვი მისია, მზად ვარ ყველაფერზე თვალი დავხუჭო-მეთქი...

- ისეთ რამეს გავაკეთებ, სანანებელს გაგიხდითო! - დამემუქრა და წავიდა. ჰოდა, დაგვაქცია კიდევაც! - ევა ვასაძე დარწმუნებული იყო, რომ შვილი იზა ჯაჭვაძემ მოუკლა.

რადგან სახელი და გვარი ვიცოდით, ქალის პოვნა არ გაგვჭირვებია. შინ ერთ-ერთ კრიმინალურ ავტორიტეტთან ერთად დაგვხვდა, რომელიც ქმრად გაგვაცნო და კიდევ უფრო გაგვიღრმავდა ეჭვი, რომ გურამ ვასაძე მისი შურისძიების მსხვერპლი გახდა. პირდაპირ არ წაგვიყენებია ბრალი, მაგრამ როცა საქმის ვითარება გავაცანით, ვაგრძნობინეთ, რომ მასთან ტყუილად არ მივსულვართ...

პირველად ვაჟა დევიძემ გვიპასუხა:

- მე საქართველოში არ ვმუშაობ, უფროსო და თან, არც მკვლელი ვარ, კარგად იცით... იზაზეც პასუხს ვაგებ! ის ნაბიჭვარი ვასაძე არც გახსენებია კარგა ხანია, მისი სიკვდილის ამბავიც მე გავაგებინე!

- თქვენ მას დაემუქრეთ, როცა ფეხმძიმე მიგატოვათ და ამის მოწმე დედამისია! - თვალებში ჩავხედე ქალს, მაგრამ არც შემცბარა:

- დავემუქრე და შევუსრულე კიდევაც მუქარა. ის ბავშვი მართლა მისი შვილი იყო. ულამაზესი ბიჭი გავაჩინე და სამშობიაროდანვე გავყიდე. ძალიანაც მოინდომებენ ახლა მის პოვნას და დაბრუნებას, მაგრამ სიკვდილის შიშითაც ვერ მათქმევინებენ, სად არის ბიჭი... გურამის მოკვლა რაში მჭირდებოდა, მით უმეტეს, რომ მე მასზე ადრე შევქმენი ოჯახი და ის აღარაფერში მჭირდებოდა?!

ძალიან ვეცადეთ, მაგრამ ვერაფერი ვნახეთ ისეთი, რომ იზა ჯაჭვაძის წინააღმდეგ სამხილად გამოგვეყენებინა. ერთი ალიბიც აღმოაჩნდათ - ქორწილის დღეს ის და მისი ე.წ. ქმარი ბათუმში იყვნენ, კიდევ ერთი კრიმინალური ავტორიტეტის ბავშვის ნათლობაზე. ეს ფაქტი იმ მღვდელმაც დაადასტურა, ვინც ნათლობის რიტუალი აღასრულა.

მოკლედ, ვერანაირ კვალს ვერ მივაგენით და ალბათ, ეს საქმე გაუხსნელი დარჩებოდა, რომ არა მეორე კრიმინალური შემთხვევა. ჩვენი პოლიციელები უნივერმაღის ძარცვისას წაადგნენ თავს დამნაშავეებს და როცა მათ წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, ცეცხლი გაუხსნეს. ერთი მძარცველი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაიჭრა. მას ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა და გონზე მოსულმა გამომძიებელთან მოითხოვა საუბარი. ეგონათ თავის გაქცეულ თანამზრახველზე იტყოდა რამეს, მაგრამ მოულოდნელად, გურამ ვასაძისა და მისი საცოლის მკვლელობა აღიარა. რადგან ამ საქმეს მე ვიძიებდი, სასწრაფოდ გამომიძახეს...

მომაკვდავი 27 წლის გიზო ცხვედაძე აღმოჩნდა: - დაბადებიდან უარმყო დედამ. ის მამაჩემს მოუტაცებია და ძალდატანებით დაუმორჩილებია. ამ ძალადობის ნაყოფი ვარ. დედამ სამშობიაროშივე მიმატოვა და გაიქცა. უძებნია მამაჩემს, მაგრამ მისი კვალისთვისაც ვერსად მიუგნია თურმე. მამამ ჩვილ ბავშვთა სახლში ჩამაბარა, თან არც გაშვილების უფლება მისცა ექიმებს. იქიდან უპატრონო ბავშვთა სახლში მოვხვდი. აღარ მოგიყვებით იმ აუტანელ ყოფაზე, რაც იქ გადავიტანე. პირველად 9 წლისა გავიქეცი. დამაბრუნეს და ასე რამდენჯერმე... საბოლოოდ კი ქურდად და მკვლელად ვიქეცი!..

- ამასთან რა საერთო აქვს გურამ ვასაძეს?! - ერთმანეთს ვერ დავუკავშირე მოვლენები.

- გურამი ჩემი უმცროსი ძმაა, დედამისი ევა კი ის ქალი, ვინც სამშობიაროშივე მიმატოვა. მალე გათხოვდა და წუთითაც არ შეუწუხებია თავი ჩემზე დარდით...

გაოგნებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს: ევა ვასაძეზე ასეთი რამის წარმოდგენა შეუძლებელი იყო. ქალაქში ცნობილი და ყველასგან დაფასებული ქალბატონი გახლდათ...

- 19 წლის ვიყავი, როცა გავიგე, ვინც იყო დედაჩემი და სახლში მივაკითხე. როცა ვუთხარი ვინც ვიყავი, გაფითრდა და ცივად მითხრა, - მე ერთადერთი შვილი მყავსო! და ცხვირწინ მომიხურა კარი... მაშინ კიდევ არ ვიყავი ასეთ ურჩხულად ქცეული და დედის სითბოს შეეძლო ჩემი შეჩერება...

ამ შემთხვევიდან 8 წელია გასული და იმდენი საშინელება შემემთხვა, თავიდან ევას მოკვლა მინდოდა... მაგრამ მერე უფრო მეტად მომინდა მისი გამწარება და... ამიტომ მოვუკალი ის შვილი, ვისზეც მზე და მთვარე ამოსდიოდა. სეფის ჭუჭრუტანიდან ვესროლე ორივეს და სწრაფად მივიმალე... მომხდარს არ ვნანობ... სხვათა შორის, მამაჩემს ცოდვამ უწია და რამდენიმე წლის წინ საშინელი ავარიის მსხვერპლი გახდა, თორემ იმასაც არ ვაცოცხლებდი...

გიზო ცხვედაძეს იმავე საღამოს მეორე ოპერაცია გაუკეთეს და... საოპერაციო მაგიდაზე დალია სული. შესაბამისად, გურამ ვასაძისა და მისი ცოლის მკვლელობისთვის არავინ დასჯილა, თუ არ ჩავთვლით ევა ვასაძეს. სიმართლის გამჟღავნების შემდეგ, მისი წარსულით შეძრული ოჯახის მამა სახლიდან წავიდა. ევას რამდენიმე თვეში ინსულტი მოუვიდა და სამი დღის გარდაცვლილი იპოვეს მეზობლებმა...