ლისტევის მკვლელობა გახსნილია - კვირის პალიტრა

ლისტევის მკვლელობა გახსნილია

ვლადისლავ ლისტევი: - მაინც საიდან გაჩნდა ჩვენთვის ასე მიუღებელი მოვლენა შეკვეთილი მკვლელობები?

გენერალი: - ბურჟუაზიული დასავლეთიდან. იქიდან შემოდის ეს ვიდეოფილმები.

გადაცემა "თემა," 1994 წ.

"სამწუხაროდ,  ყველა დანაშაული არ იხსნება. ისინი, როგორც წესი, ცხელ კვალზე”უნდა გაიხსნას. მე ვიცი, რომ გამომძიებლები მუშაობენ და თანაც კეთილსინდისიერად, მაგრამ თქმა იმისა, რომ ლისტევის მკვლელობის საქმე გაიხსნება, არ შემიძლია."

ვლადიმირ უსტინოვი, რუსეთის გენერალური პროკურორი, 2005 წ.

გასული საუკუნის 90-იან წლებში სახელმწიფო ქონების საყოველთაო პრივატიზაციის პერიოდში, საბჭოთა კავშირის I არხის მემკვიდრე, რუსეთის ყველაზე მასობრივი ტელეარხი "ოსტანკინო" იყო. როგორც სხვა დანარჩენ საბჭოურ საწარმოებში, აქაც  არსებობდა "შავი ხვრელები" - ტელეარხი რეკლამიდან შემოსული თანხის მცირე ნაწილს იღებდა, დიდი ნაწილი კი სარეკლამო სააგენტოების  ანგარიშზე ილექებოდა. "ეს იყო ოქროს წვიმა, რომელიც ციდან მოდიოდა. შენ მხოლოდ ჯამი უნდა შეგეშვირა და აქეთ-იქით გერბინა...

KvirisPalitra.Geეს ძალიან მსუყე ნამცხვარი გახლდათ, რომელიც  ტელეარხის და, მით უმეტეს, სახელმწიფოს პირამდე არ მიდიოდა”(ვლ. სკურატოვი, "ვინ მოკლა ვლადი")."ოსტანკინოს" კონტროლის ხელში ჩასაგდებად მრავალი დაჯგუფება იბრძოდა, მათ შორის რუსეთის კრიმინალური სინდიკატებიც.  საბოლოოდ, ტელეარხის სარეკლამო ბაზარი სერგეი ლისოვსკის (ბიზნესმენი სოლნცევოს კრიმინალური დაჯგუფებიდან. - ავტ.) სააგენტომ, PREMIER SV-მ, ჩაიგდო ხელში. მისთვის კონკურენციის გაწევას რამდენიმე, შედარებით მცირე სარეკლამო სააგენტო ცდილობდა. მათ შორის ჟურნალისტ ვლადისლავ ლისტევის ИНТЕР-ВИД-ი. ტელეარხზე სიტუაციის შეცვლას ამაოდ ცდილობდნენ ტელევიზიის მოღვაწეები და ბიზნესმენები.

მაგრამ ეს მხოლოდ ერთმა - პრეზიდენტ  ბორის ელცინთან დაახლოებულმა ოლიგარქმა ბორის ბერეზოვსკიმ შეძლო. მან ხელისუფლებას არხის აქციონირება  და მის ბაზაზე რუსეთის ახალი საზოგადოებრივი მაუწყებლის (ОРТ) შექმნა შესთავაზა (სიტყვა "საზოგადოებრივი" თვალის ასახვევად სჭირდებოდათ, რუსეთში ბრიტანული BBC-ის ანალოგის შექმნას არავინ ფიქრობდა. - ავტ.) ახალი ტელეარხის საკონტროლო პაკეტს - 51%-ს სახელმწიფო ფლობდა. არხის მეწილეები ოლიგარქები გახდნენ. ყველაზე დიდი წილი ბერეზოვსკისა იყო. მან დაარწმუნა პრეზიდენტი, რომ 1995 წლის არჩევნებისთვის კარგი იქნებოდა, ქვეყნის მთავარი არხის მმართველობის კონსოლიდირება და გენერალური დირექტორის კანდიდატურად ვლადისლავ ლისტევი შესთავაზა. ჟურნალისტი იმ დროისთვის ძალიან პოპულარული იყო რუსეთში და არა მარტო იქ.

"მეუბნებოდნენ, რომ 1987 წლის 2 ოქტომბერს რუსეთის ტელესივრცეში რევოლუცია მოხდაო - ლისტევის გადაცემა "ვზგლიადი" გავიდა ეთერში.  მიყვებოდნენ, როგორ ცარიელდებოდა ქუჩები გადაცემის მსვლელობის დროს, რადგან ყველას  სჭირდებოდა მისი ნახვა და მეორე დღეს სამუშაოზე  განხილვა", -”გაიხსენა ბერეზოვსკისთან შეხვედრისას ელცინმა. იმ დროისთვის ლისტევს უკვე რამდენიმე რეიტინგული გადაცემა ჰქონდა: "თემა" "პოლე ჩუდესი" და "ჩას პიკი".

ელცინმა ლისტევის კანდიდატურას მხარი დაუჭირა და 1995 წლის 25 იანვარს ОРТ-ს გენერალურ დირექტორად დანიშნა. მოგვიანებით აღნიშნავდნენ, -   ლისტევი ბერეზოვსკის დიდი გეგმის პატარა ნაწილი იყო და მისი დანიშვნა დროებითი გახლდათ, თუმცა ლისტევი საქმეს სერიოზულად მოეკიდა. მისი პირველი გადაწყვეტილების საჯაროდ გახმოვანებამ ბევრი დააფეთა. 1995 წლის 20 თებერვალს ვლად ლისტევმა განაცხადა, რომ ОРТ 4 თვით მორატორიუმს აცხადებდა კომერციულ რეკლამაზე. ამ დროში ის შეეცდებოდა, გარკვეულიყო ტელეარხის ფინანსებში და  საზოგადოებას ОРТ-ს ახალ სარეკლამო პოლიტიკას  წარუდგენდა. ჟურნალისტი პოლ ხლებნიკოვი (მოგვიანებით მოკლეს. - ავტ.) თავის წიგნში იხსენებს: "ლისტევის 20 თებერვლის განცხადება ნიშნავდა, რომ ის  ბოლოს მოუღებდა ბერეზოვსკის მონოპოლიას  ტელეარხზე. ვლადმა რა იცოდა, რომ მხოლოდ ერთი კვირის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი."

ლისტევის განცხადებამ დიდი ხმაური გამოიწვია სარეკლამო ბაზარზე. დღემდე ფიქრობენ, რომ სწორედ ამ განცხადებით ლისტევმა თავის სასიკვდილო განაჩენს მოაწერა ხელი.

1995 წლის 1-ელ მარტს, 20.10 საათზე  ტელეცენტრიდან ლისტევმა შინ მეუღლეს დაურეკა, - მოვდივარო. ტელევიზიაში სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ ჯერ "ლოგოვაზის" ოფისში შეივლიდა ხოლმე და იქ ბერეზოვსკისთან ერთად ტელევიზიის პრობლემებზე მსჯელობდა. იმ საღამოს კი მოულოდნელად ბერეზოვსკი ლონდონში გაფრინდა და თათბირი უკანასკნელ წუთებში გადაიდო. ლისტევმა შინ წასვლა გადაწყვიტა. ვლადი შინ დაცვის გარეშე მივიდა. სადარბაზოში კიბეს აუყვა (ჟურნალისტი მესამე სართულზე ცხოვრობდა და ლიფტით არ სარგებლობდა.

სავარაუდოდ, მისი ეს ჩვევა მკვლელებმაც იცოდნენ. - ავტ.). მეორე სართულის ბაქანზე ზემოდან მომავალი ორი უცნობი შეხვდა. პირველი გასროლის დროს ვლადმა უნებურად ხელი აიფარა. ტყვია მკლავში მოხვდა, მეორე ტყვიამ თავში სასიკვდილოდ დაჭრა... ლისტევის მკვლელობამ საზოგადოებას თავზარი დასცა. 2 მარტს "ოსტანკინოში" პრეზიდენტი ელცინი მივიდა  და პირდაპირ ეთერში განაცხადა, ლისტევის სიკვდილი ჩემი ბრალიცააო და მკვლელობის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას  მილიციამ აღმოაჩინა, რომ გარდაცვლილი გაძარცული არ იყო. მას თან ჰქონდა იმ დროისთვის დიდი ფუფუნების საგანი - მობილური ტელეფონი, 480.000 რუბლი და 6.000 დოლარი. ჟურნალისტის მკვლელობა აშკარად მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდებოდა, კერძოდ,ОРТ-ს ე.წ. სარეკლამო კონფლიქტს. სპეციალისტები ფიქრობდნენ,  რომ ლისტევის მკვლელობა შეკვეთილი იყო.

15 წლის განმავლობაში ბევრი ვერსია იყო.  ზოგიც - დაუჯერებელი. პირველი ხმამაღალი განცხადება ლისტევის მკვლელობიდან 5 თვის შემდეგ გაკეთდა. მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, - ლისტევის მკვლელობის შემკვეთები ნაპოვნიაო, თუმცა მეორე დღეს ნათქვამი უარყო. ორი თვის შემდეგ ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მერე კი დაიჭირეს. რუსეთის ახალი გენერალური პროკურორიც დროდადრო აიმედებდა საზოგადოებას, ლისტევის მკვლელების ვინაობა ცნობილიაო, თუმცა ინფორმაცია არ დასტურდებოდა.

1997 წელს ითქვა, რომ  ლისტევის მკვლელობის შემკვეთი სოლნცევოს ერთ-ერთი ლიდერი იგორ დაშდამიროვი, მეტსახელად "დუშმანი" უნდა ყოფილიყო. ის თბილისში დააკავეს და რუსეთს გადასცეს, ხოლო მკვლელები - ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები ძმები აირეკინები. თუმცა საქმე წინ არ წასულა, იმავე წელს გენპროკურატურის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მოულოდნელად განაცხადა, - ლისტევის მკვლელები საზღვარგარეთ იმყოფებიანო. მეორე დღეს აირეკინი თელ-ავივში მკვდარი იპოვეს - ნარკოტიკების დიდ დოზას მოეკლა.

მკვლელების დასახელებას რუსეთის გენერალური პროკურორი იური სკურატოვიც გეგმავდა პრეზიდენტ ელცინთან შეხვედრის დროს. არ დასცალდა. მის გარშემო ატეხილი სკანდალის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ლისტევის მკვლელობასთან დაკავშირებით 2000 მოწმე დაიკითხა. მთავარ ეჭვმიტანილად დღემდე ბორის ბერეზოვსკი რჩება, თუმცა მანამდე გამოძიებას ეჭვი სარეკლამო სააგენტო PREMIER SV-ს ხელმძღვანელ სერგეი ლისოვსკიზე ჰქონდა.

ლისტევის მკვლელობის საკუთარ ვერსიებს ФСБ-ს პოლკოვნიკი ალექსანდრ ლიტვინენკოც წერდა და პრეზიდენტის დაცვის სამსახურის უფროსს, ალექსანდრ კორჟაკოვს ადანაშაულებდა ჟურნალისტის მკვლელობის ორგანიზებაში: "ფირმა "სტელსის" ("სტელსი" ФСБ-ს ბაზაზე შექმნილი ფირმაა და კორჟაკოვის პატრონაჟით მოქმედებს) ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჩემს წყაროს უთხრა, რომ ფირმის ხელმძღვანელობა ავალებდა, დაინტერესებული პირების მისამართები მოეძია, შეესწავლა სახლი და სადარბაზო, აგრეთვე სახლის მისასვლელები.

ოპერატიული დადგენა ლისტევის სახლზეც ჰქონია გაკეთებული. როდესაც ვლად ლისტევი მოკლეს და ტელევიზიებმა მკვლელობის ადგილი აჩვენეს. მან ადგილი ამოიცნო. შემდეგ ყველა შესწავლილი ადგილი გადაამოწმა და ნახა, რომ ყველგან მკვლელობა იყო ჩადენილი”(წიგნიდან "ლუბიანკის დანაშაულებრივი დაჯგუფება").

2009 წლის 21 აპრილს ლისტევის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა დამნაშავე პირის  დაუდგენლობის გამო. ამ დროისთვის ლისტევის საქმე 200 ტომს შეადგენდა.

15 წლის განმავლობაში მის საქმეს 25 გამომძიებელი იძიებდა. ჟUურნალისტის მკვლელობა გაუხსნელ დანაშაულად აღიარეს, თუმცა, 2010 წლის ოქტომბერში მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ტამბოვის კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა იური კოლჩინმა, რომელიც სასჯელს დეპუტატ გალინა სტოროვოიდოვას მკვლელობის ორგანიზებისთვის იხდის ( 31 წელი მიუსაჯეს), განაცხადა, რომ მზად იყო, ლისტევის მკვლელობის საქმეზე ჩვენება მიეცა შემდგომში გარკვეული შეღავათის გარანტიით.

მან განაცხადა: "90-იან წლებში ვმეგობრობდი დეპუტატ მიხაილ გლუშენკოსთან (დაკავებულია კვიპროსზე ჩადენილი მკვლელობის გამო) და ბიზნესმენ ვლადიმირ ვლადიკოვსკისთან. ერთხელ დავესწარი მათ შეხვედრას პეტერბურგელ კრიმინალურ ავტორიტეტ იაკოვლევთან ("კოსტია მოგილა") და ბიზნესმენ  ედუარდ კანიმოტოსთან (სოლნცევოს ფავორიტი).

ამ შეხვედრაზე იაკოვლევმა კანიმოტოს  ლისტევის მკვლელობა შესთავაზა, - თუ ამ საქმეს გააკეთებ, ჩემი ფული აღარ გემართებაო. მივხვდი, რომ  კრიმინალურ ავტორიტეტს ლისტევის მკვლელობა ვიღაცამ დაუკვეთა და შემსრულებელს ეძებდა. შეხვედრის შემდეგ ტამბოვის კრიმინალური დაჯგუფების ლიდერის, კუმარინის თანხმობით, კანიმოტომ, ვლადიკოვსკიმ და მესამე უცნობმა "სამუშაო" შეასრულეს. როდესაც ტელევიზიებით ლისტევის მკვლელობის ცნობა გავრცელდა, მოსკოვში ჩამოვიდნენ კუმარინი, იაკოვლევი და გლუშენკო, რომლებიც სასტუმროში ბერეზოვსკის შეხვდნენ.

როგორც გავიგეთ, მკვლელობის დამკვეთი ის იყო. ტამბოველები ამ საიდუმლოს გათქმით დიდხანს აშანტაჟებდნენ ბერეზოვსკის და დიდ ფულს სძალავდნენ". კოლჩინის ჩვენებას ისიც ამაგრებს, რომ ცნობილი იყო იაკოვლევისა და ბერეზოვსკის თანამშრომლობა სარეკლამო სფეროში. კოლჩინის ჩვენების შემდეგ ლისტევის მკვლელობა გახსნილად გამოაცხადეს, თუმცა დამნაშავე პირებს ვერ დააკავებენ, რადგან იაკოვლევი 2003 წელს კილერებმა ჩაცხრილეს მანქანაში, კანიმოტო 2007 წელს საკუთარ დაბადების დღეზე მოკლეს.

სულიკოვსკი 10 წლის წინ დაიკარგა. ის უცნობი მსროლელიც, როგორც ამბობენ, კრიმინალურ გარჩევას შეეწირა. მართალია, ვლადიკოვსკი დაკავებულია, მაგრამ ლისტევის მკვლელობაში მონაწილეობა რომც დაუმტკიცდეს, სასჯელს ვერ დაუმატებენ, რადგან ლისტევის მკვლელობის საქმეზე ხანდაზმულობის ვადა 2010 წელს მიიწურა.

P.S. ვლადისლავ ლისტევს 13 მაისს 55 წელი შეუსრულდებოდა.