"ყაყაჩოს" ომის ქრონიკები - კვირის პალიტრა

"ყაყაჩოს" ომის ქრონიკები

"არის სერიოზული ეჭვი, ვივარაუდოთ, რომ ნარკოსაქმოსნები აუცილებლად გამოიყენებენ ახალ გამარტივებულ მარშრუტებს ირანსა და საქართველოს შორის. თავისი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით საქართველო, თავისი ნების მიუხედავად, შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ნარკოდერეფანი აზიასა და ევროპას შორის."

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, 2011წ.

"სუფთა დაფა" ნარკობიზნესისთვის

გაეროს 2010 წლის მონაცემებიდან: ყოველწლიურად საქართველოს ტერიტორიის გავლით 11 ტ ჰეროინი მიედინება ევროპაში. საქართველოში ნარკობიზნესზე საუბარი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს დაიწყეს. სამშენებლო ფირმა აბვ-მარკო პოლო-ს (ლეო ბაუზბეკი) ავსტრიულ პროექტებს (სასტუმრო "მეტეხი" თბილისში და "მარკო პოლო" - გუდაურში. - ავტ.) საქართველოში თვალს ნარკოსაქმოსნებიც ადევნებდნენ. 1990 წელს გუდაურის დასასვენებელი კომპლექსის "მარკო პოლოს" საზეიმოდ გახსნას საბჭოური სივრცის ნარკობოსებიც ესწრებოდნენ. მათთვის საქართველოს ნარკობაზარი ჯერ კიდევ "სუფთა დაფა" იყო და მის ათვისებაზე ფიქრს ის-ის იყო, იწყებდნენ.

1990 წელს ირანის მთავრობამ ნარკომაფიას "ჯიჰადი" ("წმინდა ომი") გამოუცხადა. ირანის ამ ნაბიჯმა სერიოზული დარტყმა მიაყენა ნარკომაფიას. აუცილებელი გახდა ახალი უსაფრთხო ნარკომარშრუტების მოძიება. პოსტსაბჭოურ სივრცეში შუა აზიისა და  სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში გაჩენილი ცხელი წერტილები ნარკობიზნესისთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო და საქართველო ნელ-ნელა ნარკოტიკულ მორევში ჩაიძირა.

"ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოში თქვენი წყალობით ნარკობიზნესი პრაქტიკულად ლეგალიზებულია, ნარკომანია პრაქტიკად გაქვთ გამოცხადებული, რადგან მთელი თქვენი საყრდენი, როგორიცაა”"მხედრიონი" და გვარდია, მთლიანად ნარკომანებისგან შედგება. თითოეულ მათგანს 1.000 მანეთი სჭირდება ნარკოტიკის შესაძენად. სწორედ ამის გამო იძარცვება საქართველოს მოსახლეობა, იტაცებენ ათასობით ავტომანქანას და ქვეყნის გარეთ ლეგალურად ყიდიან. ასე გაიძარცვა თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი და სხვა ქალაქები.

ქართველი მოსახლეობის ძარცვა ახლა უკან დაგრჩათ და არაქართველი მოსახლეობის ძარცვას  მიადექით. ეს კი ახალი ეთნოკონფლიქტების წარმოშობას განაპირობებს. დაბა ყაზბეგი, ჩვენი დიდი მწერლის ალექსანდრე ყაზბეგის სამშობლო, ნარკობიზნესის ცენტრად აქციეთ, ის მეორე ჰონკონგი ხდება - ნარკობიზნესის ხიდი აზიასა და ევროპას შორის."

"წერილი ედუარდ შევარდნაძეს",ზვიად გამსახურდია, 1992 წ.

აფხაზეთის ომის შემდეგ საქართველოში შექმნილმა პოლიტიკურმა და სოციალურმა ვითარებამ ნარკომაფიას საშუალება მისცა, საქართველო უსაფრთხო ნარკოსატრანზიტო მარშრუტად გამოეყენებინა. 1993 წელს ირანიდან მომავალი 1. 5 ტ მორფინი უსაფრთხოდ ჩავიდა თურქეთში. მაშინ გავრცელდა ჭორი, რომ ტვირთის უსაფრთხოდ მოძრაობაზე "მხედრიონი" ზრუნავდა.

1993 წელს ხელი მოეწერა "ბრიუსელის დეკლარაციას", რომელიც თანამედროვე სატრანსპორტო დერეფნის, ევროპა-კავკასია-აზიის (ტრასეკა) აბრეშუმის გზის აღდგენის პროექტის განხორციელებას ითვალისწინებდა. დეკლარაციის მიხედვით ალმა-ათა-აშხაბადი-კრასნოვოდსკი-ბაქო-ფოთის მარშრუტი აზიიდან ზღვით უმოკლეს გზას წარმოადგენდა ქართული პორტებიდან ევროპაში. "აბრეშუმის გზის" აღდგენა, უპირველესად, ნარკომაფიას აძლევდა ხელს (ექსპერტების ვარაუდით, ტრასეკას პროექტებში ნარკომაფიამ 700 მლნ დოლარი ჩადო). საქართველო "აბრეშუმის გზის" მეოხებით პერსპექტიულ ნარკოსატრანზიტო ქვეყნად გადაიქცა.

...1993 წლის მიწურულს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი დაეშვა. აეროპორტის იმდროინდელ თანამშრომელს, ოთარ ი.-ს გარედან ჩოჩქოლი შემოესმა. ამასობაში ოთახში აღშფოთებული მებაჟეები შემოვიდნენ - ბულგარეთის რეისზე დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოეჩინათ. "მახსოვს, ათამდე დიდი ყუთი იყო, შემდეგ სარეგისტრაციო ჟურნალში ჩანაწერიც გავაკეთეთ, ტვირთი აეროპორტიდან არ გაგვიშვია, საწყობში ჩავკეტეთ. პოლიცია იცავდა. მეორე დღეს ჩანაწერი რომ ვნახეთ, ნარკოტიკის ნაცვლად "ტკივილგამაყუჩებელი" ეწერა. რამდენიმე დღის შემდეგ კი საერთოდ გაქრა ჩანაწერი ჟურნალიდან და აღარც ტვირთი აღმოჩნდა აეროპორტის დაცულ საწყობში", - იგონებს ოთარ ი.

საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტვირთების მოძრაობამ აშშ-ის სპეცსამსახურების ყურადღება მიიქცია. 1994 წლის იანვარში აშშ-ის უშიშროების ეროვნულმა ბიურომ მოიპოვა ოპერატიული ინფორმაცია, რომ პაკისტანიდან 700-800 მლნ დოლარის ღირებულების ნარკოტიკული ტვირთი მოდიოდა; თუმცა მაშინ ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ტვირთის გაჩერება გადაიფიქრეს და მას მხოლოდ კოსმოსური თანამგზავრის მეშვეობით ადევნებდნენ თვალს. ნარკოტიკით დატვირთული ტრაილერის გაჩერება საქართველოს ტერიტორიაზე არავის უფიქრია. ტრაილერი თურქეთში დააკავეს. ვინაიდან სახელმწიფოს მეთაურის, ედუარდ შევარდნაძის ძალაუფლება თითქმის ნულის ტოლი იყო, პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ. მოგვიანებით, მომხდარის გამო საქართველოს პარლამენტის სხდომაზე აღშფოთება იმდროინდელმა უშიშროების მინისტრმა იგორ გიორგაძემ გამოთქვა.

"აშშ-ის უშიშროების ეროვნულმა ბიურომ განაცხადა:  "საქართველო, როგორც ნარკოსატრანზიტო ქვეყანა, შემდგარია".”დაახლოებით ერთ კვირაში აჭარის მეთაურის, ასლან აბაშიძის ანგარიშზე 3 მლნ დოლარი დაირიცხა. მოგვიანებით აბაშიძემ აღნიშნა, რომ თანხა მისმა პაკისტანელმა მეგობარმა გადმოურიცხა(?!) (1999-2000 წლებში, ბათუმის სანაოსნოს საქმის ძიების დროს, ამ თანხამ საგამოძიებო ჯგუფის ყურადღება მიიქცია, თუმცა საქმე წინ აღარ წასულა. - ავტ.). მაშინ ექსპერტები აცხადებდნენ, რომ ნარკომაფიას საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთების უსაფრთხო გატარება 12 მლნ დოლარი უჯდებოდა. ვინაიდან ტრანზიტულ ტვირთებს ძლიერი ნარკოლობი ესაჭიროებოდა, ნარკომაფიამ მოლაპარაკება სახელმწიფოს მეთაურთან სცადა და უსაფრთხო გზის სანაცვლოდ მოგებიდან მოჭრილი წილი შესთავაზა (საუბარი რამდენიმე ათეულ მილიონზე იყო).

როგორც შევარდნაძის გარემოცვიდან აცხადებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მეთაურს ძალაუფლების განსამტკიცებლად ფული მართლაც ჰაერივით სჭირდებოდა, მაფიასთან თანამშრომლობაზე”უარი უთქვამს. ნარკოსაქმოსნებმა მერე მოლაპარაკება საქართველოს ტრანსპორტის პოლიციის შეფთან გია გულუასთან სცადეს - 1 მლნ დოლარს დაჰპირდნენ. გია გულუამ, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრობას უმიზნებდა, უარი თქვა თანამშრომლობაზე. მეტიც, ამბობენ, ნარკოსაქმოსნებს "ერთ ადგილას გამოკეტვითაც" დაემუქრაო. თუმცა, მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდა: სატრანსპორტო პოლიციის შეფს დაასწრეს და საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.

საქართველოში ნარკობაზრის განვითარებამ ცხადყო, რომ მეზობელი აზერბაიჯანი ქართული ნარკობაზრის მოთხოვნილებებს ვეღარ აკმაყოფილებდა, ამიტომ ნარკოსაქმოსნებმა რუსეთის "მეწარმეებთან" სცადეს საერთო ენის გამონახვა. რუსეთში ჰეროინის წარმოება იმხანად ბრინცალოვის სახელს უკავშირდებოდა. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა გუდაურში, პოსტსაბჭოურ სივრცეში ნარკოცენტრად ცნობილ სასტუმრო "მარკო პოლოში".

რუსები გაოცებულნი დარჩნენ ქართველი "კოლეგების" მიღწევებით”და თანამშრომლობაზე სიამოვნებით დათანხმდნენ. დაბრკოლებას მხოლოდ ჩეჩნები ქმნიდნენ, რომლებიც დამოუკიდებლად ცდილობდნენ ქართულ ბაზარზე შეღწევას. ამ პრობლემის მოგვარება ამერიკაში სან ხოსეს შეკრებაზე იგეგმებოდა. იქ ამერიკელი და აზიელი ნარკობოსების შეხვედრა უნდა შემდგარიყო. კავკასიელები დათო ციხელაშვილს (დათო ტაშკენტსკი) უნდა წარმოედგინა. სან ხოსეს შეხვედრამ დათოს გარეშე ჩაიარა - იგი მოსკოვის მილიციამ ნარკოტიკების შენახვის გამო ბუტირკაში გამოკეტა.

1995 წელს საქართველოში რუსულმა ჰეროინმა შემოდინება ე.წ. ოსური ნარკოარხით დაიწყო. ერგნეთის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩნდა ე.წ. ნარკობაზარი, სადაც სინთეზურ თუ ნახევრად სინთეზურ ნარკოტიკებთან ერთად  ერთჯერადი შპრიცები და  სხვა ატრიბუტებიც იყიდებოდა. 1995 წელს, გაზაფხულზე გუდაური ავსტრიულ მხარეს (ლეო ბაუზბეკი, დათო სანიკიძე) და ქართველ მეპატრონეებს (ვანო ყიფიანი, სოლიკო ხაბეიშვილი) შორის საჯილდაო ქვად იქცა. ავსტრიული მხარე ქართველ მეწილეებს "მარკო პოლოს" დათმობას ურჩევდა, რასაც სოლიკო ხაბეიშვილის პროტესტი მოჰყვა. გუდაურის გარშემო ატეხილი ვნებათაღელვა 20 ივლისს დროებით განელდა - იმ დღეს საკუთარ სადარბაზოსთან სოლიკო ხაბეიშვილი მოკლეს.  გუდაურში კი გაგრძელდა ნარკობოსების შეხვედრები და საეჭვო გარიგებები, რომელსაც ნარკობიზნესისთვის მილიონიანი მოგება მოჰქონდა..

90-იანი წლების მიწურულს ნარკობაზარი ტყვარჩელის კუსტარული ჰეროინით იყო გაჯერებული. საეჭვო ტვირთების გადაზიდვაში ძირითადად საერთაშორისი ორგანიზაციების სატრანსპორტო საშუალებები იყო შემჩნეული. 1998 წელს, ენგურის ხიდზე, რუსი სამშვიდობო ძალების სამხედრო პოსტზე, გალიდან მომავალი საერთაშორისო ორგანიზაცია "წითელი ჯვრის" მანქანა გააჩერეს. ჯარისკაცებმა მძღოლს (ქართველი, ზუგდიდის მკვიდრი) სიგარეტი მოსთხოვეს. მძღოლი აწრიალდა. ჯარისკაცებს ავად ენიშნათ ეს და მანქანის დათვალიერება გადაწყვიტეს.

მანქანის სალონში, სავარძელთან პაკეტი აღმოაჩინეს, რომელშიც 2 კგ ჰეროინი იყო. მძღოლს, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ დიპლომატიური იმუნიტეტის გამო არ გაჩხრეკდნენ, ჰეროინის დამალვა არც უფიქრია. სკანდალი გარდაუვალი იყო, თუმცა, როგორ მოგვიანებით პოსტის მეთაურმა აღნიშნა, საქმის ჩაფარცხვით”ისევ ქართული მხარე დაინტერესდა....

"მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ბოლოს მოვუღებ ნარკოტრაფიკს ჯერ აჭარაში და შემდეგ სრულიად საქართველოში",- განაცხადა ასლან აბაშიძემ 1999 წელს ბათუმის პორტში, სადაც თურქეთიდან შემოსულ ბამბით დატვირთულ გემზე, კონტეინერში, 500 კგ ჰეროინი აღმოაჩინეს. ნარკოტიკის კონფისკაცია აბაშიძემ ვერ მოახერხა, რადგან შევარდნაძის ბრძანებით, გემი იმავე ღამეს ფოთის პორტში გადაიყვანეს... მაშინ ამბობდნენ, რომ აბაშიძის ეს განცხადება ნარკობოსების გასაგონად იყო ნათქვამი, რომლებმაც მისი თამაშგარე დატოვება განიზრახეს.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)