პანკისის "თეთრი ქარავანი" - კვირის პალიტრა

პანკისის "თეთრი ქარავანი"

"ახმეტაში პოლიციის უფროსი სატრანზიტო ნომრებიან ბმწ-ს გადააწყდა.

- ხომ გითხარი, აქ არ დაგინახო-მეთქი, -  მიახალა ჯიქურ მანქანაში მჯდომ, იმხანად ცნობილ “ბარიგას, რომელიც ჰეროინს სოფელ-სოფელ ყიდდა (მას მანქანის სალონში სარკეზე სამედიცინო სასწორიც კი ჰქონდა ჩამოკიდებული).

- მერე რა, აქ ხომ არ ვყიდი? - მიუგო ბარიგამ.”

პოლიციის უფროსი შეფიქრიანდა. ანაზდად ნომრებს მოჰკრა თვალი და გაცხარდა:

- სატრანზიტო ნომრებით რატომ დადიხარ?

“ ბარიგა” დაიბნა:

- ჰო, კარგი. შევცვლი და მერე ვნახავ, რა შარს მომდებ."

ახმეტის ცხოვრებიდან, 2001 წ.

"პანკისის ხეობაში დიდი რაოდენობით  ნარკოტიკები შემოდის. ის ხშირად ჰუმანიტარული ტვირთებით გადმოაქვთ, რომლებსაც არავინ ამოწმებს, არც უშიშროების სამსახური და არც პოლიცია. აქ დიდი ფული კეთდება - 40-50.000 დოლარი კვირაში, კახეთის ხელისუფლება კარგად იცნობს ნარკობარონებს, ისინი ხუთნი არიან და მხოლოდ გელაევს ემორჩილებიან."

ზურაბ ჟვანია, 2002 წ.

მე-20 საუკუნის მიწურულს საქართველოს ნარკობაზარს ახალი მეპატრონე გამოუჩნდა - უშიშროების სამინისტრო, რომელსაც ნარკობიზნესთან საბრძოლველად მოწოდებული ერთ-ერთი ძლიერი სამსახური ჰყავდა. 1998 წელს პრესაში სკანდალი გაჩაღდა. პოლიციის თანამშრომელმა გია თელიამ უშიშროების სამინისტროს ტერორიზმსა და ნარკობიზნესთან ბრძოლის ხელმძღვანელობას საჯაროდ დასდო ბრალი ნარკოსაქმოსნებთან თანამშრომლობაში.

KvirisPalitra.Geის აცხადებდა, რომ უშიშროების სამინისტრო წლების განმავლობაში მფარველობდა ქართულ ნარკობიზნესს. მოგვიანებით, საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე უშიშროების მინისტრმა ჯემალ გახოკიძემ გია თელიას ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა”- ინფორმაცია გადავამოწმეთ და მართალი არ გამოდგაო და დაამატა, - კარგი იქნება, თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარი თანამშრომლების საქმიანობით დაინტერესდება და გაარკვევს, სად მიდის ამოღებული ნარკოტიკებიო.”უშიშროების მინისტრის ეს მინიშნება უსაფუძვლო არ იყო.

იმავე წელს სამგორის რაიონის პოლიციის ნარკომანიასთან ბრძოლის სამსახურის უფროსი 10 კგ ოპიუმით დააკავეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მის მევალეს ვალის გასტუმრების ასეთი ფორმა აურჩევია, თან უთქვამს, - წამლის ადგილობრივი მორფინისტებისთვის მისაღება პოლიციელებს არ გიჭირთ და ამოღებული ფული შენ დაგრჩებაო(?!). ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ნარკორეალიზატორობას თავად პოლიციელებიც ეწეოდნენ (თბილისელ ნარკომანებში უკვე არსებობდა ტერმინი "სამინისტროს ჰეროინი"). მეტიც, პოლიციელთა შორის ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი სწრაფად იზრდებოდა. 2001 წლის ივნისში საქართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვია:

პრეზიდენტმა შევარდნაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან უსიამოვნო წერილი მიიღო. საქმე ის გახლდათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს  48-კაციანი ჯგუფი (უმეტესობა ნარკომანიასთან ბრძოლის სამსახურის თანამშრომელი იყო) 4-15 ივნისამდე ლუიზიანაში, ქალაქ შენონის პოლიციის აკადემიაში იყო მიწვეული. როდესაც ისინი ამსტერდამიდან ნიუ-იორკში მიფრინავდნენ,  ერთი პოლიციელი (შსს-ს გავლენიანი ჩინოსნის შვილი) საპირფარეშოში უგონოდ იპოვეს.

ეკიპაჟი იძულებული გახდა, თვითმფრინავი ირლანდიაში დაესვა. პოლიციელის ავადმყოფობის მიზეზი ნარკოტიკები აღმოჩნდა. გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღშფოთებას გამოთქვამდა იმ ფაქტის გამო, რომ ქართველი პოლიციელები მაღაზიებში ქურდობაში გამოიჭირეს. საქართველოს  პრეზიდენტს მაშინ წერილზე რეაგირება არ მოუხდენია, რადგან უფრო დიდი თავსატეხი ჰქონდა - პანკისი.

1999 წლის სექტემბერში ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო. ომს გამოქცეული მოსახლეობა ჩეჩნეთ-საქართველოს საზღვარს მოადგა. ხელისუფლება იძულებული გახდა, ლტოლვილები ქვეყნის ტერიტორიაზე შემოეშვა. პანკისის ხეობაში 7000-მდე ჩეჩენმა ლტოლვილმა მოიყარა თავი. ადგილობრივ სამართალდამცავებს სიტუაციის კონტროლი გაუჭირდათ და მალე პანკისის ხეობა კრიმინალურ ანკლავად - ნარკობიზნესისა და იარაღით უკანონო ვაჭრობის ცენტრად გადაიქცა.  პანკისში, ჩეჩენი "ბოევიკების" გარდა, ათასი ჯურის დამნაშავემ მოიყარა თავი და დაიწყო ყაჩაღობა, ადამიანთა გატაცება... განსაკუთრებით დიდი სარგებელი ნარკოტიკებით ვაჭრობას მოჰქონდა. 1996 წლამდე პანკისში ნარკოტიკებით ვაჭრობა ცალკეულ პირთა საქმე იყო და ქაოსური ხასიათი ჰქონდა. 1999 წლისთვის კი ორგანიზებული გახდა.

პოლიციამ და დამნაშავეებმა ავკაცობის დასაფარად ოსტატურად გამოიყენეს ხეობაში ლტოლვილების ყოფნა (მაშინ ყველაფერი ჩეჩნებს ჰბრალდებოდათ) და დიდი ფულიც იშოვეს. პანკისში ნარკობიზნესი  რომ შსს-ს საქმიანობა იყო, ამის შესახებ პანკისელი კრიმინალი ვეფხია მარგოშვილი დროდადრო დაუფარავად აცხადებდა და იმ ვიდეოჩანაწერებსაც ახსენებდა, რომლებიც  ამ ინფორმაციებს დაადასტურებდა (ასეთ ვიდეოჩანაწერს უკავშირდება, სავარაუდოდ, ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობაც. - ავტ.).

იაფი ჩეჩნური ჰეროინის გამოჩენამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ კახეთის რეგიონის ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ნარკოტიკების მომხმარებლად იქცა (ის თაობა დღეს თავს "პანკისის თაობად" მოიხსენიებს. - ავტ.) განსაკუთრებით მძიმე დღეში ქისტი მოსახლეობა აღმოჩნდა. პანკისში ნარკოტიკები პირდაპირ სკოლებში იყიდებოდა. მიუხედავად მრავალგზის მოთხოვნისა, სამართაAლდამცავები ხეობაში წესრიგის დამყარებას არც კი ფიქრობდნენ.

"ჩვენთვის ყველა პანკისელი ნარკორეალიზატორის ვინაობა ცნობილია, მაგრამ დაკავებას ვერ ვახერხებთ. საამისოდ არც ტექნიკური საშუალებები გაგვაჩნია და არც ძალა, რომ ხეობის კბილებამდე შეიარაღებულ დამნაშავეებს  დავუპირისპირდეთ. თელავში, გაფართოებულ სხდომაზე, ჩვენი რაიონების გამგებლებს გადავეცით რეალიზატორთა სიები.

როგორც გავიგეთ, მათ ეს სიები სოფლებში დაურიგებიათ, რათა მოსახლეობამ იმსჯელოს შექმნილ ვითარებაზე(?!). გოჩა სისაური" (შსს-ს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს უფროსი, 2001 წ.).

2002 წელს ნარკოექსპანსიის თავიდან ასაცილებლად კახეთის მოსახლეობამ ხეობაში შესასვლელი გზები გადაკეტა და წესრიგის დასაცავად შეიარაღებული რაზმების შექმნა თავად დაიწყო (ლუკა რამაზაშვილის სახალხო ლაშქარი), ხელისუფლება იძულებული გახდა, შინაგანი ჯარების ბლოკპოსტები ხეობის სიღრმეში გადაეწია.

რუსული მედია აცხადებდა, რომ პანკისის ხეობაში ჰეროინის გადამმუშავებელი რამდენიმე ლაბორატორია იყო, საქართველოს პრეზიდენტი კი ამაოდ ამტკიცებდა, "პანკისში ნარკოტიკების ლაბორატორიები არ არის და არც შეიძლება, რომ იყოსო"; თუმცა, პანკისში ერთ-ერთი სპეცოპერაციის მონაწილეები საინტერესო ფაქტს შეესწრნენ. რიგითი ჯარისკაცი თემურ გოგიძე იხსენებს: - "როდესაც ვეფხია მარგოშვილი ააფეთქეს, შანაგანი ჯარის ჩვენს დანაყოფს უბრძანეს, დუისის განაპირას, მიტოვებული შენობა (რომელიც ფერმა უნდა ყოფილიყო) ალყაში მოგვექცია, რადგან იყო ინფორმაცია, რომ მას დამნაშავეები აფარებდნენ თავს. შენობას დაახლოებით ორ საათს ვდარაჯობდით. ჩამიჩუმი არ ისმოდა. რამდენიმე ჯარისკაცი შევედით შიგნით.

არავინ იყო. ერთ დიდ ოთახში, მაგიდაზე ბლომად თეთრი ფხვნილი ეყარა. იქვე  მცირე ზომის ცელოფანის პარკებიც ეწყო. ერთმა თქვა, - ეტყობა, ჰეროინიაო. "წამალი" იატაკზეც ეყარა, რადგან როცა ოთაAხიდან გამოვედი, ჩემი ფეხსაცმელი თეთრ კვალს ტოვებდა. მეთაAური მოვარდა ყვირილით, - ბრძანება მივიღეთ, შიგნით არავინ შევიდეს. სასწრაფოდ გამოდით გარეთო. გასასვლელის მარჯვნივ შეღებულ კარს მოვკარი თვალი. ჩანდა, რომ შიგნით რაღაც ლაბორატორია იყო. ცოტა ხანში უშიშროების ხალხი მოვიდა. მეთაურს ჩუმად ჰკითხეს, - შიგნით ხომ არავინ შესულაო. არაო. გამიკვირდა, რატომ დამალა-მეთქი. ჩვენ გამოგვიშვეს და თავად იქ დარჩნენ. ორი დღის შემდეგ, როდესაც ხეობას ვტოვებდით, პოლიცია წუწუნებდა, - ნარკოტიკების მსგავსი ვერაფერი ვიპოვეთო".

2002 წლისთვის საქართველოში ჰეროინი ხუთი გზით შემოდიოდა: ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტიდან, წითელი ხიდიდან (ამ გზით შემოსულ აზერბაიჯანულ ნარკოტიკს ძირითადად ფონიჭალაში ყიდდნენ - ფონიჭალელ ბარიგებს შსს მფარველობდა. მოგვიანებით, ერთი დაკავებული ბარიგა ამბობდა, - პოლიციას წამალს მაშინაც ვატანდი, როდესაც ფული არ ჰქონდათ. ასეთ შემთხვევებში პოლიციის "ქსივას" მიტოვებდნენ.

ერთი თვის წინ ასე 30.000  დოლარის "წამალი" გავატანე. რომ დამაკავეს, ვიფიქრე, იმან ხომ არ ჩამიშვა-მეთქი), სამხრეთ ოსეთიდან (ერგნეთი), გალის რაიონიდან და სარფის სასაზღვრო პუნქტიდან. თბილისელ ნარკომომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა "სამინისტროს ჰეროინი", რომელიც მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა (ყველამ იცოდა, რომ ამოღებულ ნარკოტიკებს შსს ისევ ყიდდა”პირადი ბარიგების საშუალებით). მთლიანად ბაზრის ყოველწლიური ბრუნვა 120 მლნ დოლარს შეადგენდა (ზოგიერთი მონაცემით - 200 მლნ-ს. - ავტ.)  ქართული ნარკობიზნესიდან დიდი ხანია განდევნილი იყო მსხვილი კრიმინალური დაჯგუფებები და მონოპოლია სამართალდამცავების ხელში იყო, თუმცა...

იმხანად ნარკოლოგიის კვლევით ინსტიტუტს ერთმა ნარკომომხმარებელმა მიაკითხა და ექიმთან კონსულტაციის დროს თქვა, რომ ძლიერი "ლომკის" დროს დალია რაღაც თეთრი აბი, რომელიც მისმა ამხანაგმა "პახმელიის" მოსახსნელად ვიღაცისგან იყიდა. წამალმა ტკივილი მოუხსნა. რამდენიმე დღის შემდეგ სხვა პაციენტმა ახსენა იგივე აბი. ექიმის შეკითხვაზე, რა წამალი იყოო, უპასუხა, - აბები ცალობით, კოლოფის გარეშე იყიდება (რათა სახელწოდება  უცნობი დარჩენილიყო. - ავტ.), თან საკმაოდ ძვირიც ღირს.

აბი თეთრია და ლათინურად ბ და რიცხვი აწერიაო. დამაფიქრებელი ის იყო, რომ პრეპარატი სააფთიაქო ქსელიდან არ გახლდათ, მას არც ბარიგები ყიდდნენ, მისი შოვნა მხოლოდ საფრანგეთიდან ჩამოსულებთან თუ შეიძლებოდა. აბებმა ნარკოლოგები ძალიან დააინტერესა, თუმცა საკუთარი თვალით მხოლოდ მაშინ ნახეს, როდესაც შემთხვევით პოლიციამ რამდენიმე ნარკომომხმარებელი დააკავა და ერთს ჩხრეკისას რამდენიმე აბი აღმოაჩნდა. ცხადი იყო, რომ საქართველოში ახალი ნარკოტიკული საშუალება შემოვიდა, მაგრამ რა? ამაზე პასუხი მაშინ არც ექიმებს ჰქონდათ და არც პოლიციას...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)