"ყაყაჩოს საქმე" - კვირის პალიტრა

"ყაყაჩოს საქმე"

(გაგრძელება. დასაწყისი ##21-22)

“...დიახ, ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტის საარჩევნო ლოზუნგები იქნება:

"საქართველო - შევარდნაძის გარეშე!"

"საქართველო - კორუფციის გარეშე!"

"საქართველო - ნარკოტიკების გარეშე!"

მიხეილ სააკაშვილი, 2003 წ.

"საქართველოში 2003 წლის "ყაყაჩოს  კამპანია" მაფიის გენიალური ჩანაფიქრი იყო."

გელა ლეჟავა, ნარკოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის გენერალური დირექტორი, 2007წ.

2002 წლის შემოდგომაზე ნარკოლოგებმა  გაარკვიეს, რომ აბები, რომლებსაც უკვე მასობრივად მოიხმარდნენ ნარკომანები, ბუპრენორფინის შემცველი ფრანგული წარმოების პრეპარატი სუბოტექსი იყო (დღემდე გამოიყენება ევროპის არაერთ ქვეყანაში როგორც ალკოჰოლიზმისა და აღკვეთის სინდრომის, აგრეთვე პოსტოპერაციული ტკივილების მოსახსნელი  ეფექტიანი საშუალება. აფთიაქებში მისი გაცემა ექიმის რეცეპტით ხდება, პაციენტები მას ენის ქვეშ იდებენ. - ავტ.). 2002 წლამდე ჩვენში ბუპრენორფინის შესახებ ცოტამ თუ იცოდა. თბილისში რამდენიმე ელიტარული ოჯახის წევრებისთვის ის საფრანგეთის საელჩოს დიპლომატიური ფოსტით შემოდიოდა, შესაბამისად, ბუპრენორფინის, როგორც ნარკოტიკად მოხმარების პრაქტიკა არც ყოფილა, ჩვენებურებმა, სუბოტექსთან ერთად, საქართველოში მისი“გამოყენების რეცეპტიც ჩამოიტანეს, როგორც ამბობდნენ, ევროპაში მცხოვრები ქართველებისგან ისწავლეს (უცხოელ ნარკომომხმარებლებს სუბოტექსის ვენაში გაკეთება აზრადაც არ მოსდით. - ავტ.).

"როდესაც ახალგაზრდული ნაკრები გერმანიაში, შეკრებაზე ვიყავით, სავარჯიშო მოედანზე ქართველი ბიჭებიც მოდიოდნენ. საღამოებს კლუბებში ერთად ვატარებდით. სუბოტექსი პირველად იქ გავსინჯე. როცა მითხრეს, - აფთიაქებში იყიდებაო, გამიკვირდა. თვითონ სუბოტექსს ვერაფერი კაიფი აქვს, თუ რაღაცებიA არ დაამატეო, - მეუბნებოდნენ. საქართველოში რომ დავბრუნდი, უბანში მითხრეს, "სუბოს" ყიდვა აქაც შეიძლება. აბი 100 დოლარი ღირსო", - იხსენებს ცნობილი ფეხბურთელის შვილი...

მიუხედავად იმისა, რომ ბუპრენორფინის მომხმარებელთა რაოდენობა იზრდებოდა, ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ ეს პროცესი ქართულ ნარკობაზარზე ძირეულ ცვლილებებს არ გამოიწვევდა, რადგან სუბოტექსის შემოტანას ქაოსური სახე ჰქონდა (ბუპრენორფინი საქართველოში აკრძალული არ იყო, ამიტომ საზღვარზე მისი გადმოტანა ნებისმიერი მოქალაქისთვის  შესაძლებელი იყო. - ავტ). გარდა ამისა, ბაზარი შედარებით იაფფასიანი ჰეროინით იყო გაჯერებული.

2003 წლის გაზაფხულზე სუპერმარკეტებისა თუ მაღაზიების დახლებზე რუსული წარმოების ყაყაჩოს თესლის პაკეტები გამოჩნდა წარწერით: "ოჯახური სამზარეულო". ანოტაცია გვამცნობდა, რომ პროდუქტი პურ-ფუნთუშეულის, ტაილანდური ხვეულებისა და სხვა აღმოსავლური ტკბილეულის დასამზადებლად გამოიყენებოდა. ეს ამბავი ყურადღებას არც მიიქცევდა, რომ არა ერთი გარემოება: მისი მოხმარება დიდი რაოდენობით დაიწყეს ნარკომანებმა. "ოჯახური სამზარეულო" ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად იქცა და პირდაპირ ქუჩებსა და  მეტროს სადგურებში იყიდებოდა. "ივნისში დამიკავშირდნენ უშიშროების სამსახურიდან და მითხრეს, ყაყაჩოს თესლს, რომელიც მაღაზიებში იყიდება, ნარკომანები მოიხმარენო. პაკეტიც გამომიგზავნეს. მე ის ლაბორატორიას გადავეცი შესამოწმებლად.

დასკვნამ შემაფიქრიანა: მასში ეწერა, რომ ყაყაჩოს თესლი შეიცავდა დიდი რაოდენობით ნარკოტიკს, თუმცა რას,  გაურკვეველი იყო.  დოკუმენტს ისეთი კვალიფიციური ექსპერტი აწერდა ხელს, რომ დამაჯერებლად მომეჩვენა, მაგრამ მას ვერ გაეგო, რა სახის ნარკოტიკულ ნივთიერებასთან გვქონდა საქმე. კვლევას დიდი დრო დასჭირდა. აღმოჩნდა, რომ ყაყაჩოს თესლი ოპიუმის ბევრად მეტ რაოდენობას შეიცავდა, ვიდრე წესით უნდა ყოფილიყო", - გელა ლეჟავა.

ცხადი იყო, რომ ყაყაჩოს თესლი ხელოვნურად იყო გამდიდრებული ოპიუმის ხსნარით (სავარაუდოდ, ყაყაჩოს თესლს ოპიუმის სპეციალურ ხსნარში ალბობდნენ, ორი დღის მერე აშრობდნენ და აფასოებდნენ. - ავტ.). გაჩნდა კითხვა, რა აზრი ჰქონდა   ტონობით ყაყაჩოს თესლის შემოტანას, ხომ შეიძლებოდა ვინმეს პირდაპირ რამდენიმე კგ ოპიუმი შემოეტანა? ექსპერტების პასუხი მარტივი იყო, - ყაყაჩოს თესლის შემოტანა-რეალიზაცია საქართველოში აკრძალული არ იყო, მაშინ როცა ოპიუმი ყველა ქვეყანაში აკრძალულია, მისი შემოტანა და რეალიზაცია დიდ რისკთან არის დაკავშირებული (რაც, შესაბამისად, ფასზეც აისახება. - ავტ).

ამიტომ ბევრად მომგებიანი იყო ოპიუმით გამდიდრებული დიდი რაოდენობით ყაყაჩოს თესლის შემოტანა. ყაყაჩოს მოხმარება საქართველოში იშვიათობა იყო, მას მასობრივად რუსეთისა და უკრაინის სასჯელაღსრულების ადგილებში მოიხმარდნენ. სავარაუდოა, ქართველმა ნარკომომხმარებლებმა წინასწარ იცოდნენ ოპიუმით გაჯერებული ყაყაჩოს თესლის შესახებ. ერთი პაკეტი "ოჯახური სამზარეულო" 3-5 ლარი ღირდა, რაც ორი კაცისთვის საკმარისი დოზა იყო (სპეციალური დამუშავების შემდეგ მას ნარკომანები ინტრავენურად მოიხმარდნენ. - ავტ).

სიიაფის გამო ის ყველასთვის ხელმისაწვდომი  იყო. მალე ყაყაჩოს მომხმარებელთა არმიას ალკოჰოლიკებიც შეემატნენ, რადგან ყაყაჩოს მოხმარება მათ სასმლის შეძენაზე ბევრად იაფი უჯდებოდათ. როდესაც პოლიციამ ერთ-ერთი ოპერაციის დროს ყაყაჩოს თესლის მომხმარებელი 11 წლის ბავშვი დააკავა, ნარკოლოგებმა განგაში ატეხეს და ხელისუფლებას ყაყაჩოს რეალიზაციის აკრძალვა მოსთხოვეს, თუმც ამაოდ. მიუხედავად იმისა, რომ  "ოჯახური სამზარეულო", როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქტი, სოფლის მეურნეობის სამინისტროში იყო რეგისტრირებული, გამოძიებამ მხოლოდ ის დაადგინა, რომ ყაყაჩოს თესლის შემომტანი ფირმა ზესტაფონში იყო რეგისტრირებული. მოგვიანებით გაირკვა პაკეტზე მითითებული ფირმის სახელწოდება და რეკვიზიტები: შპს "ინტერპეკარი", მოსკოვის ოლქი, ქ. ტროიცკი - საერთოდ არ არსებობდა. Mმოულოდნელად გამოძიება დაიბლოკა....

სპეციალისტების გათვლებით, 2003 წლის გაზაფხულიდან შემოდგომამდე ყაყაჩოს კამპანიის მოგებამ რამდენიმე მილიონი დოლარი შეადგინა. გავრცელებული ვერსიით, შემომტანთა ჯგუფის უკან ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია იდგა და ფული მათ საარჩევნო კამპანიას მოხმარდა.

ყაყაჩომ რევოლუცია მოახდინა ნარკობაზარზე. ჰეროინის მომხმარებლების დიდი ნაწილი იაფი ყაყაჩოს მოხმარებაზე გადავიდა და, შესაბამისად, ჰეროინი ბაზრიდან ნელ-ნელა გაქრა. ამ პროცესების გამო ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობდა, რომ "ყაყაჩოს კამპანია" გარდამავალი ეტაპი იყო ნარკობაზარზე გავლენის ხელახალი გადანაწილებისთვის ბრძოლაში. ეჭვობდნენ, რომ მავანნი მოსკოვში მყოფ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნისთვის ჰეროინის ბიზნესის წართმევას ცდილობდნენ.

2003 წლის 23 ნოემბერს საქართველოში "ვარდების რევოლუცია" მოხდა. რევოლუციურმა ხელისუფლებამ ყაყაჩოს ბრძოლა გამოუცხადა, მას პირდაპირ ეთერში ტომრებით წვავდნენ. ყაყაჩოს თესლის აკრძალვამ მისი გაძვირება გამოიწვია (ერთი პაკეტის ფასი 50-60 ლარი გახდა), ვინაიდან იმ დროს ქვეყანაში ნარკოტიკული შიმშილი იგრძნობოდა, ყაყაჩოს არარეგალური რეალიზაციის მასშტაბებმა არნახულ ზღვარს მიაღწია, შემდეგ მოულოდნელად ისე გაქრა, როგორც გამოჩნდა.

"ვარდების" ხელისუფლება საზოგადოებას ჰპირდებოდა, რომ "ყაყაჩოს საქმეს" ბოლომდე გამოიძიებდა, თუმცა, საზოგადოებამ დღემდე არ იცის მისი შემომტანების ვინაობა. "რევოლუციის" შემდეგ საქართველოში ნარკოტიკების შემოდინება შეწყდა - სპეციალისტები ფიქრობდნენ, რომ ახალი ხელისუფლებისთვის ნარკობიზნესთან გარიგება მიუღებელი იქნებოდა. თუმცა, 2004 წლის თებერვალში ნარკობაზარზე ჰეროინი კვლავ გამოჩნდა (ამჯერად ამ ბიზნესის უკან სულ სხვა ჯგუფი იდგა), თანაც კარგი ხარისხის და ძალიან იაფი. ამ ფაქტმა არა მარტო ექსპერტები, არამედ ნარკომანებიც გააკვირვა. ათიათასობით ყაყაჩოს მომხმარებელი ჰეროინის ბაზარს დაუბრუნდა.

ნარკობაზარს კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდა - სუბოტექსი, რომელიც ხელახლა გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ აკრძალული იყო, მის შემოტანას უკვე ორგანიზებული ხასიათი მიეცა. ნარკოსაქმოსნებმა კარგად გათვალეს - სუბოტექსის მომხმარებელი, პრეპარატის სპეციფიკური თვისებების გამო, სხვა ნარკოტიკის გაკეთებას ვერ შეძლებდა, რადგან უკვე ე.წ. კაიფს ვერ მიიღებდა; ამიტომ სუბოტექსს ყოველთვის სტაბილური რაოდენობის მომხმარებელი ეყოლებოდა. მალე ამ ბიზნესით ე.წ. მანქანების "პერეგონშჩიკები" დაინტერესდნენ Dდა სუბოტექსის ჩამოტანა გერმანიიდანაც დაიწყეს.

"საქმე ძალიან მარტივად იყო, - იხსენებს ოთარი, ფოთის პორტის საბაჟოს თანამშრომელი, - გერმანიაში ჩასული "პერეგონშჩიკები" ყიდულობდნენ მანქანას დაახლოებით 500-600 ევროდ, შემდეგ მის ე.წ. "აბივკაში" დებდნენ 20-30 ფირფიტა სუბოტექსს (ერთი ფირფიტა 8-11 ევრო ღირდა) და მანქანას კონტეინერით საქართველოში უშვებდნენ. შემდეგ მანქანა მიჰყავდათ ავტომანქანის ბაზრობაზე დიღომში და სუბოტექსს იქვე აბარებდნენ საბაზრო ფასად - ფირფიტას 1.200-1.500 დოლარად. იმხელა მოგებას ნახულობდნენ, რომ გერმანიაში ნაყიდ მანქანას ბაზრობაზე ტოვებდნენ. მოგვიანებით, როდესაც  გერმანიაში წავედი, იქ მანქანის ბაზრობაზე თვალი მოვკარი შავკანიან ტიპს, მკერდზე ქართულწარწერიანი აბრა ეკიდა: "ვყიდი სუბოტექსს".

Aამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მოგვიანებით თავის ანგარიშში შეშფოთებას გამოთქვამდა საქართველოში ნარკოსიტუაციის დამძიმების გამო და აღნიშნავდა, რომ მარტო სუბოტექსის ავად მოხმარების გამო ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობამ 150000-ით მოიმატა. ნარკომაფია "ვარდების ხელისუფლებასთან" მოლაპარაკებას არ ჩქარობდა, რადგან აჭარაში კვლავ მათი ძველი პარტნიორი ასლან აბაშიძე ინარჩუნებდა პოზიციებს, ბათუმის პორტი და სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი კვლავ გამოიყენებოდა ნარკოსატრანზიტო ტვირთებისთვის, 2004 წლის 6 მაისს, აჭარაში აბაშიძის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ საქართველოში ნარკოტრანზიტული ტვირთების მოძრაობა შეწყდებოდა.

ასეც მოხდა. "თუ საქართველო ნარკოდერეფნის იარლიყს მოიშორებს, ძალიან კარგი საქმე იქნება, თუმცა ვფიქრობ, ნარკომაფია ასე იოლად არ დათმობს. მას დრო სჭირდება, გაარკვიოს, ვის შეიძლება დაელაპარაკოს ახალ ხელისუფლებაში.

ალექსანდრ ზელიჩენკო, გაეროს ექსპერტი, 2004 წელი".

2005 წლის ივლისში საქართველო სკანდალში გაეხვია: ქართველ ფრენბურთელთა  გუნდს, რომელიც საფრანგეთში ტურნირზე მიემგზავრებოდა, ვიზების გაცემაზე საელჩომ თAავაზიანი უარი უთხრა. დიდი მითქმა-მოთქმის შემდეგ მიზეზიც გაირკვა, - საფრანგეთის საელჩო თბილისში დარწმუნებული არ იყო, რომ ქართველი სპორტსმენები საფრანგეთიდან ხელს სუბოტექსს არ გამოაყოლებდნენ, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოსაქმოსნების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაციების ჩატარება გადაწყვიტა.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)