დუმილის ფასი - კვირის პალიტრა

დუმილის ფასი

"მტრის ტყვიებით და ბომბებით მოსპობა დიდი ფული ღირს, მაგრამ თუ მას ბოლოს მოუღებ ნარკოტიკით, დიდ შემოსავალსაც ნახავ. Eეს არა მარტო სარფიანი საქმეა, არამედ სამხედრო სტრატეგიის ბრწყინვალე მეთოდი".”

ამპლეტო ვესპა (იტალიელი მზვერავი), 1939წ.

"აფთიაქებთან რომ ვერაფერი გავაწყვე, ჯანდაცვის მინისტრს წერილი მივწერე  თხოვნით:  "ყოველდღე ვუყურებ, როგორ მეცლება ჩემი შვილი ხელიდან. ვხედავ, როგორ იკლავს თავს ამ ბოროტებით ოდესღაც სიცოცხლით სავსე ბიჭი. გემუდარებით, ნუ მისცემენ აფთიაქები ჩემს შვილს კოაქსილს, ან იქნებ საერთოდ აკრძალოთ მისი გაყიდვა. შვილი მომიკვდება". რამდენიმე დღეში დამირეკეს სამინისტროს კანცელარიიდან და მითხრეს, თქვენმა წერილმა კარგად გვახალისაო...

ეთერი, 2009 წლის სექტემბერი"

(ჩვენი საუბრიდან ერთ კვირაში მისი ვაჟი, 35 წლის დათო ტვინის შეშუპებით გარდაიცვალა. - ავტ.).

2005 წლის ზაფხულში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაციების ჩატარება გადაწყვიტა. მისი პირველი სამიზნე ფონიჭალა გახდა,  სადაც უკვე ორი ათეული წელი იყო, რაც ჰეროინი დღისით-მზისით უშიშრად იყიდებოდა. 27 ივლისს ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს იმხანად ცნობილი ბარიგები: ოსმანა და ალიკა. ამ სპეცოპერაციას მედია რამდენიმე დღე აშუქებდა. საზოგადოებას გაუჩნდა იმედი, რომ ნარკორეალიზატორებთან ბრძოლა შეურიგებელი იქნებოდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ფონიჭალაში ჰეროინის გაყიდვა მეორე დღესვე განახლდა, ოღონდ ახლა სხვა "ოსმანამ" და სხვა "ალიკამ" მოჰკიდეს ხელი ამ საქმეს და, შესაბამისად, ნარკოტიკიც გაძვირდა... 2006 წლის იანვარში, მარნეულში სპეცოპერაციის დროს, დააკავეს მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც აზერბაიჯანელი ეროვნების მძღოლი მართავდა. მანქანის ჩხრეკისას პოლიციამ ქარხნული წესით დამზადებული 4 კგ ჰეროინის ე.წ. ფილა ამოიღო.

ექსპერტები ფიქრობდნენ, ეს ახალი ნარკოარხის გაჭრის მცდელობა იყო. გაჩნდა უამრავი კითხვა, - ვისთან მიდიოდა ირანული ჰეროინი, ან რატომ იჩქარა პოლიციამ მისი დაკავება და არ აცალა ტვირთს ადრესატამდე მისვლა. პასუხს ალბათ გამოძიება დაადგენდა, მაგრამ ციხის ბუნტის დროს (2006 წლის მარტი) მანქანის მძღოლი საეჭვო ვითარებაში მკვდარი იპოვეს (ამის შესახებ "კვირის პალიტრა" წერდა). გამოძიება შეწყდა და კითხვებიც უპასუხოდ დარჩა.

წლების განმავლობაში მოსახლეობას ნარკოტიკებთან ბრძოლის თაობაზე მხოლოდ სამართალდამცავთა მუშაობის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია, ქართულ ნარკოლოგიაში მიმდინარე პროცესები კი ხშირად საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩებოდა.  იმ დროისთვის "ვარდების" ხელისუფლება სამედიცინო სფეროში ნარკოლოგიას ერთ-ერთ კორუმპირებულ დარგად მიიჩნევდა (ამ შემთხვევაში სააკაშვილი არ ცდებოდა) და ერთი ხანობა უარსაც აცხადებდა მის დაფინანსებაზე (ნარკოლოგიის ბიუჯეტი წელიწადში 50. 000 ლარი იყო, რაც მხოლოდ მცირერიცხოვანი კადრების და რაიონებში ნარკოლოგიური კაბინეტების შენარჩუნების საშუალებას იძლეოდა).

2006 წლის დეკემბერში მსოფლიოს გლობალური ფონდის დახმარებით  საქართველოში მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პილოტური პროგრამა ამოქმედდა. ე.წ. მეტადონის პროგრამა მართლაც რევოლუციური ნაბიჯი იყო ნარკოლოგიაში. არასწორი საინფორმაციო კამპანიის წყალობით, საზოგადოებამ მეტადონი პანაცეად მიიჩნია და პროგრამას  ნარკომანიისგან განკურნების უამრავი მსურველი მიაწყდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქართველი ნარკოლოგი ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებში მეტადონის გამოყენების წინააღმდეგი იყო (ის ტოქსიკური, მძიმე ნარკოტიკია, რომელიც უამრავ გართულებას იწვევს), მათი აზრი მოსახლეობამდე არ მისულა, რადგან შეშფოთებას მხოლოდ პირად საუბრებში გამოთქვამდნენ, სპეციალისტები ფიქრობდნენ, რომ სახელმწიფო სიფრთხილეს გამოიჩენდა და შეეცდებოდა, მეტადონი ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი არ გამხდარიყო, როგორც ეს ცნობილი ე.წ. ტრამალის ექსპერიმენტის დროს მოხდა (მაშინ ნარკოლოგებმა ნარკომანებისთვის ტრამალის დარიგება დაიწყეს და მალე ლამის მთელი თბილისი ტრამალზე "შეჯდა").

მიუხედავად ექიმების აზრთა სხვადასხვაობისა, აგრეთვე საპატრიარქოს  პოზიციისა (მართლმადიდებელი ეკლესია ერთი ნარკოტიკით მეორის მკურნალობას მიუღებლად მიიჩნევს), ერთი წლის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ მეტადონის  სახელმწიფო პროგრამები დააფინანსა (პაციენტს ერთი ულუფა მეტადონი დღეში 5 ლარი უჯდება, პრეპარატს სახელმწიფო ყიდულობს) და მილიონების ხარჯვა ისე დაიწყო, რომ არც გამოუკვლევია, რამდენად ეფექტიანი იყო ეს პროგრამები საქართველოში. გაჩნდა ეჭვი, რომ მეტადონის სახელმწიფო პროგრამით მავანი დიდ ფულს შოულობდა.”

"პარიზში ქართველი ნარკოლოგების ჯგუფი გამოცდილების გასაზიარებლად ჩამოვიდა. ჩვენ მათ პაციენტებზე ველაპარაკებოდით, ისინი მხოლოდ ფულზე ლაპარაკობდნენ. მივხვდით, რომ მათ მეტადონით ბიზნესის გაკეთება უნდოდათ და ნარკომანების ბედი არც აინტერესებდათ".

საფია სოლტანი, მსოფლიო ექიმები საფრანგეთის ორგანიზაცია. 2011 წ.

მხოლოდ ორიოდე წლის წინ გაიგო საზოგადოებამ, რომ მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები სამკურნალო არ არის, ის მხოლოდ მხარდაჭერითი ხასიათისაა და პაციენტთა უმრავლესობა კი არ განიკურნა, "ვინტის" და "ჯეფის" მოხმარების პარალელურად, იაფი მეტადონის მომხმარებელიც გახდა. 2006-2007 წლებში შავ ბაზარზე მეტადონზე მოთხოვნილებამ იმატა. მისი შემოტანა საბერძნეთიდან დაიწყეს. ორთაჭალის ავტოსადგური, საიდანაც სამგზავრო ავტობუსები თურქეთსა და საბერძნეთში მიდიან, ერთგვარი ნარკოცენტრი გახდა. ათენიდან მეტადონის შემოტანას ავტოსადგურის ტერიტორიაზე ვინმე გიორგი აკონტროლებდა, რომელსაც თურმე კრიშა შინაგან საქმეთა სამინისტროში ჰყავდა.

თუმცა საქართველოს საფრთხე სულ სხვა მხრიდან ელოდა: რუსეთიდან კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკ "ვინტის" ახალი ნაკადი გამოჩნდა (ფსევდოეფედრონის სტაბილური მოხმარება რამდენიმე თვეში ფსიქოზს და სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებს იწვევს, ხოლო მისი მოხარშვისას ნებისმიერი გადაცდომა სასიკვდილო შედეგით მთავრდება). სწორედ ამ დროიდან ჩნდება საქართველოში ტერმინი "სააფთიაქო ნარკომანია", თუმცა "ვინტის" მოხმარება მასობრივი ვერ გახდა, რადგან ნარკომანების ძირითადი ნაწილი მაინც ჰეროინსა და სუბოტექსს მოიხმარდა.

ქვეყანაში სუბოტექსის შემოდინება რომ ვერ შეაჩერეს (იყო ეჭვი, რომ მას კუსტარულად მეზობელ სომხეთში, ხოლო სხვა ვერსიით  - საქართველოშიც ამზადებდნენ), საქართველოს ხელისუფლებამ, რამდენიმე ქვეყნის მთავრობასთან ერთად, საფრანგეთს თხოვნით მიმართა, შეეჩერებინა სუბოტექსის წარმოება, რაც მოგვიანებით დაკმაყოფილდა კიდეც (მწარმოებელი კომპანიები ახლა უშვებენ სუბოქსონს, რომელიც ნალოქსონის გარკვეულ რაოდენობას შეიცავს და ვენაში გასაკეთებლად  აღარ გამოდგება. - ავტ).  2007 წელს საქართველო კვლავ ნარკოსკანდალში გახვეული ა}ღმოჩნდა. მაისში უკრაინის სამართალდამცავებმა ილიჩოვსკის პორტში დააკავეს ბორნით ფოთის პორტიდან წამოსული ტრაილერი. მანქანის ერთ-ერთი საბურავის თავზე, სამალავში, 16 კგ ჰეროინი აღმოაჩინეს. როგორც უკრაინულმა პოლიციამ გაარკვია, ტრაილერი თურქეთიდან მოდიოდა და სამი დღე ფოთის პორტში იდგა.

ერთი თვის შემდეგ მსგავსი შემთხვევა იმავე მარშრუტზე კვლავ განმეორდა. ცხადი გახდა, რომ საქართველო ახალი ხელისუფლების ხელშიც რჩებოდა ნარკოსატრანზიტო ტვირთების დერეფნად. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში ნარკოტიზაციის ახალი ტალღა აგორდა. ომის გამო ათასობით დევნილი ნანახისა თუ განცდილის გამო,  სტრესისგან თაAვის დაღწევას იაფფასიანი "ვინტით" ცდილობდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა გორსა და მის შემოგარენში, სადაც "ვინტს" უკვე ქალებიც მოიხმარდნენ; რადგან ნარკოტიკის შემცველი ინგრედიენტები აფთიაქში იყიდებოდა, "ვინტი"  იაფი და საშოვნელად ხელმისაწვდომი იყო. ორი თვის შემდეგ ის ყველაზე პოპულარული ნარკოტიკი გახდა საქართველოში და მისი მოხმარების მასშტაბებმა ყველა რეგიონში საგანგაშო მაჩვენებელს მიაღწია. საქმე იქამდე მივიდა, რომ ღამის კლუბებში  "ექსტაზის" ნაცვლად "ვინტის" გაყიდვა დაიწყეს.

ნარკოლოგიის კვლევითი ინსტიტუტი კი საეჭვოდ დუმდა (2008 წლის აგვისტოს ომის დროს ნარკოლოგიის ინსტიტუტის გენერალური დირექტორი გელა  ლეჟავა პენსიაზე საზეიმოდ გააცილეს”- რომ არა ომი, ეს ფაქტი საზოგადოებაში ბევრ კითხვას გააჩენდა. ინსტიტუტში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ კი ნარკოლოგიის ინსტიტუტს არც ერთ ნარკოშემოტევაზე განგაში არ აუტეხავს). 2008 წლის ბოლოსთვის საქართველოს ნარკობაზარზე სუბოტექსის შემოდინებამ იკლო,  თუმცა მისი ადგილი ამერიკულმა სუბოქსონმა დაიკავა.

"ბოლო ერთი თვის განმავლობაში ამერიკიდან ჩამოსულ მანქანებში რამდენჯერმე ვნახეთ დიდი, ვარდისფერი აბები, მაგრამ ხმა არ ამოგვიღია, - რა ვიცით ვისია, უბრალო ადამიანებს წამალი უკვე ვეღარ შემოაქვთ. რომ ავყვირდეთ, შეიძლება სამსახური დავკარგოთ და თავებიც".

ვახტანგი, ფოთის პორტის საბაჟოს თანამშრომელი. 2009 წლის თებერვალი თუმცა, სუბოქსონი, ნახსენები მიზეზით, ქართველ ნარკომანებში პოპულარული ვერ გახდა, ვინაიდან სამართალდამცავთა წნეხის გამო ქვეყანაში ნარკოტიკების შემოდინებამ იკლო. ნარკოტიკები რამდენჯერმე გაძვირდა, ამასთანავე, მისი შოვნაც გაჭირდა; ამიტომ ნარკომანების არმია იძულებული გახდა, სამედიცინო პრეპარატების მავნედ მოხმარება დაეწყო. კოაქსილის, ლირიკის და ეფედრონის შემცველი პრეპარატების რეალიზაციით აფთიაქებმა დიდი ფული იშოვეს.

"სააფთიაქო ნარკომანიამ" საქართველოში ასეულობით ახალგაზრდის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა.  2009 წლის ივლისში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობას ამცნო, რომ შეძლო ერთ-ერთი ნარკოარხის გაშიფვრა და ნარკოსაქმოსნების დაკავება. საქმე ეხებოდა კოკაინს, რომელიც კოლუმბიიდან ფოთის პორტში ჯართში დამალული შემოდიოდა და შემდეგ მისი რეალიზაცია თურქეთში ხდებოდა. "კოკაინურმა საგამ" ექსპერტებში ღიმილი გამოიწვია (იმ დღეებში უკრაინის სპეცსამსახურებმა ოდესის პორტში, ერთ-ერთ გემზე, რომელსაც ჯართი ჩამოჰქონდა ბოლივიიდან, რკინის მილებში 612 კგ კოკაინი აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, ეს ფაქტი ქართველმა სამართალდამცავებმა გადმოაქართულეს და კონკრეტული პირების დაკავებისთვის წარმატებით გამოიყენეს. - ავტ.).

2010 წლიდან საქართველოში ნარკოტიკები აღარ შემოდის (ეს, სავარაუდოდ, სამართალდამცავების დამსახურებაა), მაგრამ მომხმარებელთა რიცხვი მაინც იზრდება. სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ საზოგადოების დუმილის ფასი ასობით ახალგაზრდისთვის წართმეული სიცოცხლეა, რომელიც ჩვენში მშვიდობიანობის დროს უფრო მეტია, ვიდრე ეს ომიანობისას იყო.

ნარკოტიკი - დაუნდობელი ვამპირი

"ნარკობიზნესი უდიდესი მასობრივი მკვლელია. თუ დამნაშავის სისხლიანი ხელები მხოლოდ ერთ მსხვერპლს სწვდება, ნარკომოვაჭრეთა ხელები ადამიანთა სიცოცხლეს ერთიმეორის მიყოლებით სპობს. ის, როგორც ზღაპრული ვამპირი, შობს ათასობით თავისნაირს, რომლებიც, თავის მხრივ, კიდევ უფრო მრავლდებიან და თაობებში არავის ინდობენ, მათ შორის, იმათაც, ვინც ჯერ არ დაბადებულა".

დევიდ ტორნბურგი, აშშ-ის იუსტიციის მინისტრი, 2002 წელი