"უკვდავი" ემირის ცხოვრება და აღსასრული - კვირის პალიტრა

"უკვდავი" ემირის ცხოვრება და აღსასრული

ჟურნალმა "ფორბსმა", 2011 წლის 16 ივნისს თანამედროვეობის ყველაზე საშიშ დამნაშავეთა ათეული გამოაქვეყნა. მათ შორის არიან:

მიხაილ გუსმანი - ნარკოკარტელ "სინალოას" მეთაური  (მექსიკა)

სეიმონ მოგილევიჩი (რუსეთი)

ალიმჟან ტატარხუნოვი "ტაივანჩიკი" (რუსეთი)

დოკუ უმაროვი, ჩეჩნეთის ბანდფორმირებების მეთაური (რუსეთი).

"დღეს აშშ აცხადებს, რომ დოკუ უმაროვი ჩართულია ნაციონალურ პროგრამაში "დაჯილდოება მართლმსაჯულების მხარდასაჭერად" და  ჩეჩენი  ტერორისტის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციისთვის ნებისმიერს სთავაზობს 5 მლნ დოლარს.

ბარაქ ობამა, აშშ პრეზიდენტი, 2011 წლის მარტი".

"დღეს მიდის ტოტალური ომი,  რომელიც რუსეთისთვის ჩვენ არ გამოგვიცხადებია,  ის რუსეთმა  მოგვახვია თავს. როდესაც ტოტალური ომი მიმდინარეობს, მშვიდობიანი მოსახლეობის ცნება აღარ არსებობს, არსებობს მხოლოდ ორი მხარე: მტერი, რომელიც ჩვენს  მიწას, ანუ სულს გვართმევს და ჩვენ, რომლებიც მას არ დავთმობთ. თუ ჩვენ ომი გამოგვიცხადეს, ალაჰი ნებას გვაძლევს, ვებრძოლოთ ისე, როგორც თვითონ გვებრძვიან. დღეს ბრძოლის ველი არა მხოლოდ ჩეჩნეთი ან კავკასიის ემირატია, არამედ მთელი რუსეთი. ებრძოლეთ მტერს ყველგან, სადაც ხელი მიგიწვდებათ. პუტინო, გპირდებით, ეს  რუსეთისთვის სისხლისა და ცრემლის  წელი იქნება.

დოკუ აბუ უსმან უმაროვი, კავკასიის ემირატის ემირი,  6 თებერვალი, 2011წ."

KvirisPalitra.Ge2011 წლის 24 იანვარს მოსკოვში, დომოდედოვოს”აეროპორტის დარბაზში აფეთქება მოხდა. დაიღუპა 37 და დაიჭრა 130-მდე კაცი. როგორც მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, დარბაზში თავი 20 წლის ინგუშმა შაჰიდმა მუჰამედ ევლოევმა აიფეთქა (მის ორ თანამზრახველს - ადამ განიჟევს და ისლამ ევლოევს დღემდე ეძებენ. - ავტ.). "დომოდედოვოს ტერაქტი იქნება პასუხი ყველა მუსლიმანის სიკვდილზე არა მარტო ჩრდილო კავკასიაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენი ბრძოლა დღეიდან უფრო დაუნდობელი გახდება. ტერაქტებს ყველგან და ყოველ წუთს ელოდეთ", - განაცხადა დოკუ უმაროვმა დომოდედოვოს ტერაქტამდე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში, რომელიც 8 თებერვალს გავრცელდა. კადრში მის გვერდით შაჰიდ ევლოევი ჩანდა.

"სხვა ძმები მოვლენ ჩემს ადგილზე, რათა თავი გაწირონ ალაჰისთვის, ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა", - დაუმატა მუჰამედ ევლოევმა. კავკასიის ემირის  ვიდეომიმართვამ მთელი რუსეთი შეაშფოთა. 2011 წლის 15 თებერვალს ФСБ-ს სამსახურებმა მიიღეს რამდენიმე ათეული შეტყობინება. რუსეთის 34 ქალაქი იტყობინებოდა, - ქალაქში ბომბებით აღჭურვილი დოკუ უმაროვი ვნახეთ და გვიშველეთო(?!). საქმე იქამდე მივიდა, რომ გაერომ სპეციალური რეზოლუცია მიიღო და  წევრ ქვეყნებს  უმაროვის დაკავებაში ჩართვა მოსთხოვა.

ევროპის რამდენიმე ქვეყნის მოსახლეობა კი იჩქერიის პრეზიდენტს ნომერ პირველ ტერორისტად ასახელებდა (ბინ ლადენი თითქოს არავის ახსოვდა). აშშ-მა "დიდი რვიანის" შეხვედრაზე კავკასიის ემირი ტერორისტად გამოაცხადა და  მისი ადგილსამყოფლის დასადგენად ფულადი ჯილდოც დააწესა. ამერიკელებს არც რუსები ჩამორჩნენ (ერთი ვერსიით, რუსი ბიზნესმენები უმაროვის მკვლელს 25 მილიონს ჰპირდებიან). სწორედ დომოდედოვოს ტერაქტის შემდეგ იქცა ინჟინერ-მშენებელი დოკუ უმაროვი რუსეთის ბინ ლადენად...

დოკუ ხამატის ძე უმაროვი დაიბადა 1964 წლის 13 აპრილს. პროფესიით ინჟინერ-მშენებელია.  გასული საუკუნის 80-იან წლებში გაასამართლეს არაგანზრახული მკვლელობისთვის, 1992 წელს კი სოფელ პეტრუშჩევოში (კრასნოიარსკის მხარე) ორი კაცი მოკლა და მისი ძებნა კვლავ გამოაცხადეს. უმაროვი უსიამოვნებებისგან თავის ასარიდებლად იმხანად დამოუკიდებელ იჩქერიაში გადავიდა და შევიდა სპეცრაზმ "მგელში",  რომელსაც რუსლან გელაევი მეთაურობდა ("მგელი" 1992 წელს სალმან რადუევის თაოსნობით შეიქმნა პრეზიდენტის დაცვის სამსახურის, "პრეზიდენტის ბერეტების" ბაზაზე. - ავტ.).

დოკუ უმაროვი პირველი ჩეჩნური ომის დროს ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ საბრძოლო რაზმს. 1996 წელს იჩქერიის პრეზიდენტმა ჯოჰარ დუდაევმა მას ბრიგადის გენერლის და იჩქერიის გმირის წოდება მიანიჭა. იმავე წლის ზაფხულში  მონაწილეობდა რუსების მხარეს მებრძოლი 30 ჩეჩენი სამხედროს და მილიციელის დახვრეტაში, 1997 წელს პრეზიდენტმა ასლან მასხადოვმა დოკუ უმაროვი უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა, პარალელურად ის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შტაბს ხელმძღვანელობდა.

"მე და დოკუს ერთმანეთი 1997 წელს, იჩქერიის დამოუკიდებლობის დღეს გაგვაცნეს, - იხსენებს  ვიაჩესლავ ისმაილოვი ("ნოვაია გაზეტას" სამხედრო მიმომხილველი, ყოფილი ოფიცერი). - უშიშროების საბჭოს მდივანი სიმპათიურად გამოიყურებოდა, წვერ-ულვაში გაპარსული ჰქონდა. ვერც იტყოდით, რომ კავკასიელი იყო, გაცნობისთანავე მითხრა, - მასხადოვს ამ თანამდებობაზე იმ პირობით დავთანხმდი, თუ რუსებთან მოლაპარაკებაზე არ წავა. ასე რომ მოხდეს, შუბლში ტყვიას პირველი მე ვესვრიო. მაშინ მისმა ნათქვამმა შემაფიქრიანა." 1998 წელს მოზდოკის გზაზე შეიარაღებული ჯგუფი თავს დაესხა პროკურატურის თანამშრომლებს, რომლებიც მასხადოვის ბრძანებით იჩქერიაში ადამიანთა გატაცების ფაქტებს იძიებდნენ. თავდასხმის ორგანიზატორად დოკუ უმაროვი მიიჩნიეს.

ასლან მასხადოვმა მას ყველა თანამდებობა ჩამოართვა. მიუხედავად ამისა,  2000 წელს, მეორე ჩეჩნური ომის დროს, უმაროვი გროზნოს დამცველთა შორის იყო (იანვრის დღეებში იჩქერიის დედაქალაქს 1200-მდე მებრძოლი იცავდა შამილ ბასაევის მეთაურობით, ფედერალური ძალების რაოდენობა 14000 აღწევდა. - ავტ.). როდესაც  ქალაქს მისი უკანასკნელი დამცველები ტოვებდნენ, დოკუ უმაროვი, თავის რაზმთან ერთად, დანაღმულ ველზე აღმოჩნდა. აფეთქებისას ქალა-თავის ტრავმა მიიღო. მისი გადარჩენა ნალჩიკში, ყბა-სახის ქირურგიის კლინიკაში შეძლეს. უმაროვის მკურნალობას პირადად რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ვლადიმირ რუშაილო კურირებდა. ამბობენ, კლინიკაში წყალი არ იყო და უმაროვი აბაზანის მისაღებად ხშირად სტუმრობდა ჩრდილო კავკასიის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლების ოჯახებს.

ექსპერტების აზრით, სწორედ ამ დროიდან ჩნდება ეჭვი უმაროვისა და სპეცსამსახურების თანამშრომლობაზე.

ჩეჩნეთში ერთ კვადრატულ მეტრზე მოდის სამ-ნახევარი ბე-ტე-ერი, 10 სპეცსამსახური და ერთი ჩეჩენიო,”- მწარედ ხუმრობდნენ იმხანად იჩქერიაში. როგორც ამბობენ, გენერალ  შპიგულის (მილიციის გენერალი ჩეჩნეთში 1999 წლის მარტში გაიტაცეს, წლისთავზე კი მოკლეს) გვამის ადგილსამყოფლის მოძიებაში რუსებს სწორედ დოკუ უმაროვი დაეხმარა. ნალჩიკიდან საველე მეთაური  საქართველოშიც გამოჩნდა - რუსლან გელაევთან ერთად იარებს პანკისის ხეობაში იშუშებდა.”"დოკუ  უმაროვს თბილისის ცენტრში, ერთ-ერთ კაფეში, რამდენიმე კაცი შეხვდა. მე სამხედრო მძევლების გასათავისუფლებლად უმაროვის სიტყვა მჭირდებოდა. ეს სიტყვა მივიღეთ. რადგან უმაროვისგან თანხმობა იყო, მძევლები, რომლებიც 2 წელი ტყვეობაში იმყოფებოდნენ, გაათავისუფლეს. დოკუსთვის მადლობა 50.000 დოლარი დაგვიჯდა.”

ვიაჩესლავ ისმაილოვი (ამერიკის ხმა)".

2002 წელს ფედერალური ძალების გაერთიანებულმა შტაბმა პირველად გაავრცელა ცნობა დოკუ უმაროვის ლიკვიდირების თაობაზე. ეს განცხადება არ დადასტურდა. 2002 წლის 8 აგვისტოს ასლან მასხადოვის ბრძანებით, დოკუ უმაროვი დასავლეთის ფრონტის მეთაურად დაინიშნა, ხოლო ორი წლის შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორად.  2004 წელს, როდესაც დაღესტან-საქართველოს საზღვარზე რუსლან გელაევი მოკლეს, უმაროვმა თავი მის მემკვიდრედ გამოაცხადა და "შავი ანგელოზის" (რუსლან გელაევის მეტსახელი) რაზმებს ჩაუდგა სათავეში. 2004 წლის 1-ელ სექტემბერს ქალაქ ბესლანის საშუალო სკოლაში ტერორისტები შეიჭრნენ და მძევლად აიყვანეს 1127 კაცი.

"- რას შვრები, როგორ ხარ?

- ვარ რა, ძველებურად.

- სად ხარ, რას აკეთებ?

- საინტერესოს  არაფერს. ვზივარ ბესლანში და ბავშვებს ვხოცავ" (ტერორისტების ეს სატელეფონო ჩანაწერი მოგვიანებით გაავრცელეს სამართალდამცავებმა).

ბესლანის ტრაგედიას 300 კაცი შეეწირა, უმრავლესობა ბავშვი იყო. გავრცელებული ვერსიით, ბესლანის ტერაქტის ორგანიზატორი დოკუ უმაროვი გახლდათ. ამბობენ, ის ერთ-ერთმა ბავშვმა ამოიცნო სურათზეო (ბავშვმა ტერორისტების სკოლაში შეჭრისას მიმალვა მოახერხა).

მოგვიანებით სხვა ვერსიებიც გაჩნდა. 2005 წელს, ასლან მასხადოვის სიკვდილის შემდეგ იჩქერიის ახალმა პრეზიდენტმა აბდულ ხალიმ სადულაევმა დოკუ უმაროვი იჩქერიის ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა, ხოლო იმავე წლის 15 ივლისს, სადულაევის სიკვდილის შემდეგ, უმაროვი იჩქერიის პრეზიდენტი გახდა. 2005 წლის 15 სექტემბერს კვლავ გავრცელდა ხმა უმაროვის სიკვდილის თაობაზე, რომელიც მოგვიანებით არ დადასტურდა. 2006 წლის 10 ივლისს სოფ. ეკაჟევოში შამილ ბასაევი ასაფეთქებელი მოწყობილობის შემოწმებისას შემთხვევით აფეთქდა.

ბასაევის სიკვდილში კვლავ დოკუ უმაროვს დასდეს ბრალი და ისევ ალაპარაკდნენ მის და  ФСБ-ს ერთობლივ საქმიანობაზე. 2007 წელს უმაროვმა თავი ჩრდილო კავკასიის გაერთიანებული საამიროს ემირად გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ  სამართალდამცავები ხშირად აცხადებდნენ, უმაროვის დაცვასთან შეტაკებები ხშირად გვაქვსო, ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. "საველე მეთაურს არასდროს დაჰყვება "ბოევიკთა" რაზმი, მის გვერდით მხოლოდ სამი ყველაზე ერთგული მეომარია, ხანდახან ექვსიც.

იმ 5 თვის განმავლობაში, სანამ უმაროვის გვერდით ვიყავი (როგორც ვიცი, საველე მეთაური მძევლებს ცივ ნიავს არ აკარებს, სულ თან დაჰყავს. ჩემს გათავისუფლებაში 10 მლნ-ს ითხოვდა), სროლებში მონაწილეობა არ მიგვიღია, ის ძალიან ფრთხილია. პრაქტიკულად, ერთსა და იმავე ადგილზე ერთი დღეც არ ჩერდება. ტრადიციულად, დილით 5 საათზე დგება. შემდეგ მეომრებთან და მძევლებთან ერთად მიდის ახალ ადგილზე, რომელსაც მეორე დილით ისევ ვტოვებდით, ხანდახან მეომრები გამოჩნდებოდნენ, რომელთაც პროდუქტები მოჰქონდათ, ხშირად კი მხოლოდ ნანადირევით ვიკვებებოდით".

მძევლის დღიურიდან

2009 წელს სპეცსამსახურებმა მოახერხეს უმაროვისთვის განკუთვნილ საკვებში ძლიერმოქმედი შხამის გარევა (შხამით მოწამლეს ხატაბი - "შავი არაბი": ერთ-ერთმა მცველმა მას შხამით გაჟღენთილი წერილი მიაწოდა. - ავტ.). მალე რუსებმა გაიგეს, რომ უმაროვი სიკვდილის პირას იყო. გაირკვა მათი ადგილსამყოფელიც. 8 ივლისს ფედერალურმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს და მხოლოდ ამის შემდეგ გაბედეს ტყის იმ მონაკვეთის გაცხრილვა. მართლაც გადააწყდნენ 20 ტერორისტის გვამს, თუმცა დოკუ უმაროვის ცხედარი მათ შორის არ აღმოჩნდა. მოწამვლის შემდეგ მას უმძიმესი დაავადებები განუვითარდა. მისი სიკვდილის ცნობა 2010 წლის 13 დეკემბერსაც გავრცელდა.

ბოლოს წინ უმაროვი 2011 წლის  28 მარტს "მოკლეს" (მეექვსედ!) - ინგუშეთში, სპეცოპერაციის დროს, ფედერალურმა ძალებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს მის სავარაუდო ადგილსამყოფელზე. დაიღუპა 17 კაცი, მათ შორის უმაროვის პირადი ექიმი იუსუფ ბუზარტანოვი, რომელიც მეთაურს ყველგან დაჰყვებოდა. უმაროვის სიკვდილის გამოცხადებას ჩეჩნეთის დღისთვის ინახავდნენ ჩეჩნეთის და რუსეთის პრეზიდენტები, თუმცა მათი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - 2011 წლის 8 აპრილს რადიო "თავისუფლების" ეთერში გადაცემის მსვლელობისას მოულოდნელად დოკუ უმაროვმა დარეკა, - ცოცხალი ვარ და ბრძოლას ვაგრძელებო.

მას შემდეგ რუსეთის ხელისუფლება დროდადრო აცხადებს, რომ დოკუ უმაროვი სოფელ ომალოში (პანკისის ხეობა) იმალება. მეორე ვერსიით, ის თურქეთშია და ძმასთან მკურნალობს. ორი დღის წინ, კავკაზცენტრმა განცხადება გაავრცელა - ”დიდი იმამი მოწამეობრივი სიკვდილით დაიღუპაო”. ამჯერად, შესაძლოა, ჭორები მართალი იყოს: გავრცელებული ინფორმაციით, უმაროვი ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მოიშორეს...