დაგეგმილი მკვლელობა - კვირის პალიტრა

დაგეგმილი მკვლელობა

ვიოლა ბარათელი საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა და თან ისტორიასაც ასწავლიდა უფროსკლასელებს. ქალაქში კარგ პედაგოგად, თავისი საქმის პროფესიონალად იცნობდნენ და პატივსაც სცემდნენ.

აი, კოლეგებს და მოსწავლეებს კი არ უყვარდათ, რადგან დესპოტად მიაჩნდათ. ყველა ერიდებოდა მასთან ურთიერთობას.

ალბათ მისი უხასიათობის გამო მოხდა ისიც, რომ ოჯახის შექმნა ვერა და ვერ მოახერხა. მამაკაცებს მისი ეშინოდათ კიდეც, უჭირდათ მისი ქალად აღქმა. მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იცოდნენ, რომ განიცდიდა შინაბერობას. ვიოლამ პრესტიჟულ უბანში იყიდა ბინა, საუკეთესო რემონტი გააკეთა, ავეჯიც საზღვარგარეთიდან ჩამოატანინა და ახალმოსახლეობა რომ გადაიხადა, თავისი რამდენიმე კოლეგაც დაპატიჟა. მათ შორის ფიზკულტურის ახალი მასწავლებელი, 34 წლის დათო ჯანელიძეც ერია. ახალ მასწავლებელზე ბევრი არაფერი იცოდნენ. დათო სკოლის დირექტორის ნათესავი იყო და როცა ვაკანსია გამოჩნდა, მაშინვე მოიწვია. პედკოლექტივს ამაყად წარუდგინა სპორტის დამსახურებული ოსტატი. დათო მორაგბეა, რუსეთის ცნობილ კლუბებში თამაშობდა, ახლა კი სამშობლოში დაგვიბრუნდა და ჩვენს მოსწავლეებს, ვისაც საამისოდ ოდნავი მონაცემები მაინც ექნება, ნამდვილ სპორტსმენებად გაზრდისო.

სკოლის დირექტორმა, რა თქმა უნდა, არ გაამხილა, რომ მისი ნათესავი წელიწად-ნახევარი რუსეთის ციხეში იჯდა და რომ არა ცნობილ ადვოკატთა თავგამოდება, 15 წელი მაინც უნდა ეხეხა სატუსაღოს გისოსები.

დათო ჯანელიძეს კაცი შემოაკვდა. უცნაური ისაა, რომ მოკლული - პაშა რაგოზინი ერთ დროს მისი თანაგუნდელი და მეგობარიც იყო. არავინ იცის, რა მოხდა მათ შორის, მაგრამ რაღაც «გასაყოფი» რომ გაუხდათ, ბევრი მიხვდა. მათმა დაპირისპირებამ და კინკლაობამ ისე ხშირი ხასიათი მიიღო, გუნდის ხელმძღვანელობამ სხვა გამოსავალი ვერ ნახა და რადგან ჯანელიძე უფრო ძლიერი მოთამაშე იყო, რაგოზინი გუნდიდან გაუშვეს... პაშა დიდხანს არ დარჩენილა უმუშევარი, იგი სხვა გუნდმა მიიწვია. მკვლელობის დღეს სწორედ ის ორი გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს და ბიჭები მოსისხლე მტრებივით შეხვდნენ მოედანზე... იქაც მოძებნეს ჩხუბის მიზეზი. სანამ მსაჯებმა თამაში შეაჩერეს და მოჩხუბრები ერთმანეთს დააშორეს, პაშა რაგოზინი მინდორზე კისერმოგრეხილი დახვდათ...

არც ის იცის ვინმემ, როგორ მოახერხეს ადვოკატებმა ან ვის ინტერესს გაუწიეს ანგარიში, მაგრამ დათო ჯანელიძეს მართლაც ხახვივით შერჩა მკვლელობა. მომხდარს უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია მიეცა!

ჯანელიძეს ქალაქში ბინა არ ჰქონდა. მისი მშობლები რაიონში ცხოვრობდნენ. თავიდან ნათესავთან, სწორედ სკოლის დირექტორთან ცხოვრობდა, შემდეგ კი ბინა იქირავა. გულჩათხრობილი იყო, მაგრამ ქალები მაინც ცდილობდნენ მასთან დაახლოებას. გარეგნულადაც ვერავინ დაიწუნებდა ათლეტური აღნაგობის სიმპათიურ ახალგაზრდა მამაკაცს.

...ვიოლას, 45 წლის გაუთხოვარ მასწავლებელს, ახალ ბინაზე მეტად ახალი მასწავლებლის სტუმრობა ახარებდა, თუმცა ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ მასზე ბევრად ახალგაზრდა დათო სასიყვარულო «თამაშში» აჰყვებოდა...

ასე იყო თუ ისე, ამ ახალსახლობამ ვიოლა და დათო მალე დააახლოვა. მეტიც, უკვე ერთ თვეში დათომ მორიგი სტუმრობისას ქალთან დარჩენა მოინდომა, მაგრამ ვიოლამ ულტიმატუმი წაუყენა, შენი მხოლოდ ქორწინების შემდეგ გავხდებიო... და ახალ სახლში სულ მალე ქორწილიც გადაიხადეს.

ვიოლას თავდავიწყებით უყვარდა ახალგაზრდა ქმარი და ბევრ რამესაც უთმობდა. იმასაც კი, რომ საღამოობით დათო ხშირად მარტო მიდიოდა გასართობად და გამთენიამდე არ ბრუნდებოდა შინ. აშკარა იყო, ლამაზმანებთან ერთობოდა... ცოლ-ქმრის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც რამდენიმე დღით სემინარზე წასული ვიოლა შინ ადრე დაბრუნდა და ქმარს უცხო ქალთან წაასწრო საკუთარ საძინებელში. იმ დღეს სერიოზულად იჩხუბეს, მათი ყვირილი მეზობლებსაც ესმოდათ. დათო გაიქცა კიდეც შინიდან, მაგრამ რამდენიმე დღეში ვიოლამ თვითონ მოძებნა და დააბრუნა. თუმცა ამის შემდეგ კიდევ უფრო თავხედურად იქცეოდა კაცი. არც ცემას აკლებდა «მოსიყვარულე» ცოლს.

ერთხელაც რომ იჩხუბეს და კაცმა ნაცემი მიატოვა, ვიოლამ კარის მეზობელს სთხოვა დახმარება. საცოდავი ქალის დალურჯებული ცხვირ-პირის დანახვისას მეზობელმა ურჩია, მილიციაში მიდი და დროზე მოიშორე თავიდან ეგ უმადური, თორემ ერთხელაც შემოაკვდებიო. ვიოლა მეზობლის სიტყვებმა საპირისპიროდ განაწყო, - ჩემი ბედნიერება გშურთ, გინდათ ქმარს გავშორდეო და ყველას აუკრძალა თავის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა.

- მიყვარს... მის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია, რომ მიმატოვოს და ისევ მარტო დავრჩე, თავს მოვიკლავო...

ერთ დღეს კი ვიოლამ მართლაც მოიკლა თავი. ჭაღის კაუჭზე ჩამოჰკიდა კაპრონის თოკი და თავი ჩამოიხრჩო. ეს კი მორიგი ჩხუბის შემდეგ მოხდა. მეზობლებმა ახლაც გაიგონეს ყვირილის, გინების, ჭურჭლის მსხვრევის ხმა. ისიც დაინახეს, როგორ გამოვარდა დათო ჯანელიძე შინიდან და როგორ მიაძახა მას ცოლმა:

- არ წახვიდე, თორემ თავს მოვიკლავ, იცოდე... ჩემი სიკვდილი იქნება შენი სასჯელი!..

კაცი უკან არ მობრუნებულა.

რადგან მეზობლებს აკრძალული ჰქონდათ ცოლ-ქმრის ჩხუბში ჩარევა, არავინ შესულა ვიოლასთან ნუგეშის საცემად...

იმ ღამემ და მომდევნო დღემაც მშვიდად ჩაიარა და მხოლოდ მეორე საღამოს შეამჩნია ზედა სართულის მეზობელმა ბარათელის ღრიჭოდ დატოვებული კარი. დაუძახა ვიოლას, მაგრამ ქალმა არ უპასუხა და შეშინებულმა მეზობლებს უხმო. ბინაში შესულებს კი ჩამომხრჩვალი ბარათელი დახვდათ...

ეჭვი არავის გასჩენია, რომ ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გაიხსენეს, როგორ მიაძახა ქმარს, თუ არ დაბრუნდები, თავს მოვიკლავო. მისი ადრე ნათქვამიც ახსოვდათ, - დათომ თუ მიმატოვა, თავს არ ვიცოცხლებო!..

ადგილზე მისულმა გამომძიებლებმა ჩათვალეს, რომ ყველაფერი ნათელი იყო და გვამი ექსპერტიზაზე მხოლოდ ფორმალურად გაგზავნეს, ვინმე რომ არ შედავებოდათ საქმისადმი გულგრილ მიდგომაში...

დათო ჯანელიძე იმ დღეს არ გამოჩენილა. აღმოჩნდა, რომ შინიდან გაქცეული რაიონში წასულიყო თავის ნათესავებთან და აღარც აპირებდა უკან დაბრუნებას:

- დამღალა ვიოლასთან კამათმა და კინკლაობამო, - გვითხრა, როცა ბოლოს და ბოლოს, ჩამოვიდა და მასთან შეხვედრა მოვახერხეთ, - მე არ დამიმალავს მისთვის, რომ ვერ მოვიშლიდი ქალებში სიარულს. სპორტსმენი კაცი ვარ, თავისუფალ ცხოვრებას მიჩვეული, მიყვარს გოგონები...

- თუ ასე იყო, 11 წლით უფროსი ქალი რატომ შეირთე?!

- ეს მისი ინიციატივით მოხდა. მეც მობეზრებული მქონდა ნაქირავებში ცხოვრება, სადაც ელემენტარული პირობებიც არ გამაჩნდა... თავისებური გარიგება მოხდა ჩვენ შორის. რომ არ დაფეხმძიმდა, თვითონვე შემომთავაზა, სხვას გააჩენინე შვილი, რომელსაც ფულს გადავუხდითო. ახლა მართლაა ჩემგან ფეხმძიმედ ერთი გოგო, რომელიც თანახმა იყო ბავშვი ვიოლასთვის დაეთმო. ფულიც გადახდილია... არ ვიცი, რატომ გააკეთა ეს სისულელე - მე თუ გავშორდებოდი, ბავშვი ხომ მას დარჩებოდა და გაეგრძელებინა ცხოვრება...

ჩვენ ის გოგოც მოვძებნეთ და დავკითხეთ. 23 წლის მანანა უკვე 7 თვის ორსული იყო:

- ფული ძალიან მჭირდებოდა, - მშობლებმა სახლიდან გამომაგდეს და ბინა უნდა მეყიდა. ამიტომ დავთანხმდი ბავშვის გაყიდვას. დათო შემთხვევით გავიცანი. ხშირად დადიოდა იმ რესტორანში, სადაც მიმტანად ვმუშაობდი. მის ცოლს არ ვიცნობდი, არც ის ვიცი, სად ცხოვრობდა. ფული დათომ გადამიხადა. უფრო სწორად, მან იყიდა და გააფორმა ჩემს სახელზე ის ერთოთახიანი ბინა, სადაც ამჯერად ვცხოვრობ...

ჩვენ მანანას მეზობლებიც დავკითხეთ და მათგან ძალზე საყურადღებო ინფორმაციაც მივიღეთ:

- ისე გაგვეცნენ, როგორც ცოლ-ქმარი. ვერც წარმოვიდგენდით, რომ დათოს სხვა ოჯახი ჰქონდა. ან როგორ ახერხებდა და როდის იყო ცოლთან, როცა სულ აქ ვხედავდით?!

- ბოლოს როდის ნახეთ?

- გუშინ დილით...

- დარწმუნებული ხართ? - ჩავეკითხეთ კაცს.

- რა თქმა უნდა. ჩემი მანქანით გავიყვანე ვაგზალზე, თქვა, რომ ავადმყოფი მამის სანახავად მიდიოდა რაიონში...

ე.ი. ჯანელიძე ცოლთან ჩხუბის შემდეგ კი არ გაემგზავრა ახლობლებთან, არამედ მეორე დილით, როცა სავარაუდოდ, ქალი უკვე ჩამომხრჩვალი იყო...

ექსპერტიზის ბიუროდან მოტანილ დასკვნას ჩავხედეთ. თითქოს არაფერი იყო საეჭვო, მაგრამ მაინც მოვინდომეთ ექიმთან შეხვედრა:

- 100%-ით ხართ დარწმუნებული, რომ თვითმკვლელობაა?

ასაკოვანმა ექიმმა სათვალის ზემოდან გადმოგვხედა:

- დასკვნას ხელი კი მოვაწერე, მაგრამ მეც შემეპარა ეჭვი, რომ ქალი უკვე მკვდარი ჩამოკიდეს თოკზე, - კისრის მალები ისეთ მდგომარეობაში აქვს, თითქოს თავი მოუგრიხესო, მაგრამ ამას მხოლოდ ძალიან ღონიერი კაცი თუ შეძლებდა. სხვათა შორის, რუსეთში მოხდა მსგავსი შემთხვევა. უცნაურია, მაგრამ ეროვნებით ქართველმა მორაგბემ მოწინააღმდეგე გუნდის წევრს პირდაპირ მოედანზე მოუგრიხა კისერი და სული გააფრთხობინა. ეს შემთხვევა კრიმინალისტიკის ერთ-ერთ სახელმძღვანელოშიც კია აღწერილი...

- ბატონო პავლე, ვიოლა ბარათელის ქმარიც ყოფილი მორაგბეა და ისიც რუსეთში თამაშობდა წლების წინ.

- არა, ის ქართველი ალბათ ახლაც ციხეშია! წიგნში არ წერია, რამდენი მიუსაჯეს, მაგრამ - მკვლელობა იყო, ბოლოს და ბოლოს!

სასწრაფოდ ვაფრინეთ ტელეგრამა რუსეთში და დათო ჯანელიძეზე ინფორმაცია გამოვითხოვეთ. გასაოცარი კი იყო, მაგრამ მაინც არ გაგვკვირვებია, რომ სწორედ ის აღმოჩნდა სახელმძღვანელოში აღწერილი შემთხვევის «გმირი»...

ვიოლა ბარათელი ორი კვირის დასაფლავებული იყო, როცა მის ბინაში ჩასახლებულ დათო ჯანელიძეს დავადექით თავზე და მისი დანაშაულებრივი წარსულის მასალები დავუდეთ წინ. მერე კი თავის გამართლების საშუალებაც არ მივეცით, ისე წავუყენეთ ბრალი:

- ვიოლა ბარათელიც იმავე მეთოდითაა მოკლული, რომლითაც რუსი მორაგბე ჩამოიშორეთ გზიდან... თან, ერთ-ერთმა მეზობელმა დაგინახათ, ღამით როგორ მოხვედით და მალევე გაიქეცით. სოფელშიც მკვლელობის შემდეგ გადაწყვიტეთ წასვლა, ამის მოწმეც გვყავს...

...დათო ჯანელიძემ დანაშაული აღიარა და მის დაგეგმვაში ფეხმძიმე საყვარელსაც დასდო ბრალი:

- ის სულაც არ აპირებდა ბავშვის დათმობას... ვიოლას გარდაცვალების შემთხვევაში კი, როგორც მის კანონიერ ქმარს, ბინა მე დამრჩებოდა. მანანაზე ვიქორწინებდი და ბავშვსაც ერთად გავზრდიდით...

მკვლელს 15 წელი მიუსაჯეს. მანანას, როგორც ფეხმძიმეს, მხოლოდ პირობითი სასჯელი აკმარეს. თუმცა მოვლენების ამგვარად განვითარების შემდეგ, მან ბავშვი სამშობიაროდანვე გაასხვისა - ისევ ფული აიღო და სადღაც გაემგზავრა მას შემდეგ, რაც პირობითი სასჯელის ვადა ამოეწურა...