ზურაბ ჟვანიას დაღუპვის უცნობი ვერსია - კვირის პალიტრა

ზურაბ ჟვანიას დაღუპვის უცნობი ვერსია

"ჩვენ დავრწმუნდით, რომ საწამლავი ყოველთვის საიმედო იარაღია, ჩუმი და შეუმჩნეველი". ”დანი იატომი,“"მოსადის" ხელმძღვანელი, 1997 წელი

"დღეს რუსეთში პრობლემის გადასაჭრელად მკვლელობა ყველაზე იოლი და ხელმისაწვდომი ხერხია".

ივან კიველიდი

2000 წლის 20 თებერვალს პეტერბურგის ყოფილი მერი ანატოლი სობჩაკი კალინინგრადის ოლქს ეწვია. პრეზიდენტობის კანდიდატის, ვლადიმირ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი ადგილობრივ ხელისუფლებას და საქმიან წრეებს შეხვდა. საღამოს, მიღების შემდეგ, იგი სასტუმროში დაბრუნდა, სადაც მოულოდნელად გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

სობჩაკის სიკვდილის შესახებ ვნებათაღელვა არ ცხრებოდა, გავრცელდა ხმები - სასტუმროს ნომერში, სადაც პეტერბურგის ყოფილი მერი დაბინავდა, მის მისვლამდე ორი კაცი შევიდა და, სავარაუდოდ, სასმელ წყალში შხამი გაურიაო. კალინინგრადში ჩატარებულმა ექსპერტიზამ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა, თუმცა მეორე ექსპერტიზამ, რომელიც პეტერბურგში სრულიად საიდუმლოდ ჩაატარეს, გარდაცვლილის ორგანიზმში უცნობი ნივთიერების არსებობა დაადასტურა.

ანატოლი სობჩაკის მოწამვლის ვერსიაზე ოჯახის წევრებიც ალაპარაკდნენ. პეტერბურგის ყოფილი მერის მეუღლე აცხადებდა, რომ დამნაშავეებს უახლოეს მომავალში დაასახელებდა, თუმცა მოგვიანებით, რატომღაც, გადაიფიქრა.

სობჩაკის დაკრძალვაზე  პეტერბურგში ვლადიმირ პუტინი  ჩავიდა.

"სობჩაკის გარდაცვალება არ გახლავთ უბრალოდ გარდაცვალება, ეს არის სიკვდილი მოწამვლის შედეგად".

ვლადიმირ პუტინი, რადიო "ბალტიკა"

პუტინის ნათქვამმა ბევრს ღიმილი მოჰგვარა.

"ანატოლის ჯერ კიდევ პარიზიდან ვიცნობდი (სობჩაკის წინააღმდეგ 90-იანი წლების შუა ხანებში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ამიტომ მან პარიზს შეაფარა თავი. - ავტ.). ჩვენ იქ დავმეგობრდით, ჯანმრთელობას არ უჩიოდა. იმ პერიოდში მისი ბედი გაურკვეველი იყო, მაგრამ რუსეთში დაბრუნების შემდეგ სანერვიულო უკვე აღარაფერი ჰქონდა - პუტინმა მისი ყველა საქმე დახურა, გაათავისუფლა ყველა ის მოხელე, რომლებიც სობჩაკზე სისხლის სამართლის დევნას ახორციელებდნენ.

საპრეზიდენტო კამპანიისას ანატოლი მისი ნდობით აღჭურვილი პირი გახდა.  ეს კი რუსეთში დიდ ძალაუფლებას ნიშნავდა. კალინინგრადში ის როგორც მეფე ჩავიდა. "გულის უკმარისობით" სიკვდილი სასაცილოდ არ მყოფნის. რა თქმა უნდა, ის მოწამლეს. 19  თებერვალს  ანატოლი პუტინთან იყო შეხვედრაზე, სადაც მხოლოდ მინერალური წყალი დალია.  კალინინგრადში გამგზავრებამდე დამირეკა. საუბრისას მითხრა, - თავს ცუდად ვგრძნობო. სობჩაკის მოწამვლა მხოლოდ პუტინს შეეძლო. ანატოლიმ ხომ ძალიან ბევრი იცოდა, ძალიან ბევრი".

არკადი ვექსბერგი, წიგნიდან "შხამების ლაბორატორია"

2000 წლის 14 დეკემბერს მკაცრი რეჟიმის კოლონია "ბელი ლებედში" ჩეჩენი საველე მეთაური სალმან რადუევი მოულოდნელად ცუდად გახდა. სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სალმან რადუევის დაკავება რუსებმა რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, 12  მაისს მაინც მოახერხეს. მას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს (1999 წელს სალმან რადუევი, შამილ ბასაევთან ერთად, დაღესტანში შეიჭრა, რაც იმავე წელს მეორე ჩეჩნეთის ომის დაწყების მიზეზი გახდა. ერთ-ერთი ვერსიით, დაღესტნის ოპერაცია ФСБ-თან იყო შეთAანხმებული, სალმან რადუევმა 1998 წლის 9 თებერვალს შევარდნაძეზე განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო).

სალმან რადუევმა 4 დეკემბერს კოლონიაში გამოძიებას ჩვენება მისცა აჰმედ ზაკაევზე და დაადასტურა, რომ დაღესტანში შეჭრის ერთ-ერთი ორგანიზატორი მასხადოვის მთაAვრობის საგარეო საქმეთა მინისტრიც იყო. გამომძიებლები მას ჩაით და ნამცხვრით გაუმასპინძლდნენ.

რადუევს 6 დეკემბერს პირიდან სისხლდენა დაეწყო. ექიმებმა იფიქრეს, რომ ეს კუჭ-ნაწლავის მძიმე მდგომარეობით იყო გამოწვეული და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გამოკვლევამ ვარაუდი არ დაადასტურა.

შემდეგ პატიმარს წნევამ აუწია, თუმცა წამლების დახმარებით დაურეგულირეს. მეორე დღეს რადუევს ნანემსარი ადგილები შეუშუპდა და გაულურჯდა, იმატა სისხლდენამ. ორი დღის შემდეგ პატიმარს არც ერთი ორგანო აღარ უვარგოდა. 14 დეკემბერს რადუევი ტანჯვით გარდაიცვალა.

ციხეებში ჩეჩენი საველე მეთაურების მოწამვლა იშვიათი არ იყო. ამიტომ იჩქერიის შეიარაღებულმა ძალებმა გადაწყვიტეს, რუსებზე შური იმავე მეთოდებით ეძიათ. 2002 წელს ჩეჩნეთში, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, შამილ ბასაევმა განაცხადა, - რუსების წინააღმდეგ ახალ ოპერაციას ვიწყებ. მისი კოდური სახელწოდებაა "ბუმერანგიო".

"შაჰიდები არა მხოლოდ ყუმბარებს გამოიყენებენ, არამედ იმ იარაღსაც, რომლითაც ჩვენს დაკავებულ ძმებს უსწორდებოდნენ".

შამილ ბასაევი

ბასაევის ეს განცხადება ერთგვარად "ქიმიური ჯიჰადის" გამოცხადებას ნიშნავდა. რუსული სპეცსამსახურები თავიდან ბასაევის განცხადებას ირონიული ღიმილით შეხვდნენ, მაგრამ როდესაც სარატოვში დაკავებულმა პროფესორმა იგორ რინკიმ აღიარა, რომ მან ჩეჩენ "ბოევიკებს" ჯერ კიდევ 2000 წელს 10 ამპულა ძლიერმოქმედი შხამი მიჰყიდა (თითოეული ამპულა 100000 სასიკვდილო დოზას შეიცავდა), სპეცსამსახურები შეფიქრიანდნენ.

იმ პერიოდში აშშ-ის სამსახურებისთვის ცნობილი გახდა, რომ "ალ-ქაიდა" შხამ რიცინის წარმოებას იწყებდა (რიცინი მცენარეული წარმოშობის ძლიერმოქმედი შხამია, მოქმედებით 80-ჯერ აღემატება კალიუმის ციანიდს, მოწამვლის ნიშნები გაცივებას წააგავს, რომელიც რამდენიმე დღეში სიკვდილით მთავრდება).

ქაბულში, სპეცოპერაციის დროს, ერთ-ერთ სახლში აღმოაჩინეს სამალავი, სადაც ატომური ბომბის შექმნის დოკუმენტაციასთან ერთად რიცინის წარმოების ინსტრუქციებიც ინახებოდა. ამ პროექტზე ორი არაბი ექიმი მუშაობდა. რუსეთის სპეცსამსახურები შოკში ჩაცვივდნენ, რადგან "ალ-ქაიდას" დაქირავებული მეომრები ჩეჩნეთში "ბოევიკების" მხარდამხარ იბრძოდნენ.

რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდა, ოპერაცია "ბუმერანგის" წინააღმდეგ რუსეთის ელიტარული სამხედრო ნაწილები ჩაერთო. რუსებმა მოახერხეს "ბოევიკთა" რამდენიმე ჯგუფის განეიტრალება. საბოლოოდ, ამოიღეს მომწამვლელი ნივთიერებები, რომლებიც საკმარისი იყო 500000 კაცის მოსაკლავად. მათ შორის იყო შხამი რკინა პენტაკარბონალი - (ეს შხამი დივერსიული ხასიათისაა და გამოიყენება დახურულ სივრცეებში ჰაერის მოსაწამლავად, მოწამვლა ხდება ჰაერის ჩასუნთქვით. მოწამვლის ნიშნები წააგავს გაზით მოწამვლას).

საინტერესოა, რომ რკინა პენტაკარბონალი მოგვიანებით საქართველოშიც გამოჩნდა. როგორც  უცხოელი ექსპერტების უმრავლესობა ამტკიცებს, სწორედ ამ ძლიერმოქმედი შხამით მოწამლეს 2005 წლის 3 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია (ოფიციალური ვერსიით - საქართველოს პრემიერ-მინისტრი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა - გაზით მოიწამლა).

2002 წლის 11 აპრილს ФСБ-მ გაავრცელა ტერორისტ ხატაბის (შავ არაბადაც მოიხსენიებენ) სიკვდილის ცნობა.

შავი არაბის სიკვდილს "ალ-ქაიდა" კარგა ხანს არ იჯერებდა. რუსული სპეცრაზმები, რომლებიც ხატაბის ჩეჩნეთის ტყეებში ფეხდაფეხ მისდევდნენ, მის მოკვლას ვერ ახერხებდნენ. როდესაც ტყვიით ვერაფერი გააწყვეს, საქმეში შხამი ჩართეს. დაღესტნელი უშიშროების სამსახურის ერთი თანამშრომელი (ვინაობა დღემდე უცნობია) დაუმეგობრდა თავის თანამემამულეს, იბრაჰიმ მუჰამედოვს (მისი მეორე გვარია ალაური), რომელსაც ხატაბი თვალდახუჭული ენდობოდა.

იბრაჰიმი არაბის კურიერი იყო, ხშირად დადიოდა თურქეთსა და საუდის არაბეთში ფულის ჩამოსატანად, დაღესტანში ფულის შემოტანაში მას სწორედ ეს უშიშროების თანამშრომელი ეხმარებოდა. იბრაჰიმს მეგობრის პროფესიაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა. ისე ენდობოდა მას, რომ ის წერილიც კი ანახა, რომელსაც არაბი შეიხი ხატაბის უგზავნიდა. უშიშროების თანამშრომელმა მოახერხა წერილის შხამით დამუშავება.

იბრაჰიმმა ხატაბის წერილი გადასცა. ცხადია, მოწამვლის თაობაზე ბაიბურშიც არ იყო. წერილის წაკითხვის შემდეგ ხატაბი ცუდად გახდა და რამდენიმედღიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

"ბოევიკებმა" მისი სიკვდილი იბრაჰიმ მუჰამედოვს დააბრალეს და სახალხოდ დახვრიტეს.

"ქიმიური ჯიჰადის" ჩავარდნის შემდეგ ჩეჩნებმა შურისძიება ტრადიციულად სცადეს. 2002 წლის 23 ოქტომბერს მოსკოვში, დუბროვკაზე, ჩეჩენ ტერორისტთა ჯგუფი კულტურის სახლში შეიჭრა. იმ დროს მიუზიკლი "ნორდ-ოსტი" მიმდინარეობდა. მაყურებელი მძევლად აიყვანეს და რუსეთის ხელისუფლებას ერთადერთი მოთხოვნა წაუყენეს, - გაიყვანეთ რუსული ჯარები იჩქერიიდანო.

26 ნოემბერს ხელისუფლებამ შენობის იერიშით აღება გადაწყვიტა. ამისთვის პირველად გამოიყენა ნარკოტიკულ ნივთიერება ფენტანილზე  დამზადებული გაზი. გაზს შენობაში მყოფნი უნდა გაებრუებინა, მიეძინებინა 800 მძევალი და 40 ტერორისტი. სამწუხაროდ, სამართალდამცავებმა სწორად ვერ გათვალეს, რის გამოც ბევრისთვის გაზი სასიკვდილო გამოდგა - 130 მძევალი ძილში გაიპარა. ეს იყო ყველაზე მასობრივი სასიკვდილო მოწამვლა.

KvirisPalitra.Geსამართალდამცავები ექიმებს არ უმხელდნენ გაზის გაშვების ამბავს, ამიტომ ვისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო, ისინიც ვერ გადაარჩინეს...

საქართველოში შხამის გამოყენების პირველი ოფიციალური ფაქტი 2004 წლის 1-ელ ივნისს მოხდა. იჩქერიის პრეზიდენტ ასლან მასხადოვის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში ხიზრი ალდამოვი, მისი ვაჟი და  ძმისწული მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში მოათავსეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადგინა, რომ ხიზრი ალდამოვის მანქანა დამუშავებული იყო ფოსფორის შემცველი მომწამვლელი ნივთიერებით. როგორც დაზარალებული აცხადებდა, მისი მკვლელობის მცდელობა რუსეთის სპეცსამსახურების ნახელავი იყო; თუმცა მეორე ვერსიით - მომხდარში ჩეჩნური კვალი ჩანდა. დანაშაული გახსნილი არ არის.

2002-2005 წლებში შხამები ფართო მასებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი. მას უკვე ამზადებენ არა მარტო სპეციალურ გასაიდუმლოებულ ლაბორატორიებში, არამედ კერძო მობილურ ლაბორატორიებშიც. ფასებიც შესაბამისი იყო.

"იIაფი საწამლავი 5.000 დოლარი ღირს. მისი ყველაზე დიდი მინუსი ის არის, რომ წამიერად კლავს კაცს. თან გვამის გაკვეთის შემთხვევაში მოწამვლის ნიშნები მაშინვე გამოჩნდება და პრობლემებიც იწყება.

7.000 დოლარად ღირებული საწამლავები მოქმედებას 30 წუთის შემდეგ იწყებენ. მისი სიმპტომები მძიმე არ არის. ადამიანი უბრალოდ, გონებას კარგავს და  შემდეგ კვდება. მაგრამ ამ შემთხვევაშიც შეიძლება გაკვეთამ აჩვენოს, რომ  მოკლული მოწამლეს.

არის საწამლავები, რომლებიც 12.000 დოლარი ღირს. ისინი შეუდარებელია. მისი გამოყენების შემდეგ ადამიანი უბრალოდ ცუდად ხდება, ან გული შეაწუხებს. ერთი კვირის შემდეგ კი კვდება ინფარქტით ან გულის უკმარისობით - ნებისმიერი კვლევა მხოლოდ ამ მიზეზს დაადასტურებს.

ქიმიოკილერთა კლუბი

"დამწყებთათვის"

2002 წლის სექტემბერში რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და ამასთანავე საიდუმლოებით მოცული მკვლელობა მოხდა: სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ კლინიკაში  ქალაქის რუხი კარდინალი, პრეზიდენტ პუტინის ყოფილი დაცვის წევრი და მისი ერთ-ერთი ახლო მეგობარი, ბიზნესმენი რომან ცეპოვი გარდაიცვალა.

"როდესაც მეგობრის სიკვდილის ამბავი პუტინს შეატყობინეს,  გაფითრდა, შემდეგ მისი დაცვის უფროსს, ვიქტორ ზოლოტოვს გადახედა და წამოსცდა, - რომანი კარგად მიცავდა, თუმცა თავი ვერ დაიცვაო. ვერ მივხვდი, რისი თქმა უნდოდა".

ალექსანდრ კორჟაკოვი, პრეზიდენტის დაცვის სამსახურის ყოფილი

უფროსი, 2003წ.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)