მაირანოვსკის მარადიული შხამები - კვირის პალიტრა

მაირანოვსკის მარადიული შხამები

(გაგრძელება. დასაწყისი "კვირის პალიტრა" #27-28)

"მიშამ მითხრა, - ჩვენ ის (ბადრი პატარკაციშვილი.- ავტ.) ისე უნდა მოვიშოროთ, როგორც პრემიერ-მინისტრი რაფიკ ალ-ჰარირი მოიშორეს  ლიბიაშიო".

ირაკლი ოქრუაშვილი, 2007 წ.

ბიზნესმენ რომან ცეპოვის კარიერა გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს კერძო დაცვის სამსახურის შექმნით დაიწყო. ცეპოვი პეტერბურგის მერის, ანატოლი სობჩაკის დაცვის წევრი იყო, შემდგომ მისი მომსახურებით ვლადიმირ პუტინიც სარგებლობდა. 1994 წელს  მტრებმა ცეპოვის ციხეში გამოკეტვა მოახერხეს.  მასთან ერთად მეზობელ საკანში ერთ-ერთი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი იჯდა.

"მან ერთხელ მითხრა, - ციხიდან რომ გახვალ, ჩემს ოჯახს დაიცავო. მას შემდეგ ჩემი ხალხი იცავს ასობით კრიმინალური ავტორიტეტის ოჯახებს, მილიონერებს და პოლიტიკოსებსაც".

რომან ცეპოვი

ვლადიმირ პუტინის  მოსკოვში გადაყვანის შემდეგ ცეპოვის მეგობრობა რუსეთის პრემიერთან არ დასრულებულა, პირიქით, რომან ცეპოვი პეტერბურგის "რუხი კარდინალი" გახდა. მასთან მეგობრობდნენ ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების პირველი პირები, მათ შორის პუტინის დაცვის უფროსი ვლადიმირ ზოლოტოვიც. 2004 წლის 11 სექტემბერს, ცეპოვი, საუზმის შემდეგ, საქმიან შეხვედრაზე გაემართა. პეტერბურგის მილიციის მაღალჩინოსნებთან საუბრის დროს ნაყინი მიირთვა და ჩაი დალია. საღამოს მოულოდნელად ცუდად გახდა. ექიმებმა საკვებით მოწამვლა ივარაუდეს.

"როდესაც რომანის ცოლმა მითხრა, აღებინებს და კუჭი აეშალაო, სასწრაფოდ მათთან გავჩნდი და ფიზიოლოგიური ხსნარი გადავუსხი. ერთმა გარემოებამ გამაკვირვა: ცეპოვს სიცხე არ ჰქონდა, არადა, ჩვეულებრივ მოწამვლას სიცხე ახლავს. პაციენტი საავადმყოფოში გადავიყვანეთ. მეორე დღეს გულის რევა და კუჭის აშლილობა აღარ ჰქონდა, არც ინფექციის ნიშნები ეტყობოდა. ცხადია, ეს არ იყო საკვებით მოწამვლა. მოვიწვიეთ ცნობილი სპეციალისტები. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ორგანიზმში ლეიკოციტების რაოდენობა საკმარისი არ იყო. არადა, როდესაც ორგანიზმი დაავადებას ებრძვის, ლეიკოციტების რაოდენობა მატულობს. ცეპოვის ორგანიზმს დაავადების შემოტევაზე რეაქცია არ ჰქონდა. ყველაფერს ვაკეთებდით პაციენტის ორგანოების დასაცავად. მართლაც, ის ორიოდე დღის შემდეგ გამოკეთდა, თუმცა  მოწამვლის ნიშნები მაინც არ ვლინდებოდა. დამაფიქრებელი იყო ისიც, რომ ლეიკოციტების რაოდენობა, რომელიც თავიდან არასაკმარისი - 7000 იყო, 4000-ზე ჩამოვიდა. ლაბორატორიულმა გამოკვლევამ ორგანიზმში ტუტეები აღმოაჩინა. პაციენტს სიარულიც შეეძლო და საავადმყოფოდან გაწერას ითხოვდა, მაგრამ ჩვენ თავსატეხი მაინც გვქონდა: ლეიკოციტების რაოდენობა კატასტროფულად მცირდებოდა - 2400 გახდა. პაციენტი გავაფრთხილეთ, რომ მისი გაწერა არ შეიძლებოდა, რადგან მისი ორგანიზმი დაავადებას ვერ უმკლავდებოდა. ცეპოვი მაინც წავიდა შინ. მესამე დღეს მედდამ ცეპოვის სახლიდან დამირეკა, - რომანი ძალიან ცუდად არისო. როდესაც მასთან მივედი, ელდა მეცა, - ცეპოვს თითქოს ტუჩებიდან და ენიდან ტყავი ააძვრესო. გეგონებოდა, პაციენტს ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარესო - მისი სიმპტომატიკა ძალიან ჰგავდა ლეიკემიით მკურნალობის მესამე სტადიას. ზურგის ტვინის გამოკვლევამ აჩვენა, რომ ლეიკოციტების რაოდენობა უკვე 1000 იყო,  კაცი თვალსა და ხელს შუა ილეოდა. ეს ნიშნები ჰგავდა ჰემოტოქსიკური შხამის მოქმედებას, რომლითაც ლეიკემიას მკურნალობდნენ. 24 სექტემბერს ცეპოვი  გარდაიცვალა".

პიოტრ პერუმოვი, ცეპოვის მკურნალი ექიმი

როგორც მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, ბიზნესმენი ლეიკემიის სამკურნალო პრეპარატით მოწამლეს. ცეპოვის სიკვდილს ერთხანს ЮКОС-სა  და მის ხელმძღვანელს, მიხაილ ხოდორკოვსკის უკავშირებდნენ. თავის დროზე ცეპოვმაЮКОС-ს  ხელისუფლებასთან შუამავლობა შესთავაზა. ერთი ვერსიით, ხოდორკოვსკის უნდა გადაეცა ЮКОС-ის აქტივები იმ ხალხისთვის, რომელსაც ცეპოვი დაასახელებდა. სამაგიეროდ, ოლიგარქს ქვეყნის საზღვრების თავისუფლად გადაკვეთის საშუალებას მისცემდნენ (ცეპოვის სიკვდილის შემდეგ გაირკვა, რომ ЮКОС-თან მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობდა).

მეორე ვერსიით,  რომან ცეპოვის ამბიცია, გამხდარიყო კრემლის "რუხი კარდინალი", ბევრს მოსკოვში თვალში არ მოსდიოდა, განსაკუთრებით სპეცსამსახურებს, თუმცა ბოლო დროს გაჩნდა ახალი ვერსია, რომ პუტინის მეგობარი პეტერბურგის კრიმინალური სამყაროს ქართულ ფრთასთან დაპირისპირებამ იმსხვერპლა. რუსეთის პრეზიდენტი საქმის დაუყოვნებლივ გახსნას კი ითხოვდა, მაგრამ დანაშაულის  მოტივი და მკვლელთა ვინაობა დღემდე დაუდგენელია. პუტინის გარემოცვაზე ნადირობა ამით არ დასრულებულა.

ქიმიოკილერთა  სამიზნე იმავე წელს კიდევ ერთი პეტერბურგელი ბიზნესმენი ვლადიმირ აგაფონოვი გახდა. ერთ საღამოს, აგაფონოვი მცველებთან ერთად ოფისიდან გამოვიდა და ავტომანქანისკენ გაემართა. გზად ჩამოძონძილი 8 წლის გოგონა შეხვდა. როდესაც აგაფონოვი გოგონასკენ დაიხარა,  ფული რომ ეჩუქებინა, გოგონამ მოულოდნელად ფეხში შპრიცი შეარჭო და გაიქცა. მცველებმა ბავშვი დაიჭირეს და როდესაც მანქანასთან დაბრუნდნენ, აგაფონოვი უკვე ასფალტზე იკრუნჩხებოდა. ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს, რადგან გოგონამ შპრიცის ბოლომდე შერჭობა ვერ მოასწრო. ბავშვი ამბობდა, უპატრონო ვარ, ორმა კეთილმა ძიამ  დამაპურა, შპრიცი მომცა და დამარიგა, - ეს შეურჭე ამ ბოროტ ძიას, ის ბავშვებს იპარავს და კლავსო. თუ ამას გააკეთებ, ლამაზ კაბას და ბოტებს გიყიდითო."კეთილი ბიძიები" სამართალდამცავებმა მალე დააკავეს. ისინი აგაფონოვის პარტნიორები აღმოჩნდნენ.

2003 წელს უკრაინაში პრეზიდენტ კუჩმას რეჟიმის წინააღმდეგ ოპოზიციურმა ბლოკმა აქტიური მუშაობა გააჩაღა. ოპოზიციის ლიდერი ვიქტორ იუშჩენკო იყო, უკრაინის ოპოზიციას  დიდი ფული სჭირდებოდა.

"2003 წელს დამირეკა ჩემმა მეგობარმა ბადრი პატარკაციშვილმა და მითხრა, - თბილისში არიან ჩამოსული იუშჩენკო და ჟვანია (ბიზნესმენი დავით ჟვანია. - ავტ.). ჟვანიას არ ვიცნობდი, ბადრი კარგად იცნობდა. ბადრიმ მითხრა, - მათ შენთან დალაპარაკება უნდათო. მერე მე ველაპარაკე იუშჩენკოს ტელეფონით. ვიქტორმა მთხოვა, დამეფინანსებინა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება. იმ დროისთვის ნიუ-იორკში მე უკვე მქონდა ჩემი ფონდი. ამ საუბრის შემდეგ ჟვანია ჩემთან ლონდონში ჩამოვიდა. ფინანსებზე ვისაუბრეთ. თავიდან  8 მილიონს ითხოვდნენ. საუბრის ბოლოს ეს რიცხვი 45 მილიონი გახდა. ისინი არ დამპირებიან, ფულს დაგიბრუნებთო. ოღონდ, მე უსათუოდ უნდა მცოდნოდა, რაში დაიხარჯებოდა ეს თანხა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. თუმცა, ფული, რა თქმა უნდა, მივეცი".

ბორის ბერეზოვსკი, 2008 წ.

2004 წელს უკრაინაში, პრეზიდენტობის არჩევნებისთვის ბრძოლაში, ლეონიდ კუჩმას ერთ-ერთი ძლიერი კონკურენტი ვიქტორ იუშჩენკო იყო. 5 სექტემბერს იუშჩენკო უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილესთან, ვლადიმირ სიცუკთან იყო სტუმრად. სუფრაზე უშიშროების სამსახურის  უფროსის კიდევ ერთი მოადგილე, ტარას ზალსკიც გახლდათ. მან იუშჩენკოს ფლავის გასინჯვა შესთავაზა. სწორედ ეს კერძი იყო მოწამლული. საღამოს იუშჩენკო შეუძლოდ გახდა. სასწრაფოდ ავსტრიაში გადაიყვანეს.  ექიმებმა მწვავე პანკრეატიტის დიაგნოზი დაუსვეს. ავსტრიელი ექიმების მოთხოვნით, ამერიკელმა მედიკოსებმა იუშჩენკოს გამოკვლევა ჩაუტარეს და სისხლში მაღალტოქსიკური ნივთიერება დიოქსინი აღმოუჩინეს (დიოქსინი შხამივით მოქმედებს, პროცესი წლობით გრძელდება. მოწამვლის  პირველი ნიშნები კანზე წყლულებისა და ნაწიბურების სახით ჩნდება), პრეზიდენტობის კანდიდატის მოწამვლის ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. როგორც ექსპერტები ფიქრობენ, სპეცსამსახურებს იუშჩენკოს მოკვლა განზრახული არ ჰქონიათ, მათი მიზანი იუშჩენკოს დამახინჯებით მისთვის ელექტორატის დაკარგვა იყო. 2005 წელს უკრაინის პრეზიდენტს ახალი გამოკვლევა ამერიკელი, გერმანელი, ბელგიელი და უკრაინელი ექიმებისაგან შემდგარმა ჯგუფმა ჩაუტარა. დადასტურდა ორგანიზმში დიოქსინის არსებობა.

2005 წლიდან სპეცსამსახურების საბრძოლო არსენალში ორკომპონენტიანი შხამები გვხვდება (საცდელ ნიმუშზე ჯერ კიდევ სიკვდილის ექიმის, მაირანოვსკის ლაბორატორიაში მუშაობდნენ). თავიდან მსხვერპლის ორგანიზმში შეჰყავთ ნეიტრალური ნივთიერება, ხოლო ორი თვის შემდეგ ადამიანი სვამს მეორე ასეთ ნეიტრალურ ინგრედიენტს (მაგ., ფინჯან ჩაის). ორგანიზმში ორი კომპონენტის ურთიერთქმედების შედეგად ადამიანი დაახლოებით ერთ კვირაში კვდება "ჩვეულებრივი”სიკვდილით" - გულის გაჩერებით.

2006 წლის 23 ნოემბერს დიდი ბრიტანეთი სკანდალში გაეხვია.  ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა ФСБ-ს ცნობილი პოლკოვნიკი ალექსანდრ ლიტვინენკო. ის პოლონიუმ-210-ით მოწამლეს. ლიტვინენკოს მკვლელობა ყველაზე ძვირად ღირებულია კაცობრიობის ისტორიაში - 32 მლნ ევრო დაჯდა (ამის შესახებ "კვირის პალიტრა" წერდა). დასავლეთის პრესა ლიტვინენკოს სიკვდილში პუტინს ადანაშაულებდა, რუსული სპეცსამსახურები - ოლიგარქ ბორის ბერეზოვსკის, ესპანეთის პოლიცია კი ლიტვინენკოს მოწამვლაში ტარიელ ონიანის კვალს ხედავდა. ФСБ-ს ოფიცრის მოწამვლის გარშემო ვნებათაღელვა არც იყო ჩამცხრალი, რომ ლონდონი კვლავ მოექცა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში - 2008 წლის 12 თებერვალს ინგლისის დედაქალაქიდან 29 კილომეტრში, ლაზერჰედში (სურეის საგრაფო) გულის შეტევით გარდაიცვალა ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი. ოლიგარქის სიკვდილი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ დიდხანს არ სჯეროდათ, რომ ბუნებრივად გარდაიცვალა.

"რადგან  საქმე გვაქვს სიკვდილთან და გარდაცვლილი მხოლოდ 52 წლისაა, პოლიცია ფიქრობს, რომ სიკვდილი ძალიან საეჭვოა".

(რუდ კოპერვეიდი, სურეის საგრაფოს პოლიციის პრესსპიკერი)

პატარკაციშვილის მოწამვლაზე, პრესის გარდა, ექსპერტებიც დამაჯერებლად საუბრობდნენ. მისი პირადი ექიმი ირწმუნებოდა, რომ ბადრის გული არ აწუხებდა. გაჩნდა ეჭვი, რომ პატარკაციშვილის სიკვდილში ბერეზოვსკის ხელი ერია. სწორედ მან ნახა ის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. სავარაუდოდ, ბერეზოვსკის არ მოსწონდა ბადრისა და  რუსეთის დამთბარი ურთიერთობა და ფიქრობდა, რომ რუსეთის ასეთი პოზიციის საპირწონედ ბადრი ლიტვინენკოს სიკვდილის საიდუმლოს აუცილებლად გაამხელდა. თავად ბერეზოვსკი ამ ვერსიას უარყოფს.”

"ჩვენ შევხვდით სიკვდილამდე 6 საათით ადრე არა სახლში, არამედ ოფისში. თუ ვის ოფისში, ამას გამოძიების დასრულებამდე არ ვიტყვი. რაც უნდა მოხდეს, რა ვერსიებიც  უნდა დაიდოს, მაინც არაფერს ვიტყვი".

ბორის ბერეზოვსკი, 2008 წლის 14 თებერვალი

მართალია, ბერეზოვსკი მალავდა ბადრისთან შეხვედრის ადგილს, მაგრამ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ  გარდაცვალების დღეს ბადრი, ბერეზოვსკი და მათი ორი კომპანიონი - იური დუბოვი და ნიკოლოზ გლუშკოვი (აეროფლოტის ყოფილი ხელმძღვანელი; მისი ციხიდან გაქცევა ბადრის ჰბრალდებოდა და რუსეთში საქმეც იყო აღძრული) ერთ-ერთ საადვოკატო კანტორაში იყვნენ. ბადრის თან ახლდა ინგლისის ყოფილი გენპროკურორი ლორდი გოლდსმიტი, რომელიც ბადრის ადვოკატი იყო. მათ მოგვიანებით ლორდი ბელიც შეუერთდა.  როგორც ბელი იხსენებს:

"ოთახში ძალიან ცხელოდა, ჰაერი ჩახუთული იყო. ბადრიმ თქვა, - კარგად ვერ ვარო და დაბლა ჩავიდა სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად. როდესაც ამოვიდა, ნორმალურად გამოიყურებოდა".

ზოგიერთი ექსპერტი ოლიგარქის სიკვდილს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს უკავშირებს და ამის დასტურად ბადრის სიტყვები მოჰყავს:

"4 კაცი ჩამოვიდა საქართველოდან ლონდონში. გამაფრთხილეს, რომ ჩემს წინააღმდეგ რაღაც მზადდებოდა. ეს შარშან იყო. თუმცა, ვფიქრობ, ეს განმეორდება".

ბადრი პატარკაციშვილი, გაზეთი ”სანდი ტაიმსი", 2008  წ.

ინგლისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ბიზნესმენი მართლაც გულის შეტევით გარდაიცვალა და მის სიკვდილს მოწამვლასთან საერთო არაფერი ჰქონდა.

"ჩვენს შხამებს ვადა არასდროს გაუვა. ისინი ჩემს მერე, თქვენს მერეც დიდ საქმეებს გააკეთებენ. და სანამ სახელმწიფოს მტრები ეყოლება, ჩვენი მუშაობა არა მარტო საჭირო, ჰაერივით აუცილებელი იქნება".

გრეგორ მაირანოვსკი, წერილი ბერიას, 1953 წ.