"ვარდების მეცენატის" აღსასრული - კვირის პალიტრა

"ვარდების მეცენატის" აღსასრული

რა კავშირია  თებერვლის გახმაურებულ მკვლელობებს შორის?

"ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ "ვარდების რევოლუცია" შევარდნაძემ მოაწყო. გვაქვს ერთი შეხვედრის აუდიოჩანაწერი, რომელიც,  სავარაუდოდ, 2003 წლის 17-დან 20 ნოემბრამდე უნდა შემდგარიყო. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ  ავთანდილ ჯორბენაძე (პრემიერ-მინისტრი), გივი თარგამაძე, მიხეილ სააკაშვილი, ლევან კორინთელი და ბიზნესმენი მამუკა ჯინჭარაძე. სავარაუდოდ, ეს შეხვედრა  მისი ორგანიზებული იყო.

თემურ შაშიაშვილი."

"2005 წლის 3 თებერვალი.დაიღუპა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია.

2005 წლის 4 თებერვალი. თავი მოიკლა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის თანამშრომელმა და ზურაბ ჟვანიასთან დაახლოებულმა პირმა  გიორგი ხელაშვილმა.

2005 წლის 5 თებერვალი. მოკლეს ზურაბ ჟვანიას მეგობარი, ბიზნესმენი მამუკა ჯინჭარაძე... რა იყო ეს - უბრალო დამთხვევა, თუ ერთი ჯაჭვის ლოგიკური დასასრული?"

"თებერვლის ბნელი დღეები" ამერიკული მედია.

2005 წლის 5 თებერვალს მოსკოვში, საღამოს, 38 წლის ბიზნესმენი მამუკა ჯინჭარაძე, ძმასთან, ელგუჯა ჯინჭარაძესთან (რემბო) ერთად საცხოვრებელი სახლის ახლოს ფიტნესცენტრს ეწვია. დაახლოებით 7 საათზე ძმებმა დარბაზის დატოვება გადაწყვიტეს. სანამ ელგუჯა ნივთებს ალაგებდა, მამუკა მანქანის გასახურებლად ფიტნესცენტრის ავტოსადგომისკენ გაემართა. მანქანაში ჩაჯდა თუ არა, უცნობი მიუახლოვდა და საქარე მინიდან რამდენჯერმე ესროლა მაყუჩიანი პისტოლეტი, შემდეგ იარაღი იქვე დააგდო და გაუჩინარდა. მძიმედ დაჭრილმა ჯინჭარაძემ მანქანიდან გადმოსვლა მოახერხა და გზამდე მიფოფხდა. ბიზნესმენი საავადმყოფოში გამვლელმა მანქანამ გადაიყვანა. ექიმები მის გადასარჩენად რამდენიმე საათს იბრძოდნენ. ჯინჭარაძე ღამის პირველ საათზე გარდაიცვალა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბიზნესმენს 7 ტყვია ესროლეს. მათ  შორის ერთი საკონტროლო - თავში... ცხადი გახდა, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო... ვინ იდგა ჯინჭარაძის მკვლელობის უკან, ეს არა მარტო რუსეთში, არამედ საქართველოშიც ბევრს აინტერესებდა.

KvirisPalitra.Ge...ქობულეთელი მამუკა ჯინჭარაძე რუსეთში, ქალაქ ნიჟნი-ვარტოვსკში (ქალაქი ნავთობის საბადოებით ცნობილ ტიუმენის ოლქში) საცხოვრებლად 1988 წელს გადავიდა. თაAვიდან ხილის საბითუმო საწყობში მტვირთავად მუშაობდა, 1989 წელს პირველი კოოპერატივი გახსნა, 90-იანი წლების დასაწყისში გაიცნო მეწარმე ალექსანდრ პეტერმანი, რომელიც მოგვიანებით მისი ბიზნესპარტნიორი გახდა. 90-იანი წლების ბოლოს ჯინჭარაძემ და პეტერმანმა დააფუძნეს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მსხვილი კორპორაცია "სლავტეკი" (სიკვდილამდე მამუკა ჯინჭარაძე "სლავტეკის" ვიცე-პრეზიდენტი იყო). "სლავტეკი" 50-მდე ორგანიზაციას თუ საწარმოს ფლობდა, მათ შორის, საბითუმო მაღაზიათა ქსელს, გასართობ ცენტრებს, ხეტყის გადამმუშავებელ საწარმოებს. "სლავტეკის" საკუთრებაში იყო რამდენიმე მსხვილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა ტიუმენის ოლქში...

რუსეთში სამშენებლო ბუმის დასაწყისში "სლავტეკმა" რამდენიმე გრანდიოზული სამშენებლო პროექტი განახორციელა (ყველაზე ცნობილი საკურორტო ქალაქ გელენჯიკში აკვაპარკის მშენებლობა იყო. "სლავტეკი" მედიასაშუალებებსაც ფლობდა. მათ შორის ნიჟნი-ვარტოვსკის ტელეარხი "ახალი არხი" იყო.

მამუკა ჯინჭარაძემ საკუთარი ხასიათის წყალობით ბევრი მტერ-მოყვრის შეძენა მოასწრო. ნიჟნი-ვარტოვსკის "რუხ კარდინალს" ადგილობრივი კრიმინალური სამყაროც უწევდა ანგარიშს, 2000 წლისთვის მამუკა ჯინჭარაძის ინტერესები ტიუმენის ოლქს გასცდა და  ფეხის მოკიდება რუსეთის ნავთობის და ალკოჰოლის ბაზარზე სცადა. 2005 წელს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ჯინჭარაძეს განზრახული ჰქონდა ქართული ღვინის, კერძოდ, "ხვანჭკარის" 800000 ბოთლის რუსეთის ბაზარზე სარეალიზაციოდ გატანა. იმ დროს ქართული ღვინისთვის რუსეთის ბაზარი დაკეტილი იყო, ამიტომ ჯინჭარაძეს  "ხვანჭკარის" გასატანად მთელი მისი გავლენის და კავშირების ჩართვამ მოუწია. გარდა ამისა, ეს პროექტი საქართველოში რამდენიმე ღვინის ქარხანას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემდა. თუმცა პროექტი ბიზნესმენის სიკვდილის გამო აღარ განხორციელდა.

2001 წელს მამუკა ჯინჭარაძე ქალაქ ნიჟნი-ვარტოვსკის დუმის დეპუტატი გახდა, ხოლო მისი პარტნიორი ალექსანდრ პეტერმანი (მოგვიანებით რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი). სწორედ ამ დროიდან იწყება უთანხმოება პარტნიორებს შორის, ჯინჭარაძემ კონფლიქტში კრიმინალური სამყაროს ქართული ფრთაც ჩართო, თუმცა პეტერმანთან ვერაფერი გააწყო და ქალაქი დატოვა. ამის შემდეგ ის საქართველოს, კერძოდ კი აჭარის ბიზნესგარემოთი დაინტერესდა. აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე ჯინჭარაძეების მიმართ ყოველთვის კეთილად იყო განწყობილი. მამუკას ძმა, ელგუჯა ჯინჭარაძე, აჭარის შინაგან საქმეთAა მინისტრის მოადგილე და აბაშიძის დაცვის უფროსი იყო. ასეთი კავშირები კი  ბიზნესმენს სარფიან გარიგებებს უქადდა აჭარაში, თუმცა, მოულოდნელად მამუკამ გეგმა შეცვალა და 2002 წელს ნიჟნი-ვარტოვსკში გამოჩნდა.

დუმის სხდომის შემდეგ ჟურნალისტები მოიწვია და იმ დროისთვის სკანდალური განცხადებები გააკეთა - თავის ყოფილ პარტნიორს, "სლავტეკის" პრეზიდენტ ალექსანდრ პეტერმანს ქალაქის სამართალდამცავების მოქრთამვაში დასდო ბრალი. ბრალდებები იმდენად სერიოზული იყო, რომ მოსკოვის ყურამდეც მივიდა, ჯინჭარაძის განცხადებებს "სლავტეკის" ოფისსა და საწამოებში ომონის შეჭრა მოჰყვა. ალექსანდრ პეტერმანი იძულებული გახდა, რეპუტაციის აღსადგენად სასამართლოსთვის მიემართა და ცილისწამებისთვის ეჩივლა. სასამართლოზე მამუკა ჯინჭარაძემ რაიმე სერიოზული მტკიცებულებების წარდგენა ვერ მოახერხა, რის გამოც სასამართლომ მას პეტერმანისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 150.000 რუბლის გადახდა დააკისრა.

კონფლიქტი ამით არ დამთავრებულა. პეტერმანმა იცოდა, რომ ჯინჭარაძე არაფერს აპატიებდა. თავად მამუკაც ფიქრობდა, რომ ამ ეტაპზე  მისთვის მომგებიანი ჩუმად ყოფნა და შესაფერის დრომდე დაცდა იყო. ამასობაში საქართველოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებებისთვის ემზადებოდნენ. მამუკა ჯინჭარაძე თავის მეგობარ ზურაბ ჟვანიას, მიხეილ სააკაშვილსა და მის ნაციონალურ მოძრაობას გულშემატკივრობდა და მზად იყო, საჭიროების შემთხვევაში რევოლუციისთვის გარკევეული ფინანსებიც გაეღო. "ვარდების რევოლუციის" დღეებში ის აქტიურად მონაწილეობდა პრეზიდენტ შევარდნაძის ხელისუფლების წევრების გადაბირება-მოქრთამვაში. იმ პერიოდში ჯინჭარაძის ბიზნესპარტნიორები საქართველოში რჩეულიშვილები იყვნენ, ჯინჭარაძე "ცენტრ პოინტის" ყველა ახირებას აფინანსებდა. თუმცა როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია "თეთრების" მიერ გამოქვეყნებულ აუდიო\ჩანაწერში ჩანს,  ჯინჭარაძე პარტნიორებთან ანგარიშის გასწორებას სწორედ რევოლუციის შემდეგ აპირებდა.

"ავთანდილ ჯორბენაძე: - მერე შევარდნაძე უნდა გამოვიდეს ტელევიზიით და თქვას რაღაცები, რომლებიც ამათთვისIიქნება მისაღები - ეს ასე წარმომიდგენია... მერე სამუშაო მაქვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. რაღაცები იქნება დასალაგებელი, მერე პასტეპენნო ვსიო დელაეტსია. Pპროდვიჟენიე შაგ ზა შაგომ...

მამუკა ჯინჭარაძე: - ერთი დამთAავრდეს და რჩეულიშვილს მინდა მე თვითონ დავარტყა მერე.

ჯორბენაძე: - ეგ ბიჭი სულელია.

ჯინჭარაძე: - ჰოდა, ამიტომ მინდა ჩავხადო.

ჯორბენაძე: - რა გააკეთეს?

ჯინჭარაძე -  გადამაგდეს, ფული მივეცი და მომიტეხეს.

ჯორბენაძე:  - რა ღორები არიან ეგენი, რომ იცოდე, უკვე გული მერევა.

ჯინჭარაძე: - ნახევარი მილიონი მომიტეხეს.

ლევან კორინთელი (ფილმის "გასეირნება ყარაბაღში" პროდიუსერი): - რაში მიეცი ამდენი?

ჯინჭარაძე: - საქმეში.

ჯორბენაძე: - რა საქმეში?

ჯინჭარაძე: - სამშენებლო საქმე უნდა გაეკეთებინათ და ვერ გააკეთეს.

უცნობი მამაკაცი: - სოლოლაკის პროექტი?

ჯინჭარაძე: - არა, ინგოროყვას პროექტი. ინგოროყვას სახელზე რომ არის. ის სახლები შემასყიდვინეს და ყველა იმ სახლში ფული მომიტეხეს...

ამონარიდი აუდიოჩანაწერიდან,17-დან 20 ნოემბრამდე, 2003 წელი."

"ვარდების რევოლუციის" დამფინანსებელი 2004 წლის 31 მარტს სამართალდამცავების ხელში აღმოჩნდა. რუსეთიდან მომავალი მამუკა ჯინჭარაძე პოლიციამ თბილისის აეროპორტში დააკავა.

როგორც გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, - მამუკა ჯინჭარაძე ტრანსპორტის პროკურატურაშია დაკითხვაზე, სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე. ჯინჭარაძემ იქირავა შვეულმფრენი, რომლითაც ის გუდაურში გაემგზავრა. დაშვებისას ავარია შეემთხვა და შვეულმფრენი დაზიანდა. როცა ბიზნესმენმა გაიგო, რომ შვეულმფრენი შსს-ს ეკუთვნოდა, ძალიან გაუკვირდა, თუმცა განაცხადა, რომ მზად იყო, შვეულმფრენში 2 მილიონი ლარი გადაეხადა.

2004 წლის გაზაფხულზე ზურაბ ჟვანიამ მეგობარი საქართველო-რუსეთის ბიზნესფორუმზე მოიწვია. მამუკა  ჯინჭარაძემ ფორუმზე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ათამდე დიდი ერთობლივი საინვესტიციო პროექტი განხორციელდებოდა ენერგეტიკის, სარკინიგზო მიმოსვლისა და ტურიზმის სფეროში. ამისთვის რუსეთიდან ძალიან დიდი ფული შემოვიდოდა.

მამუკა ჯინჭარაძემ დააფინანსა "ვარდების ხელისუფლების" თავდაცვის მინისტრის, დავით თევზაძის მივლინება ერაყში. ის თავადაც იყო დელეგაციის წევრი. ცნობილია, რომ თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს - ბაღდადის აეროპორტში დაშვებისას თვითმფრინავი დაცხრილეს.

მამუკა ჯინჭარაძემ, მეგობრების თხოვნით, შეიძინა გაკოტრების პირას მისული "აგრობიზნესბანკი" და "სახალხო ბანკი" დაარქვა. სწორედ ამ დღიდან დაიწყო "სახალხო ბანკმა"  ქართულ საბანკო ბაზარზე ფეხის მოკიდება. გარდა ამისა, სხვა ბიზნესმენების მსგავსად, ჯინჭარაძე საპატრიარქოსაც ეხმარებოდა. მისი შემოწირულობით დამზადდა სამების საკათედრო ტაძრის 7-მეტრიანი მოოქრული ჯვარი პალესტინაში, ქალაქ ბეთლემში მან შეიძინა მიწის ნაკვეთი სახლითურთ ქართული მისიისთვის.

მამუკა ჯინჭარაძის მკვლელობის მოტივი შესაძლოა, მხოლოდ მის კომერციულ საქმიანობას დაჰკავშირებოდა, რომ არა წინა დღეებში მომხდარი მოვლენები: 2005 წლის 3 თებერვალს მოკლეს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, 4 თებერვალს ჟვანიასთან დაახლოებულმა პირმა გიორგი ხელაშვილმა თავი მოიკლა - იმ დროისთვის შინ მისი დედა, მეუღლე და მცირეწლოვანი ქალიშვილი იმყოფებოდნენ. სანადირო თოფი, რომლითაც მან თავი მოიკლა, მეზობლისგან ითხოვა...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)