გაყიდული უმანკოება - კვირის პალიტრა

გაყიდული უმანკოება

დავითმა ელზა მართლაც საჩოთირო სიტუაციაში გაიცნო. გოგონა მიმტანად მუშაობდა იმ რესტორანში, რომლის მომსახურების სფეროში ქალების "გამოძახებაც" შედიოდა. მოკლედ, ყველამ იცოდა, რომ თუ ფული გქონდა, ამ არალეგალურ ბორდელში ყველაზე უხამს ფანტაზიასაც შეასხამდი ხორცს.

...ცხრაშვილიანი ოჯახის მეექვსე ქალიშვილი ქალაქში იმ მიზნით წამოვიდა, რომ ბავშვობის დროინდელი ნატვრა აესრულებინა და პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩაებარებინა, რომ მერე ისევ სოფელში დაბრუნებულიყო და თავისი საყვარელი და უკვე მოხუცებული თალიკო მასწავლებელი შეეცვალა. არ აღმოაჩნდა საკმარისი ცოდნა და როცა ჩარიცხულთა სიაში საკუთარი გვარი ვერ იპოვა, ატირებულმა ბარგის შეკვრა დაიწყო. ამ დროს შემოუსწრო სწორედ მისმა მამიდაშვილმა იზომ...

იზო ხშირად ღამითაც არ ბრუნდებოდა შინ, რაც მის მშობლებს ძალიანაც არ მოსწონდათ, მაგრამ რადგან მის ხარჯზე ცხოვრობდნენ უზრუნველად, ბევრ რამეზე ხუჭავდნენ თვალს. ოფიციალურად იზო რესტორნის მზარეული იყო, სინამდვილეში კი მას ლამაზი გოგონების მოზიდვა-პატრონობა ევალებოდა. ახლანდელი კრიტერიუმით ის სუტენიორის როლს ასრულებდა, თუმცა იმ შორეულ წლებში ამ სიტყვის მნიშვნელობა ბევრმა არც იცოდა...

მოკლედ, იზომ მომხიბლავ ბიძაშვილს რესტორნის ოფიციანტობა შესთავაზა: კარგი ხელფასი გექნება, კერძო მასწავლებელთან ივლი და სტუდენტიც გახდები. აბა, სოფელში ასეთი შანსი როგორ გამოგიჩნდებოდაო!..

ელზა ადვილად დათანხმდა, იმავე საღამოს მისწერა სოფელში  მშობლებს, ქალაქში ვრჩებიო...

სამსახურში მეორე დღესვე გაჰყვა ბიძაშვილს. იზომ ყველა გააფრთხილა, რომ ელზასთვის "ცუდი რამე" არ უნდა შეეთავაზებინათ, არადა, რესტორნის დარბაზში გამოჩენილ მომხიბლავ გოგონას ბევრმა მაშინვე დაადგა თვალი. მათ შორის იყო დავით კეზევაძეც (გვარ-სახელები შეცვლილია), 42 წლის ქვრივი. დიდი ქარხნის დირექტორი და ასევე დიდი ქონების პატრონი. ცოლი 5 წლის წინ გარდაეცვალა და ერთი ვაჟი დარჩა. ამ რესტორანში დაქვრივების შემდეგ ხშირად მოდიოდა, თუმცა მანამდეც მოსწონდა აქაური გოგონებით გართობა...

დავითმა იზოს მოუხმო და მისკენ დახრილ ქალს ყურში ჩასჩურჩულა:

- როცა სტუმრები წავლენ, იცოდე, ის შველივით გოგო უნდა ჩამახუტო...

- რას ამბობთ, პარმენიჩ, ელზა ჩემი მამიდაშვილია, უმანკო, სუფთა ბავშვი. 18 წლისაც არაა ჯერ. ინსტიტუტში ვერ ჩაირიცხა და მოსამზადებელი ფული რომ მოაგროვოს, იმიტომ დავაწყებინე მუშაობა აქ...

- თუ უმანკოა, იმდენს გადავიხდი, რომ არც დაგსიზმრებია...

იმ დღეს მაინც უარი უთხრა იზომ, მაგრამ ჟინმორეულმა კაცმა ასდოლარიანების დასტა რომ გაუწოდა (დოლარი მაშინ საკმაოდ იშვიათი ხილი იყო საქართველოში), ორი კვირის შემდეგ სული ეშმაკს მიჰყიდა. გვიან ღამით, როცა რესტორნის დარბაზში თითქმის აღარავინ იყო დარჩენილი, მამიდაშვილს დაუძახა:

- მე ამაღამ ვერ მოვდივარ სახლში. ჩემს ნაცნობს ვთხოვ და ის წაგიყვანს, დროზე მოემზადე...

მთელი დღე ფეხზე მოტრიალე, გადაქანცულ ელზას არც უკითხავს რამე ბიძაშვილისთვის, არც ეჭვი შეჰპარვია. უცებ გაიხადა უნიფორმა და თავისი ჩითის სარაფანი გადაიცვა...

მამის ასაკის დავითს რომ შეხედა, კიდევ მეტი სიმშვიდე დაეუფლა და უკანა სავარძელში მჯდომს რაღაც მომენტში ჩათვლიმა კიდეც. არ გაუგია, როგორ გადაუხვია კაცმა გზიდან და ქალაქგარეთ მდებარე აგარაკისკენ აიღო გეზი...

- მოვედით, ლამაზო! - ფრთხილად შეაჯანჯღარა კაცმა.

მანქანიდან რომ გადმოვიდა, მერე გამოფხიზლდა საბოლოოდ და დამფრთხალმა უკან დაიხია:

- ეს ჩვენი ქუჩა არაა, სადა ვართ?

- ჩემი სტუმარი იქნები. ქალაქში დაბრუნებას მოვასწრებთ, ცოტა ხანს გავერთობით...

ელზამ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ აბა, დევივით კაცს, ალკოჰოლიც რომ ახელებდა, რას გაუმკლავდებოდა!..

...მერე, როცა ვნებადამცხრალ კაცს ჩაეძინა, ისეთმა სიშმაგემ შეიპყრო, მოკვლაც დაუპირა. გავარდა კიდევაც მეზობელ ოთახში, სადაც მაგიდაზე ხილთან ერთად რამდენიმე დანაც იდო. ყველაზე დიდს წამოავლო ხელი და სწორედ იქ ჩასცა კაცს, სადაც მისი აზრით, გული იყო... ერთი იღრიალა დავით კეზევაძემ და ჭრილობიდან დანის ამოღება სცადა, თუმცა ამაოდ. აუტანელმა ტკივილმა წამიერად გონებაც დაუბინდა. ელზამ იფიქრა, რომ მოკვდა და ისტერიკა დაემართა. ნახევრად დაფლეთილი სარაფანი გადაიცვა და აკივლებული გავარდა გარეთ... მალე გამოეხმაურნენ მეზობელი სახლებიდან...

მეზობლებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

ექიმებმა - პოლიცია... ელზა მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს. საბედნიეროდ, კეზევაძის ჭრილობა სასიკვდილო არ აღმოჩნდა. თანაც, აშკარა იყო, რომ დანაშაულის პროვოცირება მან მოახდინა: არასრულწლოვანი გააუპატიურა...

- ვერ გეტყვით, სადამდე მივიდოდა გამოძიება, - გვიყვება ბატონი ბიძინა და რა განაჩენს გამოიტანდნენ მოსამართლეები, დავით კეზევაძეს რომ არ განეცხადებინა: ეგ გოგო ცოლად მინდა და მიუხედავად იმისა, რომ მოკვლა დამიპირა, მაინც ვერ ვიტყვი მასზე უარს, ვერც ციხეში გავუშვებ. მოვრიგდებით და საქმეც დაიხურებაო!..

ვერ გეტყვით, როგორ მორიგდნენ და რა გადაწყვიტეს. ეჭვიც არ მეპარება, საქმის ჩაფარცხვა საკმაოდ ძვირი დაუჯდებოდა კეზევაძეს, მაგრამ ფაქტია, რომ 42 წლის ქვრივმა 17 წლის ელზა ციბაძე ცოლად შეირთო.

...ზუსტად 5 წლის შემდეგ შემთხვევის ადგილზე, ადრიან დილას გავედით. მტკვარზე სათევზაოდ გასულ მეთევზეს წყლის ზედაპირზე მოტივტივე ქალის გვამი შეენიშნა. წყალი არ იყო დიდი და იმ ადგილზე საკმაოდ მდორედ მოედინებოდა, ამიტომაც არ გაგვჭირვებია გარდაცვლილის ნაპირზე ამოყვანა. ახალგაზრდა ქალი იყო. სავარაუდოდ, წინა დღის, ანდა სულაც რამდენიმე საათის გარდაცვლილი. სახის ნაკვთები მძინარესავით მშვიდი ჰქონდა. პროზექტურაში გადაასვენეს. მანამდე კი ფოტოები გადავუღეთ იმ შემთხვევისთვის, თუ პატრონი დროზე არ გამოჩნდებოდა, ტელევიზიით რომ გაგვევრცელებინა...

პოლიციაში ორი განაცხადი იყო შემოსული დაკარგულ ახალგაზრდა ქალებთან დაკავშირებით. ორივე ოჯახი მოვიწვიეთ ამოცნობაზე, მაგრამ გარდაცვლილი მათი ახლობელი არ აღმოჩნდა. სწორედ ამ დროს შემოგვიტანა ექსპერტიზის დასკვნა ექიმმა:

- ქალი უკვე მკვდარი გადააგდეს მდინარეში. მის კუჭსა და სისხლში დარიშხანის კვალია, თანაც საკმაოდ დიდი დოზით, მაგრამ გარდა ამისა, ის შეიძლება მხოლოდ ამ შხამის შედეგად არ დაღუპულა, ვიღაცას ყელში წაჭერით მოუგუდავს... სავარაუდო ასაკი 22-23 წელია და რაც ყველაზე საშინელებაა, იგი დაახლოებით 8 კვირის ორსულია...

ის იყო ქალის ვინაობის დასადგენად ყველა საშუალება უნდა აგვემოქმედებინა, რომ კიდევ ერთი მკვლელობის შეტყობინება შემოვიდა. ორი დღის წინ სახლიდან გასული და გაუჩინარებული 28 წლის ჯემალ ტყავაძის გვამი მუშებს აღმოუჩენიათ რომელიღაც ახალ მშენებლობაზე - კაცი დანით იყო მოკლული და აგურის გროვის ქვეშ დამარხული.

ჯემალ ტყავაძე ამ მშენებლობაზე სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა და ის ამიტომ ამოიცნეს მუშებმა ადვილად. თავიდან არც მოგვსვლია აზრად, ეს ორი მკვლელობა ერთმანეთისთვის დაგვეკავშირებინა...

ჯემალი დედასთან ერთად ცხოვრობდა ქალაქის გარეუბანში. ერთი გათხოვილი დაც ჰყავდა. მას პატიოსან, მშრომელ კაცად იცნობდნენ და ყველას გაუკვირდა, როცა მოკლული იპოვეს. ყველა ერთხმად აღნიშნავდა, ასეთ კაცს  არ შეიძლება მტერი ჰყოლოდაო...

დედამ და დამ დაკითხვისას საინტერესო ვერაფერი გვითხრეს. სამაგიეროდ, მისმა ახლო მეგობარმა ფაქტობრივად გაგვახსნევინა საქმე.

ნუგზარ ხელაძემ თვითონვე ისურვა ჩვენთან თანამშრომლობა:

- სანამ სატვირთო მანქანაზე დაიწყებდა მუშაობას, ჯემალი ქარხნის დირექტორის, დავით კეზევაძის პირადი მძღოლი იყო. მისი ოჯახის წევრებსაც ემსახურებოდა. ხშირად მიჰყავდა და მოჰყავდა მისი ახალგაზრდა ცოლი ელზა, რომელიც სტუდენტი იყო. ჯემალი ხშირად ამბობდა, - ის გოგო ძალიან უბედურია დავითის ხელში. აშკარად პატიმარივით აცხოვრებს დესპოტი ქმარი და ტანჯავსო!.. მერე დაახლოვდნენ და ერთმანეთი გულწრფელად შეუყვარდათ... რომ გაიგო, როგორ ჩაიგდო ხელში დავითმა საბრალო გოგო, მიხვდა, მიუხედავად ყველაფრისა, ის მაინც სუფთა და გაურყვნელი სულისა იყო.

გაპარვა არც უფიქრიათ. ჯემალმა პირდაპირ უთხრა, - მე და შენს ცოლს ერთმანეთი გვიყვარს და შეგვეშვი, წავალთ, გადავიკარგებითო.

დავითი რისი დამთმობი იყო და ისე აცემინა საბრალო მძღოლი, ორი კვირა სისხლს აღებინებდა. ელზა კი სახლში ჩაკეტა, ინსტიტუტშიც აღარ უშვებდა...

- ელზას იცნობდით? - ვკითხეთ ნუგზარ ხელაძეს.

- სამწუხაროდ, არა...

...სასწრაფოდ დავით კეზევაძის სახლისკენ ავიღეთ გეზი. შინ მისი ვაჟი და რძალი დაგვხვდნენ. საღამო იყო და წესით, ამ დროს კეზევაძეც შინ უნდა ყოფილიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ორი კვირის წინ გამგზავრებულიყო სოჭში ქარხნის დელეგაციასთან ერთად საქმიანი ვიზიტით, - ბიზნესკონფერენცია და გამოფენა იმართებოდა და სწორედ იმ დღეს გამოსულა ვრცელი მოხსენებით, როცა სავარაუდოდ მკვლელობა მოხდა...

როცა უმცროს კეზევაძეს ელზაზე, ანუ დედინაცვალზე ვკითხეთ (ისინი ასაკით თანატოლები აღმოჩნდნენ), ზიზღით შეეცალა სახე:

- თან ჰყვებოდა იმ უმადურს მამაჩემი და ვერ შეიშნო კარგი ცხოვრება. ღალატზე შეისწრო დავითმა და დაახლოებით ერთი თვე იქნება, შიშველ-ტიტველი გაუშვა სახლიდან, გზის ფულიც არ მისცა...

- ქალაქში ნათესავები ჰყავდა?

- ვერ გეტყვით, არც დავინტერესებულვარ. რაც გავაგდეთ, აქ აღარ გამოჩენილა. მამაჩემმა გაგვაფრთხილა, ეზოშიც არ შემოგვეშვა...

გარდაცვლილის ფოტოები რომ ვაჩვენეთ კეზევაძე-უმცროსს, დაადასტურა, რომ ის ელზა ციბაძე იყო. ასევე ამოიცნო ყოფილი მძღოლი - ჯემალ ტყავაძე და შეშინებულმა შემოგვხედა:

- თქვენ რა, მამაჩემი ხომ არ გგონიათ მკვლელი?!

- რატომ უნდა გვეგონოს, ან რატომ არ უნდა გვეგონოს?! - ჯიქურ დავუსვით შეკითხვა, - მამაშენს ჰქონდა მიზეზი მათ დასახოცად!

- პირადად მე მაშინ დავაკლავდი ერთმანეთზე, ურცხვად რომ გამოგვიცხადეს, ერთმანეთი შეგვიყვარდა და ჩვენს გზაზე გაგვიშვითო, მაგრამ მამაჩემმა ეს არ გააკეთა: არ მინდა ამ ორი უმადურის გამო ცხოვრება ციხეში დავამთავროო.

...ჯემალ ტყავაძის ოჯახის წევრები და მეგობრები ამტკიცებდნენ, რომ რაც კეზევაძის სახლიდან წამოვიდა, ჯემალს ელზა არასოდეს უხსენებია და არც ერთად უნახავთ ვინმეს ისინი.

ამის შემდეგ ელზა ციბაძის მამიდის ოჯახში მივედით და პირველ რიგში იზო დავკითხეთ, ვინც ფაქტობრივად დასაღუპავად გაიმეტა მამიდაშვილი:

- ქმარმა რომ გამოაგდო, ჩვენთან მოვიდა და შევთავაზეთ დარჩენა, იმედი გვქონდა, რომ შერიგდებოდნენ, მაგრამ უარი თქვა. ფული მთხოვა, - სოფელში ჩავალ და იქ გადავწყვეტ, როგორ გავაგრძელო ცხოვრებაო. ჩემი მანქანით გავიყვანე ვაგზალზე და სოფლის ავტობუსში ჩავსვი. იმ მძღოლსაც ვიცნობ...

მძღოლმაც დაადასტურა, რომ იმ დღეს ელზა სოფელში ჩაიყვანა. სხვა მოწმეებიც აღმოჩნდნენ. თუმცა, არც იმ დღეს და არც მომდევნო დღეებში ელზა შინ მისული არავის უნახავს.

ბევრი ვიწვალეთ იმის დასამტკიცებლად, რომ ელზა ციბაძეც და ჯემალ ტყავაძეც დავით კეზევაძის მიერ დაქირავებულმა მკვლელებმა დახოცეს, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. სოჭიდან დაბრუნებულმა კეზევაძემ არც იკადრა ჩვენთან საუბარი, პირდაპირ ჩვენს ზემდგომებთან დაიჭირა საქმე და... მალე რომ შემოიდო თაროზე გაუხსნელი საქმე, სწორედ ამისი შედეგი მგონია.

რომ გაიგო, ელზა ფეხმძიმე გარდაიცვალა, ცოტა შეცბა: - დარწმუნებული ვარ, ჩემს შვილს ატარებდა მუცლითო, - თუმცა მალე მოეგო გონს და ზურგი გვაქცია: "ყოველი კაცი თავად იკლავს თავსო!" - წაიბურტყუნა...

p.s. დავით კეზევაძე ტრაგიკულად დაიღუპა ამ შემთხვევიდან რამდენიმე წელიწადში - ხევში გადავარდა მანქანით, რომელიც აფეთქდა და დანახშირდა. ბევრჯერ მიფიქრია, რომ ეს იყო იმ ორი ახალგაზრდისა და დაუბადებელი შვილის მკვლელისთვის "დამსახურებული" სასჯელი.