რეზერვისტის ჩანაწერები - კვირის პალიტრა

რეზერვისტის ჩანაწერები

"ომს იწყებენ, როცა მოესურვებათ, მაგრამ ამთავრებენ მაშინ, როცა შეძლებენ."

ნიკოლო მაკიაველი

"ცხინვალში სიგიჟე უნდა შევაჩეროთ."

მიხეილ სააკაშვილი,

7 აგვისტო, 2008 წ.

"18 წლის ვიყავი, თან სტუდენტი, ამიტომ 2008 წლის მარტში რეზერვში წასვლა გადავწყვიტე. ილიას უნივერსიტეტში სიები დგებოდა. მე და ჩემი მეგობრებიც ჩავეწერეთ. შეკრების დღეს კოჯრის ბაზაში აგვიყვანეს. 800 კაცამდე ვიქნებოდით. ორიოდე დღის შემდეგ ხელმძღვანელობამ გამოგვიცხადა, - სპორტსმენების 50-კაციანი ჯგუფი დგება და სპეცმომზადებას მუხროვანის სამხედრო ბაზაში გაივლისო. ჩვენამდე წვრთნას კიდევ ერთი ჯგუფი გადიოდა. წლების განმავლობაში კალათბურთს ვთამაშობდი, ამიტომ მუხროვანის ჯგუფში მოხვედრა არ გამჭირვებია.

თუ სხვა რეზერვისტები დილიდან საღამომდე ბანქოს თამაშით იქცევდნენ თავს, ჩვენი ჯგუფი მუდმივ წვრთნას გადიოდა. ძალიან მომწონდა, რადგან ყველა სპორტსმენი ვიყავით და სულისკვეთებაც ერთი გვქონდა. წვრთნის დამთAავრების შემდეგ უკვე გვყავდა გამნაღმველები, სნაიპერები, ყუმბარმტყორცნელები, სამედიცინო პერსონალი. შემდეგ ჩვენი ჯგუფი წინა ჯგუფს დაამატეს - ექსპერიმენტული ასეულის შექმნა ეროვნული გვარდიის პროექტი იყო. ასე გავხდით 420-ე ჯავშანსატანკო ბატალიონის სარეზერვო ასეული. საჩვენებელი წვრთნები  წარმატებით ჩავაბარეთ. მუხროვანიდან რომ გვაცილებდნენ, ხელმძღვანელობამ გვითხრა, - რამე რომ იყოს, სარეგისტრაციოდ არსად მიდიხართ, არავის არაფერს ეკითხებით, აქ, მუხროვანში შეიკრიბებით, რეგისტრაციასაც აქ გაივლით და იარაღსაც აქ მიიღებთო. რას გულისხმობდნენ ამ სიტყვებში, მაშინ რა ვიცოდით?!"

ბექა

2008 წლის ივლისის ბოლოს ცხინვალის რეგიონში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. ოსური მხარე მსხვილკალიბრიანი იარაღით ინტენსიურად ბომბავდა ქართული სამშვიდობო ძალების პოზიციებს, ცეცხლს უხსნიდა ქართულ სოფლებსაც.  ქართული სამშვიდობო ბატალიონი იძულებული იყო, შიგადაშიგ ეპასუხა.

7 აგვისტოს ფრონეს ხეობაში მთელი დღე ისმოდა სროლები.  დაიჭრა ქართული სამშვიდობო ბატალიონის სამი ჯარისკაცი, ქართული მხარე იძულებული გახდა, საპასუხო ცეცხლი გაეხსნა. სანამ ქართველი, ოსი და რუსი პოლიტიკოსები შექმნილ ვითარებაზე ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდნენ, შუადღისას, 2 საათზე, სოფელ ავნევსა და ნიქოზში ქართველ სამშვიდობოებს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი. მოწინააღმდეგე ერთგვარ შეტევაზეც კი გადავიდა, ოსურმა მხარემ დააზიანა ქვეითთა საბრძოლო მანქანა, დაიჭრა 5 ჯარისკაცი, ორი გარდაიცვალა. ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ როკის გვირაბს რუსების ტანკების კოლონა მოადგა.

7 აგვისტოს საღამოს ოსურმა მხარემ კვლავ დაიწყო ქართული სოფლების ინტენსიური დაბომბვა. დაიღუპა კიდევ ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურე, ქართული მხარე იძულებული გახდა, დაბომბვის შესაჩერებლად საარტილერიო ცეცხლი გაეხსნა. ოსურმა მხარემ ცეცხლი შეწყვიტა. თბილისი ცხინვალთან მოლაპარაკებას უშედეგოდ ითხოვდა. 19.36 საათზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელევიზიით განაცხადა:

"ჩვენ, ქართველებმა ოსებთან ომი არ უნდა დავუშვათ. მოვუწოდებ ოსურ მხარეს, შეწყვიტოს ცეცხლი, ნუ გვაიძულებს საპასუხო ცეცხლის გახსნას. ხვალ ცხინვალში იაკობაშვილისა და ჩოჩიევის მოლაპარაკებაა დანიშნული".

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ოსურმა მხარემ სროლა შეწყვიტა, თუმცა მხოლოდ ერთი საათით.

7 აგვისტოს 20.30 საათზე ოსებმა დაიწყეს ნაღმმტყორცნებით სოფლების: ავნევის, ნულის, თამარაშენისა და ფრისის დაბომბვა.

7 აგვისტოს, 23.40 საათზე საქართველოს ხელისუფლებამ შეიარაღებულ ძალებს საარტილერიო ცეცხლის გახსნა უბრძანა...

ომი დაიწყო. ცხინვალის მიმართულებით მობილიზებული იყო  თავდაცვის სამინისტროს 15000  სამხედრო მოსამსახურე. შსს-ს 5 000 პირადი შემადგენლობა და 30000 რეზერვისტი. კოდორს იცავდა შსს-ს 500-კაციანი ჯგუფი და თავდაცვის სამინისტროს 2500 სამხედრო მოსამსახურე.

8 აგვისტოს, გამთენიისას, რეზერვისტთა სრული მობილიზაცია გამოცხადდა.

"8 აგვისტოს დილას, ტელევიზიით შევიტყვე ქართული სოფლების დაბომბვის ამბავი, მერე ჩემმა რეზერვისტმა მეგობრებმა დამირეკეს - საღამოს მუხროვანში  შეკრებაა დაგეგმილიო. შინ ვთქვი, ბათუმში მივდივარ-მეთქი. ჩემი მეგობრები და ნათესავები ცდილობდნენ, მუხროვანში წასვლა გადამეფიქრებინა და მათთან ერთად ბათუმში დამესვენა. განსაკუთრებით ჩემი ბიძაშვილი აქტიურობდა - შენი მშობლები ცოდონი არიან, ერთი ბიჭი ჰყავხარო. ერთხანს მუხროვანში წასვლა მართლაც გადავიფიქრე, დედა შემეცოდა, რომელმაც არაფერი იცოდა ჩემი გეგმისა. თუმცა, როცა მოსაღამოვდა, თავი უხერხულად ვიგრძენი იმ ბიჭების წინაშე, რომლებთან ერთადაც წვრთნა გავიარე და სოხუმში ზღვაში ბანაობაზე ერთად ვოცნებობდით. ბევრი აღარ მიფიქრია, მეზობელს მანქანაში ბენზინი ჩავუსხი და მუხროვანში წავედი. გვიანი იყო. ჩვენი ჯგუფი უკვე გზას ადგა. იცოდნენ, რომ მაგვიანდებოდა და ჩემი აღკაზმულობა და ზურგჩანთა თან წაუღიათ. გორში ტურისტივით ჩავედი. ქალაქში უამრავ რეზერვისტს მოეყარა თავი. ისე იყვნენ შეკრებილი, რომ ერთი ჭურვი ეყოფოდათ. ამ სურათის ნახვაზე მეთაურები გაბრაზდნენ და ჩვენი ასეულის დასაბანაკებლად უსაფრთხო ადგილს დაუწყეს ძებნა. მიტოვებულ სტადიონზე დავბანაკდით. სამორიგეო პოსტები დავაყენეთ და პერიმეტრზე დაცვა გავაძლიერეთ. თვალში საცემი იყო, რომ ჩვენი ასეული ძალიან ორგანიზებულად მოქმედებდა. 8 აგვისტოს ღამე იქ გავათენეთ. მშვიდად ვიყავით, რადგან ვიცოდით, რომ ყველაფერი კარგად იყო. ტყვია-წამლის ნაკლებობას არ ვუჩიოდით,  ჯავშანჟილეტები გვეცვა და აღჭურვილობაც ისეთი გვქონდა, რომ თავი ერაყის გმირები გვეგონა. საკვებიც არ გვაკლდა. ჩვენი ასეულის მეთაAური, მაიორი ლევან ღლონტი პერიმეტრს აკონტროლებდა, რადგან სხვა ბანაკებში ხშირი იყო პროვოკაციის ფაქტები, ჩხუბი და სროლები. ჩვენი მეთაურები და ინსტრუქტორები ნაომარი და კარგად მომზადებული ხალხი იყო.  ერთად იბრძოდნენ და უსიტყვოდ უგებდნენ ურთიერთს.

9 აგვისტო მშვიდობიანად გათენდა. უსაქმურობისგან მოვიწყინეთ. ვიცოდით, ჩვენები ცხინვალში იყვნენ. ჩვენი გასაკეთებელი  რომ აღარაფერი რჩებოდა, გვეწყინა კიდეც.

შუადღის 13 საათი იქნებოდა, რომ გორში ბომბი ჩამოვარდა. ეს  ისეთი მოულოდნელი იყო, რომ ერთმანეთს ვეკვროდით, აღარ ვიცოდით, სად წავსულიყავით. სიტყვა "ჰაერი" ახლაც გუნებას მიფუჭებს. ძალიან შეშინებული ვიყავით. ჩვენი მეთაურები კი ადგილიდან არც დაძრულან,  ისხდნენ და საუბარს განაგრძობდნენ, შიგადაშიგ ხუმრობდნენ - მხნეობა რომ არ დაგვეკარგა. ერთ ბომბს მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე. ჩვენს ბანაკთან მდებარე კორპუსი დაინგრა. საღამოს 5 საათზე გავრცელდა ჭორი - 1 საათში  გორს მიწასთან გაასწორებენო. ბანაკიდან კარგად ჩანდა გზა და რკინიგზა. ვხედავდით, როგორ გარბოდნენ რეზერვისტები, არა მარტო პატარა ბიჭები, არამედ დიდებიც, ოფიცრებიც. ქალაქი პანიკას მოეცვა, ძალიან ძნელია, როდესაც ტერიტორია იბომბება, შენ კი მხოლოდ "კალაშნიკოვი" გიჭირავს ხელში...

მეთაურმა გამოგვიცხადა, - ცხინვალში მივდივართო და ჩვენც საკმაოდ ორგანიზებულად ავტობუსებში ჩასხდომა დავიწყეთ. რეზერვისტები მორბოდნენ და გვეხვეწებოდნენ, - ჩვენც წაგვიყვანეთო, თუმცა როცა იგებდნენ, ცხინვალში მივდიოდით, უკან გარბოდნენ. ქალაქიდან გავედით სამი ავტობუსით და ერთი "კამაზით", რომელშიც ჭურვები და სხვა იარაღი ეწყო. ბრძანება მოვიდა, - ქარელის გადასახვევთან ორ სამხედრო დანაყოფს დაელოდეთ და ცხინვალისკენ ერთად დაიძარითო. ავტობუსებში ყველა დუმდა. მოულოდნელად ერთმა რეზერვისტმა "მამაო ჩვენო" წაიკითხა (ეს ჩვენი ასეულის ტრადიცია იყო - სადილობის წინ ყოველთვის ვლოცულობდით). ამას მოჰყვა თამარის ლოცვა, რომლითაც ის ბრძოლის წინ ქართულ ლაშქარს ლოცავდა. ლოცვისას თითქოს სიმძიმე მოგვეხსნა, გორიდან გამოყოლილი შიშიც გაქრა და კვლავ გავმხნევდით. ვიღაც ხუმრობის გუნებაზეც დადგა... ქარელის გადასახვევთან ორი საათი ვიცადეთ. როგორც იქნა, დანაყოფებიც გამოჩნდნენ. გაოცებისგან თვალები გაგვიფართოვდა: პიკაპებზე თავიდან ფეხებამდე შეიარაღებული მთასავით ბიჭები ისხდნენ. მივხვდით, შსს-ს თანამშრომლები იყვნენ. გზა ერთად განვაგრძეთ. გავიარეთ სოფლები, გავჩერდით ქვენატკოცაში. იქაურებმა საჭმელი მოგვიტანეს, დაგვლოცეს და გაგვამხნევეს. გვეგონა, ღამეს იქ გავათევდით, მაგრამ ცოტა ხანში დავიძარით. მალე გზაც გაფუჭდა, შუქიც აღარსად ჩანდა. ერთ პატარა სოფელში სახლის წინ ბავშვები ისხდნენ. 8-10 წლისანი იქნებოდნენ. რადგან არ ვიცოდით, ქართულ სოფელში ვიყავით თუ ოსურში, ვკითხეთ, ოსები ხართ თუ ქართველებიო? ერთმა, რომელიც ყველაზე უფროსი უნდა ყოფილიყო, ჯიქურ შემოგვხედა, ფეხზე წამოდგა და ომახიანად შემოგვძახა, - ქართველები ვართ, ღმერთმა დაგვიფაროს, ოსობისგანო. ოსებიც ჩვენი ძმები არიან-მეთქი, - ვუთხარი, მაგრამ იქვე რამდენიმე გადამწვარი სახლი შევამჩნიე და გავჩუმდი...

გზა მდუმარედ განვაგრძეთ. უცებ გაისმა გამაყრუებელი ხმა, ისეთი, ჭურვის ამოქმედებას რომ ახლავს. ავტობუსშიც გვეწყო ჭურვები. ხმა არ წყდებოდა, ყველა პანიკამ მოიცვა, მეთაურებმა ავტობუსები გააჩერეს.   ჭურვებს არ გაეკაროთო, - დაიღრიალა ერთმა. მეთაურებმა რისკის  ფასად ჭურვები უსაფრთხო ადგილას ჩაზიდეს. აფეთქების მოლოდინში დაზაფრულები ვიდექით. ისევ ზუზუნი მოგვესმა, როგორც აღმოჩნდა, ერთ რეზერვისტს თან ელექტროსაპარსი წამოეღო და ის ჩართულა მოულოდნელად. ამან ისე გაგვამხიარულა, რომ ისტერიკული სიცილი აგვიტყდა. განვაგრძეთ გზა. მდინარე გადავიარეთ და ხიდთან გავჩერდით - იქ ქართული საგუშაგოები იყო. ჩვენები "კობრებით" იდგნენ. გზადაგზა კვლავ გვხვდებოდა 2-3-კაციანი საგუშაგოები. თურმე, ის სოფლები, რომლებიც გამოვიარეთ, ზნაურის რაიონს ეკუთვნოდა. გავშალეთ კარვები და დავაწესეთ მორიგეობა. შუაღამისას სროლა ატყდა. ზურგჩანთები დანგრეულ შენობასთან დავტოვეთ, რომ ხელი არ შეეშალა (არ ვიცოდით, რომ ეს არ უნდა გაგვეკეთებინა) და საომრად გავემზადეთ. თუმცა გვეშინოდა, რადგან სროლაში პირველად მოვხვდით. რამდენიმე გასროლას ისევ სიჩუმე მოჰყვა, როგორც თქვეს, მოწინააღმდეგის სადაზვერვო ჯგუფი იყო - ჩვენი პოზიციების კოორდინატების დადგენა უნდოდათ. დაახლოებით ერთ საათში თქვეს, ქართულ პოზიციებს მოწინააღმდეგის ბატალიონი  უახლოვდებაო. ამის გაგონებაზე ალიაქოთი ატყდა. ყველა თავის მანქანაში ჯდებოდა და უკან მიდიოდა, რადგან შსს-ს დანაყოფებმაც უკან დახევა დაიწყეს. ჩვენმა მეთაურებმა ავტობუსებში ჩასხდომა გვიბრძანეს და პოზიციები დავტოვეთ. საგუშაგოებზე მდგომი ბიჭები გვეხვეწებოდნენ, თან წაგვიყვანეთო. ავტობუსებში ადგილი აღარ იყო, მაგრამ მათი დატოვება, როცა ხელმძღვანელობა უკანმოუხედავად გარბოდა, არ გვინდოდა.

მე ავტობუსში უკან ვიდექი და სარკმლიდან კარგად ვხედავდი, როგორ წაეკიდა ცეცხლი იმ ადგილს, სადაც რამდენიმე წუთის წინ გავჩერდით. სროლა არ წყდებოდა. ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ მტერი ფეხდაფეხ მოგვყვებოდა. გზას ვერ ვხედავდით, რადგან ავტობუსის მძღოლი ფარებს ვერ ანთებდა, მტრის სამიზნე რომ არ გავმხდარიყავით. სად მივდიოდით, არ ვიცოდით. მოულოდნელად ავტობუსის მძღოლმა  ღრიალი დაიწყო, - იარაღი მაინც მომეცით. მე ხომ არ ვიყავი ვალდებული, აქ წამოვსულიყავი, შიშველი ხელებით რა უნდა ვქნაო. ავტობუსში სიტუაცია დაიძაბა. ჩვენმა მეთაურმა ლევან ღლონტმა ავტობუსი გააჩერებინა და მძღოლი ჩაიყვანა. მესმოდა, როგორ ეუბნებოდა, - ავტობუსში პირტიტველა ბიჭები სხედან, რომლებსაც ჯერ ცოლიც არ მოუყვანიათ. რა დღეში ხარ, თავი შეიკავეო. როგორც იქნა, ტრასაზე გამოვედით და ავტობუსები ნაძვნარში გადავმალეთ. ტრასაზე ჩავლილი მანქანების ხმაც კი დაბომბვა გვეგონა. დაქანცულებმა შიშით გავათენეთ ის  ღამე. დილით, 10 აგვისტოს, გამოგვიცხადეს, - ყველანი გორში უნდა დავბრუნდეთ. იქ გადაწყდება, იარაღი ჩავაბაროთ და შინ წავიდეთ, თუ სხვა დავალებას მოგცემენო. მაშინ გავიგეთ - რუსებს გორი, ფოთი და თბილისი დაებომბათ. გავგიჟდით. ყველას ოჯახი თბილისში გვყავდა. არ ვიცოდით, რა მდგომარეობაში იყვნენ...

გზაში დაღლილს ჩამეძინა. როცა გამეღვიძა, გორში შევდიოდით. ქალაქი რუხი ფერისა იყო. დაცარიელებულ და დაბომბილ ქუჩებში ძაღლიც კი არ დაძრწოდა, საზარელი სიჩუმე იდგა. დაჯერება არ გვინდოდა, რასაც ვხედავდით. ქალაქს ბოლი ასდიოდა. თბილისის ტრასაზე რომ გამოვედით, იარაღი ჩაგვაბარებინეს და გვითხრეს, თბილისში თავად ჩააღწიეთო.

ჩემი და ჩემი მეგობრების ომი უკვე დამთავრებული იყო...

მერე ერთი რეზერვისტის მამამ წაგვიყვანა მუხროვანში - სამხედრო ბაზაში ფორმები ჩავაბარეთ და გულდამძიმებულებმა თბილისისკენ გამოვწიეთ. კახეთის გზატკეცილზე შევამჩნიე, რომ  რამდენიმე კაცი გაზონებს თიბავდა. ძალიან მინდოდა მათ ადგილას ყოფნა. უეცრად გალების ბელადის, ბსენის სიტყვები გამახსენდა: "ვაი, დამარცხებულთ..." და  შევეცადე, ყელში მობჯენილი ბოღმა გადამეყლაპა..."

ბექა, 420-ე ჯავშანსატანკო ბატალიონის სარეზერვო ასეულის რეზერვისტი