გაგრა, 2 ოქტომბერი... - კვირის პალიტრა

გაგრა, 2 ოქტომბერი...

(გაგრძელება. დასაწყისი ##33-34) "მე  ბიჭებთან ერთად მოვედი, რათა ჩვენს ძმებს, აფხაზ ხალხს დავეხმაროთ. შევაჩეროთ ეს გენოციდი, ქართველი ფაშისტების შემოსევა, რომელიც ბინძურმა პოლიტიკოსებმა, ახალგაზრდა ფაშისტებმა და ნარკომანებმა გააჩაღეს... კავკასიური ომი ჯერ არ დაწყებულა, ეს მხოლოდ მოთელვაა. ჩემი ბიჭები მზად არიან, თავი გაწირონ თავისუფალი აფხაზეთისთვის, ჩემს რაზმში არიან  მოხალისეები, ჩეჩნები, ინგუშები, აფხაზები, ადიღელები - ინტერნაციონალური ჯგუფია. ჩვენ აქამდე უღელტეხილები ფეხით გადმოვიარეთ, ორი დღე მშიერ-მწყურვალნი მოვდიოდით. ძნელი იყო, მაგრამ მიზანი ყველაფერს გიიოლებს. დიახ, გაგრა მე, შამილ ბასაევმა ავიღე!"

შამილ ბასაევი,

5 ნოემბერი, 1992 წ.

1992 წლის 14 აგვისტოს გაგრაში 350-კაციანი აფხაზური სამხედრო დაჯგუფება შემოვიდა და განთიადისკენ მიმავალი გზის მონაკვეთი გადაკეტა. სავარაუდოდ, გაგებული ჰქონდათ, რომ იგეგმებოდა ქართული სამხედრო დესანტის გადმოსხმა ზღვიდან ლესელიძის მიმართულებით. გაგრაში იმ დროისთვის მხოლოდ  ადგილობრივი პოლიცია იდგა (გაგრის "მხედრიონი", რომელიც მანამდე სანატორიუმ "თბილისში" შეიკრიბა, ერთი კვირით ადრე შინ გაუშვეს). ,"მხედრიონმა" მობილიზაცია ორიოდე საათში მოასწრო და კოლხიდის სკოლის შენობაში ქალაქის დასაცავად პოლიციის სამსახურებთან ერთად სამხედრო შტაბი შეიქმნა.

პირველი შეტაკება აფხაზ "ბოევიკებთან" გაგრა-განთიადის გზაზე მოხდა - "მხედრიონის" 40-მდე მებრძოლმა და გაგრელმა პოლიციელებმა "წითელ ჯვართან" აფხაზების შეჩერება შეძლეს, თუმცა მოგვიანებით თბილისიდან მიიღეს ბრძანება აფხაზური დაჯგუფება უვნებლად გაეტარებინათ გუდაუთისკენ(?!). მომდევნო დღეებში ქალაქში ქართული სამხედრო ნაწილები შევიდა. აქ აგვისტოს ბოლოს, "მხედრიონის" გარდა, იმყოფებოდა 101-ე, 102-ე და103-ე ბატალიონები, აგრეთვე შენაერთები:"ავაზა" "შევარდენი", "თეთრი არწივი". 25 აგვისტოს სოხუმში მიღწეული იყო შეთანხმება - ქართული მხარე სამხედრო შენაერთებს სოხუმიდან სოფელ ბაღმარანში გაიყვანდა, ხოლო აფხაზები - შეიარაღებულ დაჯგუფებებს ეშერაში; თუმცა რამდენიმე დღეში ხელშეკრულება დაირღვა. კიტოვანის ბრძანებით, ქართული ჯარები ისევ სოხუმში შევიდნენ და გზა ეშერისკენ გააგრძელეს. ეშერის მიდამოებში ბრძოლები გაჩაღდა. აფხაზები სერიოზულ წინააღმდეგობებს სოფელ გუმისთაAსთაAნ და აჩადარის ხიდთან უწევდნენ ქართულ სამხედრო შენაერთებს, რომელთაც დიდი მსხვერპლის ფასად (დაიღუპა 40, დაიჭრა 150  მეომარი, განადგურდა სამხედრო ტექნიკა) უწევდათ წინ წაწევა. ახალ ათონს ათიოდე კილომეტრიღა აშორებდათ.

1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში ხელი მოეწერა სამმხრივ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით ქართული და აფხაზური მხარეები ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებას იღებდნენ, ხოლო რუსეთი - მშვიდობის შენარჩუნებაზე იქნებოდა პასუხისმგებელი. 3 სექტემბრის ხელშეკრულების თანახმად, ეშერიდან ჩვენმა სამხედრო შენაერთებმა რამდენიმე კილომეტრით დაიხიეს უკან, თუმცა აფხაზები ვალდებულებების შესრულებას არ ჩქარობდნენ.

"აგვისტოს ბოლოს გაგრის რწმუნებულად დავინიშე (ქალაქის კომენდანტი ბადრი ფირცხელანი იყო). იმ დღეებში ერთ-ერთი პოსტიდან შეგვატყობინეს, რომ გაჩერებული ჰყავდათ ბზიფში (იქ აფხაზი "ბოევიკების" მთავარი შტაბი იყო) მიმავალი ავტობუსი, რომელშიც ქალაქის ძველი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა -  გაგრის მერი, მისი მოადგილე და რამდენიმე სკოლის დირექტორი - იჯდა. ისინი ქალაქის დატოვებას აპირებდნენ. ჩვენ ვცდილობდით, აფხაზები ქალაქიდან არ წასულიყვნენ, ავტობუსის გაშვებაზე უარი ვთქვით, მაგრამ მოვიდა ბრძანება, გაატარეთო.

რადგან აფხაზებთან ვმეგობრობდით, ბევრთან ნათელმირონობაც გვქონდა, ავტობუსის გაჩხრეკა არ ვიკადრეთ. როგორც მოგვიანებით გავიგეთ, მათ ავტობუსით იმდენი იარაღი გაიტანეს, რამდენის მოძიებაც შეეძლოთ იმ დროისთვის ქალაქში. თავდაცვის სამინისტროს შენაერთების შტაბის უფროსად მიხეილ მარინაშვილი დაინიშნა. ერთ-ერთი სკოლის შენობა დავცალეთ ყაზარმების მოსაწყობად, თუმცა ჯარისკაცებს ქალაქის სანატორიუმებში ერჩივნათ ცხოვრება. ყოველდღიურად 1500 მეომრისთვის საკვებს ვამზადებდით მაშინ, როდესაც მარინაშვილი 40 კაცს ვერ პოულობდა საგუშაგოებზე დასაყენებლად. ყოველ სამხედრო თათბირზე ვამბობდი, აუცილებელია, აიბგას მთის გაკონტროლება-მეთქი. სწორედ იქიდან გადმოდიოდნენ ჩრდილოკავკასიელი "ბოევიკები", მაგრამ ამაოდ. სექტემბრის შუა რიცხვებში ბიჭვინთიდან შემატყობინეს, რომ ჩრდილო კავკასიიდან 3000  "ბოევიკი" გადმოდიოდა. ამის შესახებ ტელევიზიით განვაცხადე კიდეც, თუმცა მაშინ  ედუარდ შევარდნაძემ "სენსაციების მოყვარული" მიწოდა (1997 წელს პრეზიდენტმა "ბოევიკების" გადმოსვლა დაადასტურა. - ავტ.).

19 სექტემბერს ჩემმა მეგობარმა დემურ არჯევანიძემ მითხრა, - ერთი ნაცნობი კაზაკი ბზიფი-ბიჭვინთის აღებაში დახმარებას გვპირდება და შეხვედრა უნდა, მაგრამ მხოლოდ ერთ კაცს შეხვდებაო. რა თქმა უნდა, დავთAანხმდი, მაგრამ რადგან ასეთ სერიოზულ საქმეს ჩემს თავზე ვერ ავიღებდი, ამის შესახებ ქალაქში მყოფ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გივი კვანტალიანს შევატყობინე. შეხვედრა შედგა ლესელიძეში, რუსეთის საზღვართან. კაზაკს თავიდან არ მოეწონა, ორნი რომ ვიყავით, თუმცა თავისი პირობები მაინც შემოგვთავაზა, - ორ კვირაში ჩემი 1000-კაციანი დაჯგუფებით მზად ვარ, ბზიფი და ბიჭვინთა ჩაგაბაროთ. თუ ამას ორ კვირაში ვერ გავაკეთებ, ფულს არ ავიღებო. თითოეული თავისი ჯარისკაცის დღიურ გასამრჯელოდ 500 რუბლს ითხოვდა. პასუხი ერთ კვირაში უნდა გაგვეცა, გაგრაში გახარებული ვბრუნდებოდი, რადგან ჩვენი ბიჭების სისხლის გარეშე გავტეხდით აფხაზთა წინააღმდეგობას. მოულოდნელად კვანტალიანმა მითხრა, - მოლაპარაკებაზე იმიტომ წამოვედი, რომ შენ  გინდოდა, თორემ ჩვენ უკვე სხვასთან ვართ მოლაპარაკებულები და ერთ კვირაში გუდაუთაც ჩვენი იქნებაო",”- იხსენებს გაგრის რწმუნებული ჯონი ლატარია.

მიუხედავად ეპიზოდური სროლებისა, ქალაქი ნელ-ნელა ცხოვრების ძველ წესს დაუბრუნდა, მხოლოდ აფხაზები ტოვებდნენ გაგრას და სახლებს ქართველ მეზობლებს უტოვებდნენ მისახედად.

"გაგრაში სრული სიმშვიდეა. ლამაზია გაგრა, მეფეების პატარა ქალაქს ჰგავს. 3 სექტემბრის  შემდეგ სროლები ისე აღარ არის. ამბობენ, აფხაზებმა აიკრეს გუდა-ნაბადი და სამუდამოდ გაკმინდეს ხმაო. ბაბუს (ე. შევარდნაძე. - ავტ.) მაგარი კავშირები აქვს მოსკოვთან. მგონი, გადარჩა აფხაზეთი. აქ მაგარი გულიანკაა, რუსი ნაშოჩკები მოწყენას არ გვაცლიან. ბიჭები თბილისშიც ხშირად მიდიან, ბარჟით - ფოთამდე, ფოთიდან კი აქედან წაყვანილი მანქანებით - თბილისამდე... რამერუმეებსაც წაიყოლებენ ხოლმე. ხანდახან "კაი ბიჭებს" მიაქვთ ტელევიზორები, მანქანები, მაცივრები, შმოტკები, საცვლებიც კი. კაი ბიჭები არიან... ყველა სომხისა და აფხაზის სახლი ჩვენია, სომხები მაინც რისი სომხები არიან, რომ დაჩაგრო და ის შეგარჩინონ. ნელ-ნელა გაიკრიფნენ ქალაქიდან.

ამბობენ, სადღაც ბატალიონს ქმნიანო. თუ უკვე შექმნეს ბაგრამიანის სახელობის. მაგათი უნდა გვეშინოდეს სოხუმში. გულრიფშის რაიონშიც ძირითადად ეგენი ცხოვრობენ, ეგენი და აფხაზეთის სვანები. სვანებმა იარაღი რომ იშოვეს, პირველად სომხებს დაერივნენ. კილოობით ოქროს აწერდნენ. არ მოიტანდა გულრიფშის სომხობა შეწერილ ოქროს და ერთი სომხით ნაკლები იქნებოდა ქვეყანაზე. თბილისი მომენატრა. წავალ, დავდგები ჩემი კორპუსის წინ და პატარა საქმეა? უბანს ვნახავ. წუხელ "ჩიკოს" ველაპარაკე. ძმები ჰყავს "მხედრიონში". გაგრაში ბადრის ბიჭებთან თუ არ შეიქმენი პალაჟენიე, ხელს ვერ გაანძრევ.  ბადრი ფირცხელანის შტაბი ხომ შექმნეს, "მხედრიონს" კიდევ ცალკე შტაბი აქვს. ერთი შტაბის ხელმძღვანელი მიშა მარინაშვილია, "მხედრიონის" შტაბისა - ჯაბა იოსელიანი. ერთი ერთ ბრძანებას იძლევა, მეორე სრულიად საწინააღმდეგო დავალებას გვაძლევს, ცალკეა წითელაშვილის ხალხი, ცალკე - "თეთრი არწივის" ბიჭები, ზოგი გიას (ყარყარაშვილი. - ავტ.) სახელს ეფარება, ზოგი ჯაბას და მიდის ჭიდაობა.

ყველას თავისი სიმართლე აქვს. ერთმანეთის დედის გინებაში ხდებათ სული. მე ყველას დედა ვატირე, რა მინდოდა აქ. ერთმანეთთან ომი თუ გვინდოდა, თბილისში არ ვიყავით? დედის საგინებლად ჩამოვედით ამხელა მანძილზე? "ჩიკომ" და გიომ მართალი მითხრეს, - კარტოფილის მედალი თუ გინდა, ჩამოდი და ჩამოგკიდებთო. ახლა ვახო და გოჩა დაბრუნდნენ ქალაქიდან და ჰყვებოდნენ, როგორ დამარხეს მხედრიონელებმა კოლხიდაში ცოცხლად აფხაზი (თუმცა, მანამდე აფხაზებმა ბზიფში სვანი ბიჭები შეყარეს და ცოცხლად დამარხეს. ამბობდნენ, დამარხვიდან ნახევარი საათის განმავლობაში იმ ადგილას მიწა იძვროდაო. - ავტ.). არადა, კოლხიდაში დარჩენილა - სიძე ქართველი მყავს, ხელს ვერ მახლებენო. ცოცხალი დაუმარხავთ, ფეხზე მდგარი, მიწიდან ამოშვერილი ხელი დაუტოვეს თურმე. როგორც აფხაზურ დროშაზეა გამოსახული, - კახა დვალიშვილის - "ნიუტონას" დღიურებიდან, 22 სექტემბერი, 1992.წ.

1992 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში გაგრაში სიტუაცია თანდათან დაიძაბა. 19 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ბზიფიდან მამზიშხის მთის ტერიტორიაზე აფხაზი "ბოევიკები" აპირებდნენ პოზიციების გამაგრებას. ქართულმა მხარემ გადაწყვიტა, იქ 32-კაციანი ჯგუფი გაეშვა დასაზვერად და გზის ჩასაკეტად. გზაში მათ თავს დაესხნენ აფხაზები და  ავტობუსი ჩაცხრილეს. დაიღუპა 8 და დაიჭრა 14 მეომარი. ამ ფაქტმა გაგრაში დიდი აურზაური გამოიწვია.

"ჩემთან მოვიდნენ გაგრელები და მითხრეს, შექმნილი მდგომარეობის გამო მიტინგის გამართვას ვაპირებთ და იქ მაინც გვითხარით, ქალაქი დაცულია თუ არაო. იმ დღესვე ჩავფრინდი სოხუმში და შევარდნაძეს შევხვდი.  კაბინეტში მხოლოდ ჩვენ ვიყავით. ავუხსენი  შექმნილი მდგომარეობა - არ გვაქვს ტყვია-წამალი, ქალაქი დაცული არ არის, არ არის წესრიგი და სამხედრო დისციპლინა, აღშფოთებული მოსახლეობა მიტინგის გამართვას გეგმავს-მეთქი. ამ დროს ოთახში პაატა კოღუაშვილი და თენგიზ კიტოვანი შემოვიდნენ. ედუარდმა ჰკითხა, - მართალია, რომ გაგრაში ასეთი ვითარებააო? კიტოვანს გაეცინა, - ჯონი სამოქალაქო პირია და სამხედრო საქმისა არაფერი გაეგება. ქალაქი ისეა დაცული, რომ ჩიტიც ვერ შეფრინდებაო. 23-ში გაგრის სტადიონზე გამართულ მიტინგზე ხალხს ეს სიტყვები გავუმეორე. იგივე თქვა  მარინაშვილმაც. ასე დავამშვიდეთ მოსახლეობა. მეტიც, 25 სექტემბერს გაგრის განათლების განყოფილების უფროსმა დამირეკა, - მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგნი ვართ თბილისიდან მოსული ბრძანებით, სწავლა ქალაქში პირველ ოქტომბერს უნდა დავიწყოთო. თავზარი დამეცა", - ჯონი ლატარია.

27 სექტემბერს გაგრაში ედუარდ შევარდნაძე და სანდრო კავსაძე ჩავიდნენ და ქალაქის მოსახლეობას უკეთ დაცვის მიზნით იარაღისა და საბრძოლო შენაერთების გაძლიერებას დაჰპირდნენ... მეორე დღეს, 3 სექტემბრის ხელშეკრულების შესაბამისად, ქალაქიდან ქართული საბრძოლო ტექნიკა გაიყვანეს. 1-ელ ოქტომბერს გაგრაში სწავლა დაიწყო.…

"დილით დედაჩემთან წავედი და თითო ვედრო ლეღვი და ბულგარული წიწაკა დავკრიფე. ამ დროს ჩემმა ძმამ და სიძემ გამოიარეს და მითხრეს, - თუ გინდა, ლესელიძეში წაგიყვანთო (ოჯახები იქ ჰყავდათ გაყვანილი). უარი ვუთხარი, მართალია, დილიდან დაწყებული სროლები უფრო ინტენსიური ხდებოდა, მაგრამ ცუდი არაფერი მიფიქრია და ბაღში საქმიანობა გავაგრძელე. შუადღისკენ შინ ფეხით წავედი. სროლები უფრო ძლიერდებოდა. სახლს რომ მივუახლოვდი, ერთმა ახლობელმა დამიძახა, - ჩემთან შემოდი, შეეფარეო. სროლა არ წყდებოდა. შემეშინდა - შინ ქალიშვილი მყავდა დატოვებული. ტრასამდე რომ ჩამოვედი, გავშრი - ქალაქიდან გასასვლელი მანქანების ნაკადს ისე გაეჭედა, კარგა ხანს გზა ვერ გადავჭერი. იმდენიც ვერ მოვიფიქრე, რომ ვედროები ძირს დამედგა, ერთმა ბიჭმა მანქანიდან დამიძახა, რას დგახარ, გაიქეციო. როგორც იქნა, შინამდე მივაღწიე. ამასობაში სროლები ისე გახშირდა, რომ მე და ჩემი ქალიშვილი სახლიდან ვეღარ გამოვდიოდით. არ ვიცოდი, რა მექნა. გამახსენდა სამი დღის წინ ჩემი აფხაზი მეზობლის ნათქვამი, - ელიკო, გაგრას აიღებენ, ქალაქს დაბომბავენ და ფრთხილად იყავიო.  მაშინ სასაცილოდ არ მეყო. ასე მითხრა, - არძინბამ გაგვაფრთხილაო. გავეხუმრე, - სად გავიქცე, სად დავიმალო-მეთქი. მან კი სერიოზულად აფხაზი მეზობლის (მისი ვაჟები აფხაზების მხარეს იბრძოდნენ) სარდაფზე მიმითითა. იმწუთას სწორედ ის სარდაფი გამახსენდა. ქართველი მეზობლები იქ ჩავედით. სარდაფში ეზოს ძაღლებიც შემოგვყვნენ და სროლის ხმაზე კაბის კალთის ქვეშ იმალებოდნენ", - ელიკო, გაგრის მკვიდრი.

შუაღამისას ქალაქში სროლები თითქოს მინელდა და მოსახლეობა სახლებში დაბრუნდა. "2 ოქტომბერს, გამთენიისას, რაღაც ჯოჯოხეთურმა ზრიალმა წამოგვყარა ფეხზე. თავზარდამცემი გუგუნი ბოლომდე გამყვება და ამ ხმით ვიცნობ მეორედ ნამდვილი სიკვდილის მოსვლასაც. ბავშვების წივილსაც ჰგავდა, ქალების კივილსა და კაცების ხრიალს, ნელ-ნელა რომ სჭრიან ყელს. ჩვენი ბიჭების ღრიანცელმა მომიყვანა გონს. განგაშია. ვერ გავიაზრეთ, რა ხდებოდა. ქუჩები სავსე იყო დამფრთხალი ხალხით. ქალები, ბავშვები პერანგებით დარბოდნენ. "აფხაზები უკვე ქალაქში არიან", - ტანში დენივით მივლის. გაგრა სამი მხრიდან ალყაშია მოქცეული. ბრძოლები უკვე ორი ფეხის ნაბიჯზე - ცენტრში, სტადიონთან და პოლიციის შენობასთან მიდის, "წითელ ჯვართან" ბიჭები დაღუპულან, ავტომატებით ტანკებს რა უნდა უყო, რა წინააღმდეგობა უნდა გაუწიო...

არეულები, უკანდახეულები დგანან და ბრძანებას ელიან. ბრძანების გამცემი არავინ არის. ბიჭებმა ფეხდაფეხ დადევნებული ბეტეერებიდან სიკვდილი ნახეს. დაგლეჯილ-დაფლეთილები ძლივს მიათრევენ ერთმანეთს."კრუპო" ვნახე. ცალი ფეხი წაგლეჯილი ჰქონდა, სისხლისგან იცლებოდა და სანამ გონს დაკარგავდა, ღრიალებდა, - ბიჭებო, არ მომკლათ, გადამარჩინეთო. დოქტორი რაღაცებს ჩალიჩობს, მაგრამ რა უნდა უყო ნახევრად მკვდარ კაცს ასეთ აურზაურში? გია ვაშაკიძე კაცია. თავის ბიჭებთან ერთად ვეფხვივით იბრძვის - ვისაც გული ერჩის, ფეხი არ მოიცვალოთო და პოზიციების გამაგრებას პირველი თვითონ შეუდგა. არავინ არკვევს მხედრიონელი ხარ, პოლიციელი, "ავაზელი" თუ ვიღაც ოხერი. ბიჭები ერთმანეთს ვაგულიანებთ, ვიღაცა გახუმრებასაც ცდილობს, წუთიც და აფხაზთა ტანკები პირდაპირ ჩვენ გვირტყამენ. შენ ძაღლები უძახე და რა იომეს გაგრელმა პოლიციელებმა!.. ისინი პოლიციის შენობაში გამაგრდნენ, ჩვენ ქუჩაზე დავიკავეთ პოზიციები...

რა გინდა ქნა, მიზანში აქვთ ამოღებული ყველა წერტილი ამ შობელძაღლი აფხაზების ტანკებს. ნახევარი დღე შევაკავეთ მარტო პოლიციის შენობასთან. პოლიციელები შენობაში ჩაიხოცნენ. მე მაგათ სულებს ვენაცვალე. რა სული გქონიათ, ბიჭებო... სად არიან ახვარი გენერლები, მეფეებივით რომ ისხდნენ ცარიელ გაგრაში. ერთი ჩინიანისთვისაც არ მომიკრავს თვალი. ბიჭები - ვინ სად შეხვდა ომს. უბრალო ბიჭები, ადრე პოზიციებზე ძალითაც რომ ვერ გაჰყავდათ, ზოგს ერთი სიტყვაც არ ჰქონდა სამშობლოზე წაკითხული, ახლა რაღაც ცხოველური ინსტინქტით, თავგანწირვით იხოცებოდნენ გაგრის ერთი ქუჩისა და ერთი სახლისთვის.

ვიღაც "ავაზელმა" "გაგრიფშის" გასასვლელთან, მარტომ, ტყვიამფრქვევით 45 წუთი გააჩერა აფხაზები - ხომ აზრზე ხარ, უკანდასახევი გზა რომ მიეცა ბიჭებისთვის. გვარიც ვერავინ გვითხრა, სახეზეც ვერ გამახსენეს,  უნდა გავიგო და მისი კაცობის ამბავი თბილისში ჩავიტანო... ვოვა სელეპანოვი, საბურთალოელი სომეხი ბიჭი, გაგრის გასასვლელთან ტანკს შეუვარდა ხელყუმბარით ხელში - ქართველს ტყვედ ჩავარდნას სიკვდილი ურჩევნიაო. ეს არის სომეხი და სანდრო კავსაძე - ქართველი? განთიადში ქალები გვიყვებოდნენ გაგრიდან გამოტანილ ამბავს,  - ქუჩებში ქართველების გვამები ძაღლების ლეშივით ყრიაო. არძინბას დაურეკავს "ვეჩეთი" კავსაძისთვის, თქვენი ცხედრები გაიტანეთო. მერე, რომ არავინ შეეხმიანა, "წითელ ჯვართან" გათხრილ ორმოში ტრაქტორებით ჩაყარეს ერთმანეთში აზელილები...

3 დღის წინ ეგ და ედიკა გაგრაში არ იყვნენ? მაგათი ბრძანებით არ გაიყვანეს  ტექნიკა? ისიც რა ტექნიკა იყო - დაფხავებული ტანკები. მაგრამ ტანკი რომ იქნებოდა, გული მაინც მოგეცემოდა კაცს". - კახა დვალიშვილის - "ნიუტონას" დღიურებიდან (ლ. ტოკლიკიშვილი, წიგნიდან "როცა ისინი მკვდრები იღვიძებენ").

2 ოქტომბერს გაგრა დაეცა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში