გაგრა, 3 ოქტომბერი... - კვირის პალიტრა

გაგრა, 3 ოქტომბერი...

(გაგრძელება, დასაწყისი "კვირის პალიტრა" #34-35)

"როდესაც გაგრა აფხაზებმა დაიკავეს, გია ყარყარაშვილმა განთიადში სამხედრო შტაბი შექმნა, ჩვენი, ანუ გაგრის ადმინისტრაციის შტაბი კი სანატორიუმ "უკრაინაში" იყო. ქართული სამხედრო შენაერთები გაგრაზე იერიშს გეგმავდნენ. შტაბში, თათბირზე, განთიადის პოლიციის უფროსმა გურამ შენგელიამ  რუსი  ყმაწვილი მოიყვანა. ბიჭმა გიას უთხრა, - განთიადის ახლომახლო ტყეები სავსეა აფხაზებით და კონფედერატებით, სოფლებშიც - სომხურ, ბერძნულ და აფხაზურ ოჯახებში არიან შეყუჟულებიო. გიამ რუკა მოატანინა და ბიჭს სთხოვა, მიეთითებინა ის ადგილები, სადაც სავარაუდოდ, აფხაზები იყვნენ განლაგებულნი. იერიშზე ფიქრი ზედმეტი იყო. ყარყარაშვილმა  გადაწყვიტა, ტყეებში სადაზვერვო ჯგუფი გაეგზავნა სიტუაციის  შესასწავლად, შემდეგ თავის ძმას, გოჩას მიუბრუნდა, - გაემზადე. შენც ამ  ჯგუფში იქნებიო. ყველას გაგვიკვირდა, თათბირის შემდეგ გიას ვკითხე, -შენს  ძმას რაღატომ უშვებ-მეთქი. არ მინდა, ვინმემ თქვას, ძმა დაინდოო, - მოკლედ მომიგო."…

ჯონი ლატარია, გაგრის რწმუნებული.

3 ოქტომბერს განთიადში სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევარდნაძე ჩავიდა. მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, - გაგრის დაკარგვა დროებითია, გუდაუთაში მიმდინარეობს მოლაპარაკება და ქალაქს აფხაზები ალბათ მალე დატოვებენო.

აფხაზეთში დისლოცირებული ქართული ჯარების სარდალმა გია ყარყარაშვილმა დამატებითი ცოცხალი ძალა, სამხედრო ტექნიკა და ტყვია-წამლის მარაგი მოითხოვა. შევარდნაძისგან თანხმობა მიიღო. მეორე დღეს განთიადში მართლაც შევიდა 4 გემი. ოთხივე ცარიელი აღმოჩნდა... როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათ განთიადში თავმოყრილი მოსახლეობა უნდა გაეყვანა. ქართულ საბრძოლო პოზიციებს 4 ბე-ემ-პე“მიაშველეს, მაგრამ ტყვიამფრქვევის ლენტები არ ჰქონდათ... სოხუმიდან გამოგზავნილ ტყვია-წამლის ყუთებში კი კონსერვის ქილები ეწყო. აშკარა იყო, რომ ქართული ჯარები განთიადი-გაგრის მონაკვეთის შენარჩუნებას ვერ შეძლებდნენ. 3 ოქტომბრის საღამოს კაზაკთა რაზმები  საქართველოს წიანააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთვნენ, მანამდე ისინი ქართულ მხარესთან ცდილობდნენ მორიგებას (იხ. "კვირის პალიტრა" #35). ამასობაში, გაგრაში შემოსული შამილ ბასაევის ჯგუფები ქართველების ჟლეტით ერთობოდნენ...

"ორი დღე ქართველები აფხაზი მეზობლის სარდაფს ვაფარებდით თავს და გარეთ რა ხდებოდა, არ ვიცოდით. სროლები რომ შეწყდა, სახლებში დავბრუნდით. 3 ოქტომბრის დილას, 10 საათი იქნებოდა, აფხაზი მეზობელი მოვიდა  და გვითხრა, - კოლხიდის ახალი სკოლის სტადიონზე ქართველი ბიჭების თავები ყრიაო. მეზობლებმა მაშინვე იქ წასვლა დავაპირეთ. მეზობელმა გამაჩერა, - ელიკო, შენ ქართველი ხარ და წასვლას არ გირჩევო,  არ გამიშვა. ცოტა ხნის შემდეგ ერთი სომეხი შემხვდა  და მომახალა, - უნივერსამის ტერიტორია ქართველი ბიჭების ცხედრებითაა  სავსეო. აღარ ვიცოდი, რა მექნა, სამსახურში წავედი (გაგრის ცენტრალურ სტადიონთან ვმუშაობდი), იქ დამწვარი ქართული ტანკი იდგა - ბიჭები ცოცხლად ჩამწვარან შიგ. მეზობლად მდებარე კაფეში აფხაზი თანამშრომელი ტირილით უყვებოდა ხალხს, - გუშინ გაგრის სტადიონზე ჩეჩნები მოჭრილი თავებით ფეხბურთს თამაშობდნენო. თავზარდაცემული შინ როგორ მივედი, არ მახსოვს. ჩემმა აფხაზმა მეზობელმა - ჯობია ქალაქი დატოვოთ, თორემ შეიძლება აფხაზები ისეთ დროს მოგადგნენ, შინ არ ვიყოთ და ვერავინ დაგიცავთო.

მეორე საღამოს მართლაც  შემოვიდნენ ჩემს ეზოში უცხო აფხაზები. ხუთნი იყვნენ - აქ რომ ქართველი გოგო ცხოვრობს, სად არისო (ეტყობა, ვიღაცამ უთხრა  ჩემი ქალიშვილის შესახებ). რა გნებავთ-მეთქი და - ჩვენს გენერალს გოგო უნდაო.. ჩემი შვილის  მეთაური და გენერალი მე ვარ-მეთქი, - მივახალე გამწარებულმა და გავიფიქრე, - ალბათ ტყვიას დამახლიან-მეთქი. ჩვენი საუბარი რუს მეზობელს ესმოდა, ჩემი ქალიშვილი სწორედ მასთან იმალებოდა. რუსმა თავისი 13 წლის გოგონა ჩუმად ფანჯრიდან გადასვა და ჩვენი მფარველი აფხაზი მეზობლების დასაძახებლად გაუშვა. ისინი ამ დროს სადღაც ქეიფობდნენ, თუმცა, როგორც კი ჩემი ამბავი გაიგეს, მაშინვე მოცვივდნენ, თან ვიღაც ჩეჩნებიც ახლდათ. თორმეტნი იქნებოდნენ. ისეთი ამბავი ატყდა, ლამის დახოცეს ერთმანეთი. როდესად ყველაფერი ჩაწყნარდა, აფხაზმა მეზობელმა მთხოვა, - ჩვენთან წამოდით, იქ უსაფრთხოდ იქნებითო...  იმ უცხოებმა ჩემი ქალიშვილი რომ ვერ წაიყვანეს, მეორე დღეს მობრუნდნენ და რუსი მეზობლის ის 13 წლის გოგონა გაიყვანეს, მაგრამ გალეშილები იყვნენ და გოგონამ გაქცევა მოახერხა. მთელი ღამე ავეჯის საამქროში იმალებოდა.

იმ დღეებში დედაჩემის სახლშიც ავდიოდი, იქაურობას ვპატრონობდი,  რაც იქაურ სომეხ მეზობლებს არ მოსწონდათ, რადგან არაერთხელ შევსწრებივარ, როგორ ძარცვავდნენ ქართველების სახლებს. საკუთარი თვალით ვნახე, როგორ აგროვებდა ფულს  იქაური სომხობა აფხაზებისთვის იარაღის საყიდლად... მე გაგრაში კიდევ 4 თვე დავრჩი, - იხსენებს ელიკო, გაგრის მკვიდრი.

5 ოქტომბერს ქართულმა  სამხედრო შენაერთებმა გაგრაზე კონტრშეტევა განახორციელეს, თუმცა უშედეგოდ. აფხაზურმა მხარემ ქართული შვეულმფრენი ჩამოაგდო. საპასუხო იერიშით აფხაზებმა გაგრა-განთიადის მონაკვეთი აიღეს და 5 ოქტომბერს მდინარე ფსოუზე ისევ აფხაზური დროშა აფრიალდა. ბოლო ქართულმა სამხედრო შენაერთმა  განთიადი საღამოს უკანასკნელი გემით დატოვა, გაგრის გადარჩენილი დამცველები კი სოხუმამდე ჩამოღწევას  ტყიანი მთებით ცდილობდნენ. გაგრის წარმატების შემდეგ აფხაზებმა სოხუმზეც სცადეს შეტევა გუმისთაზე, ე.წ. დვურეჩიესთან, მაგრამ ეროვნული გვარდიის მებრძოლებმა შეტევის  შეჩერება მოახერხეს, მეტიც, მოწინააღმდეგე პირწმინდად გაანადგურეს...

"სოხუმში ჩამოვედით, სრული ერთი კვირა დავწანწალებდით და ვიმალებოდით გაგრის ტყეებში, ფოთლებს ვღეჭავდით შიმშილის მოსაკლავად. ჯიმი მაისურაძის  შვეულმფრენმა სულზე მოგვისწრო.  ტყე-ტყე ეძებდა და აგროვებდა ჯარისკაცებს, რამდენი ბიჭი გადაარჩინა  სიკვდილს... სოხუმში ჩვენი ბიჭების ამბავი დამახვედრეს. თავიდან ტყეში ერთად ვიყავით, მერე ჯგუფებად დავიყავით. ბიჭების ის  ჯგუფი სოფელ ფსხუმამდე ჩასულა, გაგრელებისგან ვიცი ეგ სოფელი. იქ ისეთი კამკამა წყალია, კალმახებს დაითვლიო, ამბობდნენ. რუსი სტაროვერები ცხოვრობენ, როდესაც კომუნისტებმა ახალი ათონის მონასტერი დაანგრიეს, ბერები იქ დაუსახლებიათ, გზაც არ მიდის იქ, მხოლოდ ბილიკით შეიძლება სოფლამდე მისვლა. ამ სოფელში ჩაუღწევიათ ჩვენს ბიჭებს. ერთი კვირის ნაშიმშილებს პირველსავე კარზე დაუკაკუნებიათ და წყალი, პური და თავშესაფარი უთხოვიათ. რუსს - ოჯახის პატრონს, სუფრა გაუშლია,   დამშეული ბიჭები საჭმელს დასტაკებიან, თვითონ კი წასულა, იმისი ბოზი დედა ვატირე და აფხაზები მოუყვანია. კარგი ბიჭები იყვნენ ჩვენები. ერთი მესხი იყო, სამი თბილისელი და ერთი კახელი, წესიერი ბიჭები. ალყაში მოქცეულები სახლიდან ისროდნენ, სანამ ტყვიები გაუთავდებოდათ. მართლა რა უნდა ქნა? დაიტოვე ერთი ტყვია და იხალე შუბლში, შეიძლება ვერც იხალო. იცი, რა ტკბილია სული... აფხაზები სიცოცხლის შენარჩუნებას დაჰპირებიან და ბიჭებიც გარეთ გამოსულან. ხელშეკრულები და მიწაზე პირდამხობილები  ავტომატის ერთი ჯერით დაუხოცავთ. მესხი დაუნდვიათ მხოლოდ და  ვიცი, ყველა მიაფურთხებს. ესეთ პონტში სულიც აღარ უნდა იყოს ტკბილი, ძმაო... არადა, ამბობენ, მუსლიმანი მესხი იყო და იმიტომ არ მოკლესო. - კახა დვალიშვილის - "ნიუტონას" დღიურებიდან 1992 წ., 9 ოქტომბერი.

აფხაზეთის პარალელურად ვითარება მკვეთრად დაიძაბა სამეგრელოს რეგიონში. 1-ელ ოქტომბერს ზვიად გამსახურდიას შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ქალაქი ხობი აიღეს.   საქართველოს ხელისუფლება სამეგრელოს რეგიონს თითქმის ვეღარ აკონტროლებდა. იმის შიშით, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ გამსახურდიას მხარდამჭერებს იარაღი არ ჩაეგდოთ ხელში, შევარდნაძის ხელისუფლება გაგრის დაცემამდე სოხუმსა და ოჩამჩირეში ადგილობრივ მოსახლეობას იარაღს არ ურიგებდა, თუმცა 2 ოქტომბერს იძულებული გახდა, აფხაზეთში მოხალისეთა რაზმები შეექმნა. ასე გაჩნდა სოხუმის, ოჩამჩირის, გალის ბატალიონები.

"გაგრის დაცემის შემდეგ სოხუმი პანიკამ მოიცვა. როდესაც ცნობილი გახდა გაგრაში აფხაზების მიერ ქართველი მოსახლეობის ჟლეტის შესახებ, სოხუმში დარჩენილ აფხაზებს შურისძიებისა შეეშინდათ და ქალაქს სწრაფად ტოვებდნენ. ვიღაცამ ვიდეოკასეტა ჩამოიტანა, რომელშიც გაგრის აღებისა და ქართველების დახოცვის კადრები იყო - ის თავად აფხაზებს და რუსებს გადაუღიათ. მახსოვს, ამ კადრების ყურებისას ხალხს გული მისდიოდა. აფხაზებთან მოლაპარაკებები დაიწყო გაგრაში გარდაცვლილების ჩამოსვენების თაობაზე; თუმცა არავინ იცოდა, რამდენი გარდაცვლილი იყო, ან რამდენი - ჯერ კიდევ ცოცხალი.

აფხაზებმა უარი თქვეს. საამისო მიზეზიც ჰქონდათ. ქართველთა  ნაწამები და დასახიჩრებული ცხედრები გაგრაში ქართველთა გენოციდის უტყუარი მტკიცებულება იქნებოდა.

სოხუმელები, რომლებიც ნაკლებად აქტიურობდნენ, ახლა იძულებულნი გახდნენ, მოხალისეებად ჩაწერილიყვნენ და ხელში იარაღი აეღოთ. გაგრის მაგალითზე ქალაქი მიხვდა, რომ საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა ყოფილიყო. დაიწყო  ქუჩების მიხედვით მოსახლეობის აღწერა. ის ქართველები, რომლებიც უკვე სოჭში იყვნენ, იარაღს და თბილ  ტანსაცმელს გზავნიდნენ ქალაქისთვის. სოხუმის მაღლობებს იცავდნენ მათემატიკოსები, რომლებიც იმ დღეებში თვითნასწავლი არტილერისტები გახდნენ. სოხუმში ჯარი მშიერი და ჩაუცმელი იყო. როდესაც პორტში გემით ამერიკული სამხედრო ფორმები შემოიტანეს, ერთი ამბავი ატყდა, ვის შეხვდებოდა. საქმე სროლებამდეც კი მივიდა. საეჭვო სიმშვიდე მხოლოდ სამხედრო სანატორიუმებში იყო. მხოლოდ დაცვა იდგა, შიგნით არავის უშვებდნენ. ჩვენ რუსულ სამხედრო კატარღასღა ვხედავდით, რომელიც სანატორიუმებთან პატრულირებდა", - ალეკო აბულაძე, სოხუმის კომენდატურის თანამშრომელი.

ოქტომბრის შუა რიცხვებიდან აცივდა. მოსახლეობამ ქუჩებში ხეების ჭრა დაიწყო. მოგვიანებით, ზამთარში კი უკვე საჭმლის მოსამზადებლად ავეჯს და წიგნებსაც წვავდნენ.

"სამხედრო კომენდატურამ გასცა ბრძანება, რომ აეროპორტი ვაკონტროლოთ. ბრძოლისუნარიან მამაკაცებს ეკრძალებათ სოხუმიდან გასვლა. არადა, ბევრნი მოდიან სიაფანდზე დაბინტული თავებით, ხელებით და რა ვიცი, რას არ იბინტავენ, რომ თავიანთ დედაკაცებს გაეკიდონ. თუ ბრძანებაა, ასეთების დახვრეტის ბრძანება უნდა გასცენ. მარტო ჩემი და  "ტაბურეტკას" დასაცავია სოხუმი? თუ  შენ ჩემზე მაგრად გიყვარს ცოლ-შვილი?.. გოჩა ყარყარაშვილი ჩამოასვენეს. ბიჭები აეროპორტში ვდგავართ და ვემშვიდობებით, გოჩა გაგრის ტყეში მოკვდა. არ წამოვიდა და თავის ბიჭებთან ერთად გაგრას შეაკვდა.  ასეთი ბიჭები მხეცების საჯიჯგნად დატოვეს და თავად არძინბას ხვდებიან გუდაუთაში და პირობას ადებინებენ, რომ გაგრიდან აფხაზ ჯარისკაცებს გაიყვანს.

ზუსტად იმ წუთებში ეს აფხაზი ჯარისკაცები განთიადსა და ლესელიძეში იერიშზე გადმოდიან, ჩვენ გვცხრილავენ, გაგრაში ქალებს გვიხვრეტენ და ბავშვებს ნამუსს ხდიან, ესენი კიდევ... ამათი დაყენებული ხმები და ამათი მოლაპარაკება ვატირე, ვინ გასულა თავისი ნებით ქალაქიდან, რომ ეს კაციჭამია არძინბა და მისი აქოთებული აფხაზ-ჩეჩნური რაზმები გავიდეს. ნეტა, თვითონაც სჯერათ თავიანთი ბითური ლაპარაკის, თუ ქვეყანას აღადავებენ? გიამ თავის ძმას უპატრონა, ანქვაბს პირადად სთხოვა დახმარება ცხედრის მოძებნაში. სხვები? მართლა პირადად ხომ არ უნდა მოუკვდეს რომელიმე გენერალს ვინმე, რომ მიწისა და დამარხვის ღირსი გაგხადონ."ჩორნა" არავის მოუკვდა?  ჯანო? "ნაფოტა"? კეშა? ვინ იცის, სად ყრიან, რომელი გენერალია მათი ჭირისუფალი?

სახედამჟავებულები დავბორიალებთ ნახევრად ცარიელ სოხუმში და სანაპიროდან ზღვის ყეფა გვესმის. გუშინ პურის ქარხანასთან მაგარი გაწევ-გამოწევა იყო. ქარხანას გალის ბატალიონის წევრები იცავენ. უბედური ხალხი ნახევარი დღე წყდება რიგში 50 გრამი პურის მისაღებად და რას ვხედავთ - ქარხნის "მცველები" პურით სავსე ტომრებს "რაფში" არ ტენიან? ჯანსუღმა ჯიქურ ჰკითხა, - ბიჭებო, ამდენი პური როგორ უნდა მოინელოთო. ამ ახვრებმა ქაჩავი არ დაგვიწყეს? ძლივს ვაკავებდი ბიჭებს, გადატენილი ავტომატებით დავაცლევინეთ "რაფი". ეს ბეჩავი ხალხი ისევ ჩვენ გვიყვიროდა, - წაიღონ, მადლია. მთელი ღამე აქ წყდებიან, თქვენ რომ დაყაჩაღებულ სახლებში გძინავთო. მოდი და ასეთებისთვის შეაკალი თავი ვიღაცას. თვითონ ჩვენზე უკეთესად იციან, სად მიაქვთ ქარხნის "მცველებს" რაფებში ჩატენილი პური - ზუგდიდში მანეთიან პურს შვიდ მანეთად ყიდიან და მაინც ამათ ელაქუცება ხალხი. რა ქნან, ხვალაც ხომ უნდათ პურის ყიდვა, რიგშიც აღარ ჩააყენებენ ეს დამპლები, - კახა დვალიშვილის”- "ნიუტონას"  დღიურებიდან. 15-20 ოქტომბერი, 1992 წ.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)