ოჩამჩირესთან... - კვირის პალიტრა

ოჩამჩირესთან...

(გაგრძელება. დასაწყისი "კვირის პალიტრა" #33-36)

"კაზაკებო, ეს არ არის საქართველოს მიწა, ეს აფხაზეთია. ვფიქრობ, ქართველების დრო უკვე წავიდა. მალე წაეთრევიან აქედან. ჩემი ერთადერთი ოცნებაა, ღვინის კასრი გავხსნა ენგურის ხიდზე და დავლიო. სამი დღე ფეხს არ მოვიცვლი იქიდან... აქ მხოლოდ მეგრელები და ქართველები ცხოვრობდნენ კარგად, ყველა დანარჩენი - მსახურად ჰყავდათ. ახლა თავისი თვალით ნახონ ქართველებმა, როგორია სხვისი მომსახურება. ისინი წაეთრევიან და დარჩებიან მხოლოდ რუსები. ჩვენ შევძლებთ აფხაზებთან საერთო ენის გამონახვას. კაზაკებო, ჩვენ აქ ზღაპრულად ვიცხოვრებთ. დამიჯერეთ, ასე იქნება".

ატამანი ვლადიმირ კრუდკო,

"მიმართვა კაზაკებს",

1993 წლის იანვარი

1992 წლის შუა ოქტომბრიდან საბრძოლო მოქმედებები ოჩამჩირის რაიონშიც გაჩაღდა. 23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით, აფხაზეთში დისლოცირებულ ჯარებს ოფიციალურად მიეცათ ქართული სამხედრო შენაერთების პოზიციებისთვის ცეცხლის გახსნის უფლება.

26 ოქტომბერს, დილით, აფხაზებმა ოჩამჩირეს შეუტიეს. გაგრის დაცემის შემდეგ ქალაქი ყოველ წუთს ელოდა იერიშს ტყვარჩელის მხრიდან. იმ დროისთვის აქ ადგილობრივი "მხედრიონი", სამხედრო პოლიცია  და ეროვნული გვარდიის მცირე ნაწილი იყო თავმოყრილი. როდესაც აფხაზები ოჩამჩირეში შევიდნენ, მათ ე.წ. მშვიდობიანი მოსახლეობა -  კბილებამდე შეიარაღებული ადგილობრივი აფხაზები და სომხები შეუერთდნენ. ამის შემდეგ მტერს, ფაქტობრივად, ქალაქის ნახევარი უკვე დაკავებული ჰქონდა. ხელჩართული ბრძოლები პირდაპირ ქუჩებში მიდიოდა. აფხაზებს ერთ-ერთ ქუჩაზე კიკვაძეების ოჯახმა ისეთი წინააღმდეგობა გაუწია, რომ მტერმა რამდენიმე საათის განმავლობაში  წინ ვერ წაიწია. სანაპიროზე, 16-სართულიანი სასტუმროს შენობაში განლაგებული  "ქართველ შევარდენთა ლეგიონის" მეომრები კონფედერატების ალყაში იყვნენ მოქცეულნი და ამაოდ ცდილობდნენ თავის დაღწევას.

აფხაზები პარალელურად ზღვიდანაც ცდილობდნენ ქალაქში შეჭრას, თუმცა ძლიერი შტორმის გამო მათი ბარჟები ნაპირთან მიდგომას ვერ ახერხებდნენ. საღამოს "მხედრიონისა" და სამხედრო პოლიციის დახმარებით ქართველმა მეომრებმა ალყა გაარღვიეს და თავად დაიწყეს აფხაზურ დაჯგუფებებზე ნადირობა. გამთენიისას ქალაქს ისევ ქართული მხარე აკონტროლებდა. 26 ოქტომბერს აფხაზებმა ოჩამჩირეში 40 "ბოევიკი" და სამხედრო ტექნიკა დაკარგეს. მიუხედავად გამარჯვებისა, ქალაქში ყველამ იცოდა, რომ აფხაზები მარცხს ვერ მოინელებდნენ და რევანშისთვის მოემზადებოდნენ. აფხაზების მორიგ შეტევას სოხუმშიც ელოდნენ.

"არ ვიცი, ზემოთ რას ფიქრობენ, მაგრამ ბიჭებს უკვე აღარ გვეეჭვება, რომ აფხაზები სოხუმზე სერიოზული შეტევისთვის ემზადებიან, გაგრელი ბიჭები პირგამეხებულნი დადიან ქუჩებში, ყველას ვიღაც ჰყავს დაბრედილი ან დაკარგული. მიდი და სხვანაირი სახით იარე. გაგრელ ზურა ჯიქიას ჯიბით ცოლის სისხლიანი წერილი დააქვს - "მეზობლებთან სროლაა. 5 წუთში ჩვენთანაც იქნებიან, მე და მაკა სარდაფში ვიმალებით, გადარჩენა შეუძლებელია". როგორ უნდა შეძლო, ბიჭო, ასეთ წუთებში რომ რამე დაწერო. ზურას მაკა სამი წლის ყოფილა. სარდაფში ჩაუხვრეტიათ დედა-შვილი. მეზობლებს ამოსვენების დროს უნახავთ ქაღალდის ეს ნაგლეჯი და ვიღაცის ხელით გამოუგზავნეს ზურას სოხუმში. ვინ უნდა დაინდო, მე ამათი დედა ვატირე. ვიღაც პოეტი ჰყოლიათ თუ რაღაც ეგეთი  - ტაიფ აჩბა. გუშინ წაუყვანიათ გაგრელ ბიჭებს. ეს პოეტი დღიურებს წერდა თურმე და როგორ თუ გამწარებული ქართველები გუდაუთაზე შეტევას ითხოვენო, სულ ქართველების წყევლა-კრულვით აუვსია თავისი ნაწერ-ნაჯღაბნი. ეგრეა, ბიძაჩემო. 3 წლის შვილს რომ დაგიხვრეტენ, გუდაუთას კი არა, ნახევარ მსოფლიოს გადაუვლი. ზურა რა, მარტო გაგრელები კი არა, სოხუმში ისეთმა ხალხმაც აიღო იარაღი ხელში, ნახევრად აფხაზური სისხლი რომ აქვს, გაგრაში გაყინულმა სისხლმა სოხუმში აიშვა თავი. მიდით, ხალხი არ ხართ, ერთი შეტევის ბრძანება  მიეცით ამ ბიჭებს, რომ შეიარაღებული ჯარი გულის შეტევით არ ამოგიწყდეთ ამ ტალახიან აკოფებში".

კახა დვალიშვილის - "ნიუტონას" დღიურებიდან. 1992 წლის 31 ოქტომბერი

2 ნოემბერს აფხაზებმა სოხუმის ჰესი ააფეთქეს და ქალაქი სრულიად ჩაბნელდა. შუაღამისას მოწინააღმდეგემ გრადებიდან ქალაქს ცეცხლი გაუხსნა. სოხუმზე იერიში დაიწყო, აფხაზებმა სოფელ შრომასთან მდინარე გუმისთის გადმოლახვა შეძლეს. ბრძოლები მთელი ღამე მიმდინარეობდა. გამთენიისას, ავიაციის დახმარებით, ქართულმა მხარემ შეტევის შეჩერება შეძლო. ჩვენი შეიარაღებული დაჯგუფებების ცალკეულმა ნაწილებმა გუმისთის მეორე მხარეს გადასვლაც მოახერხეს. სამწუხაროდ, ქართველი მეომრების სიხარული ხანმოკლე გამოდგა. გუმისთაზე გადასულთ წინ შემზარავი სურათი დახვდათ: აფხაზების პოზიციებზე 30-მდე ქართველი ბიჭი იყო დახოცილი. როგორც გაირკვა, ქართულმა ავიაციამ აფხაზური პოზიციები მაშინ დაბომბა, როდესაც იქ უკვე ქართველი მებრძოლები იყვნენ.

"ყურებში ახლაც მიწივის  მეგრელი ქალების ზარი. შრომაში რომ იყვნენ ამოვარდნილები და მიცვალებულთა გროვაში საკუთარი შვილების ცხედრებზე რომ მოთქვამდნენ მეგრულად: "ჩემი სიკვდილი, შვილო, ისევ შენიანებმა მოგკლეს. Mმოგიკვდეს დედა, შენ გენაცვალე"... შტაბში ხმაგაკმენდილები სხედან და ვერ პასუხობენ კითხვას, - ვინ არ მიაწოდა  სასწრაფო ინფორმაცია უკვე ჰაერში მყოფ ჯიმი მაისურაძეს, რომ ბრძანება უკვე შეცვლილი იყო და გუმისთის მეორე მხარეს უკვე ჩვენი ბიჭები იყვნენ. ჯიმიც გაწირეს. მითხრეს, ბავშვივით ტიროდა სოხუმის აეროპორტშიო. იტირებდა, აბა, რას იზამდა! თავისი გადარჩენილი ბიჭები დაახოცვინეს, სათითაოდ რომ აგროვებდა გაგრის ტყეებში სამშვიდობოს გამოსაყვანად".

კახა დვალიშვილის - "ნიუტონას" დღიურებიდან 1992 წლის 5 ნოემბერი (ლია ტოკლიკიშვილის წიგნიდან”"როცა ისინი მკვდრები იღვიძებენ")

1992 წლის  29 ნოემბერს შამილ ბასაევი და მისი აფხაზური ბატალიონი სოფელ კოჩარას მიადგნენ (ყველაზე დიდი ქართული სოფელი ოჩამჩირის რაიონში, 7000 მოსახლე).

"იმ დღეს  ჩემს 23 წლის ბიჭთან ერთად შინ ვიყავი. საღამოს 8 საათიდან ინტენსიური სროლები დაიწყო. სოფელი პანიკამ მოიცვა. ჩეჩნებმა და აფხაზებმა შემოსვლა დაიწყეს. მეზობელი მოვიდა და მითხრა, - უჩემოდ არ წახვიდეთ, დამელოდეთ, სოფლიდან მე გაგიყვანთო, თუმცა მერე აღარ გამოჩენილა. ამასობაში, სხვა მეზობლებმა  სატვირთო მანქანა იშოვეს და შემომძახეს, - წამოდი, წაგიყვანთო. ძარაზე რომ ამიყვანეს, ჩემს შვილს უთხრეს, - კაცები სოფლის დასაცავად ვრჩებითო. მარტო ხომ არ დავტოვებდი - მეც დავრჩი.

სროლებმა იმატა. დაბნელდა კიდეც. აფხაზები უკვე სახლებს ძარცვავდნენ. ჩვენს ერთ  მეზობელს ეზოში, ფაცხის ქვეშ, სარდაფი ჰქონდა გაკეთებული. იქ შევაფარეთ  დარჩენილებმა თავი - სულ  შვიდნი ვიყავით. ინათა, სროლებიც მიწყნარდა და გარეთ გამოვედით. სოფლის თავში მდგარ შენობაში აფხაზებმა შტაბი გახსნეს.  არავის  რომ არ შევემჩნიეთ, გარიჟრაჟზე ტყეში გავედით. შემოდგომა იყო და ხმელი ფოთლები და ტოტები ფეხქვეშ შრიალებდა, ამიტომ დღე ვიმალებოდით და ღამე მივდიოდით. საგზალი იმ დღესვე გაგვითავდა. მივდიოდით ტამიშის მიმართულებით. ორი  ღამე ვიარეთ. მესამე დღე რომ გათენდა, ტყეში ყოფნა აღარ შეგვეძლო. მშიერ-მწყურვალნი, უძინარნი და გადაღლილები ვიყავით, ამიტომ  ტრასაზე გამოსვლა გადავწყვიტეთ. სულერთი იყო, რა მოგვივიდოდა. როგორც კი ტრასაზე გამოვედით, აფხაზებით სავსე მანქანა წამოგვეწია. გაგვაჩერეს. პირველ რიგში ფული და ოქრო მოგვთხოვეს. ჩემს ბიჭს 300 მანეთი ედო ჯიბეში. წაართვეს. შემდეგ თბილი ტანსაცმელი გაგვხადეს, ჩემი შვილი მანქანაში ჩაისვეს და სადღაც წაიყვანეს, დანარჩენებს კი შტაბში გვიკრეს თავი. აფხაზების სამხედრო შტაბის უფროსი მეგრელი - აფხაზებთან გაზრდილი ფიფია იყო. შორიდან ვიცნობდი. ამბობდა, - ვინც გაიმარჯვებს, მის მხარეზე ვიქნებიო. იქ გავიგეთ, რომ ჩეჩნებს  ჩემი კოჩარა გადაუწვავთ. ფიფიამ გამოგვკითხა, - ვინ ხართ, საიდან მოდიხართო. ჩემი შვილი სოხუმში სამსახურში ბრუნდებოდა და მეც გამოვყევი-მეთქი, - ვუპასუხე. მისი ბრძანებით საჭმელი და წყალი მოგვიტანეს, მაგრამ ხელს როგორ ვახლებდი! არ ვიცოდი, ჩემი შვილი სად იყო, ან ცოცხალი იყო თუ არა...

შტაბის უფროსმა რომ გაიგო ჩემი ბიჭის ამბავი, სასწრაფოდ მანქანა გაგზავნა და შვილი უკან მომიყვანეს,  დააპურეს. შემდეგ ფიფიამ მითხრა, - ჩემთან სახლში, ტყვარჩელში წაგიყვანთო. უარი ვუთხარი. გაგონილი მქონდა, რომ აფხაზებს ქართველები ტყვარჩელში მიჰყავდათ და იქ წამებით ხოცავდნენ. სოფელ ჭლოუში მული მყავს და იქ წავალ-მეთქი, ვუთხარი. დამთანხმდა. ჭლოუმდე უსაფრთხოდ ვიარეთ. სოფელში ჩემს მულთან კიდევ დიდხანს  დავრჩი. ფიფიამ ჩემთან ერთად მყოფი ჩემი მეზობლებიც საიმედო ხალხს ჩააბარა და ასე გვიხსნა სიკვდილისგან. არა მარტო ჩვენ: ერთ-ერთი სოფლის ფერმაში აფხაზები დატყვევებულ ქართველებს ამწყვდევდნენ,  შემდეგ აუპატიურებდნენ და ხოცავდნენ. როდესაც ეს ამბავი ფიფიამ გაიგო, თავისი ფეხით მივიდა ფერმაში, ტყვეები გაათავისუფლა და სამშვიდობოს გამოიყვანა".

კოჩარელი მარო შელია

1992 წლის დეკემბერში ქართულმა სამხედრო შენაერთებმა ოჩამჩირეში წინ წაწევა შეძლეს და მსხვერპლის ფასად რამდენიმე სოფელი აიღეს კიდეც. თუმცა, შემდეგ მათი დატოვება მოუხდათ - ქართული შეიარაღებული ნაწილების მცირე წარმატებების კვალად ჯარის ხელმძღვანელობაში  უთანხმოება ჩამოვარდა. აფხაზეთში დისლოცირებული ქართული ჯარების სარდალი ხან გია ყარყარაშვილი იყო, ხან გენერალი ანატოლი კამკამიძე. მათი პოზიციების არაერთგვაროვნების გამო სარდლები ერთმანეთს აშკარად დაუპირისპირდნენ. 1993 წლის იანვრის დასაწყისში სოხუმის დამცველებმა ქალაქზე აფხაზების კიდევ ორი შეტევა მოიგერიეს.

განსაკუთრებით  გაჭირდა გუმისთაზე ქართული პოზიციების შენარჩუნება. გია ყარყარაშვილი, რომლის სამხედრო განათლება და გამოცდილება მუდმივად ქილიკის საგანი იყო,  ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებდა: "ომი შეგნებულად არის გაჭიანურებული. არ გინდათ და არ ამთავრებთ. დღეს საქართველოში 25000 ავტომატია გაცემული. რატომ არ მიდის ეს იარაღი ბრძოლის ველზე, რატომ არ იგეგმება კონტრშეტევა? ყველა მარცხს თავისი მიზეზი აქვს. ომი ჯერ კიდევ არ არის წაგებული. გუშინ კიდევ შეიძლებოდა რაიმეს შეცვლა, დღეს უკვე ძნელია, ხვალ ალბათ შეუძლებელი იქნება. ომის მასშტაბები დღითი დღე იზრდება. ადრე თუ 1000 კაცი საკმარისი იყო,  ახლა 8000 არ კმარა"...

საქმე იქამდე მივიდა, რომ ყარყარაშვილის შენაერთის, "თეთრი არწივის" ბიჭებს სოხუმის სამხედრო პოლიცია პირდაპირ ქუჩებში აპატიმრებდა. ბოლოს, ყარყარაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, - სოხუმი დაეტოვებინა. უთანხმოება იყო თენგიზ კიტოვანსა და ჯაბა იოსელიანს შორისაც...

ფრონტის ხაზზე კი ქართული  შეიარაღებული ნაწილები შობის ღამეს უხალისოდ, მაგრამ მაინც იმედიანად ხვდებოდნენ.

"მესამე წელია, შობა-ახალ წელს სროლით ვხვდებით ტყეში. ვერსად ვეღარ წავალ - სამშობლოს სიყვარულს, ომში შეძენილი სიყვარული მირჩევნია, მით უმეტეს, დახოცილი მეგობრების სისხლი მაქვს ასაღები, მათ საფლავებთან პირნათლად ვარ მისასვლელი, ომიდან დაღუპული ძმების ხსოვნის გამო არ მივდივარ, თორემ... დააგდე იარაღი და წადი... შენც სხვებივით იცხოვრე, მარტო ჩემია საქართველო? ჯარისკაცებს ერთმანეთის გაცნობა აღარ გვინდა, არ მინდა   კიდევ ვინმე მომიკვდეს... შინ რომ დავბრუნდები, ჩემი დაღუპული მეგობრების სახელზე წყაროს გავიყვან, შინ რომ დავბრუნდები, დავიბან, შევჭამ, ლოგინში დავიძინებ. რომ გავიღვიძებ, ეზოში ჩავალ, მერე თბილისში ყველას ვნახავ. როგორ მენატრება თბილისი. საშინელებაა, როცა საყვარელ ქუჩებში თავისუფლად ვერ  გაგივლია, უამრავი მტერი შევიძინე, ხალხი მახოცვინეს, ბავშვობა გამიმწარეს. 17 წლისა მკვლელი გამხადეს, როცა კანონიერ მთავრობას ვიცავდი, ახლა მე ვინ დამიცავს? დაცვა და სტიმული კი არა, ყველა ჩვენ გვლანძღავს, ვჭირდებით კი ვინმეს? გაგვიხსენებს ვინმე?

გაიხსენებენ ზაზა ბენდელიანს, რომელიც ტამიშის აღების დროს  ჩვენი სამშვიდობოზე გაყვანის მიზნით დანაღმულ  გზაზე გავარდა და აფეთქდა?

რეზო ასათიანს, რომელმაც  ბრძოლის ველიდან ტყვიების ზუზუნში ოთხი დაჭრილი გამოიყვანა და თვითონ კი მოკვდა?

ვოვა სელეპანოვს,  რომელმაც გაგრაში ტყვეობას სიკვდილი არჩია (იხ. "კვირის პალიტრა". - ავტ.)?

თორნიკე შიუკაშვილს, რომელიც ოთხგან დაჭრილი, მისივე დაჟინებული თხოვნით, მეგობრებმა "ბმპ"-ში ჩასვეს, ალყა რომ გაერღვია და ჩვენ დაგვხმარებოდა, თვითონ კი  "ბმპ"-ში აფეთქდა?

ჯიმი მაისურაძეს, რომლის შვეულმფრენსაც მტერიც კი ცნობდა და ის ამ დღეებში იქცა ფერფლად?

ლევან აბაშიძეს, რომელმაც მომაკვდავ, ტკივილით გაწამებულ აფხაზს წამალი მისცა და თვითონ ერთ საათში დაიღუპა?

20 წლის ვაჟა ქიტიშვილს, რომელიც გაგრასთან გმირულად დაეცა და მისნაირ უგზო-უკვლოდ დაკარგულ ბიჭებს?

სოფელ შრომასთან გაწყვეტილ ქართველ "ავღანელებს" და ვინ იცის, კიდევ რამდენს"...

რიგითი ჯარისკაცი

გიორგი ახობაძე, 1993 წლის 1-ელი იანვარი

15 თებერვალს სენაკსა და ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას მომხრეებსა და სამთავრობო ჯარებს შორის შეტაკებები მოხდა, იყო მსხვერპლი...

1993 წლის 16 მარტს, ღამის 3 საათზე, რუსულმა ავიაციამ გუმისთაზე ქართული პოზიციები დაბომბა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ აფხაზები სოხუმზე მორიგ იერიშს აპირებდნენ. დილის 5 საათზე გუმისთის 8-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე მოწინააღმდეგემ ერთდროულად  დაიწყო შეტევა. ქართული ბატალიონები ორი საათის განმავლობაში აკავებდნენ მტერს. ზოგ ადგილებში უკვე ხელჩართული ბრძოლები მიდიოდა, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა აჭანდარის რკინიგზის სადგურზე. თუ აფხაზები იქ ხიდების აღებას შეძლებდნენ, მაშინ ჯავშანტექნიკასაც გამოიყენებდნენ. მოწინააღმდეგემ მაინც მოახერხა ფრონტის გარღვევა და სოხუმის გარეუბანში შევიდა. გუმისთაზე დარჩენილ ქართულ ბატალიონებს ალყაში მოქცევა დაემუქრათ...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)