გუმისთაზე - კვირის პალიტრა

გუმისთაზე

(გაგრძელება. დასაწყისი "კვირის პალიტრა" #33-37)

1993 წლის 16 მარტს შამილ ბასაევმა მდინარე გუმისთაზე, ქართული პოზიციების გასარღვევად გაგზავნა აფხაზური არმიის რჩეული ნაწილები - ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონი, აფხაზური და ბერძნული შენაერთები. ორი დღის შემდეგ აფხაზებმა 300 კაცი დაკარგეს, რაც მძიმე დარტყმა იყო ისედაც მცირერიცხოვანი ხალხისთვის. ქართველებს 70 მებრძოლი დაეღუპათ. 16 მარტს - გუმისთაზე არასოდეს იხსენებენ აფხაზები.”

ევგენი კრუტიკოვი, "შესანიშნავი მითი", 2006 წ.

"გუმისთაზე შეტევის დროს ბევრი ქართველი გვარდიელი დაიხოცა, მაგრამ  ჩვენიანიც ბევრი დაეცა, მათ შორის ერთი ბიჭი იყო სოფელ ბლაბირხუადან, ვახტანგ აბიძბა.  მძიმედ დაჭრილმა არ მიატოვა თავისიანები და როგორც შეეძლო,  დაჭრილები და დახოცილები უსაფრთხო ადგილას გადაჰყავდა. სისხლისგან იცლებოდა, მაგრამ მაინც რამდენჯერმე გადალახა გაყინული გუმისთა აფხაზი ძმების გამოსაყვანად. როდესაც იერიშზე ქართველები გადმოვიდნენ, ვინც ცოცხალი დარჩა, წინ აღუდგა, ვახტანგი კი, უკანასკნელ დაჭრილთან ერთად დარჩა და იქ მოკვდა. ვახტანგ აბიძბას მამამ, ზოსიმემ, შვილის დასაფლავებაზე განაცხადა: - მე ახლა არ ვტირი, მაგრამ გეფიცებით, ჩვენი გამარჯვების დღეს აქ არწივივით გავშლი ფრთებს და აფხაზურს ვიცეკვებ... ეს დღე აუცილებლად დადგება".”

"ჩემს შვილს ბათალბის", დედის წერილები ციკლიდან "ჩვენები მოდიან",”4 აპრილი, 1993 წ.

1993 წლის 16 მარტს, ღამის 2 საათზე, გუმისთის ფრონტის ხაზზე რუსეთის ავიაციამ ქართული პოზიციები დაბომბა,  გამთენიის 5 საათზე ფრონტის 8 კმ-იან ზოლზე  შეტევაზე გადმოვიდნენ რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმები.

ქართველებთან ბრძოლაში პირველად ჩაერთო ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონიც (მეთაური ვაღარშაკ კოსიანი), განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა სოფელ აჭანდარის რკინიგზის სადგურზე. აფხაზები თუ ხიდებს აიღებდნენ, მაშინ  ოპერაციაში ჯავშანტექნიკის გამოყენებასაც შეძლებდნენ.

ქართულმა შენაერთებმა იერიშს რამდენიმე საათი გაუძლეს, თუმცა აფხაზებმა მაინც შეძლეს ფრონტის ხაზის გარღვევა, სოხუმის გარეუბანში შეიჭრნენ და ქართულ ბატალიონებს ალყაში მოქცევა დაემუქრათ.  დროულად მოსულმა დამხმარე ძალებმა აფხაზებს ალყა შემოარტყეს, გათენებისას მოწინააღმდეგის ხაზი შესუსტდა და უკვე შუადღისას უკან დახევა დაიწყეს. ქართულმა ავიაციამ მტრის უკანა ეშელონი, რომელიც კონფედერატებისგან შედგებოდა, საბოლოოდ გაანადგურა, საღამოსთვის ფრონტის ხაზი აღდგენილი იყო, მეტიც, ქართული შენაერთები გუმისთის ხიდზე გადასვლას ცდილობდნენ.

"ხიდს ვუახლოვდებით. გული ყელში მაქვს მობჯენილი, ხიდის გაღმა ჩვენს დასაბრუნებელ, ამქვეყნად ყველაზე ლამაზ მიწას ვხედავ. ღმერთო, ამ მიწაზე ფეხი დამადგმევინე, - ვიმეორებ, ვიმეორებ და ძამუნაშვილის - "ტანკისტას" ტანკს მივყვები. სიხარულით ხანდახან ვასწრებ კიდეც. ვაჩეც ჩემ გვერდით მორბის. მაგარია. "ტანკისტა" ოსტატურად  იცილებს გამოსროლილ ჭურვებს. ამბობენ, თბილისში მაგარი "გონშიკი" იყოო. აფხაზების პოზიციიდან "მინამიოტი" ამუშავდა, ჭურვი ტანკს სცდება და ჩვენს რიგებში ფეთქდება. აფეთქების ძალა რამდენიმე მეტრზე მისვრის. გონს არ ვკარგავ, სწრაფად ვდგები, ყოჩაღად, ხელებით მთელ სხეულს ვისინჯავ. "გადავრჩით", - ვუყვირი  ჩემ გვერდით დავარდნილ ვაჩეს. არ მპასუხობს... წელმოწყვეტილი მივდივარ მისკენ. ვაჩე ხელებგაშლილი გდია, სახეზე ღიმილი შეჰყინვია, შიგნეულობა კი გვერდით უყრია.

მესმის, ჩვენი თვითმფრინავები,  აფხაზების პოზიციებს ბომბავენ. "ვაჩე, ვაჩე, ვაჩე, ბიჭო, - პატარა ბიჭივით  ვღრიალებ. აღარც გამარჯვება მინდა, აღარც გუმისთა, აღარც ეშერა... ვხედავ, ჩვენები ნელ-ნელა უკან მოდიან, ტანკი დაცვას გვიკეთებს და დაღუპულები ბრძოლის ველიდან გამოგვყავს, ვაჩეს არავის ვანებებ. ხელში აყვანილი მომყავს ცოცხალივით.. საღად აზროვნების უნარი მხოლოდ სოხუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დამიბრუნდა. ვაჩეს ცხედარი ექსპერტიზის შენობაში გაგზავნეს, იქაურობა გვამების სუნით ყარს. ბუნდოვნად მახსოვს, - ექიმებს ვაგინე და ბიუროს უფროსს ავტომატი დავადე შუბლზე - რა, ამ სამკვდრეში გინდათ ააყროლოთ ვაჩე-მეთქი? მომეფერნენ, წყალი მომაწოდეს და მეც გამოვფხიზლდი...

რას ვერჩი ამ საცოდავ ხალხს, მიხსნიან - საყინულე არ მუშაობს და გვამები იხრწნებაო. ახალმოსვენებულთა შორის მეექვსე სატანკო ბატალიონის ტანკისტების - ზურაბ ზარანდიას და მურთაზ პატავას ცხედრებს ვხედავ. ისინი 16-ში, ეშერასთან ტანკში ცოცხლად ჩაიწვნენ. ფრონტის ხაზი რომ არ დარღვეულიყო, ცეცხლმოკიდებული ტანკი არ მიატოვეს და ბოლომდე ისროდნენ. თბილისში უარესადაა საქმე. ჩვენს გია ებრალიძეს საავადმყოფოში არ აწვენდნენ - პასპორტი არ გაქვსო. გიას პასპორტი და საბუთები ტანკში დაეწვა. უთხრეს, ცნობა მოიტანე, რომ ნამდვილად ტანკში დაგეწვაო(?!). ბიჭო, სასაცილოდ გვიგდებენ, გვაღადავებენ ეს ახვრები, მაგათი დროც მოვა. ამ უპასპორტო ბიჭებმა არ ჩამოიყვანეს მაგათი ხელისუფლება პირდაპირ მოსკოვიდან? მაშინ რატომ არავინ კითხულობდა, პასპორტიანები იყვნენ ეს ჯარისკაცები, თუ არა.

20 წლის ლევან ბლუაშვილი კოლხიდაში დაიჭრა. მარცხენა ხელი მოჰკვეთეს, მარჯვენა ხელსა და ფეხში მიღებული ჭრილობების გამო სეფსისი  დაეწყო. ოპერაცია რომ გაეკეთებინათ, ოჯახმა ბინა გაყიდა და სოფელში გადავიდა, მაგრამ რა!.. ეს ფული ოპერაციას არ ეყო, თავდაცვის სამინისტროს 100.000 მანეთის გამოყოფა ვთხოვეთ ლევანის საოპერაციოდ. 5.000 მოგვიგდეს მხოლოდ.

მომაკვდავ ბიჭს საავადმყოფოში პოლიცია დააყენეს თავზე და ფაქტების დასახელება მოსთხოვეს იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად ომში, ნამდვილად მტრის ტყვიით დაიჭრა. ასეთ ამბებს რომ იგებ, რა გულით უნდა აიღო იარაღი ხელში, თვითონ საზღვარგარეთ "პაეზდკებში" დაეთრევიან და ომში დაჭრილი ჯარისკაცებისთვის გროშებს არ იმეტებენ. გვარდიის სამმართველოში ზურას ფულისთვის ჯემალ ჭუმბურიძეს (ეროვნული გვარდიის სამმართველოს უფროსი. - ავტ.) რომ ველაპარაკეთ, თავიდან რაღაც ლაი-ლაი დაიწყო, - მე რა ვქნა, ბიჭებო, დღე არ გავა, ბატალიონის მეთაურებმა რამდენიმე პატაკი არ შემომიტანონ და დაღუპულის დასამარხი ან დაჭრილის სამკურნალო ფული არ მთხოვონო. მერე იმ ახვარმა პირში მოგვახალა, - გვარდია მეწველი ძროხა კი არ არის, ყველას რომ ეყოსო - ვიღაც თანაშემწეებმა, თუ რა ვიცი, ვინ ოხრები იყვნენ, შტაბებში კარგად გარეცხილი ფორმებით რომ სხედან, ძლივს გამოგვგლიჯეს ხელიდან ეს გენერალი. მერე კეთილი ინება და, სულ ხელისუფლებისა და შევარდნაძის წყევლა-კრულვით გამოგვიტანა ზურას სამკურნალო ფული. ხელისუფლება კაპიკს არ იძლევაო, - თან რამდენჯერმე წაიტირა. ზურა მეორე დღეს მოკვდა. სულთმობრძავი ყვიროდა, - შრომა ავიღეთ... ბიჭო, ნიუტონა, შრომა ჩვენიაო... პალატაში ვერ კვდებოდა, ისევ იქ იყო, გუმისთაზე, იქ ლევდა სულს".

კახა დვალიშვილის - "ნიუტონას" დღიურებიდან. 1993 წლის 20 მარტი (ლია ტოკლიკიშვილის წიგნიდან "როცა ისინი მკვდრები იღვიძებენ")

1993 წლის 16 მარტს გუმისთის იერიშის დროს აფხაზები ასეთ დანაკარგებს არ ელოდნენ - მთელი ომის განმავლობაში 16 მარტის იერიში იყო ყველაზე მასშტაბური შეტევა გუმისთაზე, აჭანდარაში ქართველმა მებრძოლებმა ტყვედ ბაგრამიანის ბატალიონის, გალუსტ ტრაპიზონიანის ჯგუფის მეომრები აიყვანეს. გუმისთის წარმატებით და აფხაზთა პანიკით შეგულიანებული ქართული შეიარაღებული ნაწილები კიდევ რამდენიმე დღე ამაოდ ელოდნენ კონტრშეტევის ბრძანებას, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა დაპირისპირება სამხედრო ხელმძღვანელობაში. 1993 წლის 22 მარტს სახელმწიფო მეთაურის ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ თამაზ ნადარეიშვილი დაინიშნა. გუდაუთაში შექმნილი ვითარების  გამო ვლადისლავ არძინბა იძულებული გახდა, დასახმარებლად რუსეთისთვის მიემართა. აფხაზები ბორის ელცინს რუსეთის შემადგენლობაში შესვლას სთხოვდნენ.

1993 წლის აპრილში ფრონტებზე აფხაზები აღარ აქტიურობდნენ, ამიტომ მოვლენების ეპიცენტრმა ისევ თბილისში გადმოინაცვლა. სულ მალე დედაქალაქი სამხედრო საბჭოში მიმდინარე დაპირისპირებების ცენტრად იქცა. თენგიზ კიტოვანი შევარდნაძეს უკვე თვალში აღარ მოსდიოდა, ამიტომ 1993 წლის 6 მაისს საქართველოს თავდაცვის მინისტრად გია ყარყარაშვილი დაინიშნა, რამდენიმე დღით შინ დაბრუნებული  ქართველი მეომრებისთვის კი ნათელი იყო, რომ ხელისუფლებასთან ერთად ომისადმი ახლა უკვე საზოგადოებაც გულგრილი გახდა, თუმცა ყარყარაშვილის გამინისტრებამ ჯარს დიდი იმედი გაუჩინა.

"ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჯარისკაცების თავდადება თავიდანვე გააუფასუროს, თბილისში თითქოს სხვა ხალხი, სხვა ქვეყანა, სხვა სამყარო გვხვდება.  რომელიც შიშით უყურებს ჩემს ჯარისკაცურ ფორმას, მოშვებულ წვერს და ავტომატს. გუშინ ქეთის დაქალის დაბადების დღეზე ვიყავით და შემშურდა, ისეთი თავდაჯერებულები მომეჩვენნენ ჩემი ცოლის მეგობრების კოხტაპრუწა ქმრები. სხედან და მკითხაობენ ეს ვირიშვილები, სწორია თუ არა აფხაზეთში ომის დაწყება, თან აფხაზეთის ისტორიას მიყვებიან. მანათლებენ, რა... ომში დაღუპული ბიჭების შესანდობარს სვამენ. ბოლოს, ვეღარ გავუძელი, ავიღე ჭიქა და ვთქვი, - იმ დახოცილ ძმებს ცოცხლად გაუმარჯოს, კაცებად, თქვენი კაცობის შესანდობარი კი მართლა იყოს-მეთქი. წამოენთოთ კარგად გაპუტული ლოყები. საყელო შევუსწორე ჩემთან ყველაზე ახლოს მჯდომს, - შენ ყველაზე მეტად მეცოდები, წინასწარ ვხედავ, როგორ მოკვდები გაკრახმალებულ თეთრეულში, შეშინებული და ატირებული და ამ შენს ლამაზ ცოლს როგორ ექნება შეყუდებული შენი საჯდომის ქვეშ აქოთებული ღამის ქოთანი-მეთქი... დაიზაფრა მთელი სუფრა, ქეთიმ ხელი მომკიდა და სულ ტირილ-ტირილით წამომიყვანა. საბურთალოს სასაფლაოზე წავიყვანე შუაღამისას. ბიჭების საფლავებზე დავთვერი. ვაჩეს და ზურას ველაპარაკებოდი თურმე. შინ როგორ მომიყვანა, აღარც მახსოვს.

...ნელ-ნელა "ვაიასნებ", რა ხდება ქართულ პოლიტიკაში. გამოდის, ნამდვილი ომი იქ კი არა, აქ არის."ბატია" (თენგიზ კიტოვანი. - ავტ.) გადააგორეს, გია ყარყარაშვილი დანიშნეს თავდაცვის მინისტრად. გამოიყენებენ და კიტოვანივით იმასაც მოისვრიან. ვიცით, რომ კიტოვანის გადაყენება მოჰყვა მარტის  შეტევას, ჩვენს ყველაზე წარმატებულ ოპერაციას ამ ომში. ამბობენ, როდესაც კიტოვანს უარი უთხრეს კონტრშეტევის დაწყებაზე, პირდაპირ მოუთხოვია, - მაშინ თქვენ აიღეთ არმიის მმართველობა ხელშიო. ამ ფონზე მოვიდა გია მინისტრად. ბიჭები იმასაც ჰყვებიან, შევარდნაძის კაბინეტიდან რომ გამოსულა, გიას უთქვამს, - ეს რა კაცი ყოფილა, ისე მელაპარაკა, როგორც შვილსო. მაგარი შებერტყილია ეს ჩვენი შევარდნაძე. ზუსტად ხვდება, ვისზე უნდა გააკეთოს "სტავკა", იცის, როგორ დაეცა არმიაში კიტოვანის ფასი და, სამაგიეროდ, როგორი სახელი მოიპოვა ყარყარაშვილმა - ჯარი თავის ლიდერად ისედაც გიას თვლიდა, სასიკვდილოდ გაჰყვებიან ბიჭები, მაგრამ თუ გია შევარდნაძის დაკრულზე იცეკვებს და  ჯარსაც მის დაკრულზე აცეკვებს, ისევ არაფერი გამოვა.

არადა, შევარდნაძე გუმისთის იქით ნაბიჯის გადამდგმელი რომ არ არის, უკვე ცხადია. ჩვენმა ხელისუფლებამ,  იმის მაგივრად, რომ სწრაფი კონტრშეტევით ეპასუხა სოხუმთან უკვე მეორე მარცხით დაბნეული მტრისთვის, ისევ ადგილზე დგომის,  ვითომ მოლაპარაკებების და აფხაზების ბარბაროსული ქცევის გასაჩივრების პოლიტიკა არჩია. სამხედრო ინიციატივის მომხრე გენერლები და სარდლები გვერდზე გადააყენა და არმიის მორჩილების მისაღწევად ჯარის ახალგაზრდა გენერლის  მორჯულებას და თავის მოქონვას მიჰყო ხელი".

"ნიუტონას" დღიურებიდან. 1993 წლის 10 მაისი (ლია ტოკლიკიშვილის წიგნიდან "როცა ისინი მკვდრები იღვიძებენ")

1993 წლის 14 მაისს ედუარდ შევარდნაძემ და ბორის ელცინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას 20 მაისიდან აფხაზეთში ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ორი თვის განმავლობაში ფრონტებზე ე.წ. სიმშვიდემ დაისადგურა. მოსახლეობამ სოხუმში დაბრუნება დაიწყო. ამის კვალად, აფხაზები გამალებით იარაღდებოდნენ. მათ მთავარ პლაცდარმად ტყვარჩელი იქცა, ცხადი იყო, რომ მოწინააღმდეგე ძალების მოკრების შემთხვევაში გამანადგურებელ იერიშს ქართულ პოზიციებზე ორი მიმართულებით - ოჩამჩირის და სოხუმისკენ - მიიტანდა. სოხუმის აღების ახალი ოპერაციის დაგეგმვა-მომზადებაში რუსეთის გენერალური შტაბის სპეციალისტები უკვე ოფიციალურად მონაწილეობდნენ. გააქტიურდნენ საქართველოს გარეთ მყოფი აფხაზებიც. აფხაზმა, ვინმე ზარანდიამ, რუსეთიდან გამოგზავნა დაქირავებულ "ბოევიკთა" 120-კაციანი რაზმი, რომელიც ტყვარჩელში რამდენიმე შვეულმფრენმა ჩაიყვანა; გარდა ამისა, ტყვარჩელში ჩაიტანეს თურქეთში მყოფი აფხაზების მიერ ნაყიდი 100 ავტომატი და ტყვია-წამლის მარაგი.

ფულს ჯარისთვის უცხოეთში მყოფი ქართველებიც აგროვებდნენ, თუმცა დანიშნულების ადგილამდე გროში არ მიდიოდა. ქართული მხარე აღშფოთებული იყო ტყვარჩელის მიმართულებით რუსული შვეულმფრენების გახშირებული მიმოსვლით. საჰაერო გზით ტყვარჩელში იარაღი ჩაჰქონდათ. რუსეთის ფედერაციამ ქართულ მხარეს სთხოვა, გაეტარებინა 30 კამაზისა და 3 ავტობუსისგან შემდგარი კოლონა, რომელსაც "ჰუმანიტარული" ტვირთი მიჰქონდა ტყვარჩელელებისთვის. კოლონამ უსაფრთხოდ გაიარა გუმისთის ხიდი, ანუ ფრონტის ხაზი, ოჩამჩირე-ტყვარჩელის ტრასა და ტყვარჩელში ჩავიდა. კოლონის შემოწმება თავში აზრადაც არავის მოსვლია. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კოლონამ ტყვარჩელში შეიარაღება ჩაიტანა. ივნისის ბოლოსთვის აფხაზური შენაერთები უკვე 3000 "ბოევიკს" ითვლიდა და შეიარაღებაში ჰქონდათ: 3000 ავტომატი, 69 ტყვიამფრქვევი,135 ყუმბარმტყორცნი, 23 ნაღმმტყორცნი, 6 მსხვილკალიბრიანი საზენიტო დანადგარი, 28 ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა "სტრელა", 7 ნურსის ტიპის რაკეტა, 2 საზენიტო რეაქტიული დანადგარი "გრადი", 4 ტანკი, 4 "ბე-ემ-პე", 5 ჯავშანტრანსპორტიორი, 5 მართვადი რეაქტიული რაკეტა.

სოხუმის იერიშისათვის ყველაფერი მზად იყო, ტამიშთან 1993 წლის 1-ელი ივლისი თენდებოდა...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)