ტამიში - კვირის პალიტრა

ტამიში

(გაგრძელება. დასაწყისი "კვირის პალიტრა" #33-38)

"სკოლა 1993 წლის მაისში დავამთავრეთ. მაშინ ოჩამჩირეში სიმშვიდე იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ, გამოსაშვები საღამო 2 ივლისს, ოჩამჩირის ცენტრში, გადაგვეხადა. წინაღამეს  მღელვარებისგან ვერ დავიძინე,  დროდადრო თვალს შევავლებდი საწოლთან დაკიდებულ კოსტიუმს და კლასელებსა და სკოლაზე ვფიქრობდი. გამთენიისას ჩამეძინა. დილით გამაყრუებელმა ხმამ გამაღვიძა, რომელიც თანდათან ძლიერდებოდა. შუადღისას  დედამ მითხრა, - აფხაზებს ტამიშთან დესანტი გადმოუსხამთო. იმ ღამეს კლასელები მაინც შევიკრიბეთ სოფელ ილორში. დათრგუნვილნი შევყურებდით, როგორ კიდებდნენ რუსული თვითმფრინავები ე.წ. ლამპრებს არემარის გასანათებლად და როგორ ცდილობდა ქართული არტილერია მათ ჩამოყრას. ვიდექით და  მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდით, - ვნახავდით კი ისევ ერთმანეთს? რატომღაც "ღიმილის ბიჭები" გამახსენდა".

ირაკლი კემულარია, ოჩამჩირე

"იდეური მოხალისე მობილიზებულ ჯარისკაცზე ბევრად საშიშია. ტამიშთან ბრძოლების მეოთხე დღეს, 5 ივლისს, კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა. ოსურ-ყაბარდოული დესანტის უფროსმა ალან ჯიოევმა რადიოკავშირით გუდაუთას დახმარება სთხოვა. კარგა ხნის შემდეგ აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილისგან უარი მოვიდა - ამჯერად ვერ გავრისკავთ, რადგან ჩვენს მონაკვეთზე უფრო დიდ  დანაკარგს  ველოდებითო. სამი დღის შემდეგ დესანტის ნარჩენებს კატარღებმა მიაკითხეს და გუდაუთაში გადაიყვანეს. დესანტის უფროსმა დამხვდურებში  პირველ რიგში იმ კაცის მოძებნა სცადა, ვინც დახმარებაზე უარი უთხრა და ერთი ლაზათიანად უთავაზა ყბაში, თან დედის გინება მიაყოლა. ძირს გაგორებული კაცი შეწინააღმდეგებას არ აპირებდა და არც კავკასიელისთვის სიკვდილის ტოლფას შეურაცხყოფაზე  გაუბარტყუნებია ყური. ბეტონზე ეგდო და დუმდა. ის შამილ ბასაევი იყო".

ევგენი კრუტიკოვი, "შესანიშნავი მითი", 2006 წ.

1993 წლის 1-ელ ივლისს ტამიშთან დუშეთის ბატალიონის მეომრები ერთ-ერთი თანამებრძოლის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. სასმელი ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა მიართვა. ვინაიდან ქართული შენაერთების დიდი ნაწილი რამდენიმე დღით შინ იყო გაშვებული, სოხუმსა და გუმისთაზე მეომართა რიგები შეთხელდა. 20 მაისის ხელშეკრულების თანახმად, გაყვანილი იყო  ჯარები ოჩამჩირიდანაც, ორი თვეა, სიმშვიდე იყო 33-კილომეტრიან საზღვაო ზოლზეც, რომელსაც "მხედრიონი" ამაგრებდა. მათ, რამდენიმე ზარბაზნის გარდა, ჰქონდათ იმ დროისთვის სახელგანთქმული საარტილერიო თვითმავალი "დერზკი"(ის თავად მებრძოლებმა გააკეთეს და თავადვე მონათლეს), რომელსაც მტრის დასაშინებლად ხანდახან  დააქუხებდნენ ხოლმე.

1993 წლის 2 ივლისს, გამთენიისას, 5 საათზე, სოფელ ტამიშთან,   საზღვაო ზოლის მონაკვეთში გემი შენიშნეს.

გემის წარმომავლობაზე ინფორმაცია ოჩამჩირის რუსულ პორტში გადაამოწმეს. რუსებმა - ეს ბათუმში მიმავალი მშრალი ტვირთის გემი "გელენჯიკია", რომელსაც გზაში რაღაც დაუზიანდა და ამიტომ ცდილობს ნაპირთან მოდგომასო. ამასობაში ზღვაში კიდევ სამი პატარა ხომალდი გამოჩნდა. ვინაიდან დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია, რომ პრიმორსკიდან  მრავალრიცხოვანი დესანტის გადმოსვლა იგეგმებოდა, ქართულმა მხარემ ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა. სამი  ხომალდიდან ერთი ჩაიძირა. ერთი უკან დაბრუნდა, მესამემ  კი მაინც მოახერხა ნაპირზე დესანტის გადმოსხმა და 2 ივლისს, დილით, რუსულ-აფხაზურ-ჩრდილოკავკასიურმა შენაერთებმა წამოიწყეს სამხედრო ოპერაცია, რომლის საბოლოო მიზანი სოხუმის აღება იყო.

16 მარტის უიღბლო იერიშის შემდეგ აფხაზები მიხვდნენ, რომ ქალაქს პირდაპირი შეტევით ვერ აიღებდნენ,  ამიტომ სოხუმის იერიშის ახალი გეგმით, ოპერაცია, ოჩამჩირის პარალელურად, გუმისთის მიმართულებითაც დაიწყო. დესანტის  პირველი დარტყმა სოფელ  ტამიშთან, ლაბრასა და ქვემო კინდღში მდგარმა ქართველმა მეომრებმა მიიღეს,  დუშეთის ბატალიონი თითქმის გაწყდა. ნამთვრალევ მეომრებს მტერი ისე წამოადგა თავს, ვერც გაიგეს, ვერც ჯეროვნად შეეწინააღმდეგნენ, რადგან სასმლისგან იყვნენ მოწამლულები (ამბობდნენ, შეგნებულად მოწამლესო). დიდი დანაკარგი ჰქონდათ შინაგანი ჯარების ნაწილებსაც. რამდენიმე საათში ქართულმა მხარემ 300 მებრძოლი დაკარგა, აფხაზებმა კი პლაცდარმი გააფართოეს და სოხუმი-ოჩამჩირის მაგისტრალი გადაკეტეს. მოწინააღმდეგე გააფთრებით ცდილობდა ანუარხუს სიმაღლის ხელში ჩაგდებას, რომლითაც  სოხუმი-ოჩამჩირის მაგისტრალის სრულ კონტროლს შეძლებდა.

სიმაღლეს შავანაბადას ბატალიონის მეომრები იცავდნენ. 3 ივლისს დესანტის რამდენიმე ჯგუფმა ანუარხუს შეუტია. ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელებულა, ანუარხუ კვლავ ქართველების ხელში იყო. სამხედრო ხელმძღვანელობამ, რომელიც  ტამიშთან განვითარებული მოვლენების გამო გვარიანად დაბნეული იყო, გუმისთაზე აფხაზების გააქტიურება მნიშვნელოვან საფრთხედ არ მიიჩნია და დესანტის ლიკვიდაციის გეგმაზე დაიწყო ფიქრი. ამასობაში, მძიმე ბრძოლებით და დანაკარგებით აფხაზებმა შეძლეს სოხუმჰესის, სოფელ გუმისა და ახალშენის დაკავება და მიადგნენ სტრატეგიული დანიშნულების სოფელ კამანს. 5 ივლისს აფხაზებმა შრომა-კამანისკენ იერიში წამოიწყეს. საღამოს უკვე კამანში იყვნენ. სოფელში ქვა ქვაზე არ დატოვეს, მოსახლეობა უმოწყალოდ გაჟლიტეს. "ბოევიკებს" სოხუმამდე 12 კმ-ღა რჩებოდათ. თბილისიდან მეომრები სასწრაფოდ ბრუნდებოდნენ აფხაზეთში.

"2 ივლისს სმბ-ის (ДШБ - სადესანტო მოიერიშე ბატალიონი) "თეთრი არწივის" შენაერთის ბიჭები ბაბუშერაში  ვიდექით, სიმშვიდე იყო და ნახევარი ბატალიონი რამდენიმე დღით თბილისში წავიდა. ბაბუშერაში ბრძანება მოვიდა, - მგონი, დესანტია გადმოსხმულიო. ზუსტად არც იცოდნენ და სამხედრო მზადყოფნა გამოცხადდა. ტამიშისკენ დავიძარით. გზაზე  რკალად მივდიოდით. სულ წინ ერთი ბიჭი მიდიოდა. რუსული გარეგნობის გამო "კუკლას" ვეძახდით. ტამიშის მისადგომებთან მოულოდნელად დესანტის ნაწილს გადააწყდა. რუსი ეგონათ და უთხრეს, - დაუძახე შენს მეთაურსო. მანაც - კიო და გამოიქცა, ბიჭები გაგვაფრთხილა, - წინ დესანტიაო. ბედად, სადაც გავჩერდით, ჩვენთვის ძალზე ხელსაყრელი პოზიცია იყო, ამიტომ იქვე გავმაგრდით და "პარპრიზამ" (ლევან ასათიანი, სმბ-ის მეთაური. - ავტ.) დესანტს რუსულად გასძახა, -“მე "თეთრი არწივის" მეთაური ვარ. ალყაში ხართ და დაგვნებდითო. იქიდან რუსებმა დაგვიწყეს გინება, არც ჩვენ დავაკელით და ბრძოლაც გაჩაღდა.

25 ბიჭი დაგვეჭრა იმ დღეს ძირითადად "პოდსტვოლნიკების" ნამსხვრევებით. მოგვიანებით გავიგეთ - ჩვენც ბევრი დაგვიხოცავს. 3 ივლისს პოზიციებიდან დასასვენებლად გამოგვიყვანეს. იმ შენაერთმა, რომელმაც შეგვცვალა, ჩვენი ბრძოლის ველიდან ბევრი "ტრაფეინი" იარაღი წამოიღო. საომრად გამოიყვანეს ტამიშის მოსახლეობაც. იმ დღეს ბიჭებიც ჩამოფრინდნენ თბილისიდან. როდესაც ისევ გავედით პოზიციებზე, იქ დაგვხვდა თელავის და გორის ბატალიონები, ანუარხუზე შავნაბადას მეომრები იდგნენ ჯიგრულად. შეტევაზე გადასვლას ვაპირებდით, გავიგეთ, რომ მეორე მხარეს წითელაშვილის "ავაზას" ბიჭები იდგნენ, მათთან კავშირი არ იყო, ერთმანეთი რომ არ ჩაგვეხოცა, შეტევა გადაიდო, საღამოს სმბ ცოტა ხნით დაგვასვენეს. 4-ში, დილით, პოზიციებზე დაბრუნებულებს გორის და თელავის ბატალიონის ბიჭები დახოცილები დაგვხვდნენ. შავნაბადას ბატალიონი შველას ითხოვდა - 20 კაცი ანუარხუზე ალყაში იყო მოქცეული. სიმაღლისკენ დავიძარით. ძველი კინდღიდან გვინდოდა "შავნაბადელებს" მივშველებოდით. ვერ შევძელით... თუმცა ისინი მაინც იდგნენ, ანუარხუს არ ტოვებდნენ".

გიორგი, სმბ-ის მებრძოლი

9 ივლისს, 6 საათზე, აფხაზებმა მძიმე ტექნიკით კვლავ სცადეს ანუარხუზე იერიშის მიტანა. უთანასწორო ბრძოლა 5 საათი გრძელდებოდა, "შავნაბადელებისგან" რამდენიმე მეომარიღა გადარჩა. ბოლო წუთებში ახალი კინდღიდან ქართულმა არტილერიამ მოახერხა  დესანტის განადგურება, აფხაზებმა მაშინ 150  კაცი დაკარგეს, ანუარხუზე კვლავ ქართველები იდგნენ. ასევე ბოლო წუთებში გამოჰგლიჯეს ქართველმა მეომრებმა აფხაზებს სოფელი შრომა, რომელიც თითქმის დაკავებული ჰქონდათ და იქ ქართული პოლიციის ნაწილები გამაგრდნენ, თუმცა აფხაზებმა ღამით მათი  უჩუმრად ამოხოცვა  მოახერხეს და შრომა ისევ აიღეს. 10 ივლისს აფხაზებმა კინდღისკენ სცადეს გაჭრა, მაგრამ აქაც ქართველ მეომრებს გადააწყდნენ და დიდი დანაკარგით პატარ-პატარა ჯგუფებად დაიწყეს ტყვარჩელისკენ გადაადგილება.

ბრძოლები მიმდინარეობდა ოჩამჩირეშიც. სოფელ ცაგერასთან "მხედრიონის" და ლოთი ქობალიას რაზმებმა საბოლოოდ გაანადგურეს დესანტის ნაწილები და ცოცხლად დარჩენილებს სოფელ ლაბრამდე სდიეს. ტამიშში დაბრუნებისას ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი სრულიად გაწმენდილი იყო,  თუმცა აფხაზები აკონტროლებდნენ კამანს, ჰრომას, ახბიუქისა და აპიანდის სიმაღლეებს, რომლის დაბრუნება ქართულმა შენაერთებმა დიდი თავგანწირვის ფასადაც ვეღარ შეძლეს. ამრიგად, სოხუმი ჩრდილოეთიდან ბლოკირებული იყო, აფხაზებმა გუმისთას მოუარეს და  ქართული პოზიციების ზურგში გამაგრდნენ.

27 ივლისს სოჭში ხელი მოეწერა სამმხრივ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც აფხაზეთი უნდა დაეტოვებინა ყველა დაქირავებულ მებრძოლს და ქართული სამხედრო ფორმირებების დიდ ნაწილს, აგრეთვე ქართულ  სამხედრო ტექნიკას. ხოლო აფხაზურ ტექნიკას რუსები გააკონტროლებდნენ. სოხუმში ისევ სიმშვიდემ დაისადგურა, გახიზნული მოსახლეობა ქალაქში დაბრუნდა, ქართული ჯარები და ტექნიკა გაყვანილი იყო. 1-ელ სექტემბერს სოხუმიდან ის უკანასკნელი ტანკიც გაიყვანეს, რომელიც მეომრებს გადამალული ჰქონდათ. იმავე დღეს სოხუმში სწავლა დაიწყო.

"შვილო ბათალბი, რამდენიმე დღის წინ  სოხუმში ხმა გავრცელდა, ლოთი ქობალიას რაზმები, იური ბაძაღუას მეთაურობით, გალში შევიდნენ და ყველა ადმინისტრაციული შენობა დაიკავესო. ეს ინფორმაცია დადასტურდა. სიმართლე გითხრა, მაინცდამაინც არ ვენდობი ამ მეგრულ ბაქიბუქს, ქობალიას თამადობით. ის ერთ ებრაულ გამონათქვამს მახსენებს, - ზოგი კაცი ახალ ფეხსაცმელს ჰგავს, რომელიც რაც უფრო იაფია, მით მეტად ბრაგუნობსო. სოხუმში სიმშვიდე აღარ არის, შფოთი იგრძნობა, დღე არ გავა, ლენინის მოედანზე მიტინგი არ მოაწყონ. ზოგი ომის შეწყვეტას ითხოვს, ზოგი - შევარდნაძის გადაყენებას, ზოგი კი პირზე დუჟმომდგარი გაიძახის - გუმისთაზე საზღვარი გავავლოთო... მიტინგი დღესაც იყო. გამოდიოდნენ ეს ანტიაფხაზები და ყველას მოუწოდებდნენ,  რომ აფხაზთა კანონიერი მთავრობა და დევნილები სოხუმში არ შემოვუშვათო. სამარცხვინო იყო ეს ბრბო, ადამიანობისა არაფერი ეცხოთ. როგორც კი გაისმა მოწოდება, - იარაღი ავიღოთ შრომის, კამანის გასათავისუფლებლად და სოხუმის დასაცავად წავიდეთო, წუთში გაიძურწა ყველა და მოედანიც დამშვიდდა. სულ ასე აკეთებენ ეს ქართველები. აი, ამ წუთში ჩემი მეგობარი ტრანზისტორი მამცნობს, რომ ოჩამჩირის რაიონში აფხაზების ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო მთელი ფრონტის ხაზზე.

ჩვენები მოდიან, წარმატებებს ვუსურვებ მათ. ყინული დაიძრა, ბატონებო, ყველაფერს აქვს საზღვარი და მათ შორის ჩვენს - აფხაზების მოთმინებასაც. ქართველების რადიო გადმოსცემს, რომ აფხაზური იერიში ტამიში-ოჩამჩირის მიმართულებით ლოკალური კი არა, ფართომასშტაბიანი აღმოჩნდა. სოფელ ცაგერას გარდა, აფხაზებმა არტილერიით დაბომბეს სოფლები: ტამიში, არდუ, მარკულა, სისხლისმღვრელი ბრძოლები მიდის კოდორის ხიდზე, არავინ იცის, რამდენია დაჭრილი და დახოცილი. ბოლო მონაცემებით, სიტუაცია გამწვავდა შრომა-გუმისთის მიმართულებითაც, დაიწყო შეტევა სოხუმზე. კბილებამდე შეიარაღებული აფხაზი "ბოევიკები" მძიმე ტექნიკასთან ერთად, ქვემო ეშერიდან იერიშზე გადმოვიდნენ გუმისთაზე; იგივე სიტუაციაა ზემო გუმისთაზე, სოფელ შრომასთან. სოხუმში გამოცხადდა საჰაერო განგაში, მშვიდობიანი საცხოვრებელი კვარტალები ინტენსიურად იბომბება, ყველგან ხანძარია. ხალხი იღუპება, შვილო. ჩვენი ჯარების მიერ ფრონტის ხაზის გარღვევა და მდინარე კუდრის გადაკეტვა სოხუმის დაცემას ნიშნავს. მხოლოდ რადიო "თავისუფლება" ახერხებს, აფხაზებს სიმართლე გვითხრას. ფრონტის ხაზი გარღვეულია და აფხაზები ქალაქში შევიდნენ, მაიაკის რაიონი აღებულია, სოხუმში შევარდნაძე გაფრინდა. სანამ ის აქეთ მოფრინავს, მეგრელები თოკს თავისკენ ექაჩებიან. რადიო ისევ აცხადებს, რომ სამტრედიასთან, ცხენის წყალზე გამსახურდიას მხარდამჭერები და სამთავრობო ჯარები შეებნენ ერთმანეთს. არის მსხვერპლიც".

"ჩემს შვილს ბათალბის". წერილები ციკლიდან "ჩვენები მოდიან", 16 სექტემბერი, 1993 წ.

"ძვირფასო ბორის ნიკოლოზის ძევ, მოგმართავთ ჩემი სამშობლოსთვის უმძიმეს წუთებში. უძლური ვარ, რამე გთხოვოთ; უბრალოდ, გაცნობებთ: სოხუმთან კონცენტრირებულია გუდაუთის დაჯგუფების ტანკები და მძიმე ტექნიკა, წამმზომი ჩართულია, მათი ძალები სადაცაა, შეიჭრებიან ქალაქში, რომელსაც  დაცვის მინიმალური საშუალებაც არ გააჩნია. ასეთივე მდგომარეობაა ოჩამჩირის რაიონში, საიდანაც, პატივს ვცემდით რა სოჭის ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს, ტექნიკა და ცოცხალი ძალა გამოვიყვანეთ. უკვე მესამეჯერ ჩემი ხალხი მოტყუებულია მათგან, ვინც ხელის მოწერით დაადასტურა ხელშეკრულებები და არაფერი გაუკეთებია მათ შესასრულებლად. რა დავუშავეთ რუსეთს და მსოფლიოს - ის ხომ არა, რომ უკვე მერამდენედ, საქართველოს ისტორიაში, მოვინდომეთ თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ის, რაც მინდოდა თქვენთვის მეთქვა, თქვენს წარმომადგენელს ვუთხარი სატელეფონო საუბრისას. ჩვენ განგვაიარაღეს და მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ დაგიჯერეთ. ახლა ვერაფრით დავიცავთ თავს. მე ერთი რამ დამრჩენია: ჩავიდე სოხუმში და მის მოსახლეობასთან ერთად შიშველი ხელებით დავიცვა ქალაქი".

ედუარდ შევარდნაძე, 1993 წლის 16 სექტემბერი

სოხუმის აღება მხოლოდ დროის საკითხი იყო...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

შენიშვნა: გაზეთის წინა ნომერში სტატიაში, "გუმისთაზე", გამოყენებული იყო ფრაგმენტი ლია ტოკლიკიშვილის წიგნიდან "როცა ისინი მკვდრები იღვიძებენ".