სოხუმის შავი სექტემბერი - კვირის პალიტრა

სოხუმის შავი სექტემბერი

(გაგრძელება. დასაწყისი "კვირის პალიტრა" #33-39)

მხოლოდ მიცვალებულები მოესწრნენ ამ ომის დამთავრებას. პლატონი

"17 სექტემბერს აჩადარიდან რომ გამოვდიოდით, აფხაზებმა დაგვაკავეს. ბევრნი იყვნენ - აფხაზები, სომხები, ჩეჩნები. გავიფიქრე, - მე და ჩემს 8 წლის ინდიკოს მოგვკლავენ-მეთქი... ვემუდარებოდი, ბავშვი მაინც შეიბრალეთ-მეთქი. ერთი აფხაზი მომიახლოვდა და მითხრა, - ქალებს და ბავშვებს არ ვერჩითო, მაგრამ ქმარი რომ მოგიკლეს, ეს კარგიაო (ჩემი ქმარი შრომასთან ბრძოლაში დაიღუპა). შემდეგ ორი პური და ძეხვი მომაწოდა. როდესაც გვიშვებდნენ, მათმა მეთაურმა მითხრა, - ახლა თქვენ სოხუმისკენ წაგიყვანენ, "მაიაკში", მე-12 სკოლამდე და იქიდან სამშვიდობოს გახვალთო. მერე ჩემს შვილს მიუბრუნდა,  - შენ კი, ბიჭო, კარგად დაიმახსოვრე: იქ უნდა იცხოვრო, სადაც შენი ბაბუა დაიბადა, მამა დაიბადა და აქ, სხვის მიწაზე, ფეხი არასოდეს დაადგა, გაიგე? - დავინახე, როგორ გადაყლაპა ბავშვმა ყელში მომდგარი სიმწრის ცრემლი".

ხათუნა, აჩადარიდან

1993 წლის 16 სექტემბერს, საღამოს, სოხუმზე აფხაზური მარყუჟი   ნელ-ნელა იკვრებოდა, უიარაღოდ დარჩენილ ქართველ მეომართა მცირე ჯგუფები დამხმარე ძალების მოლოდინში ამაოდ ცდილობდნენ ქალაქის მისადგომებთან პოზიციების შენარჩუნებას.

"ვიცი, სოხუმი მომზადებულია დასაცემად. ივლისის სამშვიდობო ხელშეკრულებას ისევ თავზე დაახევენ ამ ჩვენს სახელმწიფო მეთაურს და ქალაქი ერთ გაფაფხურებასაც ვერ მოასწრებს, ისე აღმოჩნდება რუსებისა და აფხაზების ხელში. ამას რომ ვამბობ, ათასი კაცი მაინც მეცემა პირში. "ომის სინდრომით დაავადებულს", "ფსიქიკაშერყეულს" და რა ვიცი, რას აღარ მეძახიან ჩემი ოჯახის წევრები. სიმწრით მეცინება. ეტყობა, მართლა შერყეული უნდა გქონდეს ფსიქიკა, მოვლენები სწორად რომ გათვალო, თორემ ამდენ ჭკუადამჯდარ კაცს როგორ არ ზარავს იმის  წარმოდგენა, რა შეიძლება დაატყდეს თავს განიარაღებულ სოხუმს.

"ალიონის" წამყვანის ხმა თავზარდაცემულს მაგდებს ლოგინიდან. დედიშობილა გავრბივარ ლოჯიაში, სადაც უკვე ნირწამხდრები სხედან ქეთი და დედაჩემი. დღეს, 16 სექტემბერს, სოხუმს ბომბავენ. ქალაქს, რომელიც სავსეა მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობით, ბავშვებით, ისინი საპირველსექტემბროდ დააბრუნეს ქალაქში. ბომბავენ საცხოვრებელ კორპუსებს,  აეროპორტს, სადაც უკვე მერამდენედ აწიოკებული სოხუმელები დგანან თვითმფრინავში შესაღწევად. ჩემი ზურას და ვაჩეს სისხლით დაცული საზღვარია (გუმისთა, - ავტ.) გადმოლახული, ჩვენი ბიჭები არტილერიის, მძიმე ტექნიკის გარეშე კინკილა ავტომატებით იბრძვიან სოხუმისთვის, გარეუბანში  შემოღწეულმა სადამსჯელო რაზმებმა, ე.წ. "სანიტრებმა" უკვე დაიწყეს მშვიდობიანი მოსახლეობის დასჯა. სიტყვის უთქმელად გავდივარ შინიდან. დაჭრილი მკლავი თითქმის მოშუშებული მაქვს, დედაჩემი ხმას არ იღებს, ქეთი აპირებს რაღაცის თქმას, ეტყობა, ისეთი სახით ვუყურებ, რომ ისიც ჩუმდება. კომისარიატში ავდივარ, ბიჭებს ვნახულობ. ვხვდები, რომ აქ სიების წერას  და ლოდინს აზრი არ აქვს. ვსხდებით მანქანებში და  პირდაპირ აეროპორტში მივდივართ".

კახა დვალიშვილის - "ნიუტონას" დღიურებიდან. 1993წ. 16 სექტემბერი

16 სექტემბერს სოხუმში ედუარდ შევარდნაძე ჩაფრინდა. ქალაქში იყო ჯაბა იოსელიანიც."მხედრიონი" სახელდახელოდ შეკოწიწებული ჯგუფებით ცდილობდა სოხუმში სტრატეგიული ადგილების - ფუნიკულიორის, "მაიაკის" რაიონის და რკინიგზის სადგურის დაცვას. 17 სექტემბერს  მოწინააღმდეგემ სოხუმის დაბომბვა ზღვიდანაც დაიწყო. ქალაქში რუსული, კბილებამდე შეიარაღებული სპეცდანიშნულების რაზმები გამოჩნდნენ, მათი მოქმედების გეგმა აფხაზური სამხედრო შენაერთებისთვის ქალაქში "გზის გაწმენდა"”გახლდათ. იმავე დღეს სოხუმში ჩაფრინდა პოლიციის 120-კაციანი, კარგად შეიარაღებული ჯგუფი და თბილისის პოლიციის უფროსი დავით ზეიკიძე.

"პოლიციის რაზმს პოზიციები ძიძარიას ქუჩაზე მიუჩინეს. მეორე დღეს, 18 სექტემბერს, ძიძარიას ქუჩის მცხოვრებლებმა შტაბში საგანგაშო ამბავი მოიტანეს, - პოლიციელებმა პოზიციები უბრძოლველად დატოვესო. სიტუაციაში გასარკვევად პირადად წავედი. მართლაც, პოლიციელებს სახლების სარდაფებში გადაენაცვლათ. ზეიკიძემ - ბიჭები ისვენებენო(?!). შევთანხმდით, რომ პოლიციელები ახალ პოზიციებს იაშტუხას ახლოს, ფერმებთან დაიკავებდნენ. მეორე დღეს იაშტუხაზე რომ ავედი, იქაც არავინ დამხვდა. დავით ზეიკიძემ თქვა, - ჩემს ბიჭებს სასაკლაოსთვის ვერ გავიმეტებო და 20-21 სექტემბერს უბრძოლველად გადმოინაცვლა სოხუმში. პოლიციელების პოზიციებზე გაყვანა შეუძლებელი გახდა.

აფხაზეთის შს მინისტრმა დავით გულუამ პირადი კონტროლი დაუწესა და იძულების წესით გაიყვანა პოზიციებზე ინფექციურ საავადმყოფოსთან. მათ დავალებული ჰქონდათ მიმდებარე ტერიტორიის დანაღმვა, თუმცა ბრძანება არ შეასრულეს, რადგან შეეშინდათ, ნაღმებზე თავად არ აფეთქებულიყვნენ. ცხადი იყო, რომ სოხუმში სამხედრო ხელმძღვანელობას სიტუაციის მართვა უჭირდა. 18 სექტემბერს 23-ე ბრიგადის ბატალიონებმა მოულოდნელად შტაბიდან უკან დახევის ბრძანება მიიღეს. ბრძანება რადიოკავშირით პირადად ბრიგადის მეთაურმა გენო ადამიამ გასცა. იმ დროისთვის 23-ე ბრიგადას გუმისთაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხელსაყრელი პოზიციები  ეკავა, ამიტომ უკან დახევა  ღალატის ტოლფასი იყო. მიუხედავად უკმაყოფილებისა, ბატალიონების მეთაურებმა ბრძანება შეასრულეს. მეორე ბატალიონის მეთაურმა ვახტანგ მუკბანიანმა ბრძანების შესრულებაზე უარი თქვა, - ასეთი გადაწყვეტილების მიღება  მხოლოდ მოღალატეს შეუძლიაო. ინფორმაცია შტაბში გადაამოწმეს. აღმოჩნდა, რომ გენო ადამიას არავითარი ბრძანება არ გაუცია, ეს განკარგულება არც კომუტატორთან იყო დაფიქსირებული. ძიებას აზრი აღარ ჰქონდა. გუმისთაზე პოზიციები უკვე დაკარგული იყო.

ასევე  საეჭვოდ განვითარდა მოვლენები კელასურის ქართულ პოზიციებზე - 19 სექტემბერს ფოთიდან სოხუმში სამხედრო ბარჟამ შეიარაღება ჩამოიტანა. მათ შორის იყო 4 ცალი 120მმ-იანი ქვემეხი, 1 ჰაუბიცა და "გრადის" ტიპის დანადგარი. ჩვენს ბრიგადას 2 ქვემეხი მისცეს, რომლითაც მთელი ღამე ვიცავდით კელასურს და სუბტროპიკულ ინსტიტუტს. გვქონდა "გრადის" 120 ჭურვი და  პოზიციის შესანარჩუნებლად ვითხოვდით "გრადის" დანადგარს. არმიის ხელმძღვანელობამ უარი გვითხრა. 20 სექტემბერს შტაბში რომ მივედით, თავზარი დაგვეცა, ფოთიდან ჩამოტანილი ჯერ კიდევ აუწყობელი ორი ქვემეხი და "გრადის" ტიპის დანადგარი ისევ  უქმად იდგა შტაბის ეზოში, ჩვენ კი ტექნიკის უქონლობის გამო პოზიციები დავკარგეთ".

23-ე ბრიგადის შეიარაღების უფროსის, რომან სილაგაძის ჩვენებიდან ("ახალი 7 დღე", 1994 წლის 24 მარტი)

თითქმის შიშველი ხელებით მებრძოლი ქართული შენაერთებისგან ასეთ წინააღმდეგობას აფხაზები არ მოელოდნენ. 18-19 სექტემბერს მათ ბევრად გაუჭირდათ. დაიწყო სოხუმის მასირებული დაბომბვა. ათასობით დევნილი იყო თავშეყრილი ბაბუშერის აეროპორტში, უამრავი ხალხი ელოდა პორტში გემებს. ისინი ნაპირს ვერ უახლოვდებოდნენ - აფხაზური არტილერია ბომბავდა. 20 სექტემბერს სოხუმი უშუქოდ დარჩა, ქალაქი სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში აღმოჩნდა, 21 სექტემბერს აფხაზებმა ჩამოაგდეს  რუსული სამგზავრო თვითმფრინავი ტუ-134, რომელიც სოჭიდან სოხუმში მოფრინავდა. მგზავრებს შორის იყვნენ უცხოელი ჟურნალისტებიც. დაიღუპა 28 კაცი. Yყველა სტრატეგიული სიმაღლე მტრის ხელში იყო. ფუნიკულიორი დღეში რამდენჯერმე გადადიოდა ხელიდან ხელში, ქალაქში ტყვია-წამალი ილეოდა, შეთხელდა სოხუმის დამცველთა რიგებიც, ასეული ერთეული სამხედრო ტექნიკა ფოთში იდგა, ორი თვის წინ სოხუმიდან გამოყვანილი სამხედრო შენაერთები ქალაქში შესვლას ვერ ახერხებდნენ. ამგვარი მდგომარეობა იყო ოჩამჩირეშიც, სადაც ქართული ჯარის ნაწილები იდგა. აფხაზებმა ახალდაბა აიღეს და მძევლად 300 მშვიდობიანი მოქალაქე აიყვანეს,   ახალდაბელები იხსენებენ, - როგორც კი კოდორის ხიდს ქართული შენაერთები გადმოლახავდნენ, აფხაზები მძევლებს დახოცავდნენ. სოხუმის დამცველთა ერთადერთი იმედი საჰაერო გზა იყო...

"უკვე რამდენიმე დღეა, აეროპორტში ვსხედვართ. იქაურობა სავსეა მოხალისეებით, უკვე ნაომარი ჯარისკაცებით, ფორმიანებით და უფორმოებით, ხნიერი მამაკაცებით, რომელთაგან ზოგი დაღუპული შვილის ადგილის დასაკავებლად მიდის მის საბრძოლო შენაერთში, ზოგი სოხუმში მებრძოლი შვილის ამბის გასაგებად. აეროპორტში ირევიან პოლიტიკოსები. ზოგი სოხუმში მიფრინავს, ზოგი უკან ბრუნდება. ვსხედვართ და ჩვენს რიგს ველოდებით. ფრონტზე წასვლის მსურველებს არ  ყოფნით აეროპორტის კუთვნილი თვითმფრინავები, რომლებიც დღეში რამდენიმე რეისს ასრულებენ სოხუმისკენ. შევარდნაძე სოხუმშია, ბიჭებთნ ერთად ვუსმენ მის რადიომიმართვას და ცხოვრებაში პირველად, ლამის "ჩესტზე" წამოვუდგე ჩემი მთავარსარდლის განწირულ ხმას: "ჯარისკაცებო, მოხალისეებო, ექიმებო, ჟურნალისტებო, მთელი საქართველოს მოსახლეობავ, ქართველებო და არაქართველებო, ვისაც გული გერჩით, მოგმართავთ საქართველოსთვის უმძიმეს წუთებში.

სოხუმი საფრთხეშია, სოხუმს თქვენი დახმარება სჭირდება"... ბიჭების ერთ ნაწილს გული ვერ უთმენს, აეროპორტიდან ბრუნდება და მანქანებით მიდიან ოჩამჩირეში. ჩვენ, როგორც იქნა, ავედით თვითმფრინავში. სალონში ჯარისკაცები ფეხზეც კი დგანან. უკვე მივფრინავთ სოხუმისკენ, მათარებით წამოღებული არყით თბილისიდან აფრენისას ტრადიციულად  ვსვამთ ჩვენი გამარჯვების სადღეგრძელოს. მთავარია, ჩავუსწროთ სოხუმს, საფრენი ამინდია... რამდენიმე წუთში უკვე ბაბუშერაში დავფრინდებით. ვგრძნობ, ძარღვებში სისხლი მემატება, ზურას და ვაჩეს მაგივრად მივფრინავ სოხუმის დასაცავად. აი, ბიჭების შეცბუნებულ სახეებს ვამჩნევ, ბაბუშერიდან შემაშფოთებელი ამბები გადმოუციათ. აეროპორტი იბომბება, პილოტები გვიხსნიან რისკის რეალობას. წამს სალონში სიჩუმე ისადგურებს, შემდეგ კი ყველა ერთად ყვირის: "სო-ხუ-მის-კენ, სო-ხუ-მის-კენ!" მათ მეც ვუერთდები. სულ ცოტა დაგვრჩა, ხუთიოდე წუთი. საათზე ვიყურები და ათვლას ვიწყებ. აი, თვითმფრინავი გაშლის ბორბლებს აფხაზეთის მიწაზე, რუსული სუ-ები თავს დაგვტრიალებენ, გამაყრუებელი ხმები სადღაც ზღვიდან აღწევს სალონში, მაგრამ მთავარია, რომ ახლა მე არ ვფიქრობ საფრთხეზე, არც სიკვდილზე, მხოლოდ იმ წუთზე ვფიქრობ, ჩემს ბიჭებს, სოხუმის დამცველებს რომ  შევუერთდები".

კახა დვალიშვილის - "ნიუტონას" დღიურები, 1993 წ. 23 სექტემბერი (ლია ტოკლიკიშვილის წიგნიდან "როცა ისინი, მკვდრები, იღვიძებენ)"

"ნიუტონას" დღიურები აქ წყდება. თვითმფრინავ ტუ-154-ს, რომლითაც "ნიუტონა" და სხვა მეომრები თბილისიდან მიფრინავდნენ, აფხაზებმა ბაბუშერის აეროპორტის თავზე ცეცხლი გაუხსნეს, პილოტებმა თვითმფრინავის დასმა მოახერხეს, მაგრამ მოულოდნელად თვითმფრინავი შუაზე გაიხლიჩა და საწვავის ავზს ალი მოედო. 104 ქართველი მეომარი, მათ შორის "ნიუტონაც", დაიღუპა, მხოლოდ რამდენიმე კაცი გადარჩა. ეს იყო ბოლო თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან ბაბუშერაში დაეშვა, საჰაერო გზაც სოხუმისთვის დაკეტილი აღმოჩნდა...

1993 წლის 24 სექტემბერს აფხაზურმა ფორმირებებმა ბირეხის მთაზე შემოვლითი გზით შეაღწიეს ქართული შენაერთების ზურგში. შრომიდან დაიძრა მძიმე სამხედრო ტექნიკა, მთიდან ჩელუსკინელების სახელობის ტურბაზისკენ დაეშვა ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონი - ყველაზე სისხლიანი და სასტიკი.

"კარგად ვხედავდით, როგორ მოიწევდნენ წინ აფხაზური რაზმები სოფელ მიხაილოვკიდან სოხუმის მთისკენ. იცით, როგორი ხმა აქვს "გრადის" ჭურვს ფრენისას? რაღაცნაირი, უცნაური... როდესაც ჩვენს თავზე აფხაზური "გრადები" დაფრინავდნენ, შეძრწუნებული ვუსმენდით მათ ხმას, სტვენაში არ გადაზრდილიყო, ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩვენს გვერდით ჩამოვარდებოდა... სახლის დატოვება გადავწყვიტეთ, ვფიქრობდი,  მშობლებს აგუძერაში ჩავიყვან და უკან დავბრუნდები-მეთქი. ბებია და ბაბუა შინ დარჩნენ, რადგან ფეხით სიარული არ შეეძლოთ. გვეგონა, მოხუცებს ხელს არავინ ახლებდა - მას შემდეგ ისინი ცოცხლები აღარ მინახავს...

მივდიოდით მინისტრთა საბჭოს შენობისკენ, სადაც ავტობუსი უნდა მოსულიყო აგუძერაში დევნილების წასაყვანად. მთელი დღე ამაოდ ველოდეთ. ამ დროს დაიწყო სოხუმის მთის მასიური დაბომბვა. რამდენიმე ჭურვი ტელეანძას მოხვდა და ცეცხლი მოედო. ამის გამო გაწყდა სარელეო კავშირი სოხუმსა და დანარჩენ საქართველოს შორის. (შეუძლებელი გახდა ოჩამჩირეში თავმოყრილი ქართული ჯარის ნაწილებთან დაკავშირებაც. - ავტ.). სოხუმის მთის შემდეგ აფხაზურმა არტილერიამ სოხუმის დაბომბვა დაიწყო. რადენჯერმე ჩავედით მინისტრთა საბჭოს შენობის სარდაფში. იქ ვნახე ის ხალხი, რომლებსაც აფხაზები სამი დღის შემდეგ დახვრეტენ. ყველა ენთუზიაზმით იყო სავსე და ქალაქის ჩაბარებაზე არც კი ფიქრობდნენ".

გიორგი, სოხუმიდან

1993 წლის 24 სექტემბერს ჩეჩნეთიდან ზუგდიდში ზვიად გამსახურდია ჩაფრინდა... სოხუმის დაცემამდე სამი დღე რჩებოდა...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)