უკანასკნელი იერიში - კვირის პალიტრა

უკანასკნელი იერიში

"საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ აფხაზეთი არაერთხელ აცხადებდა მზადყოფნას კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების თაობაზე. 25-26-27 სექტემბერს აფხაზეთის  ხელმძღვანელობა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობდა, თუმცა თანხმობა ვერ მიიღო. მიუხედავად ამისა, აფხაზეთის ხელმძღვანელობა კვლავაც გამოთქვამს მზადყოფნას, ქართული მხარის თანხმობის შემთხვევაში შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები და დაუბრუნდეს სოჭის ხელშეკრულების შესრულებას."

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო. 1993 წლის 28 სექტემბერი

"-როგორ არის, ბატონო ჟიული, საქმეები? _ ჰკითხა ჯაბა იოსელიანმა ტელეფონით.

-ისვრიან, - წყნარად უპასუხა  ჟიული შარტავამ.

- ახლა ყველგან ისვრიან, -  მიუგო ჯაბამ გასამხნევებლად.

-არა, პირველ სართულზე არიან უკვე შემოჭრილები, - ჟიულის ტელეფონში მშვიდი ხმა ჰქონდა."

დოდო გუგეშაშვილი

1993 წლის 24 სექტემბერს ჯოჰარ დუდაევის კუთვნილი თვითმფრინავი გროზნოდან სენაკში დაეშვა. ზვიად გამსახურდია ჩამოვიდაო - ზუგდიდშიც გავრცელდა ხმა. ხალხმა თვალის დახამხამებაში მოიყარა თავი. ყოფილ პრეზიდენტს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საზეიმო შეხვედრა გაუმართეს. ზვიად გამსახურდიამ ათAასობით მხარდამჭერს კანონიერი ხელისუფლების აღდგენისკენ მოუწოდა, შემდეგ კი გამგეობის შენობაში, სადაც სახელდახელოდ რეზიდენცია მოუწყვეს, მუშაობას შეუდგა. შევარდნაძის წაგებულ ომში  სოხუმის დამცველების დახმარებაზე "კანონიერ ხელისუფლებაში" არავინ ფიქრობდა, თუმცა ლოთი ქობალია და აკაკი ელიავა, თავისი რაზმებით, ოჩამჩირეში იმყოფებოდნენ, სადაც ქართული ჯარების დიდი ნაწილი იყო თავმოყრილი. საბრძოლო შენაერთები კოდორის ხიდზე გადმოსვლას რატომღაც ვერ ახერხებდნენ. ზოგიერთი მონაცემით, ქობალიას  რაზმებს შევარდნაძის ხელისუფლების მხარდამხარ ბრძოლა კი არა, სულ სხვა  მიზანი ჰქონდათ (თუმცა მათ შორის სამშობლოს დასაცავად მზადმყოფნიც იყვნენ). მათ ადგილობრივ მოსახლეობასა და მეომრებში უნდა გაეღვივებინათ ზვიადისტური მუხტი და ისინი ყოფილი პრეზიდენტის მხარდასაჭერად გადმოებირებინათ. აქცენტი კეთდებოდა შეიარაღებაზე, კერძოდ, სამხედრო ტექნიკაზე. ნაალაფარი თუ სხვა ხერხით ხელში ჩაგდებული იარაღით და ტექნიკით უკან უნდა გამობრუნებულიყვნენ და "ხუნტისთვის" ბრძოლა გაემართათ.

25 სექტემბერს სოხუმის ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ ფიქრობდა, რომ კოდორთან ქართული ჯარები იდგნენ და სოხუმის დასაცავად მზად იყვნენ. გარდა ამისა, ეგონათ, სადაცაა, ქალაქში რუსი სამშვიდობოები შემოვლენ და ყველაფერი დამთავრდებაო.

"ჩვენ მინისტრთა საბჭოს წინ ვიდექით და აგუძერაში წასასვლელ ავტობუსს ველოდით. თაღში მოულოდნელად "გაზ-66" შემოვარდა. იქიდან სპორტული აღნაგობის ნიღბიანი ბიჭები გადმოხტნენ, რუსული კამუფლირებული ფორმები ეცვათ. ისინი სწრაფად განლაგდნენ შენობის სახურავზე და ფანჯრებთან. ვიღაცამ თქვა, შევარდნაძის მცველები არიანო. შევარდნაძე სათათბიროდ მოდიოდა. ნიღბიანების აღჭურვილობამ გამაკვირვა, _ ყველას ტყვიამფრქვევი და სნაიპერის შაშხანა ჰქონდა. ბიჭების ერთი ასეთი ბატალიონი და მარტო სოხუმს კი არ დავიცავდით, აფხაზეთსაც დავიბრუნებდით-მეთქი, გავიფიქრე. წლების შემდეგ სადღაც წავიკითხე, რომ ის ჯგუფი რუსული სპეცდანიშნულების რაზმი "ალფა" ყოფილა. მისი მიზანი შევარდნაძის დაცვა და მისი სოხუმიდან უსაფრთხოდ გამოყვანა გახლდათ (სავარაუდოდ, ლაპარაკია ქართულ სპეცდანიშნულების რაზმ "ომეგაზე", რომელიც ამერიკაში მოამზადეს და ახალი დაბრუნებული იყო საქართველოში. სწორედ ეს რაზმი  უზრუნველყოფდა ბოლომდე შევარდნაძის დაცვას სოხუმში. - ავტ.).

ავტობუსს კარგა ხანს ველოდეთ. არ მოვიდა. ხალხი ამბობდა, აფხაზებმა სოხუმის მთა აიღეს და ახალ იერიშს უკვე კურჩენკოს პარკისკენ იწყებენ. სოხუმის მთის დასაბრუნებლად "ავღანელების" ჯგუფი გაუშვეს. რამდენადაც ვიცი, ცოცხალი არავინ დაბრუნებულა და ქალაქის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი  სტრატეგიული სიმაღლე საბოლოოდ აღმოჩნდა აფხაზების ხელში. ეს კი ნიშნავდა, რომ სოხუმი განწირული იყო. აგუძერაში მეზობლის მანქანით წავედით. დაბაში ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა. აგუძერაში სულ 5000 კაცი ცხოვრობდა, ახლა  კი იქ 50000 დევნილს მოეყარა თავი. სოხუმში დაბრუნება  და იქიდან ბებია-ბაბუის წამოყვანა მინდოდა. ნათესავმა მირჩია, აგუძერის საავადმყოფოდან ავტობუსი დადის სოხუმში დაჭრილების გამოსაყვანად და იმას გაჰყევიო. მეც იქით წავედი. საავადმყოფოში ისეთი საშინელება ვნახე, მსგავსი არც დამსიზმრებია... ასეულობით ცხედარი  საავადმყოფოს კედლის გასწვრივ ელაგა, ზოგს ზეწარი ჰქონდა გადაფარებული, ზოგს - ცელოფანი, ზოგს - სამხედრო ფორმა, მხოლოდ ფეხები უჩანდათ - ზოგს ფეხსაცმლიანი, ზოგს მხოლოდ წინდები. თავზარდამცემი სანახაობა იყო. რამდენიმე ცხედართან მეომრები ჩამუხლულიყვნენ და მოთქვამდნენ. ასე მეგონა, ეს ბიჭები დახოცილებს კი არა, მთლიანად სოხუმს დასტიროდნენ და ცრემლი მეც მომერია. ამ დროს ეზოში მანქანა შემოვარდა. 3 გარდაცვლილი ბიჭი გადმოასვენა მეომარმა. ეტყობა, მეგობრები იყვნენ. მძღოლს მადლობა გადაუხადა, მზერაგაყინულმა სათითაოდ მიიყვანა დახოცილები ექიმებთან, მათი გვარ-სახელები ჩააწერინა და დაატანა, - მხოლოდ მე დავრჩი ცოცხალიო, შემდეგ  წამით თითქოს ჩაფიქრდა და გაისროლა... გაქვავებული ვიდექი. ჯარისკაცები მიცვივდნენ, მაგრამ უკვე აღარ სუნთქავდა. თბილისელი ბიჭი ყოფილა, რეზო რქმევია - საბუთებში ნახეს... გონს ქალის კივილმა მომიყვანა. ყველა დაღუპულს  დასტიროდა, -”ვაი, თქვენს დედებს, შვილებოო...  ავტობუსის მძღოლთან მივედი. პერანგის სახელოებით იწმენდდა ცრემლებს. სოხუმში წამიყვანე-მეთქი. უარი მითხრა, - ქალაქი თითქმის აღებულია. მე მივდივარ, არ ვიცი დავბრუნდები თუ არა, ამიტომ წადი შენს მშობლებთან. ხომ ხედავ, რა ამბავიაო".

გიორგი, სოხუმიდან

"26 სექტემბერს აფხაზურ-რუსულმა რაზმებმა სოხუმის სადგურზე იერიში წამოიწყეს. იქ პოზიციებს "მხედრიონი" ამაგრებდა. კელასურის ხიდიდან მათ დასახმარებლად წამოსული შინაგანი ჯარების საპატრული პოლკის რაზმი ძლიერ ცეცხლში მოხვდა. უამრავი დაიჭრა. რაზმმა სადგურამდე მისვლა ვერ შეძლო. "მხედრიონელები" მარტო დარჩნენ, თუმცა, საღამოს მათ რამდენიმე გადარჩენილი მცირერიცხოვანი ჯგუფები შეუერთდათ. სადგურში კვლავ ქართველები იდგნენ. ქართული პოზიციები რჩებოდა ძველი ტურბაზის (სამხედრო პოლიცია ამაგრებდა) და თერთმეტსართულიანი შენობის წინ (ჯაბა იოსელიანი). ვინაიდან სოხუმის დამცველ ჯგუფებს შორის კავშირი არ იყო, ხმა გავრცელდა, - ქალაქი უკვე მიატოვეს მეთAაურებმა და მეომრებმაო. ამიტომ დამფრთხალი ჯარისკაცების ერთი ნაწილი ქალაქიდან გარბოდა. "ერთი დეზინფორმატორი დავიჭირეთ მე და ჩემმა მეზობელმა ქალმა. დადიოდა და ყვიროდა, - ყველამ მიგვატოვა, გაიქეცითო. მივვარდი, _ მინდოდა ასეთი ტყუილისთვის სილა გამეწნა, რომ ზურგიდან მომესმა, - ბიძია, დაგვეხმარეო. მოვიხედე. ორი პატარა ბიჭი (იქნებოდნენ 13-14 წლისანი) სახლიდან მძიმე დაჭრილის გამოყვანას ცდილობდნენ. მე და ზაირამ (მეზობელი) მანქანასთან მივიყვანეთ დაჭრილი. დავინახეთ - შიგნით კიდევ ერთი მიცვალებული და ერთი უგონოდ მყოფი მეომარი. მანქანას წინა კარები არ ჰქონდა. სად მიგყავთ ეს ხალხი-მეთქი, - დავუყვირე. საავადმყოფოშიო, - მითხრა” მძღოლმა, მესამე ბიჭმა. მეც გავყევი. გზაში მინდოდა მეკითხა, სად იშოვეთ მანქანა ან ბენზინი-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე. აგუძერის საავადმყოფოში რომ შევედით, ეზოში მდგარ ერთ ექთანს  გავუწყერი, - ვინ არიან ეს ბავშვები და სოხუმში როგორ უშვებთ, რამე რომ დაემართოთ, არ ფიქრობთ-მეთქი?!

- ბავშვთა სახლის ბიჭები არიან, უპატრონოები. ასე დადიან და გამოჰყავთ სოხუმიდან ზოგი დაჭრილი, ზოგი მკვდარი. ავუკრძალეთ, მაგრამ თავისას არ იშლიან. თემო, აი ის, მანქანას რომ ატარებს, გვეხვეწებოდა, - გამიშვით, იქნებ იქ რომელიმე მამაჩემიც არისო...

ამის გაგონებაზე მოვტრიალდი, მაგრამ ბიჭები ვეღარ ვნახე, სოხუმში გაბრუნებულიყვნენ".

თენგო კრიხელი, სოხუმიდან

ქალაქი იცლებოდა. მეომრებს ტყვია-წამალი შემოელიათ, მხოლოდ  იმის იმედზე იყვნენ, რაც თავად ჰქონდათ, რამდენიმე მჭიდი და საუკეთესო შემთხვევაში - ერთი ხელყუმბარა, თუმცა ქალაქის ჩაბარებაზე მაინც არავინ ფიქრობდა.

"შვილო ბათალბი. ამჯერად დედაშენის ნაცვლად წერილს მე, მამაშენი გწერ. დღეს, 26 სექტემბერს, დილიდან აივანზე ვდგავარ და აღლუმს ვიბარებ. დიახ, აღლუმს, შვილო. ქართული არმიის ნარჩენების კაპიტულაციის აღლუმს _ გარბიან ჭუჭყიანები, ოფლიანები, გამოფიტულები, კბილებამდე შეიარაღებულები. ჩვენი სახლის წინ გარბიან. მე კი მათ ხმამაღლა ვითვლი. დედაშენი მეუბნება, - შემოდი, ვინმემ არ გესროლოსო, მაგრამ მე მაინც ვდგავარ ამაყად. 279 კაცი დავთვალე. გარბიან და თან აქეთ-იქით იხედებიან. ზოგი კოჭლობს და ხანდახან ბუჩქებთან ჩამოჯდება დასასვენებლად. მეზობელმა თვითნაკეთი ხელყუმბარა გადააგდო, აი ისეთი, ბავშვობაში რომ თამაშობდით (მას მხოლოდ  ხმა აქვს). ეს მორბენალი "გმირები" მიწას განერთხნენ და თავები მხოლოდ მაშინ ასწიეს, როდესაც ფანჯრებიდან სიცილი მოესმათ - მეზობელი დასცინოდათ. მერე აიკლეს გინებით იქაურობა. მეზობელი, ქართველი ლეილა ეხვეწებოდა, - შვილებო, სად გარბიხართ, გვითხარით, ჩვენ რა ვქნათო. ერთი მოუტრიალდა და მიახალა, - ხმა ჩაიკმინდე. კი არ გავრბივართ, ჩვენ მალე ლოთი ქობალიას რაზმები შეგვცვლიანო. საცოდავმა ლეილამ დაკეტა ფანჯრები და ისევ დაიმალა. აწი კაი ხანს მოუწევს მალვა. ჩვენი მეზობელი რომა მიმტკიცებს, ლოთი ქობალია, თავისი სამი ბატალიონით უკვე გუმისთაზე იბრძვის, ადგილობრივი ტელევიზიით შევარდნაძე გამოვიდა და ხალხი დაამშვიდა, - ლოთი ქობალია ჩვენს დასახმარებლად მოვიდაო. ამ ცნობამ ისე გაახარა ქალაქი, რომ კვლავ ვხედავ ქართველების ბედნიერ სახეებს, თუმცა საღამოს გავიგეთ, რომ არანაირი ლოთი ქობალია სოხუმში არ არის და არც მის ახლომახლო ჭაჭანებს. ჩვენები უკვე ბაზართან არიან. ასე რომ, შვილო, დღეს, 26 სექტემბერს, მშვიდობის გამზირზე მთელი დღე გარბოდნენ ქართველები, ჯერ სამხედროები, შემდეგ მშვიდობიანი მოსახლეობა".

"ჩემს შვილს ბათალბის". წერილები ციკლიდან "ჩვენები მოდიან"

ნაშუადღევს ქალაქში დარჩენილი ქართული პოზიციები საარტილერიო ცეცხლში მოექცა. სიტუაცია დამძიმდა. აფხაზები მთავრობის სახლში შეჭრას ცდილობდნენ.

"შევარდნაძე ჯერ კიდევ სოხუმში იყო. შტაბში, თათბირზე, სახელმწიფო მეთაურმა მთავრობის სახლში მისვლა და ჟიული შარტავას და მის თანმხლებთა გამოყვანა გადაწყვიტა. მინისტრთა საბჭოს შენობისკენ შევარდნაძე, თავისი "ამერიკელებით" (სპეცრაზმი "ომეგა". - ავტ.) და ჯაბა იოსელიანი დაიძრნენ. მთავრობის სახლს რომ მიუახლოვდნენ, ყველა მხრიდან ტყვიის წვიმაში მოექცნენ. ქუჩაშივე შემუშავდა შარტავას შენობიდან გამოყვანის გეგმა. უკვე ბინდდებოდა, როცა  "ავღანელებმა" შევარდნაძეს უთხრეს, მთავრობის სახლში მხოლოდ კონფედერატები არიან, ჟიული შარტავა, გაბესკირია (სოხუმის მერი), მამია ალასანია და სხვები გურამ ჯანიაშვილის ჯგუფმა გამოიყვანაო. შტაბში დაბრუნებულ შევარდნაძეს იგივე ინფორმაცია დაახვედრეს, თან დაარწმუნეს, შარტავას ჯგუფს დერეფანი "წითელმა ჯვარმა" გაუკეთაო. როგორც მოგვიანებით შევიტყვეთ, ინფორმაცია სწორი არ იყო, არც ჟიული ჩანდა სადმე."

დოდო გუგეშაშვილი

გვიან ღამით მხოლოდ სადგურის ტერიტორიას ინარჩუნებდნენ ქართველები. ჯაბა იოსელიანის მისვლის შემდეგ "მხედრიონმა" პოზიციები დატოვა, მთლიანად რომ არ გაჟლეტილიყვნენ. ქალაქის გადარჩენილი დამცველები წითელი ხიდისკენ დაიძრნენ. აუცილებელი იყო შევარდნაძის სოხუმიდან უსაფრთხოდ გაყვანა.

სოხუმში კი 27 სექტემბერი - ჯვართამაღლება თენდებოდა...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)