მოუხელთებელი მუსა - კვირის პალიტრა

მოუხელთებელი მუსა

გასული საუკუნის 90-იან წლებში, ველური კაპიტალიზმის პერიოდში, როდესაც ხოცვა-ჟლეტა და ადამიანის გატაცება ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რუსული მედია მუსა ბასაევს შამილ ბასაევის ძმად, ჩეჩნური მაფიის მამად და ნიჭიერ თაღლითად მოიხსენიებდა, XXI საუკუნის დასაწყისში (პანკისის ცნობილი კრიმინალური ანკლავის არსებობის პერიოდში) ქართული მედია მას ქართველ "ესკობარად "(პაბლო ესკობარი, კოლუმბიელი ნარკობარონი, რომელსაც საკუთარი არმიაც კი ჰყავდა. - ავტ.) იხსენიებდა,  თავად მუსა ბასაევი, იგივე იურა ბაღაკაშვილი ამბობს, რომ წლების წინ შექმნილი ლეგენდა მის კრიმინალურ დიდებაზე, მითია, რომელიც წარსულში დარჩა და იმედოვნებს, რომ დალაგებულ სახელმწიფოში კრიმინალური ლეგენდების ადგილი აღარასოდეს იქნება.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

იურა (მუსა) ბაღაკაშვილი: - დავიბადე პანკისის ხეობის სოფელ დუისში (1961წ.). ოჯახში ხუთი ბავშვი ვიზრდებოდით - ოთხი ძმა და ერთი და (მე უფროსი ვარ). მშობლებს უნდოდათ, რუსულ სკოლაში მესწავლა - უკეთეს განათლებას მიიღებსო და გროზნოში გამიშვეს ნათესავებთან. პირველი კლასი რომ დავამთავრე, გროზნოდან გამოვიპარე და  დუისში დავბრუნდი. სოფელში ყოფნა მინდოდა, სოფლის ქართულ სკოლაში შევედი. შემდეგ მშობლებმა რუსთავში, რუსულენოვან ინტერნატში მიმაბარეს. საბოლოოდ კი სკოლა მაინც გროზნოში დავამთავრე. იIმხანად ჩემი მამიდაშვილი აშხაბადში ექიმად მუშაობდა. მშობლები შეთანხმდნენ, რომ მეც იქ ჩავაბარებდი მილიციის სკოლაში, იურიდიულ ფაკულტეტზე. სწავლა არ მეზარებოდა და  მისაღები გამოცდებისთვის დავიწყე მზადება. ერთ საღამოს გვესტუმრა ნათესავი, რომელიც ასევე აშხაბადში სწავლობდა. როცა გაიგო, მეც იქ ვაპირებდი წასვლას, არ მირჩია - გაუსაძლისი სიცხეებია, წყალი არ არის, რუსული არავის ეყურება,  ამიტომ იქაურებთან ურთიერთობა ჭირს, განსაკუთრებით გოგონებთანო. ეს საუბარი ჩემთვის საბედისწერო აღმოჩნდა (დღემდე ვერ მივმხვდარვარ, რატომ დავუჯერე) და აშხაბადის ნაცვლად ცხვარში წავედი მწყემსად - ჩემი წინაპრები საქართველოში განთქმული მეცხვარეები იყვნენ (მათ ფარებში 4-5000 სული ცხვარი იყო).

ორი წელი ვედექი ფარას, შემდეგ მწყემსები დავიქირავე და ცხოვრების ასაწყობად" გროზნოში ჩავედი. ამასობაში, ჯარში მომიწია წასვლამ. გროზნოში ჯარისთვის თავის არიდება 2.000 მანეთი ჯდებოდა (ეს დიდი ფული იყო). გადავიხადე და სამხედრო სამსახურისთვის უვარგისი გავხდი. მაშინ ლეგალურად ბიზნესის კეთებაზე  ლაპარაკი ზედმეტი იყო, ჩუმად" ბევრი ჩალიჩობდა. 80-იანი წლების დასაწყისი "ჩალიჩნოი" ტიპების დროდ იქცა. იმდროინდელი კანონით - ფარის ყოლა აკრძალული იყო. 1982 წელს მთავრობამ 400 სული ცხვარი ჩამომართვა. ჩალიჩი დავიწყე, გროზნოდან "ოსეტრინა" (ზუთხი) ჩამომქონდა  და საქართველოში ვყიდდი. მაშინ აქ "ცეხების" ბუმი იყო,  ვინაიდან გროზნოში ყველგან და ყველასთან კავშირი მქონდა, ქართველ "ცეხავიკებს" საქონელი ჩემთან ჩამოჰქონდათ და კარგადაც ვასაღებდი. ასე ვთქვათ, ქართული "ტავარის" "კრიშა" გროზნოში მე ვიყავი. მაშინ ჩეჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკაში ავტონაწილები არ იშოვებოდა და იგოეთის ავტომაღაზიიდან ჩამქონდა. ბიზნესი იმდენად სარფიანი გამოდგა, რომ ერევანშიც დავდიოდით ნაწილების შესაძენად. გროზნოში იმხანად ცოტა ქართველი იყო, თუმცა ყველას გამორჩეული თანამდებობა ჰქონდა.

"პერესტროიკა" რომ დაიწყო, გროზნოში პირველი კოოპერატივი გავხსენი - სამწვადე. შემდეგ კომპიუტერული თამაშების ცენტრი. საქმე კარგად წავიდა... 80-იანი წლების ბოლოს გვარი გამოვიცვალე. ქართული არ ვიცოდი. გარდა ამისა, ჩემი გვარი ძნელად გამოსათქმელი იყო, თან ძალიან გრძელი. პაპაჩემს, რომელიც განთქმული ვაჟკაცი იყო, ბასა  ერქვა, ამიტომ გვარად ბასაევი ავირჩიე (მოგვიანებით ამბობდნენ, შამილ ბასაევის გამო მოიქცა ასეო. არადა, მე რომ გვარი გამოვიცვალე, მაშინ შამილ ბასაევი, ერთი ჩვეულებრივი "კამაზის" მძღოლი იყო). 1991 წელს ჩეჩნეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. იჩქერიის სათავეში ჯოჰარ დუდაევი მოვიდა. მახსოვს, რამდენიმე კვირა ვზეიმობდით დამოუკიდებლობის გამოცხადებას, მაგრამ შემდეგ უცებ ყველაფერი აირია: მწყემსი დირექტორი გახდა, მძღოლი - მინისტრი... გახშირდა ადამიანის გატაცება, რეკეტიორობა, მკვლელობა (რაც ჩეჩნებისთვის მანამდე მიუღებელი იყო). თავისუფლების ეიფორია მალე ჩაცხრა და უბრალო ხალხი მიხვდა, რომ მათთვის სასიკეთო არაფერი ხდებოდა. ზვიად გამსახურდიას გროზნოში ძალიან დიდი პატივით შეხვდნენ - ჩეჩნებს ქართველი პრეზიდენტი ძალიან უყვარდათ. ზვიადს მაშინ ბევრი ქართველი ჩამოჰყვა.

ქართველების მიმართ ჩეჩნები პატივისცემას ქუჩაში შეხვედრისასაც გამოხატავდნენ. მე იმხანად ნალჩიკის აეროპორტის კუთვნილი შვეულმფრენი მქონდა ნაქირავები და  მგზავრები ჩამომყავდა დუისსა და ახმეტაში, აქედან კი პლედები და ფერადი ტელევიზორები" ("ივერია") მიმქონდა - მაშინ ეს ნივთები გროზნოში ფუფუნების საგნებად ითვლებოდა. განსაკუთრებით ფასობდა თელავური ვეფხვისგამოსახულებიანი საწოლის გადასაფარებლები. ასეულობით ჩამქონდა გროზნოში და ბევრ ფულსაც  ვშოულობდი. თუმცა, ყველაზე სარფიანი მაინც იარაღით ვაჭრობა იყო. საქონელს ვშოულობდით რუსულ სამხედრო ბაზებში, სადაც ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა. ძირითადად, ავტომატები გაგვქონდა და ინგუშეთში ვყიდდით, რუსები სამხედრო ტექნიკით ჩეჩნებთან ვაჭრობდნენ (რაც მალე, ომის დროს, სანანებელი გაუხდათ). ამ პროცესის "გაპრავება" კი ასე ხდებოდა: შევკრებდით სამხედრო ბაზების მახლობლად მცხოვრებთა ჯგუფს და ღამით თავს ვესხმოდით ბაზას. იქ ბაზის ხელმძღვანელების მიერ ჩვენთვის გადანახული ავტომატები გვხვდებოდა, მოსახლეობას კი საყოფაცხოვრებო ნივთები გაჰქონდა. ოფიციალურ დოკუმენტებში ამას მოიხსენიებდნენ, როგორც მოსახლეობის მიერ სამხედრო ბაზის ძარცვას. ნაძარცვის ნუსხაში, ცხადია, აღირიცხებოდა სამხედრო ტექნიკაც, რომელიც რუსებსვე გაჰქონდათ ბაზიდან.

იარაღს მხოლოდ რუსებისგან არ ვიღებდით. აფხაზეთის ომის დროს იარაღით შამილ ბასაევიც ვაჭრობდა. აფხაზეთში ფულის და იარაღის გულისთვის დადიოდა, აფხაზები ფეხებზე ეკიდა. შამილის "ბოევიკები" დროდადრო ჩამოდიოდნენ გროზნოში და ნაალაფარი თუ აფხაზებისთვის მოპარული იარაღი ჩამოჰქონდათ გასაყიდად. სარფიანმა ბიზნესმა მტერიც ბევრი გამიჩინა. ვიღაცამ დუდაევს ჩააწვეთა, - საქართველოში ავიარეისების დროს ზვიადის ოპოზიციას იარაღით ამარაგებდაო (არასოდეს ჩამომიტანია იარაღი საქართველოში). დუდაევის ბრძანებით, შვეულმფრენი ჩამომართვეს... გროზნოში დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა. 1993 წელს სარატოვში წავედი და თან გადანახული 40 ტონა ღვინოც წავიღე. იქ ბევრი ქისტი ცხოვრობდა. ფირმა გავხსენი. მალე მივხვდი, რომ რუსეთი გროზნო არ არის და აქ დასამკვიდრებლად ბრძოლაა საჭირო, მგლური ბრძოლა. იIმხანად ებრაელებისგან ცნობილი გახდა, რომ რადიოს და ტელევიზორის ზოგიერთი ნაწილი  მცირე რაოდენობით პლატინასა და ოქროს შეიცავდა. სარატოვის ერთ ბაზარში მხოლოდ რადიონაწილებით ვაჭრობდნენ. ერთმა სომეხმა ამ ბაზარში წაყოლა მთხოვა.

ამ ბაზრობას ადგილობრივი კრიმინალური დაჯგუფება აკონტროლებდა. ბაზარში გამყიდველიც იხდიდა გადასახადს და მყიდველიც". ეს მე არ ვიცოდი. სანამ ის სომეხი ბაზარში თავის საქმეს აკეთებდა, დავდიოდი და დახლებს ვათვალიერებდი. უცებ შევნიშნე, რამდენიმე კაცი ხელს მიქნევდა. ჩემს თავზე არ მიმიღია და ყურადღება არ მიმიქცევია. მათ კვლავ მანიშნეს, -  მოდიო, მაგრამ არც მაშინ ჩავაგდე აინუნში და ბაზარში სეირნობა განვაგრძე. ბოლოს, მოვიდნენ და ამრეზით მკითხეს, - რა გქვია და რომ გეძახით, არ უნდა მოხვიდეო?

- გინახავთ, მთა მიდიოდეს მუჰამედთან? საქმე თქვენ გქონიათ და თქვენვე უნდა მოსულიყავით-მეთქი.

- რომ დადიხარ და ვაჭრობ, ფული" "ობშიაკშიც"' უნდა გადაიხადო, - გააგრძელეს იმავე   ტონით.

- მე არაფერს ვყიდულობ, - ვუპასუხე.

- ერთად არ ხართ? - მანიშნა ერთმა ჩემს სომეხზე, რომელიც იქვე აბუზულიყო.

- ერთად ვართ, მაგრამ მაინც არ გადავიხდი, - გავჯიუტდი. მდგომარეობა ნელ-ნელა დაიძაბა.

არ გადაიხდიო?! - და ერთმა იარაღისკენ წაიღო ხელი.

- არ გადავიხდი, რადგანაც "ობშიაკებს" არ ვცნობ, - მშვიდად ვუპასუხე, თუმცა თავს ძლივს ვიკავებდი. რუსები შეფიქრიანდნენ.

- რა ეროვნების ხარ? - მკითხეს.

- ჩეჩენი ვარ. ოდესმე გსმენიათ, ჩეჩნებს ქურდების ან სხვა ვინმესთვის ფული გადაეხადათ? - ვუთხარი მრისხანედ. რუსები უხმოდ გაგვშორდნენ. სომეხს გავხედე. აწურული იდგა. მივხვდი,  ყველაფერი იცოდა, რაც აქ ხდებოდა და ბაზარში საგანგებოდ წამომიყვანა, რომ მისთვის ფული არც მაშინ და არც შემდეგში არ მოეთხოვათ (ჩეჩნური კრიმინალური სამყარო დღემდე ერთადერთია მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეში, რომელიც კანონიერი ქურდების ინსტიტუტს არ ცნობს. დღეისთვის მხოლოდ ორი ჩეჩენი კანონიერი ქურდია. - ავტ.). რამდენიმე დღის შემდეგ იმ სომეხმა შემომთავაზა, - ფული დავდოთ და დიდი რაოდენობით რადიონაწილები ვიყიდოთ. იქიდან ოქროს ამოღებასა და მის რეალიზაციაზე მე ვიზრუნებო. ვენდე და ამ საქმეში 50.000 ჩავდე. სხვებმაც დაამატეს. სულ 200.000 მანეთი შეგროვდა. წაიღო იმ სომეხმა ფული - ორ საათში "საქონელს" მოვიტანო.

არც ოთხ საათში მოვიდა! გადაგვაგდო. ფულს როგორმე შეველეოდი, მაგრამ ამის პატიება ჩემს ავტორიტეტზე ცუდად იმოქმედებდა, ამიტომ ერთ ადგილას წავედი საქმის გასარჩევად. მოულოდნელად ბაზარში ნანახი რუსებიც მოვიდნენ. შეკრებილთაგან ერთი გაიყვანეს და ჩემზე ჰკითხეს, - მართლა ჩეჩენიაო? დასტური რომ მიიღეს, თავი დაგვანებეს. სარატოვში ბაზარს აკონტროლებდა ერთი ჩეჩენი, მეტსახელად "შაჰი", რომელიც იქვე, სასტუმროში ცხოვრობდა. მეუბნებოდნენ, - შენი თანამემამულეაო, "მაგრამ მასთან არასოდეს მივსულვარ. იმ დღიდან რუსებს ჩემი ახლობლები აღარ შეუწუხებიათ, არც ის სომხები - მათ ფული დააბრუნეს და ასი ათასიც ზემოდან დაამატეს, - მადლობელი ვართ, რომ რუსებისგან გვიცავო. სარატოვში იურას კი არა, "მუსა "ბარადას" მეძახდნენ (ამ მეტსახელით გამიცნო შემდეგ მთელმა რუსეთმა). ქისტებს სარატოვში ძეხვის საამქროები ჰქონდათ. მათი დირექტორი მოვიდა და მფარველობა მთხოვა." უარს რატომ ვეტყოდი! საქმე სარატოვში კარგად მიდიოდა. სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როდესაც რამდენჯერმე დისკოთეკაზე რუსების თავაშვებულობა ვერ მოვითმინე და ქალაქი ორი დღე ჩეჩნურ-რუსული დაპირისპირების მოლოდინში იყო გატრუნული.

შემდეგ ქისტებმა მთხოვეს, - შენ აქ ხელს ვერავინ გახლებს, მაგრამ ჩვენი საქმეები ცუდად წავა, არავინ დაგვინდობს, სათითაოდ გამოგვჭრიან ყელსო. მივხვდი, ჩემი თანამემამულეები ქალაქის დატოვებას მთხოვდნენ. ვორონეჟში გადავედი. იქაც კომერციული ფირმა გავხსენი, შემდეგ ბანკიდან კრედიტით 16 მილიონი რუბლი გამოვიტანე და 1994 წლის დასაწყისში მოსკოვში წავედი. ყველაზე დიდი ფული მაშინ მოსკოვში კეთდებოდა. აქ ცდილობდნენ ბიზნესი და კრიმინალური სამყაროც ფეხის მოკიდებას. მოსკოვში ჩეჩნური დიასპორა ძლიერი იყო, მასთან დაპირისპირებას ვერც ერთი დაჯგუფება ვერ ბედავდა, მეტიც, სამართალდამცავი ორგანოებიც კი უფრთხოდნენ ჩეჩნებთან კონფლიქტს. მოსკოვში კომერციული ურთიერთობა არაბულ ფირმა" "სიმა ინტერნეიშნლთან" გავაბი. ამ დროისთვის მოსკოვში "სნიკერსი" და მსგავსი შოკოლადები ჯერ კიდევ არ შემოდიოდა, ეს არაბული ფირმა კი ტკბილეულობით ვაჭრობდა.

ქალაქში არაბული შოკოლადის, "მასტერის", საყიდლად მაღაზიებში რიგები იდგა. ფირმასთან ჩემს ურთიერთობას ჩემი არაბი პარტნიორი აგვარებდა (მალავდა, მაგრამ ვიცოდი, რომ არაბი კი არა, სირიელი სომეხი იყო, ცოლი ჰყავდა ჩვენებური, დუისელი). მყავდა დიდი მანქანა, მძღოლი, გამყიდველი და მოსკოვში, "ზელიონაია გორაზე" არაბული ტკბილეულით ვვაჭრობდით. ეს ბაზარი ერთ-ერთი დიდი საბითუმო ბაზარი იყო მოსკოვში. უთენია იღებოდა და შუადღისას, სამ საათზე, იკეტებოდა. ბაზარში შუადღისას მივდიოდი. ბაზარს ჩეჩნები აკონტროლებდნენ და თითოეული მანქანიდან გარკვეულ თანხას იღებდნენ (მე მათ არასოდეს შევუწუხებივარ), თუმცა ბაზართან მისასვლელი გზის მონაკვეთს (ტრასიდან 200-300 მ) "სოლნცევოს" დაჯგუფება აკონტროლებდა და ბაზარში შესვლის მსურველ ათასობით მანქანას "სოლნცევოელი" კუნთმაგარი ბიჭები" ფულს ახდევინებდნენ. "სოლნცევოელებს" პირველად სწორედ იქ დავუპირისპირდი...

(გაგრძელება იქნება)