"მფარველი" შამილი - კვირის პალიტრა

"მფარველი" შამილი

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #43)

"უკვე მეორე დღეა, ქალაქ ბუდიონოვსკის საავადმყოფო ჩეჩენი ტერორისტების ხელშია, შენობაში დაახლოებით 1000 კაცია, მათ შორის - ახალშობილებიც. ადგილობრივი ხელისუფლება შამილ ბასაევთან მოლაპარაკებას ამაოდ ცდილობს.

მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ვორონეჟის ციხეში ზის რუსეთში ჩეჩნური მაფიის მეთაური, შამილ ბასაევის ძმა, მუსა ბასაევი. სანდო წყაროს ცნობით, უშიშროების სამსახური მასთანაც ცდილობს საერთო ენის გამონახვას. ტერორისტების მოთხოვნა ასეთია, - შეწყდეს საომარი მოქმედება ჩეჩნეთში, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებიან".

Правда.ру

17 ივნისი, 1995 წ.

იურა (მუსა) ბაღაკაშვილი: - მოსკოვში" ზელიონაია გორას" საბითუმო ბაზარს ჩეჩნები აკონტროლებდნენ, ბაზართან მისასვლელ გზას -  "სოლნცევოს" დაჯგუფება. მოვაჭრეები იძულებული იყვნენ, ფული მათთვისაც გადაეხადათ. რამდენჯერმე ფულის გადახდა ჩვენც მოგვთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაზარში არ შეგიშვებთო, გვითხრეს რუსებმა. რა თქმა უნდა, ფულის გადახდას არ ვაპირებდით, 'სოლნცევოს" იმ ჯგუფთან "სტრელკა"" დავდეთ, დათქმულ დროზე ათამდე ჩეჩენი მივედით, მაგრამ თვითონ არ გამოჩენილან, ეტყობა, იმ დროისთვის ჩვენთან კონფლიქტს მოერიდნენ. იმ პერიოდში ძალიან მომგებიანი იყო საბანკო მაქინაციები, ყალბი ავიზოებით თაღლითებს მილიონობით ფული გაჰქონდათ რუსეთის ბანკებიდან. ამ საქმეში ბედი მეც ვცადე, - ვორონეჟში ვხსნიდი ფირმებს, ბანკებიდან კრედიტები გამომქონდა და მერე ფირმებს ვხურავდი. ფირმების დირექტორად ერთი ლოთი ბომჟი მყავდა გაფორმებული, თუმცა დავარცხნილ-დაბანილს სოლიდური შესახედაობა ჰქონდა. კრედიტების მიღებაზე ხელს ის აწერდა. ასე ავედი 500 მილიონ მანეთამდე. ძირითადად, ორი ბანკიდან გამომქონდა თანხები, - სახელმწიფო" "სბერბანკიდან" და კომერციული "ელექტრობანკიდან". რუსეთში მუდმივ ცხოვრებას არ ვაპირებდი, მინდოდა 700 მილიონი გამომეტანა და გროზნოში დავბრუნებულიყავი, მაგრამ ამხელა თანხის ერთბაშად თავმოყრას ვერ ვახერხებდი.

1994 წელს ბანკიდან 200 მილიონი გამოვიტანე და გროზნოში ჩავედი. იმხანად ქალაქში ფულით დატვირთული მანქანები ჩამოდიოდნენ, რადგან ჩეჩნეთი საბანკო თაღლითებისთვის უსაფრთხო თავშესაფარი იყო (რუსეთის მილიცია იქ ცხვირს ვერ ყოფდა). ნაცნობმა მძღოლმა მიამბო: ჩემი სატვირთო მანქანა ერთმა ქალმა (ადრე მასწავლებელი ყოფილა) დაიქირავა, რუსეთში სიგარეტის ბლოკებით დავტვირთეთ და გროზნოში წამოვედით. სამი დღე გზაში ვიყავით. ჩეჩნეთში რომ შემოვედით, ქალმა ორი ბლოკი სიგარეტი მაჩუქა, სულ ფულითY იყო სავსე. თურმე სატვირთოს ძარა სიგარეტით კი არა, ფულით ყოფილა გავსებული. მერე კარგა ხანს ვნანობდი, რომ ტვირთის შესახებ არაფერი ვიცოდიო...

"რუსეთიდან ფულის გადმოსატანად ქართველ მძღოლებსაც ქირაობდნენ, უმეტესად - თუშებს, იყვნენ კახელებიც. ერთი-ორი მძღოლი მილიონერიც გახდა, რამდენიმე წლის წინ მათთან სტუმრად პრეზიდენტებიც კი დაბრძანდებოდნენ.

გროზნოში დიდხანს არ გავჩერებულვარ, ბაქოში ჩავედი, იქიდან კი - აშხაბადში. სწორედ იმ დროს იწყებდნენ შუა აზიაში ბუნებრივი აირის ტრასის მშენებლობას, რომელსაც ჩეჩნები აკონტროლებდნენ და მეც ამ საქმეში ვიყავი ჩართული. 1994 წლის ბოლოს ჩეჩნეთში ომი დაიწყო და სასწრაფოდ მოსკოვში დავბრუნდი. მაშინ არავის ეგონა, თუ ომი ასე გაგრძელდებოდა. სასტუმრო '"უკრაინა", რომელსაც ჩეჩნები ეპატრონებოდნენ, ერთგვარ შტაბად იქცა. შეძლებულ ჩეჩნებს იქ მიჰქონდათ ფული გროზნოს დასახმარებლად და სულ მალე სასტუმრო "უკრაინა" ჩეჩნურ ბასტიონად იქცა მოსკოვში. 1995 წლის იანვარში ხარკოვში გამიშვეს 'საქმეზე. იქ ერთი ომალოელი (პანკისის ხეობა. - ავტ.) ქისტი ცხოვრობდა, გვარად ბექაური. ჩეჩნეთში ომი რომ დაიწყო, ბექაური უკრაინაში მებრძოლებს ქირაობდა და გროზნოს დამცველებთან გზავნიდა. სწორედ მასთან ჩავედი (მოგვიანებით მოკლეს, ამბობდნენ, ეფ-ეს-ბემ გაასაღაო).

ხარკოვშივე გავიგე, რომ სამართალდამცავებს ამოვუღივარ ნიშანში. მოსკოვშიც გამაფრთხილეს, გეძებენ და იქნებ წახვიდეო. ბანკიდან კიდევ ერთი კრედიტი უნდა ამეღო, ამჯერად 2 მილიონი დოლარი. ყველაფერი მზად იყო, მაგრამ ფულის გამოტანამდე ერთი დღით ადრე (1995 წლის აპრილში), გამთენიისას, ჩემს ნათესავს მოადგნენ (უსაფრთხოების მიზნით მასთან ვცხოვრობდი). გვითხრეს, საპასპორტო რეჟიმს ვამოწმებთო. გამიკვირდა, ამ დილაადრიან რა ამბავია-მეთქი. კარი გავაღე და პასპორტები მივაწოდე, ჩემი ნათესავისა დამიბრუნეს, ჩემი კი დაიტოვეს და მითხრეს, განყოფილებაში უნდა წამობრძანდეთო. ცუდი არაფერი მიფიქრია, განყოფილების ხალხს ვიცნობდი და თუ რამე წესრიგში არ იყო, 50.000 მანეთი საკმარისი იქნებოდა პრობლემის მოსაგვარებლად. ფული ავიღე და გავყევი. ძველი" "მოსკვიჩით" იყვნენ მოსული. სულ სხვა განყოფილებაში რომ მიმიყვანეს, მივხვდი, რომ" ვჭამე." საკანში შემაგდეს და ტელეფონზე დარეკეს, მოვიყვანეთო. ერთი საათის შემდეგ განყოფილებაში 4 პირი მოვიდა, ორი ნიღბით იყო, ორი - სამოქალაქო ფორმით. რომ დამინახეს, "ჩვენი კრასავჩიკიც მოსულაო," თქვეს და გარეთ მდგარი ავტობუსისკენ მიმანიშნეს. ავტობუსში ჩემი ნათესავი და ჩემი ძმაკაცი ისა ისხდნენ. ისინიც დაეკავებინათ. "პეტროვკაზე" წაგვიყვანეს და მაგრად გვცემეს. ის ნიღბიანები გროზნოდან ახალჩამოსული ყოფილან და ჩეჩნების ჯავრი ჩვენზე იყარეს. მომთხოვეს, ხელი მომეწერა ჩვენებებზე, სადაც ვითომდა ვაღიარებდი, რომ დუდაევის პირადი წარმომადგენელი და მოსკოვში ტერაქტების ორგანიზატორი ვიყავი.

სანამ დამაკავებდნენ ცოტა ხნით ადრე, პეტერბურგში მილიციამ ერთი ჩეჩენი ავტორიტეტის დაკავების ოპერაცია ჩაატარა. როცა სპეცრაზმი მის ბინაში ავიდა და კარზე დააკაკუნა, ჩეჩენმა აივნიდან კარს ყუმბარა ესროლა და ერთიანად ამოხოცა სპეცრაზმელები... რომ მცემდნენ, მეუბნებოდნენ, გინდა თუ არა, ის ჩეჩენი შენ ხარ და აღიარეო. ღრიალებდნენ, ალაჰი დაიფიცეო, როგორ დავიფიცებდი?! მოკლედ, მაგრად მცემეს. ერთხანს მინდოდა გონის დაკარგვა გამეთამაშებინა, მაგრამ მიმიხვდნენ და უფრო მაგრად მცემეს. უცნაური ხელთათმანები ეცვათ, თავში რომ მირტყამდნენ, მეგონა, შიგნით რკინის ბურთები ჰქონდათ ჩალაგებული.

ჩემი ძმაკაცი ისა მანამდე კრემლის საავადმყოფოში მკურნალობდა, იქ ღამის გატარება 400.000 რუბლი ჯდებოდა. მილიციელები მეკითხებოდნენ, საიდან იხდიდი შენი ძმაკაცის მკურნალობის ფულსო. ორი დღის შემდეგ ჩემი მეგობრები გაათავისუფლეს. რომ დაინახეს, ფეხზე დგომა აღარ შემეძლო, საკანში, ბეტონის იატაკზე დამაგდეს, ორივე ხელით რადიატორზე მიმაბეს და ორი დღე ასე დამტოვეს. მესამე დღეს გავიგე, რომ ვორონეჟიდან მე-6 განყოფილების (ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველო. - ავტ.) თანამშრომლები ჩამოსულან ჩემს წასაყვანად, მაგრამ გზაში ჩეჩნების თავდასხმის ეშინოდათ. ამაოდ ვარწმუნებდი, ისეთი "კრუტოი" ბიჭი არა ვარ, რომ ჩემი გულისთვის "ზასადა" მოაწყონ-მეთქი, მაგრამ არ დაიჯერეს და სულ შემოვლითი გზებით მატარეს. ხელთათმანების ამბავი რომ ვიკითხე, მითხრეს, თურმე "ის ხელთათმანები, რომლითაც პეტროვკაზე განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებს' ამუშავებდნენ, სპეცშეკვეთით ყოფილა შეკერილი და შიგნით ტყვიის მტვერი ჰქონია ჩაკერებული. ვორონეჟში კა-პე-ზემ (დროებითი დაკავების იზოლატორი. - ავტ.) არ მიმიღო, ძალიან არის ნაცემიო. ამიტომ მე-6 განყოფილებაში მიმიყვანეს და სკამზე მიმაბეს ბორკილით. ასე გავატარე სამი დღე, შემდეგ კა-პე-ზეში გადამიყვანეს და ბრალად დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების დატაცება წამიყენეს (ლაპარაკი იყო 700 მილიონ რუბლზე). მალე ხარკოვიდან უშიშროების თანამშრომლები ჩამოვიდნენ და ჩემი გადაცემა მოითხოვეს, რუსებმა უარი უთხრეს, რადგან რუსეთის მოქალაქე ვიყავი და თან აქ წაყენებული ბრალი უფრო მძიმე იყო, ვიდრე უკრაინაში წამიყენებდნენ. გამომძიებელთან ესკორტით დავყავდი, თავდასხმის ეშინოდათ. ერთ კვირაში ციხეში გადამიყვანეს. პირველ საკანში, რომელშიც შემაგდეს, 30 კაცი იჯდა. ერთი მეგრელი იყო, ვინმე "ჩორნა", რომელიც მიმტკიცებდა, საქართველო მეგრელებმა დააარსეს და ადრე საქართველოს მეგრელია ერქვაო. ამაზე ხშირად ვკამათობდით.

ნახევრად მშივრები ვიყავით. ბალანდას ვერავინ ჭამდა. რუსები უფრო იოლად გადიოდნენ, რადგან სალა ჰქონდათ შემონახული, ჩვენ, მაჰმადიანები, სალას ხომ ვერ შევჭამდით?! მალე იმ საკნიდან სხვა საკანში გადამიყვანეს. ერთ დღეს, კარგად მახსოვს, 1995 წლის 15 ივნისი იყო, ციხეში ხმა გავარდა, შამილ ბასაევმა ბუდიონოვსკი აიღოო (იმ დღეს შამილ ბასაევი ბუდიონოვსკის საავადმყოფოში შეიჭრა და დაახლოებით 1000 კაცი მძევლად აიყვანა. ხელისუფლებამ რამდენიმე დღეში საავადმყოფო შტურმით აიღო. ბოლო წუთს შამილ ბასაევსა და მის რაზმს კორიდორი გაუკეთეს და ბუდიონოვსკიდან გაუშვეს. საავადმყოფოს შტურმის დროს დაიღუპნენ 130 მშვიდობიანი მოქალაქე და 36 სამხედრო მოსამსახურე, დაიჭრა 400 კაცი. - ავტ.). მეორე დღეს უშიშროების თანამშრომლებმა უცნაურად დამიწყეს ლაპარაკი. მეკითხებოდნენ, ჩეჩნეთში წასვლა ხომ არ გინდა, გაგიშვებთო. მივხვდი, რომ მათი ვიზიტი ჩემს გვარს უკავშირდებოდა. ავუხსენი, შამილ ბასაევის ნათესავი არა ვარ-მეთქი, მაგრამ ირონიულად ეღიმებოდათ. წასვლის წინ დამიბარეს, მოიფიქრეო.

საფიქრალი რა იყო, მე იმ დროს გარეთ ცოცხალს ვინ გამიშვებდა. მეორეჯერაც მოვიდნენ, მაგრამ უარი ვუთხარი. მერე გავიგე, რომ ბუდიონოვსკიდან ბასაევისთვის კორიდორი გაუკეთებიათ და გაუტარებიათ. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ გამომიცვალეს საკანი და სხვაგან გადამიყვანეს. ამჯერად საკანში ოთხნი ვიყავთ, - მე და სამი რუსი. რუსებმა პრეტენზია წამომიყენეს. 80-იანი წლების ბოლოს ჩეჩნეთში, ნაირის რაიონის ციხეში (მას ჩერნოკოზოვოს ეძახიან) კანონიერი ქურდები მიიყვანეს. ქურდები ციხეში ჩეჩნებმა მაგრად სცემეს და ადმინისტრაცია იძულებული გახდა, ყველა როსტოვის ციხეში გადაეყვანა. რადგან მე ჩეჩენი ვიყავი, ჩემმა თანასაკნელმა "შავმა" რუსებმა პრეტენზია მე წამომიყენეს. არ ვიცი, რა მოხდებოდა, რომ მეორე დღეს არ დაეძახათ, "ბასაევ, გამოდიო". მივხვდი, მათავისუფლებდნენ. ქუჩაში რომ გამოვედი, მაშინაც კი არ მჯეროდა, რომ თავისუფალი ვიყავი.

მეორე დღეს, როდესაც მილიციის განყოფილებაში აღრიცხვაზე ასასვლელად მივედი, მითხრეს, რომ ჩემთვის ყველა ბრალდება მოუხსნიათ და თავისუფალი ვიყავი. ეს ჩემი გამომძიებლის დამსახურება იყო (ერთი პატიოსანი და სიმპათიური ქალი იყო). მოგვიანებით პრესაში ჩემი გათავისუფლების გამო ერთი ამბავი ატყდა, წერდნენ, თავისუფლება დიდი ფულით იყიდაო და გამომძიებელი ამის გამო სამსახურიდან დაითხოვეს.

თავისუფალი კი ვიყავი, მაგრამ უფულო. ისევ ჩემს ნაცნობ ბანკებს მივადექი, მაგრამ უარი მტკიცეს. ერთი კვირის შემდეგ კი ისევ დამიჭირეს, მაგრამ განყოფილებაში აღარ წამიყვანეს, მაგრად მცემეს და სადღაც ქალაქგარეთ დამაგდეს. ბედად ერთმა მანქანამ ჩამოიარა, შიგ ნაცნობი ქართველები ისხდნენ, ძლივს მიცნეს თურმე. ის იყო ამწიეს, მანქანაში რომ ჩავესვი და  მილიციაც დაბრუნდა. მე ისევ მცემეს, ქართველები კი დააკავეს. დილით ყველანი გაათავისუფლეს, დაბრუნდნენ და რომ ნახეს, ისევ იქ ვეგდე, წამომიყვანეს. ისეთი ნაცემი ვიყავი, განძრევა არ შემეძლო. ჩემი ოჯახის დახმარებით ვორონეჟის სამხედრო ჰოსპიტალში დამაწვინეს და მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ მოვედი გონს. რომ მიმოვიხედე, ჩემ გარდა პალატაში კიდევ რამდენიმე 18-19 წლის ჯარისკაცი იწვა. რომ გავიგე, ჭრილობები ჩეჩნეთში ჰქონდათ მიღებული, ყოველ დილით ჩეჩნურად ვესალმებოდი. ჰოსპიტლიდან ერთ თვეში წამოვედი, ექიმები არ მიშვებდნენ, მაგრამ არ დავიშალე. მოსკოვში მინდოდა წასვლა, მაგრამ კაპიკი ფული არ მქონდა. მერე საქმეებიც გამოჩნდა, - სარატოვში რამდენიმე საქმის გარჩევაში მივიღე მონაწილეობა და ამის შემდეგ მოსკოვში წავედი. საქმის დაწყებას ვფიქრობდი, მაგრამ იმ დროს ჩეჩნებმა გროზნო აიღეს (1996 წლის 7 აგვისტოს შამილ ბასაევმა გროზნო აიღო, შემდეგ კი - არღუნი და გუდერმესი. რუსეთი იძულებული შეიქნა, წაგება ეღიარებინა და ხასავიურთის ხელშეკრულება დაედო; ჩეჩნეთში ომი დამთავრდა. - ავტ.) და მეც ჩეჩნეთში დავბრუნდი.

არჩევნებზე ასლან მასხადოვს მივეცი ხმა. მაშინ არჩევნებში შამილ ბასაევიც მონაწილეობდა. მართაAლია, ჩეჩნეთში ომი აღარ იყო, მაგრამ არც მშვიდობა ჩამოვარდნილა. ადრე თუ ხალხი ჩეჩენ ბოევიკებს გმირებს უწოდებდა, ახლა ლანძღავდნენ, რადგან გახშირდა ძარცვა, ყაჩაღობა და ადამიანების გატაცება.

მოსკოვში დაბრუნებას ვფიქრობდი, მაგრამ მოულოდნელად ხარკოვში მთხოვეს ჩასვლა. ერთ ჩეჩენს (ალიკა ერქვა) 200.000 დოლარი და ნახევარი კილოგრამი ოქრო მოჰპარეს. ეს ჩეჩენი კაი ფულს შოულობდა, ერთი საყვარელი ჰყავდა, ფულსა და ოქროს თავის სახლში კი არა, იმ გოგოს მშობლებთან ინახავდა, ხარკოვიდან 200 კილომეტრში, ერთ პატარა ქალაქში. ჰოდა, მოპარულის მოძიება მთხოვა იმ ჩეჩენმა, ისიც მითხრა, ქურდობის შემდეგ აღAარც ჩემი საყვარელი გამოჩენილაო. ჩავედით იმ გოგოს მშობლების ქალაქში. დედ-მამამ გვითხრა, რამდენიმე დღის წინ ჩვენმა ქალიშვილმა სახლიდან კარტოფილი, კვერცხი და სეიფი წაიღო, ალიკას (იმ ჩეჩენს) სჭირდებაო. თურმე გოგო მარტო არ ყოფილა, ვიღაც ახალგაზრდა ახლდა, მაგარი მანქანითო. ისეთი ძვირად ღირებული მანქანები ხარკოვში ერთი-ორს თუ ჰყავდა, ამიტომ მანქანის მეპატრონის დადგენა არ გაგვჭირვებია. ბიზნესმენი გამოდგა, მის ფირმას კრიმინალურ წრეებში გავლენიანი მფარველიც ჰყავდა. სწორედ იმ მფარველთან მივედით სალაპარაკოდ. ვუთხარით, ის ფული და ოქრო მოსკოვში ჩეჩნების ობშიაკის ფულია და დღეს თუ მხარში არ დაგვიდგები, ხვალ საქმე შეიძლება ძალიან ცუდად წაგივიდეს-მეთქი." მიხვდა, ვერანაირი 'კრიშა" ვერ უშველიდა. არ ჩავერევი, რაც გინდათ, ქენითო, გვითხრა ბოლოს. ამის შემდეგ თავად მანქანის პატრონს მივაკითხეთ ფირმაში, წამოვიყვანეთ, რადიატორზე მივაბით და ავუხსენით, რომ ფული და ოქრო სასწრაფოდ უნდა დაებრუნებინა.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)