პანკისელი "ესკობარი'' - კვირის პალიტრა

პანკისელი "ესკობარი''

დასასრული. დასაწყისი "კვირის პალიტრა" #43-44-45

იურა (მუსა) ბაღაკაშვილი: -1997 წელს ხარკოვში ჩავედი. იქ ერთ ჩეჩენს (ალიკა ერქვა) 200.000 დოლარი და ნახევარი კილოგრამი ოქრო მოჰპარეს. ეს ჩეჩენი კაი ფულს შოულობდა. ფულს და ოქროს ხარკოვიდან 200 კილომეტრში, ერთ პატარა ქალაქში საყვარლის მშობლების სახლში ინახავდა. ალიკამ ნაქურდლის მოძიება მთხოვა და ისიც გვითხრა, - ქურდობის შემდეგ ჩემი საყვარელი არ გამოჩენილაო. ჩავედით გოგოს მშობლებთან. გვითხრეს, - რამდენიმე დღის წინ ჩვენმა ქალიშვილმა შინიდან კარტოფილი, კვერცხი და სეიფი წაიღო - ალიკას სჭირდებაო. თან ვიღაც ყმაწვილი ახლდა მაგარი მანქანითო. ძვირფასი ავტომანქანები ხარკოვში ერთი-ორს თუ ჰყავდა, ამიტომ მძღოლის ვინაობის დადგენა არ გაგვჭირვებია, - ბიზნესმენი გამოდგა.

მის ფირმას კრიმინალურ წრეებში გავლენიანი მფარველი ჰყავდა. პირველად სწორედ მასთან მივედით. ვუთხარით, - "მოპარული ფული და ოქრო მოსკოვში ჩეჩნების "ობშჩიაკისაა" და  დღეს თუ გვერდში არ დაგვიდგები, ხვალ საქმე შეიძლება ცუდად შეტრიალდესო. ბიჭი მიხვდა, ვერანაირი "კრიშა" ვერ უშველიდა და - საქმეში არ ჩავერევი, რაც გინდათ, ის ქენითო. შემდეგ მანქანის პატრონს მივაკითხეთ. წამოვიყვანეთ, რადიატორზე მივაბით და "ავუხსენით", რომ ფული აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო. ბიჭმა გვითხრა, - სეიფი გოგოს აქვს წაღებული, რადგან ფიქრობდა, რომ ის ჩეჩენი ადრე თუ გვიან მიატოვებდა. მოგვცა მისამართი, სადაც 35.000 დოლარი ინახებოდა. ჩემთან ერთად საქმეში ადგილობრივი ჩეჩნებიც იყვნენ ჩართული, მოვილაპარაკეთ - იმ სახლში სახურავიდან ჩავიდოდით (მერვე სართულზე იყო) აივანზე და  დანარჩენებს კარებს გავუღებდით. დავთქვით, - სახლიდან მხოლოდ ფულს წავიღებდით, მაგრამ ჩემმა მხლებლებმა აპარატურისა და ავეჯის გამოზიდვაც დაიწყეს. ძალიან გავბრაზდი და საქმიდან გასვლა გადავწყვიტე. ნაქურდლის მთლიანად ამოღებაში ჩეჩენი ალიკა 100.000 დოლარს მიხდიდა, მაგრამ სახლის გაძარცვის შემდეგ აღარც საქმე მინდოდა და აღარც ფული, თან მოსკოვიდანაც მთხოვდნენ, - ჩამოდიო.

ალიკამ 5.000 დოლარი მომცა სამგზავროდ და მოსკოვში  დავბრუნდი, ბანკიდან მორიგი კრედიტი უნდა გამომეტანა. არ გამომივიდა. შემდეგ ერთი საქმე გამომიჩნდა: ებრაელებს საბჭოთა კავშირის დროინდელი დაბადების მოწმობები უნდოდათ. თითოში 250 დოლარს მიხდიდნენ. Mმოწმობების საშოვნელად გროზნოში ჩავედი, იქიდან - დუისში. ვიფიქრე, ცოტას საქართველოშიც ვიშოვი-მეთქი. თბილისში შევიარე მეგობრის სანახავად. საირმის ქუჩაზე მისასვლელად ტაქსი დავიქირავე. როგორც კი ჩავჯექი, მოულოდნელად  უკან ვიღაც კაცი ჩაგვიჯდა. პოლიციელი ყოფილა და საირმის ქუჩის მაგივრად პოლიციაში ამოვყავი თავი. როგორც იქ გავიგე, პოლიციაში მარტო იმიტომ მიმიყვანეს, რომ ჩეჩენი ვიყავი. მითხრეს, - შევარდნაძეს ჩეჩნები დაესხნენ თავსო. არც შევარდნაძესთან მესაქმება რამე და არც ტერაქტებთან-მეთქი (ლაპარაკია 1998 წლის 9 თებერვლის  ტერაქტზე. - ავტ.). პოლიციის განყოფილებიდან უშიშროებაში" გადაგვიყვანეს. ჩემთან ერთად ტაქსის მძღოლიც  ჰყავდათ დაკითხვაზე. საღამოს ორივე გამოგვიშვეს. მეგობართან თბილისში რამდენიმე დღე გავჩერდი და გროზნოში დავბრუნდი. მეორე ომმა სწორედ იქ მომისწრო.

ქალაქში გაჩერებას აზრი არ ჰქონდა და  ლტოლვილებთან ერთად პანკისში წამოვედი. მთა-მთა მოვდიოდით, გზაში რუსულმა თვითმფრინავებმა  რამდენჯერმე დაგვბომბეს. ჩემ თვალწინ დაიღუპა მეზობლის ბავშვი. ხეობაში იმ დროისთვის რამდენიმე ათასმა ჩეჩენმა ლტოლვილმა მოიყარა თავი. იყო ადამიანის გატაცება,  ყაჩაღობა, ნარკოტიკის გაყიდვა. სამუშაო არ ჩანდა. სიგარეტის ფულსაც ვერ იშოვიდი. მაღაზიის გახსნა გადავწყვიტე, მაგრამ მივხვდი, აზრი არ ჰქონდა... პანკისში ნარკოტიკს ბევრი ყიდდა. დადიოდნენ ჯგუფ-ჯგუფად, 6-7 კაცი, თუმცა ხეობიდან გასვლას ვერ ახერხებდნენ (ამბობდნენ, ხეობაში შესასვლელი ყველა ბილიკი მხოლოდ "ბოევიკებმა"" და ნარკომანებმა იცოდნენო. - ავტ).  ერთ დღეს შევკრიბე ყველა წვრილი "ბარიგა', - ორგანიზებული "სტრუქტურა" შევქმნათ-მეთქი. უარი მითხრეს. ჩვენ ჩვენი კლიენტურა გვყავს, დიდი ხანია, წამალს ვყიდითო. ანუ მიმანიშნეს, რომ ამ საქმეში ადგილის დამკვიდრება გამიჭირდებოდა. იმ პერიოდში გახშირებული გატაცებების გამო ხეობის შესასვლელში პოლიციის პოსტები გააძლიერეს, ნარკომანებს იჭერდნენ და ხეობაში აღარ უშვებდნენ, "ბარიგებსაც" კლიენტურა შემოაკლდათ. მე, ჩემი კავშირების გამო, ხეობიდან გასვლა არ მიჭირდა და კლიენტიც ბევრი გამომიჩნდა. როცა გავიგებდი, პოლიციამ ნარკომანი დააკავაო, ვაშვებინებდი - მეცოდებოდა. ბევრი მაკითხავდა, უმეტესად ისეთები, უწამლოდ ერთი დღეც რომ ვეღარ ძლებდნენ. საცოდავი შესახედები იყვნენ. რატომ იკლავთ თავს-მეთქი, ვსაყვედურობდი. ისინი - შენ რატომ ყიდიო...

ჩემამდე  სხვები ყიდდნენ, მე თუ არ გავყიდი, ისინი მაინც გაყიდიან და რა შეიცვლება-მეთქი. წამალი, ძირითადად, ორჯონიკიძიდან შემოდიოდა, ჩეჩნური ჰეროინიც ბლომად იყო. მაშინ პანკისში კრიმინალური სიტუაციის გამწვავებას ჩეჩნებს აბრალებდნენ. იმხანად ხეობაში რუსლან გილაევი იმყოფებოდა. სუფთაA კაცი იყო, ცდილობდა, კრიმინალში არ გასვრილიყო, მეტიც: ერთ დღეს დუისში საველე მეთაურები შეიკრიბნენ. "ბოევიკები" ამბობდნენ, ხეობა უნდა გასუფთავდეს გამტაცებლებისა და წამლისგანო. განსაკუთრებით აბდულ-მალიქი აქტიურობდა. უარი ვუთხარი - "ჩვენი ტერიტორიაა და რასაც გვინდა, იმას ვიზამთ, თქვენ კი დაისვენეთ და წადით, ომი გააგრძელეთ-მეთქი. უსიტყვოდ დავიშალეთ.  როდესაც ვეფხია მარგოშვილი გააქტიურდა და ტელევიზიით განცხადებებს აკეთებდა, ქურდებმა თითი დაუქნიეს, - რა ინტერვიუების დარიგება დაიწყეო. არავის მოსწონდა მისი  კავშირი ელენე თევდორაძესთან. პოლიციაც ბევრ რამეზე ხუჭავდა თვალს, მათ შორის "წამალზეც". ძალიან რთული დრო იყო. იმხანად შინ რუბლიოვის ეპოქის ორი ხატი მქონდა. მყიდველიც მყავდა - 6.000 დოლარს მაძლევდნენ, მაგრამ გადავწყვიტე, ეკლესიისთვის გადამეცა. ახმეტიდან მოძღვარი ამოვაყვანინე და  ხატები ახმეტის ეკლესიას შევწირე. მაშინ ეს ამბავი ცოტა უცნაურად ჩანდა, - მუსლიმანი  ეკლესიას ხატებს ვწირავდი!

2002 წლის 17 თებერვალს, საღამოს, დუისის შესასვლელთან სამხედრო პოსტზე ბიჭების მოსანახულებლად ჩავედი. ნახევრად მშივრებს საჭმელს და სიგარეტს ხშირად ჩვენ ვუგზავნიდით. პოსტზე რომ მივედი, ცოტა ნასვამი ვიყავი. მძღოლი ახმეტის ბაზარში გავგზავნე სამხედროებისთვის სიგარეტისა და საჭმლის ამოსატანად. პოსტის ახლოს ერთი "კოლხოზნიკი" იდგა, შიგ ვიღაცები ისხდნენ. სამხედროები მეგონა და ყურადღება არ მიმიქცევია. იარაღი რომ დამინახეს, უკნიდან მომიახლოვდნენ და ხელებზე  ბორკილები დამადეს. ყველაფერი მოულოდნელად მოხდა, გააზრებაც ვერ მოვასწარი. ხუთნი იყვნენ. დაახლოებით ნახევარი საათი მეჭიდავებოდნენ. დაანებეთ თავიო, - ჩვენს გაშველებას ცდილობდნენ სამხედროები. ბოლოს, მაინც მოახერხეს, მანქანაში ჩამსვეს და ახმეტის პოლიციაში წამიყვანეს. მინდორ-მინდორ მატარეს - გზაზე სიარულისა შეეშინდათ. განყოფილებაში გვარი მკითხეს. ქავთარაძე ჩავაწერინე (რუსეთში ამ გვარზეც მქონდა პასპორტი). იარაღზე ოქმი შემიდგინეს,  მივხვდი, ვერ მიცნეს. ამასობაში, ერთი ნაცნობი პოლიციელი შემოვიდა. ჩემი დანახვა ძალიან გაუკვირდა, - იურა, აქ რა გინდაო? დამიჭირეს-მეთქი. მაშინ გავიგე, თელავის პოლიციას დავუკავებივარ, თუმცა, ჯერ კიდევ არ იცოდნენ ჩემი ვინაობა. ცოტა ხანში პოლიციის უფროსის კაბინეტში ამიყვანეს. შევამჩნიე - მაგიდაზე წამლის რამდენიმე" ჩეკი" იდო. შენიაო? უარი ვუთხარი - იმ დღეს მართლა არ მედო "წამალი" ჯიბეში. შემდეგ ბორკილები ისევ დამადეს, ქამარი წელზე შემომარტყეს და იარაღი დამკიდეს. შემოიყვანეს ორი კაცი. ერთ-ერთის გვარიც მახსოვს - ქავთარაძე იყო. ალბათ მოწმეებად. იარაღი ისევ ამომიღეს და ის სამი" ჩეკიც" მიაყოლეს.

ესენი ჩემი არ არის-მეთქი, ვიყვირე. ერთი პოლიციელი, გია ერქვა, მლანძღავდა, ციხეში ამოგალპობო, მემუქრებოდა... გამწარებულმა მივახალე, - 15 წლის მერეც მიწიდან ამოგიღებ-მეთქი. ამ დროს ოთახში პოლიციელი შემოვიდა და მითხრა, - პოლიციელები არიან გატაცებული, დარეკე და გააშვებინეო (ჩემი დაჭერის ამბავი რომ გაიგეს, ახლობლებმა ერთ-ერთი პოსტიდან პოლიციელები გაიტაცეს). უარი ვუთხარი. წამიყვანეს გურჯაანში. მივხვდი, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმისა შეეშინდათ. სიგარეტი არ მქონდა, ძალიან ცუდად ვიყავი, გურჯაანის ციხის საკანში ციოდა, თან მარტო ვიყავი. ვიფიქრე, მაინც ვერ გადავრჩები-მეთქი და საკანში ნათურის მოხსნა გადავწყვიტე - იქნებ დენს დაერტყა. არ გამიმართლა, ფეხი გამიცურდა, ნათურა თავის ბუდიანად მოძვრა. მთელ პოლიციის შენობაში შუქი გამოირთო. მეორე დილით პატარა საკანში გადამიყვანეს და სიგარეტი "პრიმა"' და სანთელი მომცეს, იმ სანთლით ვცდილობდი ღამით გათბობას.  გავიგე, რომ მძევლად აყვანილი პოლიციელების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ზაზა ფერაძე და გოჩა ნაზღაიძე ცდილობდნენ. გურჯაანიდან საგარეჯოში გადამიყვანეს, თუმცა მანამდე ზაზა ფერაძის ხალხმა თბილი ლოგინი, საჭმელი და "კოკა-კოლა" შემომიტანა. კარგად მექცეოდნენ. საგარეჯოში ორი დღე დავყავი, იქაც მეფერებოდნენ. ბოლოს, ჩემი ჩარევით პოლიციელები გაათავისუფლეს, მე კი წელიწად-ნახევარი ციხეში ვიჯექი. იქ გავიცანი "გრიცკო" ხურცილავა, ჟურნალისტის, გიორგი სანაიას მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. საკანში არავის გვჯეროდა, რომ სანაია მან მოკლა, თუმცა იფიცებოდა, მე მოვკალიო. მართალი გითხრათ, ახლაც არ მჯერა...

"გრიცკოს" ვეუბნებოდი, - ამოიღე ის ფული, მკვლელობის თავზე აღებისთვის რომ გადაგიხადეს და საჭმელი შემოატანინე ვინმეს, თორემ სანამ აქედან გახვალ,' მიწაში ჩაგილპება-მეთქი. სხვათა შორის, ციხეში ნორმალურად ექცეოდნენ, ე.წ. ფაშისტურ კორპუსში ვისხედით. "გრიცკო" ხვდებოდა, ვიცოდით, რომ მას სანაია არ მოუკლავს, თუმცა ამაზე არასოდეს სიტყვა არ დაუძრავს... სანაიას მკვლელობას ვიდეოკასეტას უკავშირებდნენ. ამბობდნენ, რომ კასეტაზე გადაღებული იყო ნარკობარონებისა და პოლიციის მაღალჩინოსნების შეხვედრა. ეს კასეტა მეც მაქვს ნანახი.  ერთი ცნობილი პირის ნიღაბჩამოცმული ვაჟი ლაპარაკობს. ნარკოტიკებით ვაჭრობა, ისევე როგორც სხვა დანაშაულები ხეობაში, პოლიციის ინტერესებამდე მიდიოდა, გუბერნსკში (ორთაჭალის მეხუთე იზოლატორი. - ავტ.) ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. იქ მჯდომ ბარიგებს ქურდები 5.000 დოლარს აწერდნენ. როცა გავიგებდი, ვურეკავდი მათ და თანხას ვაკლებინებდი. ბევრი გადამირჩენია ასე. გათავისუფლების მერე კომერციის დაწყება ვცადე. მეორედ უკვე ახალი ხელისუფლების დროს დამიჭირეს. თელავის ბაზარში მანქანაში ჩაჯდომისას დამაკავეს. იცოდნენ, ნარკოტიკებს დიდი ხანია აღარ ვეკარებოდი, მაგრამ წამალი მაინც  ჩამიდეს.

ციხეში  ჩვენს მეზობელ საკანში კობა ნარჩემაშვილი, ლევან კენჭაძე და გენერალი დუმბაძე ისხდნენ. ერთმანეთი მალე გავიცანით. ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ციხეში ყველა პატივისცემით ექცეოდა, ქურდებიდან დაწყებული, ციხის თანამშრომლებით დამთავრებული,

თვითონაც ძალიან  ყურადღებიანი იყო პატიმრების მიმართ. რამდენჯერმე შემომთავაზა  - მუსლიმანი ხარ და ლოცვისთვის თუ ცალკე ოთახი გჭირდება, მითხარი და ადმინისტრაციას ვთხოვო. ვუთხარი, ვინც ვიყავი. ყურადღებით მისმენდა. ბოლოს მკითხა, რატომ არ წახვედი ხეობიდანო. ვერ მოვასწარი-მეთქი. ალბათ ბედის ირონია იყო, რომ მე და შინაგან საქმეთა მინისტრი ციხეში ერთად ვისხედით. კობა ნარჩემაშვილის ადგილზე რომ მაშინ სხვა მინისტრი ყოფილიყო, პანკისის ხეობაში ომი დაიწყებოდა - მან ხეობა გადაარჩინა. იმ დროს მთავრობას ერთი ტყვიაც რომ ესროლა, სოხუმი და ცხინვალი მონაგონი იქნებოდა. დაახლოებით 4 წელიწადში გავთავისუფლდი.  პანკისი შეცვლილი დამხვდა. აღარც ყაჩაღობა, აღარც  გატაცებები, ნარკოტიკებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტი იყო. პოლიციაც თავის საქმეს აკეთებდა. მეგობრის დახმარებით ბიზნესში ჩავები. ერთხანს გროზნოში წასვლას ვფიქრობდი, მაგრამ იქ  დამკვიდრება არც ისე იოლი იყო,  მილიონებიც რომ მქონოდა, არავინ გამახარებდა - ყველა ადგილი დაკავებული იყო...