"მურტალ-კომბატი" პარლამენტში ანუ სანახაობა არის, ახლა პურის ჯერია! - კვირის პალიტრა

"მურტალ-კომბატი" პარლამენტში ანუ სანახაობა არის, ახლა პურის ჯერია!

საქართველოს პარლამენტი პარლამენტს დაემსგავსა. ჩვენს პარლამენტარებს, მუშტი-კრივის დროს, ისევ ძველი ჟინი და შემართება ეტყობოდათ. მართალია, ჩხუბის შემდგომ უმცირესობას ეს არ გახსენებია, მაგრამ ჩვენ რა დაგვავიწყებს პეტრე ცისკარიშვილისა თუ აკაკი ბობოხიძის რაინდულ სულსა და გმირულ ორთაბრძოლებს.

პარლამენტში ჩხუბი "მოსულა", ასე იყო ოდითგანვე, ხოლო ტრადიციებს გაფრთხილება და დაცვა ჭირდება. თუმცა , ეს ახალი მოწვევის პარლამენტარები ფრიად უინტერესო ხალხი ბრძანდებით, მე და ჩემმა ღმერთმა. ბავშვობაში სულ მაინტერესებდა რემბო მოერეოდა თუ ვან დამი. ახლა, ალბათ, დიდი ხანი დამტანჯავს კითხვა - მკლავჭიდის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი მოერევა თუ შავი ქამრის მფლობელი გიორგი ბარამიძე. ცუდ დროს დატოვა კობა დავითაშვილმა პოლიტიკური სცენა ( და არა პარლამენტი), ეჭვი მაქვს მისი ყოფნის შემთხევაში უფრო მრავალფეროვან სანახაობას ვიხილავდით, სუმოს ელემენტებით, მაგრამ არც ეს იყო ურიგო - ქართული პარლამენტი ნელ-ნელა საკუთარ სახეს იბრუნებს, ხალხსაც სანახაობა აჩვენეთ, ახლა პურის ჯერია, ბატონებო, პურის! მშიერ კუჭზე სანახაობის ყურება, დიდი ვერაფერი ბედენაა. სხვათა შორის, პარლამენტმა ბიუჯეტი დაამტკიცა და ჯობს, ბიუჯეტი განვიხილოთ ასეთი ინტერესით, ვიდრე სოსოსა და გიორგის მუშტი-კრივი, თორემ კიდევ დიდი ხანი ვუყურებთ მშიერი კუჭით სანახაობას...

სხვათა შორის, შეიძლება მომეჩვენა, მაგრამ სოსო ჯაჭვლიანის წიხლი ბარამიძის პარალელურად, დავით უსუფაშვილსაც მოხვდა -ამას პარლამენტის სპიკერის სახეზე ნათლად დაინახავდით. გამახსენდა, სოსო ჯაჭვლიანი უსუფაშვილს ბოდიშის მოხდას რომ თხოვდა - რატომ უთხრა პრემიერს, პარლამენტში მსახიობებისა და სპორტსმენების ადგილი არ არისო?! რატომ უთხრა, ბატონო სოსო და თქვენი ტლინკები მთლიანი კოალიციის იმიჯსა და მის რეპუტაციაზე რომ ისახება იმიტომ, ეს ისე, ცნობისთვის. იურისტმა თავისი საქმე უნდა აკეთოს, ხოლო მსახიობმა თავისიო, ამას ჩიოდა დავით უსუფაშვილი და მან უკეთ იცის, რომ მარტო "შალახოთი" სოფელი არ შენდება. ზოგადად, ასეა, როდესაც ერთ პარტიაში იდელოლოგიურად განსხვავებული ადამიანები ერთიანდებიან.

კიდევ ერთი - სვანების გამოსარჩლება თუ გინდათ, ბატონო სოსო, თქვენ თანაგუნდელ კახა კალაძეს "დაებაზრეთ" ხუდონჰესის პროექტზე, ხოლო სამართლიანობის აღსადგენად პროკურატურა არსებობს. სხვა ქვეყნის პარლამენტშიც ჩხუბობენ, მერე რაო - ხშირად მოვისმინე ამ დღეებში - კი ბატონო, ჩხუბობენ, მაგრამ ჯერ ერთი - ძალიან სამარცხინო საქციელად ითვლება პარლამენტში ჩხუბი და მეორე, იქ საკანონმდებლო ცვლილებების გამო ჩხუბობენ და არა სიტყვა "ჩმორის" გულისთვის...

აქვე გიორგი ბარამიძის დამცველებს კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ბობოხიძის, ცისკარიშვილისა და სხვა მათი თანაპარტიელების ქუჩის მუშტი-კრივი საპარლამენტო სხდომებზე. მაშინ არ მახსოვს რაღაც, არათუ პარლამენტის თავმჯდომარეს, არამედ, რომელიმე პარტიის წევრს დაეგმო თანაპარტიელის უგვანი ქმედება.

პ.ს. ალბათ, დათა თუთაშხიას რომ ენახა ეს კადრები, კიდევ ერთხელ გაიმეორებდა საკუთარ სიტყვებს - რას შვრებით, ხალხო, რას?! რას გევხართ, თუ ხედავთ ამას?! ვინ ხართ, თქვე უბედურებო, რა ჯიშის ხართო... თუმცა, საბედნიეროდ, არ უხილავს და კიდევ ერთხელ გადაურჩა დათა ბატონი ჩაქოლვას....