ყაჩაღის ყაჩაღი ცხონდაო - კვირის პალიტრა

ყაჩაღის ყაჩაღი ცხონდაო

ბრალდებული გიგი უგულავას განცხადებამ შეატორტმანა "ქართული ოცნება" - მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გერმანიაში ნასამართლევი ყოფილა. რა გამოდის? თუ მოარულ ხმებს დავუჯერებთ, კრიმინალებთან "ჩასასტავებული" იუსტიციის მინისტრი გვყავს და "ნაჯდომი" გენერალური პროკურორი - მთავრობის სხდომა კარგ "სხოდკას" შეშურდებოდა.

მე ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ გენ. პროკურორის ნასამართლეობაში - აბა რა, ადამიანი უნდა იცნობდეს იმ გარემოს, სადაც მუშაობს. თანაც, როგორც ძველი ხალხური სიბრძნე გვასწავლის - ქართველის წასვლას გერმანიაში რა აზრი აქვს, უკეთუ ერთი ლეპტოპი მაინც არ გამოაყოლე ხელს.

ხუმრობა იქით იყოს და ამ ფაქტის გამჟღავნების დროს, ყველაზე ცუდი "ქართული ოცნების" მხრიდან ფარცხალაძის "გაპრავების" მცდელობა იყო. ერთიმეორის მიყოლებით გამოდიოდნენ "ოცნების" ლიდერები და იძახდნენ - ახლა გაახსენდათ "ნაცებს" ფარცხალაძე, მაგათ დროს, რომ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, ხმას რატომ არავინ იღებდაო?!

თქვე კაი ხალხო, თქვენ ზუსტად იმიტომ აგირჩიათ ხალხმა, რომ წინა მთავრობა არ მოწონდა და თქვენზე უკეთ ვიცით მათი ნაკლოვანებები. მუდმივად "9 წლის" აპელირებით უნდა იყოთ დაკავებული? ის, რომ წინა მთავრობა მძიმე შეცდომებს უშვებდა, ეს თქვენს შეცდომებს ამართლებს?! ამდენ ლაპარაკს და "გაპრავების" უშედეგო მცდელობებს, გაეგზავნათ ერთი ადამიანი აუგსბურგში და ჩამოეტანათ იქაური პოლიციიდან ცნობა, რომ არ არის ეს ადამიანი ნასამართლევი. ოღონდ ვისაც გააგზავნიდნენ ხელწერილი ჩამოერთმიათ, რომ აუგსბურგიდან ლეპტოპს არ გამოიყოლებდა. როგორც მახსოვს, თქვენი მთავარი დაპირება სამართლიანობის აღდგენა იყო და ახლა ისე გამოგდით, რომ ყაჩაღის ყაჩაღი ცხონდაო.

თუმცა, ფარცხალაძის ნასამართლეობა გიგი უგულავას დანაშაულს არ ამსუბუქებს. არ ამსუბუქებს იმ ფაქტს, რომ მარტო 2013 წლის მარტის თვეში უგულავას სატელეფონო ხარჯებმა 38.000 ლარზე მეტი იყო. რა თქმა უნდა, ფარცხალაძის შესახებ "ნაციონალებს" თავიდანვე ქონდათ ინფორმაცია და ფიქრობდნენ, რომ ამ ფაქტით ფარცხალაძე "დაბმული" ეყოლებოდათ. თუმცა, როდესაც აღზევებულმა თამაზმა მერადყოფილი ჩამოალაბორანტა, გადაწყვტეს გენ. პროკურორის გერმანული ვიზიტი გაეხმოვანებინათ და მისთვის ჭკუა ესწავლებინათ. მშვენიერი სვლაა - უგულავა ფარცხალაძეს თან გაიყოლებს და მთავრობის იმიჯსაც სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

დისკუსიის საგანს წარმოადგენს ოთარ ფარცხალაძის განათლებაც. გენ. პროკურატურის საიტზე ეწერა, რომ ოთარ ფარცხალაძემ 1997 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, ხოლო 1999 წელში უმაღლესი სასწავლებელიც ზედ მიაყოლა. შე კაცო, ადამიანი თუ ორ წელში ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს, ვუნდერკინდი ყოფილა და ერთი ყაჩაღობის ატეხეს ამხელა ამბავი?! გენიოსი გვყოლია ადამიანი და რას ერჩით, დაანებეთ თავი! ყაჩაღია თუ "ნაცების" ყოფილი კადრი, მთავარია საქმე აკეთოს და უარესები არ აგვიტანია?!