ხალხი ბჭობდა, "რუსთავი-2"-ი იცინოდაო - კვირის პალიტრა

ხალხი ბჭობდა, "რუსთავი-2"-ი იცინოდაო

გოზინაყი, საცივი, იუმორინა "იმედზე", უგემოვნოდ ჩატარებული წინასაახალწლო კონცერტი თავისუფლების მოედანზე... და რუსული ფილმებით გადაჭედილი წამყვანი ქართული ტელეარხები - ეს ის ფაქტორებია, რაც აპრიორი ცხადყოფს, რომ საქართველოში ახალი წელი დადგა.

ტრადიციული პირის ჩასატკბარუნებელი საშუალებები ასეთი დღესასწაულის დროს აუცილებელიცაა, როგორმე წინასაახალწლო კონცერტსაც მოვუხერხებთ რამეს, მაგრამ ეს რუსული ფილმები როდემდე უნდა გადიოდეს მხოლოდ წინასაახალწლო ეთერში?!

"რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას წინასაახალწლო განცხადება გამახსენდა - "ვთვლი, რომ წინასაახალწლო მილოცვები წარმოადგენს პოსტსაბჭოთა რეგიონისთვის დამახასიათებელ გადმონაშთს და არ არის დამახასიათებელი არც ერთი მეტ-ნაკლებად წარმატებული დემოკრატიისთვის", - ამბობდ ბატონი გვარამია.

მართალია ბატონი გენერალური დირექტორი - რა საჭიროა ყველა არხზე VIP-ების ყურება?! განა ამისთვის არ ვიბრძოდით?! თუმცა, ერთი რამე გავიწყდებათ, ბატონო ნიკოლოზ - პრინციპულობა სააკაშვილის დროს უნდა გამოგეჩინათ. თუმცა, მერე გაფუჭებულს ვინ "გააპრავებდა?!"მიხეილ სააკაშვილი რომ კვლავ პრეზიდენტი იყოს, ამ გადაწყვეტილებას მიიღებდით და პირში ეტყოდით? ამ კითხვის პასუხი მხოლოდ თქვენ იცით, ჩვენ მხოლოდ ვარაუდების გაკეთება შეგვიძლია და იმედია, არ დაგვძრახავთ ვარაუდებში.

თუმცა, მოდი, შევეშვათ წინასაახალწლო მილოცვებს და ერთი შეკითხვა მინდა დავსვა. კარგით, VIP-ების წინასაახალწლო მილოცვები, მართლაცდა, პოსტსაბჭოთა სივრცის გადმონაშთია, მაგრამ წინასაახალწლო ეთერის რუსული ფილმებით აჭრელება ევროპული დემოკრატიისა და დასავლური ღირებულებების დამადასტურებელი საბუთია?!

ამასწინათ, ინტერნეტში ქართველი კინოკრიტიკოსების მიერ შერჩეულ საუკეთესო საახალწლო ფილმების ჩამონათვალს გადავაწყდი და აღმოვაჩინე, რომ თითქმის არცერთი მათგანი არ გადის ახალი წლის დღეებში ქართულ ტელეარხებზე. მიზეზი ერთია, ნათელი და დიადი - ქართული ტელესივრცე დაპყრობილი აქვს "ბედის ირონიას", "იღბლიან ჯენტლმენებს", "ბრილიანტის ხელს", "კავკასიელ ტყვე ქალს" და ა.შ. ფილმებს. გასაგებია, ბევრი ადამიანისთვის ახლობელია აღნიშნული ფილმები, რადგან საბჭოთა კავშირში ცხოვრობდნენ, მაგრამ პრეზიდენტის მილოცვა გაახსენებს საბჭოთა კავშირს ამ ხალხს და რუსის არყით გაჟღენთილი ჟენკა ევროინტეგრაციას?

ცოტათი უცნაური ფენომენია "რუსთავი-2"-ის მიერ დღედაღამე რუსული კომედიების ტრიალი, მაშინ როდესაც პრემიერის მილოცვა საბჭოთა გადმონაშთად იქნა მიჩნეული. შეიძლება ამ ყველაფერს მარტივი ხალხური ახსნა მოვუძებნოთ - უბრალოდ, ეს ტელევიზია "ნაციონალების" იყო, ახლა ოპოზიციაშია, პროვოლეგიებით არ სარგებლობს და არ უნდა მათ მოწინააღმდეგედ აღქმული სახელმწიფოს ლიდერების მილოცვების გაშვება. რაც შეეხება მუდმივად რუსულ ფილმებს - ხალხი იფიქრებს, რომ მხოლოდ იმიტომ რომ ტელევიზორში სულ რუსული ფილმებია, "სამოქალაქო სექტორი" რუსეთისკენ მიგვაქანებს. თუმცა, ეს სიტუაციის იმდენად მარტივია ახსნაა, რომ "რუსთავი-2"-ი ამას არ "იკადრებდა".

ნუ, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ერთი გამოთქმისა არ იყოს - ხალხი ბჭობდა, "რუსთავი-2"-ი იცინოდაო - ლაპარაკი მაინც ცარიელ სიტყვებად დარჩება.

...ისევ დადგება 31 დეკემბერი, ისევ გათენდება ახალი წელი საქართველოში, ისევ გაშლილი იქნება წინასაახალწლო სუფრა გოზინაყითა და საცივით... ტელეეკრანზე "ბედის ირონიის" თანხლებით, ისევ იტყვის ქართველი ყანწით საქართველოს სადღეგრძელოს და სასმისის გამოცლის შემდეგ, სადღაც იქით, ჩრდილოეთში 35 მანეთიან ტკბილ მოგონებებში ჩაიძირება...