თბილისის ანძა რომ ჯობია ეიფელს... - კვირის პალიტრა

თბილისის ანძა რომ ჯობია ეიფელს...

ქალბატონმა სევდიამ თბილისი დაასევდიანა და ანძა გამოგვირთო. როგორც ქალბატონმა სევდიამ განაცხადა, ანძის განათება მას შემდეგ აღდგებოდა, როდესაც საკრებულო ბიუჯეტს მიიღებდა და მასში ანძის განათების თანხებიც იქნებოდა გათვალისწინებული.

ეტყობა, ანძის გამორთვისას ქალბატონ სევდია ძველი გამოთქმით ხელმძღვანელობდა - ბნელი ერი ბნელში უნდა იჯდესო. ამ გამოთქმის რა მოგახსენოთ, მაგრამ მე ედუარდ შევარდნაძის ნათქვამი გამახსენდა - დრო მოვა, გაგახსენდებით და მოგენატრებითო. მონატრებით, მე პირადად, ბატონი ედუარდი არ მენატრება, მაგრამ მისი მოღვაწეობის დრო კი მახსენდება. ანძასთან ერთად ნელ-ნელა გარე განათებაც გამოვრთოთ და ვიყოთ ასე სრულ უკუნში. ისე, უკუნსაც აქვს ხიბლი - მთაწმინდაზე საღამოს გოგოსთან ერთად გასეირნებას ჩვეული რომანტიზმი დაუბრუნდა.

ისე, თუ ანძის გამორთვა ფულის დაზოგვას უკავშირდება, ძალიან კარგი და მისასალმებელი ნაბიჯია (ცნობისთვის, ანძის განათება 15 000 ლარამდე უჯდება ბიუჯეტს). მით უმეტეს, საქმე ეხება იმ ქვეყანას, სადაც ადამიანები შიმშილით იხოცებიან, ბავშვებს უფულობის გამო ოპერაცია ვერ უკეთდებათ, რაც ხშირად ფატალური შედეგით მთავრდება. გამოვრთოთ ანძა და დაზოგილი თანხა ამ ადამიანებს მოვახმაროთ, არ მგონია ამის წინააღმდეგი ვინმე იყოს ჩვენს ქვეყანაში. თუმცა, სანამ ანძას დავაბნელებთ, იქამდე შემიძლია, ფულის დაზოგვის სხვა უფრო ეფექტური გზებიც გირჩიოთ საკრებულოსა და ზოგადად, საჯარო სამსახურების წარმომამდგენლებს.

ანძის გასანათებლად თუ ფული არ გაგვაჩნია, საკრებულოს თავმჯდომარის და მისი წევრებისთვის ასტრონომიული პრემიების გასაცემად არის თანხები? შავი, დაბურულმინებიანი "პრადოებისთვის" არის თანხები? "მაქბუქებისთვისა" და "გალაქსისთვის" არის თანხები? მივლინებისთვის არის თანხები? თუ ამ ყველაფრისთვის არის ფული, ანძამ რა დააშავა? უბრალოდ, ქვეყნის პრესტიჟის ამბავია. აქ მხოლოდ ღამის სილამაზეზე არ არის ლაპარაკი - ანძის განათება პირდპირ კავშირშია ქვეყნის საავიაციო უსაფრთხოებასთან და აუცილებელია ის განათებული იყოს. ეტყობა, მერიის რომელიმე ჩინოვნიკს მანქანა დაუძველდა და ჭირსაც არ წაუღია ქვეყნის საავიაციო უსაფრთხოება?!პრემიის თანხები ქონდეთ ამა ქვეყნის ძლიერთა და ანძის ჩაქრობას ვჩივით?! ამაზე უარესი გამოგვივლია ქართველ ხალხს და ამაზე უარესზე არ ამოგვიღია ხმა...

თუმცა, როგორც ჩანს, ანძა მართლა ჩასაქრობი იყო - ქვეყანა სრულ უკუნშია და ანძის ჩაქრობით საყოველთაო გლოვის გამოცხადებაც ადეკვატური ნაბიჯია...