თუ ადამიანმა მოინდომა, ძაღლი ძაღლის ტყავსაც დაგლეჯს... - კვირის პალიტრა

თუ ადამიანმა მოინდომა, ძაღლი ძაღლის ტყავსაც დაგლეჯს...

ძაღლი ადამიანის მეგობარიაო, ნათქვამია და ამ გამოთქმას ჩემს ირგვლივ ბევრი ადამიანი ეთანხმება. შეიძლება, მეგობარი პირდაპირი გაგებით არ იგულისხმება, მაგრამ ადამიანების უმრავლესობას მოშინაურებულ ოთხფეხთან რომ თბილი ურთიერთობა აკავშირებს, ამას ბევრი მტკიცება არ ჭირდება.

ზემოაღნიშნული გამოთქმა, ამასწინათ "MYVIDEO"-ზე დადებული ერთი ვიდეოს გამო გამახსენდა. ვიდეოში ასახულია, თუ როგორ გლეჯს ერთი ძაღლს ორი თანამოძმე, თანაც ამ დაჩაგრულ ოთხფეხს პირზე, ე.წ. "სკოჩი" აქვს აკრული და გაქცევის შესაძლებლობაც წართმეული აქვს. როგორც თავად ხვდებით, ორ ძაღლს თანამოძმის მიმართ ძველი წყენა არ უნდა ქონოდათ გულში ჩადებული და მით უმეტეს, არც პირზე "სკოჩის" აკვრის ინიციატორები არ იქნებოდნენ. ამ ყველაფრის შემოქმედი არის რამოდენიმე ახალგაზრდა, რომელთაც ეტყობათ, არათუ ძაღლისა და ადამიანის მეგობრობის შესახებ, არამედ ადამიანობის შესახებაც არაფერი გაუგიათ. ისინი დიდი ინტერესით უყურებენ, თუ როდის მოკლავენ წამებით მათი გაწვრთნილი ძაღლები ძირსდაგდებულ ტყვეს.

ძაღლსა და ადამიანს ერთმანეთს არ ვადარებ, მაგრამ სადიზმი სადიზმია. ამ ვიდეოს ყურებისას გამახსენდა, რა ველური სიშლეგით უყურებდნენ ძველი რომაელები ადამიანთა წამებას, ხოცვას და რა არანორმალურ სიამოვნებას გრძნობდნენ გლადიატორების სისხლის დანახვაზე.

დარწმუნებული ვარ, ბევრმა ადამიანმა ამ ვიდეოს ნახვისას დაჩაგრული ძაღლის ადგილას, კონკრეტული პიროვნებაც კი წარმოიდგინა. მართალია, ბევრი იტყვის, რა დროს ძაღლებია, ქვეყანას ამდენი პრობლემა აქვსო, მაგრამ ისეთ ქვეყანაში, სადაც ხალხის გარკვეული კატეგორია ასეთ რამეს სჩადის და დასჯის შიში არ აქვს, ადამიანებიც სერიოზული საფრთხის წინაშე დგებიან.

ევროკავშირის ქვეყნებში ასეთ პიროვნებებს მინიმუმ სერიოზულ ჯარიმას გამოუწერდნენ, ხოლო ძაღლებს სპეციალურ თავშესაფარში გადაიყვანდნენ. ზოგი ყეფის გამო თავს აჭრის ძაღლს, ზოგი სეირისა და საკუთარ თავში სადიზმის დაკმაყოფილების მოთხოვნილების გამო ერთ ძაღლს მეორეს ცოცხლად აჭმევინებს და თან ამ ყველაფერს სიამაყით აკეთებენ. ევროკავშირში ერთადერთი მსგავსი სისასტიკე რაც მახსენდება, არის კორიდა. თუმცა, იქ ხარს მეტი დემოკრატია აქვს და თუ მოახერხა, ცხოველების მწვალებელს საკუთარი რქების სიძლიერეს ანახებს.

შეიძლება, განათლებაა საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა ასეთი სისასტიკე არ ჩაიდინოს, მაგრამ რამდენს უნდა გაწვდეს ეს განათლება, არ ვიცი. თანაც განათლება ციდან არ ჩნდება, მას წინაპირობა ჭირდება.

ალბათ, აუცილებელია, რომ შეიქმნას პრეცენდენტი, რომ მსგავსი ფაქტები დაისაჯოს. დაუსჯელობის სინდრომმა შეიძლება უარეს შედეგამდე მიგვიყვანოს. თორემ მე ამ ბლოგს დავწერ, ვიღაცა სოციალურ ქსელში გააპროტესტებს, ვიღაცას ნერვები მოეშლება, ერთი-ორი იტყვის ამდენი ხალხი ვართ, მივმართოთ შსს-ო, ხოლო ამის ჩამდენი ჩვენს პროტესტს, ალბათ, ვერც გაიგებს, წავა და საკუთარ უძლეველ ოთხფეხებს ხვალ სხვა ძაღლს დააგლეჯინებს.