რეაქცია "რეაქციაზე" - კვირის პალიტრა

რეაქცია "რეაქციაზე"

ინგა გრიგოლიამ გადაცემა "რეაქციით" მორიგი შოუ შემოგვთავაზა. მოგვწონს თუ არა ინგა, ეს ერთი საკითხია, ხოლო მისი გადაცემის რეიტინგულობა მეორე. მართალია, გრიგოლია არღვევს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წესებს, არ იცავს ჟურნალისტიკაში დაწესებულ დაუწერელ კანონს არასრულწლოვნებთან მიმართებაში, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში ინგა გრიგოლია და თურქული სერიალები სატელევიზიო რეიტინგის ზენიტში არიან და კიდევ დიდხანს იქნებიან.

ჟურნალისტმა არასრულწლოვან, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვს დაუთმო ეთერი, რომელიც თბილისის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის გამო მკურნალობის დასაფინანსებელ თანხას ვერ იღებდა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გამოხმაურების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ თავად მოზარდი გადაცემაში ძალდატანების გარეშე საუბრობდა და სტუდიაში იმყოფებოდა მისი მშობელიც, გადაცემის ეს კონკრეტული ეპიზოდი ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ წამყვანმა ხელი შეუწყო მოზარდის პოლიტიკური დებატების წასაქეზებელ ინსტრუმენტად გამოყენებას.

ზოგადად, ქართველებს უყვართ გადაცემის ყურებისას დუჟმორეული პოლიტიკოსები და "საზოგადო მოღვაწეები", რომლებიც რეალურ პრობლემაზე მსჯელობის ნაცვლად, ერთმანეთს აყენებენ შეურაცხყოფას. ეს ყოველივე ყველაზე უკეთ იციან გრიგოლიამ, ხოფერიამ და მსგავსი ტიპის ჟურნალისტებმა. იციან, რომ ჩვენ რეალური პრობლემის მოსმენის ნაცვლად, გვირჩევნია "ვიღაცის" შეურაცხყოფა ვისმინოთ, კუთხეში მიმწყვდეულის ბოლომდე განადგურებითა და მისი სისხლის ხილვით ვიჯეროთ გული. ამიტომაცაა, რომ ქარტიის შენიშვნა შენიშვნადვე დარჩება და ასე იქნება სულ, სანამ გადაცემა "რეაქცია" ქართველ ტელემაყურებლებში ყველაზე რეიტინგული გადაცემა იქნება.

თუმცა, ხმაურის მეშვეობით რეალური პრობლემის უკანა პლანზე გადატანა, ურთიერთშეურაცხყოფა, დუჟმორეული "VIP"-ები - ეს გადაცემა "რეაქციის" მთლიანი კომპლექტი არ ყოფილა. გადაცემის შემდეგ, საკრებულოს წევრებმა ერთმანეთის წინააღმდეგ გაილაშქრეს, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ საკრებულო პარლამენტის დონემდე მაინც ვერ მივა. სად ჯაჭვლიანი-ბარამიძე და საკრებულოს წევრთა ძიძგილაობა. ამ მხრივ, მათ აშკარად ტრეინინგები ჭირდებათ.

ისე, ამ საკრებულოში ვერ გამიგია, ვინ "ნაციონალია" და ვინ " ოცნების" წევრი. კაცი, რომელიც 9 წელი ერთ მხარეს იყო, მერე ამ მხარემ წააგო და გამარჯვებულს მიეტმასნა და წაგებულ მხარეს ნიშნის მოგებით ელაპარაკება, მერიის ბიუჯეტის გაფლანგვაში ადანაშაულებს და აგინებს, ცოტა არ იყოს არაეთიკურია, არაეთიკური მარაზმია. ასეთი ადამიანები ქვეყანას ვერაფერს უშველიან, თუ არ გაუფუჭებენ.

პატარა გაწევ-გამოწევის მერე, მთავარი ამბავი ტელეკომპანია "იმედის" ეზოში დატრიალდა - სკამებისთვის ბრძოლა კამერებთან ბრძოლაში გადაიქცა. ტელეკომპანიის შენობაში მომხდარი დაპირისპირება ეზოში გაგრძელდა. ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა სცადა ხელის დარტყმით კამერის დაზიანებაც . "ნუ იღებ, თორემ მოგაძრობ მაგ თავს", - ასე მიმართა ტელეკომპანიის ოპერატორს უცნობმა მუტრუკმა, რომელიც მიხეილ ქავთარაძის კადრის გადაღებას ცდილობდა. დარტყმის შემდეგ, ჯინსებსა და კაპიუშონში გამოწყობილმა ჟურნალისტს არც გინება დააკლო და არხეინად წავიდა იქიდან.

ვერაფერს იტყვი, მშვენიერი ამბავია. ამ კადრების ხილვისას გამახსენდა, რა ხდებოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, როგორ გვიშლიდნენ გადაღებას ვიღაც უსაბუთო ადამიანები, რომელთა ერთადერთი არგუმენტი იყო, რომ კონკრეტულ ადამიანს არ სურს კადრში გამოჩენა, ხოლო ეს ახსნა საქმის გარჩევას უფრო გავდა, ვიდრე თავაზიან თხოვნას. როგორც ჩანს ეს აგრესიული, მუდმივად გაღიზიანებული ტიპები ქართული მედიის მთავარ დაბრკოლებად დარჩება. არადა, ინციდენტის ადგილი სავსე იყო იმ ადამიანებით, რომლებიც "ნაციონალების" დროს 9 წელი აქტიურად "იცავდა" ქართული მედიის თავისუფლებას. ადგილზე იყვნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც, "ოცნებისა", რომელიც ყველაფერს "უფრო უკეთესად" აკეთებს, ვიდრე მისი წინამორბედი.

თუმცა, როგორც ვხედავთ "VIP"-ები და მედიის წინააღმდეგ მებრძოლი დაძაბული ტიპები კვლავ მოწოდების სიმაღლეზე არიან. ეგ კი არა, საკრებულოს წევრს მიხეილ ქავთარაძეს როდესაც კითხეს, თუ ვინ იყო მისი დამცველი და ვინ იბრძოდა ჟურნალისტის უფლებების წინააღმდეგ, საკრებულოს წევრმა "უჯიგრა" და არ გათქვა თანამეინახე - წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის და რატომ იძახდა, არ გაიდაიღოთ ქავთარაძეო. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.