ორალური სექსი, დი კაპრიოს ოსკარი და მარტის კატები - კვირის პალიტრა

ორალური სექსი, დი კაპრიოს ოსკარი და მარტის კატები

დღესდღეობით მსოფლიოს ორი პრობლემა აწუხებს - როდის აიღებს ლეონარდიო დი კაპრიო ოსკარს და შენარჩუნდება თუ არა უკრაინაში სიმშვიდე. უკრაინის რა მოგახსენოთ, მაგრამ საქართველოში უკვე იციან, თუ რატომ ვერ იღებს მისტერ ტიტანიკი ოსკარს - ის ორალური სექსით არ კავდება. ნუ, ყოველ შემთხვევაში საქართველოში მცხოვრები პროგრესული ადამიანების 2%-ის ღირსეული წარმომადგენელი თინა მახარაძე ამტკიცებს, რომ თუ კარგი მსახიობი ხარ, ორალური სექსიც უნდა გქონდეს და ბნელ 98%-ს არანაირი მორალური უფლება არ აქვს თინა მახარაძეს შეედაოს. მძიმე არჩევანი აქვს ლეონარდოს - ან ორალური სექსი და ოსკარი, ან მისი თითები მოოქროვილი კაცუნის სიგრილეს ვერასდროს შეიგრძნობს.

გარდა ლეონარდოს წარუმატებლობის ფორმულისა, მახარაძემ კიდევ ერთ მარადიულ კითხვას გასცა პასუხი - რა ეშველება საქართველოს. როგორც იქნა ქართული საზოგადოების ნაღებმა 2%-მა საქართველოს წარმატების საიდუმლო გასცა. ეს საიდუმლო არც ბიძინას ფულში, არც ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში და არც "ქართველები ყველაზე მაგრები ვართ"-ში არ მდგომარეობს.

წარმატების ზოგადი ფორმულა მარტივია:

1- მოუსმინე "რედიოჰედს" ან რამე პროგრესულ როკ-ჯგუფს

2- იკითხე ფამუქი და მოახდინე მისი ნაწარმოებიდან ნებისმიერი ფრაზის ციტირება

3- არ უნდა მოგწონდეს რელიგიური ცხოვრება და უბრალოდ, თქვი, რომ ქრისტე "კაი ტიპია"

4- არ უნდა გევასებოდეს ჰომოფობები

5- ადამიანისთვის ქორწილამდე სექსი მისაღები უნდა იყოს, ხოლო ხალხს აუცილებლად უნდა შევაგნებინოთ, რომ ორალური სექსიც სექსია და რომ არ დაავიწყდეთ, კვირაში ორჯერ გავუმეოროთ

6- არ დაიჯერო, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა

7- მოწიე "მარიხუანა" და არასდროს გახდე ნარკომანი

თუმცა ეს ზოგადი ფორმულაა, ვრცელ განმარტებას თინა მახარაძისგან, თუ როგორ უნდა "გაიხსნას" ერის კარმა, მოისმენთ უახლოეს "პროფილში", რომელიც მაია ასათიანის ტექსტით დაიწყება - "მოგესალმებით, საზოგადოებამ ეს ადამიანი ფრაზა "ორალური სექსით" გაიცნო"...

ეს ყოველივე კარგი, დარწმუნებული ვარ პროგრესული ადამიანები საჭიროა ქვეყნის განვითარებისთვის, მაგრამ ესე აშკარად ნუ დაგვმოძღვრავთ ტელეეკრანებიდან. მაგალითად, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი საზოგადოება იმდენად პატიოსანია, რომ აქ ორალური სექსი მხოლოდ დანა-ჩანგლით ხორციელდება. გარდა ამისა, პროგრესულობა ერთია და საზოგადოებაში თვითდამკვიდრება სიტყვა "სექსის" ხშირი ხმარებით მეორე.

ისე, განათლებული გოგო ჩანს თინა და ეს გამონათქვამიც ეცოდინება - მორალს ყველაზე ამორალური ხალხი კითხულობსო. და კიდევ, გვესმის, ამბიციური ადამიანი ხართ, მაგრამ იმის თქმა, რომ მარტო ერთი ადამიანის გარშემო კეთდება პროგრესული იდეების გენერირება და დანარჩენი ქვეყანა "37 მანეთად დროსტარებას" მისტირის, ცოტა გადაჭარბებულია. დიდი ხანია ვიცით, რომ სექსი "წოწო" არ არის და ამის აფიშირება მომაბეზრებელია უკვე - ერთი საბჭოთა კავშირში არ იყო სექსი და მეორე დღევანდელი საქართველოა კდემამოსილი. რას გვიშვრება ეს მიშა... მშვილდაძე... შემოიკრიბა პროგრესული საზოგადოების 2% და დასცინის მთელ საქართველოს...

ქალბატონო, თინა, თქვენი თქმისა არ იყოს, ჩვენ ხალხს "გახსნა" აკლია - ჰოდა, დატოვეთ "ბნელებად" ეს ადამიანები. დაე, შეიქციონ თავი, რითაც უნდათ. თქვენ იკითხეთ ფამუქი, ხოლო ეს ადამიანები "მარტის კატების" ისტორიით დატკბებიან და განიხილავენ, თუ რატომ დაშორდა ია ფარულავა მეუღლეს. მართლა კატა ისაქმებდა ტარიელის გიტარაში თუ "პარკმახერი მიშა" იყო დამნაშავე?! რომელ ღირებულებებზე და "გახსნაზე" ლაპარაკობთ თინა, აქ ხალხი კატის გაქუცულობის გამო შორდება ერთმანეთს.

პ.ს. დანიიდან დარეკეს, აქაც ვუყურეთ თინა მახარაძის ინტერვიუს და რამენაირად "დაუხშეთ საინფორმაციო ღრუ" ამ ახალგაზრდასო.