აქ რატომ მოვედით, ბატონო ფამუქ?! - კვირის პალიტრა

აქ რატომ მოვედით, ბატონო ფამუქ?!

რამოდენიმე დღის წინ საქართველოს ნობელის პრემიის ლაურეატი, თურქული ლიტერატურის წამყვანი მწერალი ორჰან ფამუქი ეწვია. მწერალი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებს და მკითხველებს შეხვდა.

რუსთაველის თეატრში თავისუფალი ადგილი არ იყო - დიდი ხანია, თბილისისს მსგავსი კალიბრის მწერალი არ სწვევია. დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა ისეთი დეტალები გაეგო მწერლის ცხოვრებიდან, რაც აქამდე არ გაუგია. მოკლედ, პროზის მოყვარულთათვის ერთი მშვენიერი და სამახსოვრო საღამო შედგა.

თუმცა ქვეყანაში ამ მოვლენას ერთგვაროვანი რეაქცია არ მოყოლია. ბევრი ისეთიც აღმოჩნდა, ვისაც მაინცდამაინც არ მოეწონა ორჰან ფამუქის საქართველოში ვიზიტი.

პირველი და უმთავრესი მიზეზი, რის გამოც საზოგადოების ნაწილს თურქი მწერლის საქართველოში ვიზიტი არ მოეწონა იყო ის, რომ ორჰან ფამუქმა რომანებში "თოვლი" და "მე მქვია წითელი" ქართველები არასასიამოვნოდ მოიხსენია -

,,... სტამბოლს მოედვნენ ჩერქეზები, აფხაზები, მეგრელები, ბოსნიელები, ქართველები, სომხები. მათ ისეთ უმსგავსობაში ჩაითრიეს ქვეყანა, საიდანაც უკან დაბრუნება ძნელიაო" (მე მქვია წითელი).

მესმის, ძნელია, შენს თანამემამულეზე ასეთ რამეს რომ წაიკითხავ, მაგრამ იქნებ, ორჰან ფამუქს არ სძულს საქართველო და მხოლოდ იმას წერს, რასაც გრძნობს და რასაც ხედავს?! თუ ამ ფრაზის გამო უარი უნდა ვთქვათ ფამუქის ნაწარმოების კითხვასა და მასთან შეხვედრაზე, მაშინ უარი უნდა ვთქვათ მაგალითად, ლერმონტოვის კითხვაზეც. დღემდე ლერმონტოვის სიტყვებით მოგვიხსენიებს მთელი რუსეთი - ჩვენ გვიყვარს საქართველო ქართველების გარეშე. როგორც ჩანს, უნდა აიკრძალოს ლერმონტოვიც, პუშკინიც, ფამუქიც და არ მოგვეცეს მათი წაკითხვის საშუალება.

მეორე მიზეზი, რის გამოც ფამუქის ჩამოსვლა საზოგადოების ნაწილს არ ეპიტნავა არის გემოვნებაზე ხაზგასმა და ქილიკი - ფამუქი და კოელიო "სვეცკი" აიფონიანი "ნაშოჩკების" სამაგიდო წიგნია, მაგაზე "პაპსა" რომანისტი მეორე არ დადის დუნიაზე და მაგის წაკითხვა იქნებაო?!

ზოგადად, გემოვნება სუბიექტური ცნებაა. რახან თათკა და თიკუნა "პონტის" გამო კითხულობენ ფამუქსა და კოელიოს ამის გამო არ წავიკითხო ამ ადამიანის წიგნი და არ დავესწრო მის შეხვედრას?! სხვათა შორის, აღნიშნულმა თათკამ და თიკუნამ მსგავსი წარმატებით შეიძლება აითვისონ ლივერპულელი ოთხეულის შემოქმედება და რა ვქნათ, არც მათ არ მოვუსმინოთ?! და კიდევ, არ შეიძლება ფამუქის გატარება თურქული სერიალების პრიზმაში. ადამიანები იმიტომ არ კითხულობენ "მე მქვია წითელს", რომ მათზე თურქულმა სერიალებმა იმოქმედეს. პირიქით, თურქული საპნის ოპერებით გაბრუებული ადამიანი ზუსტადაც რომ არ იქნება ფამუქის მკითხველი.

მესამე მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მოეწონათ ფამუქის ჩამოსვლა და ქართველების კარგი დახვედრა, იყო გურამ დოჩანაშვილზე და გოდერძი ჩოხელზე აპელირება. აქ უკვე წინა პლანზე წამოვიდა ქართველების ბანალური ფრაზა - ჯერ ჩვენი დავაფასოთ და მერე მივხედოთ უცხოტომელსო.

ეს ზოგადად, ერის პრობლემად შეიძლება განვიხილოთ, რომ არ აფასებენ ისეთი მწერლებს, როგორებიცაა გურამ დოჩანაშვილი და გოდერძი ჩოხელი. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ორჰან ფამუქი არ წავიკითხოთ და დავგმოთ მისი საქართველოში ვიზიტი. პირიქით, ძალიან კარგი იქნება თუ მოიმატებს მსგავსი სახის ღონისძიებები.

არაფერი არაა კულტურულად მკვდარ ქალაქზე ცუდი....

პ.ს. აქვე, იმ გულდაწყვეტილ ადამიანებსაც მინდა შევეხო, ვისაც ეგონა, რომ სახლში ორჰან ფამუქის წიგნით დაბრუნდებოდა. არ შეიძლება ავტოგრაფებისთვის გამოყოფილ მაგიდას ისეთი ხმაურითა და სიშლეგით მიაწყდე, რომ გვერდით ოთახში მყოფი მწერალი გააქციო...