მეხუთე კოლონის რუსული ვნებები - კვირის პალიტრა

მეხუთე კოლონის რუსული ვნებები

დღეს ერთი კითხვა მიტრიალებდა თავში, მაგრამ პასუხს ვერ მივაგენი.  რა გამართლება შეიძლება ქონდეთ „ევრაზიული ინსტიტუტის“ მომხრეებს დღეს კინოს სახლში შეკრებისთვის და 2008 წლის ომში რუსი ჯარისკაცების პატივის მიგებისთვის?  რა ძალამ უნდა გაიძულოს ადამიანი, ქალაქის ცენტრში დადგე და პატრულით გარშემორტყმულს, მთელი ერი გაგინებდეს?!

ის კი ვიცი, რომ მსგავსი ტიპის ადამიანების დასაცავად ვლადიმერ პუტინი მუდმივად მზადაა. პუტინი მზადაა ნებისმიერ დროს გაიმეოროს 2008 წელი და დაიცვას თანამემამულეებისგან დაჩაგრული ქართველები და მაგალითად, ჯავახეთიც წაართვას ჩვენს ქვეყანას. სერგო ორჯონიკიზეც მუდმივად მზადაა ჯავახეთისთვის დაღუპულ რუს ჯარისკაცს მიაგოს პატივი, ქართველი ქალების გამაუპატიურებელსა და კაცების შეურაცხმყოფელს მიაგოს პატივი.

თუმცა, ჩვენი დემოკრატია დღეს ასეთია -ფილიპე მახარაძესაც აქვს შეკრებისა და გამოხატვის უფლება და ევროპული ღირებულებების მქონე ადამიანსაც, მტრის მადიდებელსაც და ქვეყნის ამშენებლსაც. ევროპის ბევრ ქვეყანაში ანტი-სახილმწიფოებრივი მოწოდებები კანონით აკრძალულია. ცადეთ ავსტრიაში და წამოუდექით ფეხზე მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულ ნაცისტებს ან მსგავსი ქმედება ჩაიდინეთ ჩეხეთსა და პოლონეთში -  არ მგონია, რომ თქვენს თავს სასიკეთო ამბები დატრიალდეს.

ევრაზიული ინსტიტუტის მხარდამჭერების თქმით, „იმენნა ნატო ემსახურება ქართველების გადაგვარებას“, ხოლო ერთი ქალბატონი აქტიურად ითხოვდა სტალინის ძეგლის დაბრუნებას გორში. ეტყობა, „მოსკოვებში“, „დონეცკებში“, „ხარკოვებში“ დროსტარება მოენატრათ ადამიანებს და ვერ ეგუებიან ახლანდელ ცხოვრებას. ნეტავ, იმ ქალბატონმა თუ იცის ვის ძეგლს ნატრულობს მშობლიურ ქალაქში?! საერთოდ თუ იციან რამდენი ქართველი ემსხვერპლა სტალინის დროს განხორციელებულ რეპრესიებს 1937 წელს? საინტერესოა, 1956 წლის 9 მარტი, 1989 წლის 9 აპრილი, 1992-93 წლისომი და 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ თუ სმენიათ ამ ადამიანებს?! იუგოსლავიაზე ფილმის მომზადებას ჯობდა, საკუთარ ქვეყნის უახლეს ისტორიაზე მოემზადებინათ პატარა დოკუმენტური მასალა.

თუმცა, როდესაც საქმე ერთმორწმუნე ძმას ეხება იქ ყველაფრის პატიება ყოფილა შესაძლებელი. ერთმორწმუნეობაზე გამახსენდა - ფილმის საყურებლად რუსთავისა და

მარნეულის მიტროპოლიტი ივანე გამრეკელი იყო მისული. გამრეკელის თქმით, ის ყოველთვის დაჩაგრულის მხარესაა, ისევე როგორც ეს ფილმში იყო ნაჩვენები, როდესაც ნატო-ს სამხედრო ალიანსმა დაჩაგრა იუგოსლავია. ეტყობა მიტროპოლიტი ცნობილ 17 მაისსაც დაჩაგრულთა მხარეს იყო.

კიდევ ერთი, „ევრაზიული ინსტიტუტის“ მხარდამჭერებს არ აწყენდათ იმის შეხსენება, რომ ჟურნალისტის შეურაცხყოფა ისჯება კანონით დამედიასაშუალებას არ აქვს მნიშვნელობა - რუსის ჯარისკაცების ხსოვნას მიაგებთ პატივს და გაქვთ ამის გამოხატვის უფლება და „ტაბულას“ ჟურნალისტს არ აქვს კითხვის დასმის უფლება?!

ბოლოს, კინოს სახლის გარეთ აგრესიულ ადამიანებზეც მინდა ვთქვა ორიოდ სიტყვა  - თუ კანონი ადამიანს ყველანაირი გამოხატვის თავისუფლებას ანიჭებს, იქ მივარდნა, გინება და ხალხის ცემა ჩვეულებრივი დანაშაულია და არანაირად არ არის საამაყო საქციელი. არც პატრულისადმი მიმართვა - რუსეთის აგენტების გამო ხომ არ დამიჭერ, არ უნდა ჭრიდეს.. წესით...  რაც მეტნი ვცემთ, მით მეტი პატრიოტი ყოლია საქართველოსო, მთლად კარგი არგუმენტი არ უნდა იყოს...